"ვხედავ, ხელში ის ხატი უჭირავს, რომელიც სიზმარში ვნახე... ჩემს დედამთილს ემოციისგან გული წაუვიდა... ხატმა ფერი იცვალა და გაბრწყინდა. საბერძნეთის ეკლესიიდან ჩამოტანილ დაფნის ხმელ ფოთოლს მირონდენა დაეწყო"
"ეს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატია VVIII-IXX საუკუნის. ვენაში ყიდდნენ, როგორც ანტიკვარს"
"ხელში ღვთისმშობლის ხატი მეჭირა და მეუბნებოდა, შენთან სახლში წამიყვანე, არ გეცოდები, ნახე, სულ სველი ვარო"
სასწაული იწოდება ზეციურ ნიშნად, რომელსაც უნდა ჩავწვდეთ და ჩავუღრმავდეთ ადამიანები. ქრისტიანული ეკლესია სავსეა უფლის მიერ აღსრულებული სასწაულების მაგალითებით. ჩემი რესპონდენტები ახლო წარსულში, საკუთარ თავს გადახდენილ სასწაულებს გვიამბობენ.
"წვიმამ ფიცარი გადარეცხა და დედა ღვთისმშობლის ხატი გამოაჩინა"
რუსუდან მესხი:
- სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, წინა მეპატრონის მიერ იყო აშენებული და გადახურული, თუმცა სამუშაოები ჯერ არ იყო დასრულებული, ირგვლივ უამრავი სამშენებლო ნარჩენი ეყარა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დასუფთავება დავიწყეთ, ნარჩენები გავიტანეთ, მაგრამ ისეთი ხის მასალა, რომელიც ბუხარში შეშად გამოდგებოდა, ეზოს ერთ კუთხეში მივალაგეთ.
ზუსტად არ მახსოვს, რამდენი ხანი გავიდა ახალმოსახლეობიდან. ერთ დღეს, იმ გადაწყობილ ფიცრებში, ბებომ ერთი საშუალო ზომის ფიცარი ამოარჩია, იქნებ, რამეში გამოდგესო, ის ფიცარი რამდენიმე ფენა საღებავით იყო დაფარული. ვეცადეთ, მაგრამ გაწმენდა ვერ შევძელით, ამიტომ, ავიღე და ბავშვების სასრიალოს ძირში დავაფინე. მრავალშვილიანი დედა ვარ, ამდენი ბავშვის სრიალს რას გაუძლებდა და ზედა მხარე ძალიან გატალახიანდა. ბავშვები რომ არ დასვრილიყვნენ, მივედი და ეს ფიცარი ამოვატრიალე.
საოცრად კარგი ამინდი იყო, მზიანი, უღრუბლო, თბილი... მოულოდნელად, წვიმა წამოვიდა, ისე ძლიერად გაწვიმდა, იშვიათად რომ მინახავს. ეზოში ვიყავი და თავი ვერანდას შევაფარე, თუმცა დასველებას მაინც ვერ გადავურჩი, წვიმამ იქამდეც შემოაღწია. წლებია, ამ სახლში ვცხოვრობთ და მას შემდეგ არ ყოფილა შემთხვევა, ვერანდა ასე დასველებულიყოს. მაქსიმუმ 5 წუთი იწვიმა და ისევ მზემ გამოანათა, მიწა წამში გააშრო. ბავშვები მაშინვე ეზოში გავარდნენ და უეცრად ჩემი შვილი მეძახის, დე, ნახე, დედა ღვთისმშობელი! თურმე, წვიმამ ფიცარი გადარეცხა და დედა ღვთისმშობლის ხატი გამოაჩინა.
ყველაზე საოცარი ის იყო, როგორც კი დედა ღვთისა ამოვიცანით, მამაოს (ჩემი მეუღლე სასულიერო პირია, მამა დავითი) დავურეკე, ეს ამბავი რომ მოვუყევი, გაოცებულმა მითხრა, აქ წვეთი წვიმა არ ჩამოვარდნილაო. არადა, მაშინ იქვე უბანში, ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის ტაძარში მსახურობდა. ეს ტაძარი 186-ე საჯარო სკოლის ეზოშია, ჩვენი სახლიც დიდ დიღომშია, ტაძრიდან დიდი მანძილი არ გვაშორებს.
ჩვენთვის ეს ხილული სასწაული იყო, რომელიც ღვთისმშობელმა ჩვენს ნუგეშად მოავლინა. საეკლესიო ისტორიაში უამრავი ამბავია აღწერილი ხატების გამოჩინებასთან დაკავშირებით, სწორედ ამით ვრწმუნდებით, რამხელა ძალა აქვს ხატს და ეს მხოლოდ ფიცარზე აღბეჭდილი ნახატი არაა.
ამ ამბავში უბრალო დამთხვევები არ არსებობს. ათას, თითქმის ერთნაირ ფიცარში ეს კონკრეტული ამოიღო ბებომ, დღესაც არ ვიცი, რა აუცილებელი იყო, რომ სასრიალოს ქვეშ დამეფინა, ფაქტია, არც ეს მომხდარა შემთხვევით. ნახევარ საათში ამოვატრიალე თუ არა, სწორედ მაშინ წამოვიდა წვიმა, რომელიც რატომღაც მხოლოდ ჩვენი სახლის გარშემო, ძალიან მცირე პერიმეტრზე იყო. თან ისე კოკისპირულად იწვიმა, 5 წუთში ჩამოაშორა მთელი საღებავი, რაც ჩვენ საკუთარი ძალებით ვერ შევძელით.
- ამ ამბის შემდეგ ხომ არ დაუკავშირდით სახლის წინა მეპატრონეს, გარკვევა შეძელით, საიდან ჰქონდა მას ეს ფიცრები მოტანილი?
- არა, ჩვენ ვიცოდით, რომ ამ სახლის კარკასის შენება 15 წლის წინ ჰქონდა დაწყებული. ფიცრები მუშებისგან იყო მიტანილი. ჩვენთვის დღემდე უცნობია, როგორ მოხვდა ხატი ამ მშენებლობაზე.
- დღეს ეს ხატი თქვენს ოჯახშია დაბრძანებული?
- რა თქმა უნდა, ჩვენი ოჯახის მცველად გვყავს. სამწუხაროა, რომ სასწაულების ხილვა გვჭირდება, სიწმინდეების ძალა და მადლი რომ ვირწმუნოთ და რადგან ჩვენ მცირედმორწმუნეობის გამო, მაინც ვითხოვთ, სასწაულებასაც უამრავს გვივლენს უფალი, მთავარია, დანახვა შევძლოთ!
"ხელში ღვთისმშობლის ხატი მეჭირა და მეუბნებოდა, შენთან სახლში წამიყვანე, არ გეცოდები, ნახე, სულ სველი ვარო"
ეკა ჯანელიძე:
- 2014 წლის მაისში, ჩემს დედამთილს ძალიან ცუდი დიაგნოზი დაუსვეს, ხოჩკინის ლიმფომა. ვენაში გაგზავნილი ანალიზებითაც იგივე დადასტურდა. საქართველოში სტადია ვერ განსაზღვრეს, რადგან მასალა, რაც დასატესტად უნდა აეღოთ, ორგანიზმის ისეთ ადგილებში იყო, აქ ანალიზი ვერ ჩაატარეს. ამიტომ მე, ჩემი დედამთილი და დედა ვენაში ფუნქციის გასაკეთებლად წავედით. იქ ყოფნას დაემთხვა პეტრე-პავლობა. იმ ღამეს სიზმარი ვნახე, ხელში ღვთისმსობლის ხატი მეჭირა და მეუბნებოდა, შენთან სახლში წამიყვანე, არ გეცოდები, ნახე, სულ სველი ვარო. დილით, გავიღვიძე თუ არა, ეს სიზმარი მოვყევი.
კვირა დღე იყო, სასეირნოდ გავედით. გზად ნაყინი ვიყიდეთ და მოვხვდით ქუჩაზე, სადაც ანტიკვარული ნივთები იყიდებოდა. ერთი ბროში მომეწონა, მაგრამ შეძენა რომ დავაპირე, აღმოვაჩინე, რომ ჩანთაში საფულე აღარ მქონდა. იქ მედო ჩემი ყველა საბუთი და თანხა 500 ევრო. სანაყინეში მივბრუნდით, მაგრამ იქ სულ სხვა გამყიდველი დაგვხვდა. ვუთხარი, საფულე დავკარგე, აქ დამრჩა-მეთქი, იუარა და პოლიციითაც კი დამემუქრა. ღმერთს ვევედრებოდი, ფული არ მინდა, ოღონდ ჩემი საბუთები მაპოვნინე-მეთქი. გამყიდველთან ისევ მივბრუნდი და ვუთხარი, რომ თანხა არ მინდოდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ საბუთები იყო. ამ კაცმა ფურცელზე რაღაც დაწერა და მომაწოდა. ამ მისამართზე წადი, ნიკოლა იკითხე და შენს საბუთებს მოგცემსო. მართლაც წავედი, იქ მოვიდა ნიკოლა და არა მხოლოდ საბუთები, თანხაც ხელუხლებელი დამიბრუნა. 50 ევრო ნიკოლას ვაჩუქე. მეგობარი მახლდა, ვინც ვენაში თან დაგვყვებოდა და მკითხა, ახლა სად წავიდეთო? ისევ იმ ბროშის საყიდლად მიბრუნება გადავწყვიტე, რომელიც სულ რაღაც 5 ევრო ღირდა (ახლა საერთოდ არ ვიყენებ, არც ის ვიცი, მაშინ რამ მომაწონა). ბროში შევიძინე მოვბრუნდი და ვხედავ, ჩემი მეგობარი მოშორებით დგას, პირჯვარს იწერს. სასწრაფოდ მივედი და ვხედავ, ხელში ხატი უჭირავს, ის ხატი, რომელიც სიზმარში ვნახე და ჩემთან წამოსვლას მთხოვდა...
ჩემს დედამთილს ემოციისგან გული წაუვიდა. მეც ძლივს ამოვილუღლუღე, ფასი ვიკითხე, ძალიან ძვირს ველოდი. 500 ევრო მითხრა, - ის თანხა, რაც დავკარგე და სასწაულად ვიპოვე. ეს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატია VVIII-IXX საუკუნის. არავინ იცის, როგორ მოხვდა ვენაში, ყიდდნენ, როგორც ანტიკვარს და არა - როგორც ივერიის ღვთისმშობლის შეუფასებელ ხატს.
წამოვედით და წამოვაბრძანეთ საქართველოში.
აეროპორტში რეგისტრაციაზე არ გამოჩნდა.
ჩემს დედამთილს დასმული ურთულესი დიაგნოზი - ხოჩკინის ლიმფომა არ დაუდგინდა, აბსოლუტურად ჯანმრთელია.
ყვავილი, რომელიც პირველად მოართვეს, არ დაჭკნა.
ხატმა ფერი იცვალა და გაბრწყინდა.
საბერძნეთის ეკლესიიდან ჩამოტანილ დაფნის ხმელ ფოთოლს მირონდენა დაეწყო...
თამუნა კვინიკაძე
(სპეციალურად საიტისთვის)