ალიევების "მონარქია": ილჰამის ისტორია - კაზინოში წაგებული მილიონი დოლარი, მეუღლე ვიცეპრეზიდენტად და დიდი გეოპოლიტიკური ოსტატობა
გახსოვთ ქართული მულტფილმი „ლომი და კატა“? თუ არადა, მეფე - ლომის მიერ წარმოთქმული დაუვიწყარი ფრაზა: „აბა, ჩემს შვილს ხომ არ დავსჯი?!“ – მაინც გემახსოვრებათ! თუ რა კავშირი აქვს ამ მულტფილმს „ალიევების მონარქიასთან“, ამასაც მალე შეიტყობთ. ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ.
ჰეიდარ და ზარიფა ალიევას ორი შვილი ჰყავდათ: უფროსი ქალიშვილი სევილი და ვაჟი ილჰამი. ჰეიდარ ალიევს სურდა, მისი ვაჟიც „პარტიულ გზას“ გაჰყოლოდა, თუმცა ილჰამი უფრო დიპლომატობაზე ოცნებობდა. მან საშუალო სკოლა ბაქოში დაამთავრა და იმავე, 1977 წელს „საბჭოელებისთვის“ საოცნებო მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის დღევანდელი პრეზიდენტი სწავლით თავს არასდროს იწუხებდა, 1982 წელს ინსტიტუტიც დაასრულა და ასპირანტურაშიც ჩააბარა, ხოლო 1985 წელს, ოცდაოთხი წლის ასაკში, დისერტაციაც დაიცვა! ამის შემდეგ საბჭოთა პარტიული ელიტის წევრის შვილს მრავალფეროვანი კარიერული პერსპექტივები გააჩნდა, თუმცა ილჰამ ალიევმა ყველაზე რთული (და ამავე დროს - საპატიო) არჩევანი გააკეთა: ის მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის ლექტორი გახდა. ჩემი აზრით, ეს ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი უნდა ყოფილიყო მომავალი დიპლომატისთვის, თუმცა ორ წელიწადში ყველაფერი შეიცვალა. მიხეილ გორბაჩოვის მიერ ჰეიდარ ალიევის წინააღმდეგ დაწყებული ფარული კამპანიის შედეგად, 1987 წელს უფროსი ალიევი ყველა თანმდებობიდან გაათავისუფლეს და პენსიაზე გაუშვეს. მალევე ილჰამ ალიევის შევიწროებაც დაიწყო: ის იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა და საქმიანობა

ბიზნესში გაეგრძელებინა. მისი კომპანია „Ориент“-ი მოსკოვში იყო რეგისტრირებული, მაგრამ ბიზნესი თურქეთს უკავშირდებოდა და როგორც „ბოროტი ენები“ ამბობენ, ილჰამ ალიევი, ძირითადად, ტანსაცმლითა და საოჯახო ნივთებით ვაჭრობით იყო დაკავებული.
საინტერესოა, რომ „ყარაბაღის პირველ ომში“ (1992-1994 წლები) ილჰამ ალიევს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია: ის ჯერ სტამბოლში ცხოვრობდა, ხოლო მამამისის გაპრეზიდენტების შემდეგ ბაქოში დაბრუნდა. 1994 წლიდან 2003 წლის აგვისტომდე ილჰამ ალიევი „სოკარის“ ჯერ ვიცეპრეზიდენტი, შემდეგ კი - პირველი ვიცეპრეზიდენტია. პარალელურად, ილჰამი 1995 წლიდან 2003 წლამდე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატიც იყო.
გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში არა ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვაჟზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის - საქართველოს) კაზინოების ხშირი სტუმარი გახლდათ და კოლოსალურ თანხებს აგებდა.
როგორც ამტკიცებენ, მიუხედავად ფინანსური დანაკარგებისა, ილჰამ ალიევი თამაშს განაგრძობდა და ხშირად ვარდებოდა ვალებში, რომელთა გასტუმრებაც პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევს უხდებოდა. ელექტრონულ მასმედიაში არსებული ინფორმაციით, 1995 -1998 წლებში უმცროსი ალიევის „გმირული დამარცხებები“ კაზინოებთან „ბრძოლებში“ ამგვარად გამოიყურება: $1,200,000 - სტამბოლი (თურქეთი); $1,000,000 - ლას-ვეგასი (აშშ); $800,000 - სტამბოლი (თურქეთი); $100,000 - მოსკოვი (რუსეთი). ვალებში ჩავარდნილი შვილის გამოხსნა კი „დიდ ალიევს“ უწევდა. თურქული გაზეთის -Hurriyet-ის ინფორმაციით, 1996 წელს ილჰამ ალიევმა ძალიან დიდი თანხა წააგო თურქი ბიზნესმენის, ომარ ტოპალის კუთვნილ კაზინოში და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ აზერბაიჯანის ხელისუფლება იძულებული გახდა, ტოპალისთვის კომპენსაციის სახით, ბაქოში მშენებარე სასტუმრო „ევროპის“ შენობა გადაეცა. ომარ ტოპალი, რომელიც თურქეთის "აზარტული თამაშების მეფედ" ითვლებოდა, ფლობდა კომპანია Emperyal Turizm A.Ş-ს, რომელიც აზარტული თამაშების გარდა, ასევე, მოქმედებდა ვალუტით ვაჭრობის, ტურიზმის, სარესტორნო, სადაზღვევო, ენერგეტიკისა და ნავთობის ბიზნესებში. გარდა თურქეთისა ტოპალს ჰქონდა მსხვილი ბიზნესპროექტები კვიპროსში, თურქმენეთსა და აზერბაიჯანში. 1996 წლის 28 ივლისს ომარ ტოპალი „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან გასროლით მოკლეს. ეს მკვლელობა დღესაც ბევრ კითხვას ბადებს.
სწორედ სასტუმრო „ევროპას“ და მასში მოქმედ კაზინოს უკავშირდება დიდი სკანდალი, რომელიც აზერბაიჯანში 1998 წლის დამდეგს დაიწყო და ქვეყანაში აზარტული თამაშების სრული აკრძალვით დასრულდა. 1998 წლის 27 იანვარს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა გამოსცა განკარგულება: „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გარკვეული ღონისძიებების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აიკრძალა კაზინოებისა და ტოტალიზატორების საქმიანობა. აღნიშნული განკარგულების პრეამბულა „საბჭოური სტილით“ იყო შედგენილი: „აზერბაიჯანში გაიზარდა კაზინოების, ტოტალიზატორების, ასევე, გასართობი დაწესებულებების (რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ მორალს) რაოდენობა. საქმიანობის ეს ფორმები არა მხოლოდ აზიანებს აზერბაიჯანის ეკონომიკას, არამედ - უარყოფითად აისახება ჩვენი ხალხის გარკვეული ფენების (განსაკუთრებით მომავალი თაობის) განათლებასა და მორალურ განვითარებაზე, ქმნის ხელსაყრელ პირობებს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციისა და სხვა დანაშაულების ჩადენისთვის“. ამის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაავალა სამართალდამცავ ორგანოებს, 10 დღის ვადაში გაერკვიათ: „ბაქოში, თბილისის გამზირზე მდებარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰასან ჰასანოვის ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით უკანონოდ აშენებულ სასტუმრო „ევროპაში“ კაზინოსა და ღამის გასართობი დაწესებულებების მუშაობის საკითხი. ასევე, სასტუმროს მართვის უფლების თურქულ კომპანია Emperyal-ისთვის, რომელსაც თურქეთის ჯანსაღი იმიჯი არ აქვს, გადაცემის გარემოებები“.
მაშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის განრისხების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ სასტუმრო „ევროპაში“ ოფიციალურად გახსნილ და მოქმედ კაზინოში მისმა ვაჟმა ილჰამ ალიევმა, რომელსაც იმ წლებში ლუდომანიის აშკარა ნიშნები ჰქონდა, თითქმის მილიონი დოლარი წააგო.
აზერბაიჯანში და მის ფარგლებს გარეთაც (მათ შორის - თბილისშიც) ცნობილი იყო ილჰამ ალიევის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემის შესახებ. ჰეიდარ ალიევისთვის, რომელიც აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემის გეგმებს ალაგებდა, მისი ვაჟის უპასუხისმგებლო ქცევა უკვე ბოლო წვეთი იყო: ვიღაც სახალხოდ და სამაგალითოდ უნდა დასჯილიყო. „განტევების ვაცად“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰასან ჰასანოვი იქნა შერჩეული, აბა, ალიევი საკუთარ შვილს ხომ არ დასჯიდა? არც ისაა გამორიცხული, რომ ჰასანოვმა „დარტყმა“ თავის თავზე აიღო, რათა მომავალი პრეზიდენტის იმიჯი გადაერჩინა. შესაძლოა, აზარტული თამაშების აკრძალვით ჰეიდარ ალიევი ცდილობდა, თავისი შვილი ზედმეტი ცდუნებებისგან მოეშორებინა, თუმცა 37 წლის კაცს მაგიდის ფეხს ხომ არ გამოაბამდა?
1998 წლის 16 თებერვალს „სასტუმრო „ევროპის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის ორგანიზების დროს ჩადენილი უკანონო ქმედებების გამო“ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ჰასან ჰასანოვი (სხვათა შორის 2022 წელს ჰასან ჰასანოვს „თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა), რომელიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შემდეგ ჰეიდარ ალიევის ერთგული თანამშრომელი იყო და ეს პოსტი 1993 წლის ზაფხულიდან ეკავა, გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

აზერბაიჯანის ოფიციალური მასმედია მოქალაქეებს წლების მანძილზე ამზადებდა იმისთვის, რომ ილჰამი ახალი პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო. თუმცა თავად „პრინცი“, თითქოსდა, სხვა აზრზე იყო: „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანში შეიქმნება მონარქია, რომ ძალაუფლება მემკვიდრეობით გადაეცემა, ან აბსოლუტური სისულელეა, ან პროვოკაცია“, – განაცხადა 2000 წელს ილჰამ ალიევმა ერთ-ერთ რუსულ გაზეთთან ინტერვიუში. მას არ ჰქონდა ალიევი-უფროსის არც ქარიზმა და პოლიტიკური მოქნილობა. თუმცა ჰეიდარ ალიევს სხვა არჩევანი არ ჰქონდა. აბა, სხვას ხომ არ დაუთმობდა პრეზიდენტის სავარძელს? 2002 წლის ბოლოს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ჰეიდარ ალიევმა აამოქმედა „პროექტი მემკვიდრე“ და 2003 წლის 4 აგვისტოს ილჰამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ორი თვის შემდეგ კი ილჰამ ალიევი უკვე აზერბაიჯანის პრეზიდენტად „აირჩიეს“. რა მემკვიდრეობა დახვდა მას?
დაკარგული ტერიტორიებისა და ასი ათასობით დევნილის პრობლემა “დამოკლეს მახვილივით” ეკიდა მის თავზე, ასევე, დაწყებული იყო დიდი ენერგეტიკული პროექტები რუსეთის გვერდის ავლით: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი (რომლებიც შემდეგ ილჰამ ალიევის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ამოქმედდა). ყველაზე დიდი თავსატეხი კი ეს იყო: დასავლეთი თუ რუსეთი? ალიევი ორცეცხლშუა იმყოფებოდა. ასევე, დიდი პრობლემები იყო „საშინაო ფრონტზეც“: ჰეიდარ ალიევის ერთგული ჩინოვნიკები ცდილობდნენ, კარიერული წინსვლისა და მატერიალური კეთილდღეობისთვის საკუთარი „თამაშები“ და დიდი ინტრიგები დაეწყოთ. 2008 წელს პრეზიდენტად მეორედ „არჩევის“ შემდეგ ილჰამ ალიევმა პირადი ძალაუფლების განმტკიცება დაიწყო. ეს პროცესი, რომელიც რამდენიმე წელს გაგრძელდა, ქრონოლოგიურად ამგვარად წარიმართა: 2009 წლის 18 მარტს აზერბაიჯანში ჩატარდა რეფერენდუმი, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე და ერთსა და იმავე პირს (ანუ ილჰამ ალიევს) მიენიჭა ორ ჯერზე მეტად არჩევის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ რეფერენდუმი შეაფასა, როგორც „სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის განვითარებაში“, ალიევს ეს გულთან ახლოს არც მიუტანია; მორიგი საკონსტიტუციო რეფერენდუმი 2016 წლის 26 სექტემბერს ჩატარდა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზრდა, ასევე, დაწესდა პირველი ვიცეპრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტების პოსტები. კონსტიტუციაში შევიდა ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილება: ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს პირველი ვიცეპრეზიდენტი. 2017 წლის 21 თებერვალს ილჰამ ალიევმა, თავისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა... აზერბაიჯანის პირველ ვიცეპრეზიდენტად დანიშნა. წრეც ჩაიკეტა!
ახლა ხომ დარწმუნდით, თუ რა ჭეშმარიტებას ღაღადებდა ილჰამ ალიევი, როცა 2000 წელს ამბობდა: ვინც აზერბაიჯანში ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაეცემაზე საუბრობს, ან სულელია და ან პროვოკატორიო!
უნდა ვაღიაროთ, რომ ილჰამ ალიევის დიდი პოლიტიკური ოსტატობა სახეზეა: მან შეძლო ერდოღანის პოლიტიკური და სამხედრო რესურსების გამოყენება (თუმცა პუტინის თანხმობის გარეშე 2020 და 2023 წლებში ის ყარაბაღში შეტევას ვერ დაიწყებდა);
ამჟამად აზერბაიჯანში ილჰამის პოპულარობა ზენიტშია და თანაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ბაქოში ევროსტრუქტურების ხელმძღვანელების (გუშინ რომ დიქტატორს ეძახდნენ) რიგი უდგას. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, როდესაც აზერბაიჯანს ესტუმრა. ვიზიტის მიზნები ასე ახსნა: „ევროკავშირი ენერგიის უფრო საიმედო მომწოდებლებს მიმართავს. დღეს მე აზერბაიჯანში ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად ჩამოვედი. ჩვენი მიზანია, რამდენიმე წელიწადში ევროკავშირში აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდება გაორმაგდეს. აზერბაიჯანი გახდება გადამწყვეტი პარტნიორი მიწოდების უსაფრთხოებისა გზაზე“.

ილჰამ ალიევი ჯერჯერობით მშვენივრად იყენებს დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და თან მომავალ მემკვიდრეებზე ფიქრობს. მას ვაჟი არ ჰყავს და შესაძლოა, რთული „გამბიტი“ მოიფიქროს. ამის ნიშნები კი, ჩემი აზრით, უკვე სახეზეა. 2025 წლის 2 აპრილს თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩატარებულ „ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე“ ალიევების მთელი დინასტია იყო წარმოდგენილი: პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი, პირველი ვიცეპრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა, მათი ქალიშვილი - ლეილა და შვილიშვილები, 16 წლის ტყუპი - ალი და მიკაილ ალაგაროვები. ამჟამად ორმოცი წლის ლეილა ალიევა ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი და ჟურნალ „ბაქოს“ მთავარი რედაქტორია. შესაძლოა, აზერბაიჯანის მომავალი პრეზიდენტი სწორედ ამ სურათზეა მოსაძებნი.
პ.ს. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ილჰამ ალიევმა ჰასან ჰასანოვზეც იზრუნა, რომელიც 2004-2010 წლებში იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში. 2010 წლიდან 2021 წლამდე კი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახლდათ პოლონეთში.
(მეორე ნაწილის დასასრული)