რაკეტა, რომელსაც უკრაინიდან კრემლის განადგურება შეუძლია - მისცემენ თუ არა ბოლოს და ბოლოს გერმანელები კიევს "ტაურუსს" - კვირის პალიტრა

რაკეტა, რომელსაც უკრაინიდან კრემლის განადგურება შეუძლია - მისცემენ თუ არა ბოლოს და ბოლოს გერმანელები კიევს "ტაურუსს"

გერმანელები ისევ ჭოჭმანობენ, გადასცენ თუ არა „ტაურუსები“ უკრაინას...

გერმანიის კაცლერი ოლაფ შოლცი გადამდგარია, მაისის დასაწყისში ახალ კანცლერად დიდი ალბათობით ფრიდრიჰ მერცს აირჩევენ, მაგრამ ის მაინც გაბედავს უკრაინისთვის „ტაურუს“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას?

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან პირველ თვეებში ფრანგები გერმანელებს ღიად დასცინოდნენ - მაშინ როდესაც პარიზი კიევის დასახმარებლად ბორბლებიან ტანკებსაც კი უგზავნის, ბერლინმა უკრაინის არმიას მხოლოდ...რკინის ჩაფხუტები თუ მიაწოდაო...

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - გერმანია ერთ-ერთ პირველ ადგილზე გავიდა უკრაინისთვის აღმოჩენილი სამხედრო დახმარების მოცულობით - სწორედ ტანკები „ლეოპარდები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „მარდერები“, საზენიტო „გეპარდები“ და „პეტრიოტები“, ასევე ასი ათასობით საარტილერიო ჭურვი და ნაღმი, მიწოდებული გერმანიის მხრიდან, ა ძლიერებენ უკრაინის არმიის თავდაცვისუნარიანობას ძლიერ აგრესორთან -რუსეთთან ბრძოლაში...

ასე რომ, უკრაინელებს აუგის თქმა არ შეუძლიათ გერმანელების გვერდში დგომაზე, თუმცა მაინც რჩება ერთი კონკრეტული საკითხი, რომლის გადაწყვეტა მეორე წელია ჭიანურდება და არ არის იმის სრული მოლოდინი, რომ ის საბოლოოდ დადებითად გადაწყდება უკრაინის სასარგებლოდ.

2-tau-1744981837.jpg
ასე გამოიყურება „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტა ჭრილში...

ლაპარაკია „ტაურუს“ ტიპის ფრთოსან რაკეტებზე, რომელთა მიღება გერმანიისგან უკრაინელ გენერლებს დიდი ხანია სურთ, მაგრამ ეს ისევ სურვილად რჩება, რადგან გერმანიის ყოფილი კანცლერი შოლცი პირადად იყო იმის კატეგორიული წინააღმდეგი, რომ „ტაურუსები“ უკრაინის არმიაში მოხვედრილიყო.

გერმანიის მომავალი კანცლერი მერცი ადრე შოლცს სწორედ იმის გამო მწვავედ აკრიტიკებდა, რომ ის ბლოკავდა გერმანული „ტაურუსების“ გადაცემას უკრაინისთვის მაშინ, როდესაც ფრანგებსა და ბრიტანელებს უკვე გაგზავნილი ჰქონდათ თავიანთი ფრთოსანი რაკეტები კიევისთვის.

თუმცა, არსებობს იმის ალბათობაც, რომ კანცლერად გახდომის შემდეგ მერცმაც თავი შეიკავოს „ტაურუსების“ უკრაინაში გაგზავნაზე, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ორიოდე დღის წინ კრემლმა ოფიციალურად გააფრთხილა ბერლინი -„ტაურუსების“ უკრაინაში მოხვედრის შემდეგ რუსეთი გერმანიასაც ჩათვლის ამ ომის სრულფასოვან მონაწილე მხარედო...

მაინც ასეთს რას წარმოადგენს ეს Taurus-ი, რომ მისი უკრაინისთვის გადაცემა-არ გადაცემაზე გერმანიის პოლიტიკურ წრეებში კამათი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს და თანაც ასე რატომ უფრთხის კრემლი ამ რაკეტების უკრაინის არმიის არსენალში გამოჩენას?

TAURUS KEPD 350/150-ი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების „ჰაერი-ხმელეთი“ კლასის ფრთოსანი რაკეტაა და ის ბრიტანული Storm Shadow-სა და ფრანგული SCALP-EG -ის ერთგვარი გერმანულ-შვედური ანალოგია.

3-tau-1744981837.jpg
„ტაიფუნის“ საბრძოლო თვითმფრინავის პილონებზე ჩამოკიდებული ორი მწვანე „ტაურუსი“...

ბრიტანელებისა და ფრანგების მიერ გადაცემული ფრთოსანი რაკეტებით უკრაინელმა სამხედროებმა არაერთი წარმატებული შეტევა განახორციელეს რუსი ოკუპანტების აეროდრომებზე, შტაბებსა და საზღვაო პორტებზე, რასაც ათობით თვითმფრინავისა და შვეულმფრენის, ასევე, რამდენიმე სამხედრო ხომალდის და ერთი წყალქვეშა ნავის დაზიანება/განადგურება მოჰყვა...

მაშინ იბადება კითხვა: რა პრობლემა აქვს გერმანიის მთავრობას უკრაინისთვის ამ „ტაურუსების“ მიწოდებაზე, თუკი ბრიტანელებმა და ფრანგებმა ეს დიდი ხანია, გააკეთეს, ხოლო კრემლის მუქარა ისევ მუქარად დარჩა, ამასთან, გერმანიამ ხომ სხვა, არანაკლებ სერიოზული შეიარაღების სახეობები ისედაც გადასცა კიევს?!

აქ ყველაფერი ერთ რიცხვს უკავშირდება, კერძოდ, უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრიდან მოსკოვის კრემლამდე პირდაპირ მანძილს, რომელიც 450 კმ-ს უტოლდება!

საქმე ის არის, რომ ბრიტანული და ფრანგული ფრთოსანი რაკეტების ფრენის მაქსიმალური სიშორე 300 კმ-მდეა, მაშინ, როდესაც გერმანულ „ტაურუსს“ 500 კმ-ზე შორსაც შეუძლია სტაციონარული სამიზნის დიდი სიზუსტით დაზიანება...

4-tau-1744981836.png
„ტაურუსი“ სამიზნისკენ მიფრინავს...

ანუ „ტაურუსის“ მოქმედების რადიუსში ხვდება აგრესორი რუსეთის დედაქალიც და გერმანიის მთავრობას უჩნდება კანონიერი შიში - ერთხელაც, უკრაინული ქალაქების მორიგი რუსული დაუნდობელი დაბომბვების შემდეგ, გამწარებულმა უკრაინელებმა, შურისძიების მიზნით, ჩვენ მიერ მიცემული „ტაურუსებით“ მოსკოვს ან სულაც კრემლს რომ დაარტყან, რა მოხდება? არაპროგნოზირებადი პუტინი მართლაც ხომ არ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ჯერ უკრაინაში, ხოლო შემდეგ...გერმანიაშიც?

„ტაურუსებით“ კრემლზე შეტევების რა მოგახსენოთ, მაგრამ ზუსტი ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, რომლებსაც ბუნკერსაწინააღმდეგო საბრძოლო ქობინები უყენიათ, არაერთი მნიშვნელოვანი რუსული სამხედრო ობიექტის დაზიანება-განადგურება შეიძლება თავად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. თუმცა მთავარ სამიზნედ ასევე შეიძლება იქცეს ყირიმის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები, რომელთა წინააღმდეგ უკრაინის სპეცსამსახურებმა ორი წარმატებული შეტევა განახორციელეს, მაგრამ ისინი ბოლომდე მაინც ვერ გამოყვანეს მწყობრიდან...

გერმანიის არსენალში რჩება არანაკლებ 479 ერთეული „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტა,თუმცა მათგან ტექნიკურად გამართული მხოლოდ 250 თუ იქნება და ამ ისედაც მცირე რაოდენობიდან, ბერლინმა კიევისთვის არაუმეტეს ასიოდე „ტაურუსი“ თუ შეიძლება გაიმეტოს...

ასიოდე ფრთოსანი რაკეტით უკრაინა ამ ომში გადამწყვეტ გამარჯვებას, რა თქმა უნდა ვერ მიაღწევს, თუმცა ას „ტაურუსსაც“ ძალუძს პუტინის არმიას საგრძნობი დანაკლისი მიაყენოს...