„იყავით ერის სამსახურში, უსმინეთ ხალხს, უგდეთ ყური მამულის მაჯისცემას, გიყვარდეთ მოყვასი!“
"კვირის პალიტრის" დღევანდელო რედაქტორო...
მე ლალი ვარ, გუნთაიშვილი, "კვირის პალიტრის" პირველი რედაქტორი. ახლა ჩვენი გაზეთი მეექვსე წელიწადშია გადამდგარი.
მინდა ვირწმუნო, ვინც ბრძანდებით, ეგ სულერთია, თქვენც ჩემსავით სიყვარულით და ერთგულებით ჰქმნით ჩვენს გაზეთს...
ვინც ჩემს გვერდით იდგა, ისეთი მართალი სიტყვით ამბობდა სათქმელს, ისე სათუთად ეპყრობოდა მკითხველს, არ შეიძლება იმ საწყის ფესვებზე არ ეხარა დღევანდელ "კვირის პალიტრას".
ჩვენი "სახალხო პროექტით" შეგეხმიანეთ 25 წლის შემდეგ და მინდა დაგლოცოთ და გისურვოთ - იყავით ერის სამსახურში, უსმინეთ ხალხს, უგდეთ ყური მამულის მაჯისცემას, გიყვარდეთ მოყვასი - ეს უზარმაზარი პოტენციალია ურთიერთობისა, ამას მოჰყვება დიდი სიყვარული.
სიყვარულით გევლოთ!
ამაყად გევლოთ!
მინდა მჯეროდეს - შორს დარჩა მძიმე ყოფა და ლაღია დღეს ჩვენი სათაყვანო მამული.
გიხაროდეს მამულო! გიხაროდეთ მკითხველნო და გიხაროდეთ თქვენ, რომელნიც იღვწით ჩემს საყვარელ გაზეთში.
უფალი შეგეწიოთ.
2001წ. შობა.
ლალი გუნთაიშვილი