ტრამპის ფიასკო სამივე სამშვიდობო მისიაში - უკრაინაში, ღაზასა და ირანში?! - კვირის პალიტრა

ტრამპის ფიასკო სამივე სამშვიდობო მისიაში - უკრაინაში, ღაზასა და ირანში?!

"თუ რაიმე მიზეზით ორიდან რომელიმე მხარე ძალიან გაართულებს საქმეს, უბრალოდ, ვიტყვით "სულელები ხართ, სულელები ხართ, საშინელი ხალხი ხართ" და ხელებს დავიბანთ, მაგრამ, იმედია, ამის გაკეთება არ მოგვიწევს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა 18 აპრილს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მას შემდეგ, რაც დაიღალა კრემლიდან პუტინის გადაწყვეტილების ლოდინში, შეწყვეტდა თუ არა ცეცხლს რუსეთი უკრაინის ფრონტზე...

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს მსოფლიო დონის "მშვიდობის მტრედის" საერთაშორისო პოლიტიკური იმიჯის შესანარჩუნებლად სასწრაფოდ სჭირდება მისი მრავალი ინიციატივიდან და იდეიდან ერთის ხორცშესხმა მაინც, რათა 29 აპრილს მოახლოებული საპრეზიდენტო 100 დღის თავზე სათქმელად ჰქონდეს, მე დაგპირდით და შევასრულეო...

თუმცა 20 აპრილამდე, აღდგომის დღესასწაულამდე, დიდი სურვილის მიუხედავად, მან მაინც ვერ მოასწრო უკრაინაში ომის დაპაუზება - პუტინმა კრემლიდან ტრამპი თეთრ სახლში ოსტატურად გააცურა სამშვიდობო მოლაპარაკებებში დროის გაწელვით, რის დროსაც რუსეთს არათუ არ შეუწყვეტია ცეცხლი უკრაინის ფრონტზე, არამედ განსაკუთრებული სისასტიკით დაბომბა უკრაინული ქალაქები სუმი და ხარკოვი და თანაც ბზობაზე და წითელ პარასკევს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის ქრისტიანობას.

დასავლურ მასმედიაში ვრცელდება სენსაციური ინფორმაცია, თითქოს ვაშინგტონი თანახმაა აღიაროს ანექსირებულ ყირიმზე რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია იმის სანაცვლოდ, რომ მოსკოვმა დროებით მაინც შეწყვიტოს ცეცხლი ამ საშინელ ომში და ამით გადაარჩინოს ტრამპის საერთაშორისო პოლიტიკური იმიჯი...

2-mol-1745151079.png
ღაზის სექტორიდან პალესტინელების დიდი ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ გასახლება კი იყო ისრაელის სანუკვარი ოცნება, მაგრამ ტრამპისა და მასკის ეს "საოცარი იდეა" თავიდანვე ჩაფლავებისთვის იყო განწირული...

ეს ძნელად დასაჯერებელი იქნებოდა, რომ არა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ამასთან, ძალზე საშიში ფაქტორი - აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს ოფიციალურად აქვს განცხადებული, რომ რუსეთმა უკრაინის იმ ხუთი რეგიონიდან, რომლებსაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შესაძლოა ზოგიერთი მიიღოს...

ის, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი პუტინის ერთგვარ "ხიბლში" მოექცა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტს რამდენჯერმე პირადად შეხვდა, უკვე ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ სწორედ ამაში პირდაპირ დასდო ბრალი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს და ის რუსეთთან მიკერძოებაში დაადანაშაულა...

ის, რომ კრემლი მოლაპარაკებებს აგრძელებს სწორედ უიტკოფთან და არა გენერალ კელოგთან, რომელიც ასევე არის პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, შემთხვევითი სულაც არ არის - კრემლის დაჟინებული მოთხოვნით გენერალი კელოგი თეთრმა სახლმა ჩამოაშორა ამერიკულ-რუსული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს, რადგან კელოგი, როგორც პროფესიონალი სამხედრო, ბევრად კომპეტენტური გახლდათ ომის საკითხებში, ვიდრე იურისტი და მილიარდერი უიტკოფი, რაც რუსეთის ინტერესებში შედის.

3-mol-1745151078.png
ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგური, რომელიც შედის დასაბომბი ბირთვული ობიექტების სიაში - იმედია, ისრაელი ვერ დაიყოლიებს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს და ირანის ბირთვული ობიექტების ერთობლივად დაბომბვის სანაცვლოდ, ტრამპი აიათოლებთან მაინც (პუტინისგან განსხვავებით) გამონახავს საერთო ენას ამ სერიოზული პრობლემის მშვიდობიანად მოსაგვარებლად...

ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების შეპირება, ეტყობა, თეთრი სახლის ერთ-ერთი ბოლო დათმობაა კრემლისთვის, რომლის შემდეგაც შეიძლება ტრამპი მართლაც ჩამოსცილდეს რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების პროცესს და ხელი მართლაც დაიბანოს, თუმცა პუტინი, ალბათ, არც ასეთ "მდიდრულ საჩუქარს" დაჰყაბულდება, რადგან კრემლის კატეგორიული მოთხოვნა დიდი ხანია ცნობილია - რუსეთის ტერიტორიას ყირიმის გარდა უნდა შეუერთდეს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიც, იმ ნაწილების ჩათვლით, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებს ჯერ ვერც დაუპყრიათ და კაცმა არ იცის, შესძლებენ თუ არა...

უკრაინის კუთვნილი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ-ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის აშშ-ის მიერ ოფიციალურად აღიარება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ კუთვნილებად, ძალიან სახიფათო პრეცედენტი გახდებოდა, მათ შორის საქართველოსთვის, რომლის ორი ნაწილი, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, ასევე რუსეთს აქვს ოკუპირებული...

სანამ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივა რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლად ფაქტობრივად ერთ ადგილზე "ბუქსაობს", უკეთესი სიტუაცია თეთრ სახლს არც სხვა სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქვს, კერძოდ, ღაზის სექტორსა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რომლებშიც მთავარი მომლაპარაკებელი ამერიკული მხრიდან ისევ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წამომადგენელი სტივ უიტკოფია.

ღაზის სექტორიდან პალესტინელების გასახლება მეზობელ მუსლიმანურ ქვეყნებში მდიდრული ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ, რაც ტრამპისა და ილონ მასკის ერთობლივ ინიციატივად გავრცელდა, თანაც თავიდანვე "მკვდრადშობილად", რადგან იდეური მუსლიმანები, რომლებიც ისრაელთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას, მათ შორის ტერორისტული ხერხებითაც, რამდენიმე ათეული წელია არ წყვეტენ, ამას არასდროს დათანხმდებიან.

შესაბამისად, ღაზის სექტორში, ისევე როგორც ლიბანის სამხრეთში, გაგრძელდება ისრაელის დაუნდობელი საჰაერო დაბომბვები "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" ტერორისტული შეიარაღებული დაჯგუფებების საბოლოოდ განადგურებისთვის, რასაც, სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება.

ასეთი საჰაერო დაბომბვებისთვის კი ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის სპეციალური ბუნკერსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბების მიწოდების ნება დართო, რაც შეჩერებული ჰქონდა ტრამპის წინამორბედ პრეზიდენტ ბაიდენს. შესაბამისად, ისრაელის ხელისუფლებას ხელ-ფეხი გაეხსნა, რომ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა სცადოს და ერთხელ და სამუდამოდ გაანადგუროს "ჰამასი" და "ჰეზბოლა", თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან პატარა პალესტინელი ბიჭიც უკვე ემზადება "კალაშნიკოვის" ხელში ასაღებად.

სამშვიდო მოლაპარაკებების "მესამე ფრონტს" ამერიკა უკვე ირანთან აწარმოებს, სადაც ისევ სტივ უიტკოფის სახელი და გვარი ფიგურირებს, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წამომადგენლის ახლო აღმოსავლეთში...

ირანთან დაკავშირებით სიტუაცია ასე გამოიყურება - პრეზიდენტი ტრამპი დაემუქრა თეირანს, რომ თუკი მაისის დამდეგამდე ირანი ხელს არ მოაწერს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე შეთანხმებას, მაშინ ამ ქვეყანას ცუდი დღე ელის...

რას გულისხმობდა ამერიკელი პრეზიდენტი ირანელებისთვის "ცუდი დღის" დადგომაში, ალბათ, ძნელი მისახვედრი სულაც არ არის - სამხედრო გზით ირანის ბირთვულ ობიექტებზე ზემოქმედებას...

ის, რომ ირანის ბირთვული პროგრამის სრული ჩამოშლა თუ არა, დროებით დაპაუზება მაინც, სწორედ ისრაელის სტრატეგიულ გეგმაშია, არავისთვის საიდუმლო არ არის - ირანული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები ისედაც უკვე აღწევენ ათასი კმ-ით დაშორებულ ისრაელის ქალაქებამდე და თუკი აიათოლები შეძლებენ ამ რაკეტებში ბირთვული ქობინების განთავსებას, მაშინ...

ისრაელისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამიტომაც მისი პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ცდილობს დაიყოლიოს აშშ-ის პრეზიდენტი, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელ-ამერიკული ერთობლივი საჰაერო ოპერაციები ჩატარდეს, მათ შორის ამერიკული საჰაერო ტანკერების ჩართვითა (რათა ირანამდე და უკანა გზაზე, ისრაელისკენ, მიფრენისას ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავების ჰაერში საწვავით რამდენჯერმე გაწყობა მოხერხდეს) და ამერიკული საზენიტო "პეტრიოტების" გამოყენებით ირანის საპასუხო სარაკეტო დარტყმების მოსაგერიებლად...

ის, რომ ტრამპი ფეხს ითრევს, ისრაელის შეთავაზებით ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე, უკვე გამოჩნდა - თეთრ სახლს სურს პოლიტიკური ზეწოლით დაიყოლიოს ირანი ურანის გამდიდრების შესაჩერებლად, რაზეც თეირანი ვაშინგტონს პრინციპში დათანხმდება კიდეც, ოღონდ მთავარი ორი მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში - აშშ უხსნის საერთაშორისო სანქციებს დასავლეთის ბანკებში გაყინულ ისრაელის ფინანსებს და ყველა შეზღუდვა უქმდება ირანული ნავთობის გაყიდვაზე.

რა თქმა უნდა, დიდი ახალი ომის დაწყებას ახლო აღმოსავლეთში ბევრად სჯობს ასეთი მშვიდობიანი მოლაპარაკება (რაც საქართველოს ინტერესებშიცაა, რადგან ირანი, სადაც შეიძლება საბრძოლო ოპერაციები დაიწყოს ბირთვულ ობიექტებზე, უშუალოდ ესაზღვრება სამხრეთ კავკასიის რეგიონს), თუმცა ამით ისრაელი კმაყოფილი ნამდვილად არ დარჩება - სირიის შემდეგ, თელ-ავივში ირანის "დაჩოქებაზეც" ოცნებობენ...