დიდი ეჭვიანობა ოპოზიციაში და სალომე ზურაბიშვილის დილემა
გასულ კვირას ქართულ პოლიტიკაში ორი მთავარი თემა იყო - გიორგი გახარიას მისვლა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში და დიდი ეჭვიანობა ოპოზიციაში, თუ ვინ აპირებს ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. დავიწყოთ გახარიას 6-საათიანი გამოკითხვით.
პირველი საკითხი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების თემა იყო. რა გავიგეთ ახალი? ერთი მნიშვნელოვანი ამბავი - კერძოდ, გახარიას მტკიცებით, რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არც მას და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ. მისივე თქმით, პოლიციელები მოქმედებდნენ თავდაცვის რეჟიმში და ამის უფლება ჰქონდათო. 20 ივნისის მოვლენების ბევრ კადრში ჩანს - პოლიციელები ისვრიან რეზინის ტყვიებს მაშინაც, როდესაც მომიტინგეები მოშორებით არიან და მათ ფიზიკურად არავინ ემუქრება. გახარიას ისე გამოუვიდა (ყოველ შემთხვევაში, თქვენი მონა-მორჩილის აზრით, მიანიშნა ამაზე), თითქოს არ იცოდა და ვიღაც სხვამ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. კი მაგრამ, თუ ასეთი ეჭვი ჰქონდა, სულ მცირე, მოკვლევა უნდა ჩაეტარებინა თავის უწყებაში (თუ ეს სიმართლეა, რა თქმა უნდა).
კვლავ უპასუხოდ დარჩა კითხვა, ვინ და რატომ გადაწყვიტა, რომ 20 ივნისს პოლიციის კორდონი დაეყენებინა არა პარლამენტის ეზოში, არამედ წინ, გაღიზიანებული ხალხის საპირისპიროდ. კომისიის წევრებმა წარმოადგინეს აქციის დაშლის გეგმა, სადაც უამრავი ცარიელი ფურცელი იყო. ამაზე გახარიას პასუხი გაურკვეველია.
მოკლედ, კომისიის მიზანი იყო გახარია გამოეყვანა არაკომპეტენტური, ყოფილი პრემიერის მიზანი კი პოლიტიკური პიარი იყო. ვის რა, როგორ და რამდენად გამოუვიდა, თავად განსაჯეთ. ფაქტი ერთია - 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა როგორც გახარიასთან, ისე დღეს ხელისუფლებაში მყოფ მის ყოფილ თანაგუნდელებთან.
მეორე საკითხი იყო ჩორჩანას საგუშაგოს საკითხი. თქვენი მონა-მორჩილის აზრით, როდესაც ასეთ სპეციფიკურ თემებს ეხება ხოლმე საკითხი, ჯობს დახურონ კომისიის სხდომა. რაც შეეხება უშუალოდ საკითხს - გახარია ამტკიცებდა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნით მან რუსებსა და მათ მარიონეტებს დამატებითი ტერიტორიების მიტაცებაში ხელი შეუშალა, კომისიის წევრების მტკიცებით კი გახარიას ამ გადაწყვეტილებამ ლამის ესკალაცია გამოიწვია და ოკუპანტმა ტერიტორია მაინც მიიტაცა. ვინ მტყუანია და ვინ მართალი, ამის დადგენას ადგილზე ჩასვლა და სიტუაციის დეტალურად შესწავლა სჭირდება.
მესამე საკითხი იყო 2021 წელს ნიკა მელიას დაკავება. გახარია ამტკიცებდა, რომ ის "ნაცმოძრაობის" ოფისში გამაგრებული ნიკა მელიას აყვანის ოპერაციის ჩატარებას მაშინ ითხოვდა, როდესაც საამისო პირობები იქნებოდა. მისი თქმით, "ნაცმოძრაობის" ოფისი გაუგებარი ხალხით იყო სავსე და მოვლენების მძიმედ განვითარების რისკი არსებობდა. ყოფილი პრემიერის განმარტებით, მას პოლიტსაბჭოს წევრები დაეთანხმნენ, თუმცა შემდეგ გაქრნენ, რადგან საქმეში ჩაერთო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გახარიას გვერდის ავლით აძლევდა მითითებებს მინისტრებს. ამის შემდეგ გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
კომისიის წევრები კი ცდილობდნენ საქმე წაეყვანათ იქით, რომ 2021 წლის თებერვალში გახარია შეხვდა აშშ-ის ელჩს და მისგან მიიღო მითითება თანამდებობის დატოვებისა და ოპოზიციაში გადასვლის თაობაზე. გახარიას ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მას ნიკა მელიას დაკავება ისე სურდა, რომ დასავლეთს მწვავე რეაქცია არ ჰქონოდა და ის შემდეგ გირაოთი არ გათავისუფლებულიყო. თუმცა ისმის კითხვა - როგორ უნდა მომხდარიყო ეს? დასავლეთი მაშინ ცდილობდა 2020 წლის საპარლამენტოს არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გამო შუამავლის როლი ეთამაშა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რაც წარმატებით დასრულდა 2021 წლის აპრილში, როდესაც გაფორმდა "შარლ მიშელის დოკუმენტი" და ოპოზიცია პარლამენტში შევიდა. ქვეყანამაც რამდენიმე თვით ამოისუნთქა, სანამ 2021 წლის ოქტომბერში სააკაშვილი საქართველოში არ შემოიპარა, ნიკა მელია კი იყო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და მის დაკავებაში დასავლეთი ესკალაციის საფრთხეს ხედავდა. შესაბამისად, რა მნიშვნელობა ჰქონდა ნიკა მელიას "ნაცმოძრაობის" ოფისში დააკავებდნენ, სკვერში, პლაჟზე თუ საძინებელში?!
რა ხდება ოპოზიციაში?!
გახარიას კომისიაზე მისვლამ და შემდგომ ტელეეთერში გაკეთებულმა განცხადებებმა ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყო ხელი. "ნაცმოძრაობამ" და "ახლებმა" (განსაკუთრებით გვარამია აქტიურობდა) დაიწყეს მტკიცება, აი, თუ არ არის გახარია შეკრული "ოცნებასთან", კომისიას "უპრავებსო". თუმცა შემდეგ, რაც გახარიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას (მანამდე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი განიხილავს არჩევნებში მონაწილეობას), ოპოზიციაში ახალი ძალით იფეთქა დისკუსიამ, უნდა მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა.
ძალთა ბალანსი ასეთია: გახარიას პოზიციაზე ზემოთ ვისაუბრეთ. მამუკა ხაზარაძის "ლელო" ამბობს, რომ არჩევნებამდე 5 თვით ადრე ამ საკითხზე საუბარი არარელევანტურია. "ნაცმოძრაობა" და გვარამია-მელიას პარტია კატეგორიულად აცხადებენ, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ.
"ნაცმოძრაობასა" და "ახლებს" ისე გამოჰყავთ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების ლეგიტიმაცია იქნება. გახარია მათ მოუწოდებს "ყველამ თავის საქმეს მიხედოს". გაყოფილია პოლიტიკით დაინტერესებული ხალხის აზრიც. სხვათა შორის, ქართველ ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, ოპოზიციამ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების კანონიერებას აღიარებენ ან დღის წესრიგიდან ხსნიან ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს.
ეს თემა ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა კარგად ჩამოაყალიბა "კვირის პალიტრის" ერთ-ერთ წინა ნომერში: "თურმე ივანიშვილთან შეკრულები ყოფილან ისინი, ვინც ფიქრობს, რომ "ოცნებას" წავართვათ თბილისი, მივაყენოთ პოლიტიკური დარტყმა, რაც მისთვის პირველი იქნება, რადგან ივანიშვილს 2012 წლიდან არც ერთი არჩევნები არ წაუგია. ოპოზიციას ახლა აქვს ამის შანსი. ბოლო საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ ცუდად ჩაატარა, ამას რომ ვამბობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნები არ გაყალბდა, მაგრამ სწორედ ოპოზიციის შეცდომებმა განაპირობა ის, რომ გაყალბება ეფექტიანი აღმოჩნდა. ამიტომ თბილისის მოგება იქნება პირველი გამარჯვება. ნუ დაგვავიწყდება, რომ თბილისის მერი დღეს ჩვენი მმართველობის სისტემაში ყველაზე მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონე ფიგურაა, რომელსაც ირჩევს საქართველოს ამომრჩეველთა ლამის 1/3 და განსხვავებით პრემიერ-მინისტრისგან, მას 76 კაცი ვერ გადააყენებს. ასე არჩეული ოპოზიციური თბილისის მერის ქვეყნის გარეთ საუბარი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ოპოზიციის ნებისმიერი ლიდერის თუ პარტიის თავმჯდომარის, რომელიც არც ერთ არჩევნებში აღარ მონაწილეობს და არც ერთ ორგანოში არ იქნება წარმოდგენილი... თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა "ოცნების" ლეგიტიმაციააო, სისულელეა, რადგან თვითმმართველობის არჩევნები როდის ჩატარდება, განსაზღვრავს კონსტიტუცია და ეს არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში მაინც ჩატარდებოდა. პირიქით, შეიძლება "ოცნების" ლეგიტიმაცია მოჰყვეს, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას და "ოცნება" მართლა გაყალბების გარეშე გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით. მერე ქვეყნის გარეთ ექნება სათქმელი, რომ ოპოზიციამ მონაწილეობა ვერ გაბედა, იმიტომ, რომ წაგების შეეშინდა...
ხელისუფლება გამარჯვებაში დარწმუნებული რომ იყოს, ამ ნაბიჯებს არ გადადგამდა. მას ეშინია განსაკუთრებით თბილისსა და დიდ ქალაქებში. პარლამენტის იმ არჩევნებშიც, რომელიც გააყალბა, დიდი ქალაქები წააგო. იცის, რომ საქმე ვერ აქვს კარგად და იმის თქმა, "ოცნებას" ოპოზიციის არჩევნებში შეტყუება უნდაო, სასაცილოა. შეტყუება როგორ უნდა, როცა პარტიების აკრძალვას აპირებს იმის შიშით, რომ ვინმემ ხმა არ წაართვას. და რისიც ეშინია, იმას რატომ არ ვაკეთებთ, და რისიც არ ეშინია, ამისკენ რატომ მივისწრაფვით? მე მეშინია, რომ მოხდება ყველაზე ცუდი - ოპოზიციის ნაწილი წავა ბოიკოტზე, მეორე ნაწილი მიიღებს მონაწილეობას და ზუსტად იმ ნაწილის წყალობით, რომელიც ბოიკოტზე წავა, ოპოზიცია ვერ შეძლებს მოგებას - ანუ ამომრჩევლის ერთი ნაწილი დაუჯერებს იმას, ვინც ბოიკოტზე წავა, არ მიიღებს მონაწილეობას და ისევ 2010 წლის მდგომარეობა გამეორდება, როდესაც თბილისში "ნაცმოძრაობას" თბილისი მხარს არ უჭერდა, მაგრამ მაინც შეძლო მცირე უპირატესობით მოგება,¬ რადგან ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტზე იყო წასული და ამომრჩევლის ნაწილიც მათ იდეებს იზიარებდა. დაფიქრება ნამდვილად ღირს "ოცნებისთვის" თბილისის მერის წართმევაზე და ეს იქნება ხელისუფლებისთვის უდიდესი მარცხი".
საბოლოოდ შეიძლება მართლაც ისე მოხდეს, რომ, მაგალითად, ორმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, ორმა კი არ მიიღოს. ასეთ შემთხვევაში რაღაც "ერთიანი ბოიკოტის" იდეა, რომელზეც ზოგიერთი საუბრობს, ჩაიფუშება. შესაბამისად, არჩევნებში არმონაწილე პარტიებისთვის დიდია რისკი, რომ მარგინალიზაციის გზას დაადგნენ.
რა ელის სალომე ზურაბიშვილის "წინააღმდეგობის პლატფორმას"?!
"ნაცმოძრაობა" აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობის რესურსი 31 მარტს ამოიწურა, როდესაც მან მოლოდინი ვერ გაამართლა. "ნაცმოძრაობა" და "ახალი" გახარიას ხელისუფლების "გაპრავებასა" და ლამის "ოცნების" სატელიტობაში ადანაშაულებენ. ხურდას გახარიაც კარგად უბრუნებს. თავის მხრივ, ყოფილი პრემიერის პარტია არ აკონკრეტებს, განაგრძობს თუ არა თანამშრომლობას "წინააღმდეგობის პლატფორმასთან".
თუ სალომე ზურაბიშვილს მუდმივად ასეთი "ფუტკრის სკა" ექნება "წინააღმდეგობის პლატფორმაში" ან პარტიები მუდმივად ერთმანეთთან გაბუტულები ივლიან, არანაირი პლატფორმა თუ ქარტია არ გამოვა. პირიქით - თან ვითომ ერთად ყოფნით და თან ერთმანეთისთვის ქვების სროლით ამ პლატფორმასაც გააბიაბრუებენ და კიდევ უფრო მეტ ამომრჩეველს დაკარგავენ. პოლიტიკური პარტიების დასაყრდენის გარეშე დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი ვერაფერს შეძლებს. კი ბატონო, ივლის ვიზიტებით უცხოეთში და გამოვა სიტყვით, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეიცვლება - ვგულისხმობთ მის მიერვე გაცხადებულ მიზნებს. ამიტომ ხომ არ ჯობს სალომე ზურაბიშვილი შეეშვას იმის მცდელობას, რომ ყველა პარტიას რომელიღაც ერთი მითური პალტფორმის გარშემო მოუყაროს თავი, დაეყრდნოს ერთ კონკრეტულ პარტიას და ეცადოს მიზნების მიღწევას თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში?!
გიორგი კვიტაშვილი