„დაიწყეს მტკიცება, რომ ქართველი ხალხის ჩინეთიზაცია იწყება და...“ - საქართველო და დიდი გეოპოლიტიკური "ჯახი" - კვირის პალიტრა

„დაიწყეს მტკიცება, რომ ქართველი ხალხის ჩინეთიზაცია იწყება და...“ - საქართველო და დიდი გეოპოლიტიკური "ჯახი"

ნალიტიკოსების აზრით, თუ ტრამპის სამშვიდობო გეგმა­ ჩავარდება, დაიწყება პროცესები, რომლებშიც შესაძლოა სხვა ძალებიც ჩაერთონ. ვინ იქნებიან ეს ახალი ძალები, ამ და სხვა საკითხებზე ანალიტიკოსი თორნიკე­ შარაშენიძე გვესაუბრება.

- ჩემი აზრით, ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის ნებისმიერი სცენარით დამთავრება სურს. პუტინი ძალიან თავდაჯერებულია, ფიქრობს, რომ ამერიკა ყველაფერზე წავა, ოღონდ ომი დამთავრდეს.

- იზიარებთ მოსაზრებას, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი თავისი კონტროლქვეშ შეინარჩუნოს, როგორც ეს ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა?

- უიტკო­ფმა დაადასტურა, რომ რუსეთში ვიზიტის დროს პუტინთან ტერიტორიულ საკითხებზე ისაუბრა და რუსეთმა უკრაინის იმ ხუთი რეგიონიდან, რომლებსაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შესაძლოა ზოგიერთი მიიღოს კიდეც.

- პრეზიდენტ ზელენსკიზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ალბათ, ეს არც ევროპული ქვეყნების ლიდერებისთვის იქნება მისაღები.

- თუ არ იქნება მისაღები, მაშინ უნდა დაეხმარონ უკრაინას. თუმცა უნდა ითქვას, რომ უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, ამის საშუალება კი უმთავრესად ამერიკას აქვს. ევროპამ იარაღიც რომ აწარმოოს და მიაწოდოს უკრაინას, არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რაც სადაზვერვო მონაცემებზე წვდომაა. ამერიკის გაცლა პროცესიდან უკრაინისთვის ნიშნავს სადაზვერვო მონაცემებზე წვდომის დაკარგვას. ეს ტრამპმა ერთხელ უკვე გააკეთა და ამას უკრაინისთვის კურსკის მთლიანად დაკარგვა მოჰყვა. სადაზვერვო მონაცემები ამერიკის მონოპოლიაა და სწორედ ამის წყალობით ბომბავდა უკრაინა რუსეთის ტერიტორიებზე ენერგოობიექტებს.

- უკრაინაში გამარჯვებული რუსეთი ამერიკისთვის რა გამოწვევად შეიძლება იქცეს?

- ამერიკისთვის ერთადერთი გამოწვევა ჩინეთია, მხოლოდ ამ ქვეყანას შეუძლია ამერიკისთვის პირველობის წართმევა. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკას არ ეშინია რუსეთის, ვფიქრობ, რუსეთი შეძლებს ოკუპირებული უკრაინული მიწების დატოვებას. ეს ძალთა ბალანსის მარტივი პრინციპია.

- ზოგიერთი თქვენი კოლეგის აზრით, თუ ამერიკა უკრაინას აქტიურ ომში მიატოვებს, მსოფლიო ჰეგემონობას დაკარგავს.

- ამერიკამ მსოფლიოს ჰეგემონობა 8 წლის წინ დაასრულა. 25 წლის განმავლობაში გრძელდებოდა უნიპოლარული სამყარო, მაგრამ ახლა დასრულდა. ამერიკა ნამდვილად ყველაზე ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ არა ერთადერთი.

დღეს მსოფლიოში სამი ძლიერი მოთამაშეა, მათ შორის ყველაზე სუსტი რუსეთია. ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი - ამერიკა ეგუება, რომ ერთადერთი არ არის და იბრძვის პირველობის შესანარჩუნებლად, ამ თვალსაზრისით კი მისთვის საფრთხე ჩინეთია. ტარიფებიც ხომ ამიტომ დაუწესა ჩინეთს. აბა, რატომ დაუწესა ჩინეთს ტარიფები, დააშავა რამე, შეიჭრა სადმე? პეკინმა ბოლოს 1979 წელს იომა. ტარიფების დაწესების ერთადერთი მიზეზი ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შეჩერებაა.

- თუ ტრამპიც მზად არის საბოლოოდ დაივიწყოს უკრაინა, მაშინ რას ნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივან ტემი ბრიუსის განცხადება, რომ სწორედ რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რამდენად სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება?

- ამერიკას აქვს ორი ვარიანტი - ან გააგრძელოს ის, რასაც მისი წინამორბედი, ჯო ბაიდენი აკეთებდა, ან დაასრულოს ომი რუსეთის პირობებით. ბაიდენის დროს და დღესაც თუ ვინმე წინ მიიწევს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, ეს რუსეთია, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც... რომელი უარესია - ომის გაგრძელება ბაიდენის­ პირობებით თუ ომის დასრულება რუსეთის პირობებით, უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია.

- რუსეთის პირობებით ომის დასრულების შედეგებზე შექმნილი დღის წესრიგი, ალბათ, ევროპისთვისაც არ იქნება მისაღები - იციან, რომ რუსეთი არ გაჩერდება.

- არ არის სწორი მსოფლიოში გავრცელებული ნარატივი, რომ რუსები გიჟები არიან, რომ პუტინმა გააფრინა და იმიტომ დაიწყო ომი. საქმე არც ისე მარტივად არის. ომის დამთავრების შემდეგ რუსეთს დიდი ხანი დასჭირდება, რომ მოინელოს ის, რასაც უკრაინას წაართმევს. მოსკოვი ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ევროპასთან კონფრონტაციის რეჟიმში. შეიძლება ძალიანაც კი უნდოდეთ, მაგრამ ვეღარ მოიცლიან ახალი ომისთვის. ან კი ვისთან უნდა დაიწყონ ახალი ომი, ნატოს წევრ ქვეყნებთან? თუ ამერიკა გავიდა ნატოდან, მაშინ შეიძლება რუსეთმა გადადგას ასეთი ნაბიჯი, მაგრამ რატომ უნდა დატოვოს ალიანსი ვაშინგტონმა, ეს ხომ სიგიჟე იქნება? ვიდრე ნატო არსებობს, რუსეთი ვერც ერთ მის წევრ ქვეყანას ვერ შეეხება.

- როგორ ფიქრობთ, უკრაინაში გამარჯვებული რუსეთი ვის მხარეს დადგება ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირებისას?

- გასაგებია, რომ რუსეთი ვერ დაუპირისპირდება ჩინეთს, მაგრამ შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს. რუსეთისთვის ყველაზე სასურველი მოცემულობა ერთ-ერთი ძალის ცენტრად ყოფნა ანუ მსოფლიოს ისეთი დღის წესრიგია, როგორიც მეცხრამეტე საუკუნეში იყო.

თუ დღეს მსოფლიოში სამი ძალის ცენტრი შეიქმნება - ამერიკა-ჩინეთი-რუსეთის სახით, ან მეოთხე და მეხუთე დაემატება ინდოეთისა და ევროკავშირის სახით, ეს რუსეთისთვის უკეთესი იქნება. სწორედ ასეთ დღის წესრიგში გრძნობს თავს კარგად.

- რატომ უნდა მისცეს ჩინეთმა რუსეთს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნების შესაძლებლობა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში მოსკოვზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტები მოიპოვა?

- თუ ამერიკა რუსეთს სანქციებს მოუხსნის, ჩინეთს მოსკოვზე ზეწოლის ბერკეტები შეუმცირდება. ჩემი აზრით, ტრამპიც სწორედ იმიტომ ცდილობს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ან შემცირებას.

- ასეთ მოცემულობაში უკრაინას ვის ჯამში ხედავთ?

- ვფიქრობ, რუსეთისგან გადარჩენილი უკრაინის ნაწილის აღდგენისთვის ევროკავშირს დიდი ფულის დახარჯვა მოუწევს. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის აღდგენისთვის არანაირი რესურსის გამღები არ არის. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი მაინც გახდება და რუსეთისთვის ეს არ იქნება ისეთი გამაღიზიანებელი, როგორიც უკრაინის ნატოში გაწევრების პერსპექტივაა.

- როგორ გგონიათ, ამერიკა საქართველოსგანაც დაიბანს ხელს?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ამერიკის ინტერესები ჩვენს რეგიონში. თუ ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო სჭირდებათ, ხელს ვერავინ, მათ შორის ვერც "ქართული ოცნება" ვერ შეუშლის, რაც არ უნდა დიდ გულზე აკეთონ განცხადებები.

შეგახსენებთ ერთ ისტორიას: რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ამბავი, რომ ამერიკამ საქართველოს მთავრობას ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის გახსნა შესთავაზა და უარი მიიღოო. ატყდა ერთი ვაი-უშველებელი და მალევე გაირკვა, რომ ეს მორიგი ჭორი იყო, მაგრამ ამ ამბავმა ერთი რამ დაადასტურა - საქართველოს ხელისუფლებას ამერიკამ მართლა რომ შესთავაზოს მსგავსი წინადადება, უარს ვერ იტყვის.

- საქართველოს განათლების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის შესწავლა იგეგმება. როგორი იქნება ამერიკისა და რუსეთის რეაქცია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის შეუქცევადად გაღრმავებაზე?

- ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და ანალიტიკოსმა შეთქმულების თეორიებში ძალიან ღრმად შეტოპა, დაიწყეს მტკიცება, რომ ახლა ქართველი ხალხის ჩინეთიზაციის პროცესი დაიწყება. პრორუსულობა აღარ არის აქტუალური და პროჩინელობაა? ამ ლოგიკით ცოტა ხანში შეიძლება "ოცნებას" პროინდოელობაშიც დასდონ ბრალი.

- მაგრამ ჩინეთის ეკონომიკური ოკუპაციის ცდები საყოველთაოდ ცნობილი ამბავია.

- ჩინეთმა რომ საქართველოს ეკონომიკური ოკუპაცია გადაწყვიტოს, ვის ინტერესებს დაეჯახება? რა თქმა უნდა, რუსეთის. სწორედ რუსეთს აქვს ჩვენს რეგიონში ექსკლუზივი, სამწუხაროდ, აქ სწორედ რუსების სამხედრო ბაზებია.

რაც შეეხება პოლიტიკურ გავლენას, აქ მხოლოდ დასავლეთი და რუსეთი დომინირებენ, ნაწილობრივ შეიძლება თურქეთიც მოვიაზროთ. ჩინეთის პოლიტიკურ ინტერესებზე საუბარი გადაჭარბებულად მიმაჩნია.

ხათუნა ბახტურიძე