„ტრამპისთვის მთავარია ომის დასრულება, თუნდაც უკრაინის კაპიტულაციით“ - კვირის პალიტრა

„ტრამპისთვის მთავარია ომის დასრულება, თუნდაც უკრაინის კაპიტულაციით“

ერთ თვეზე მეტია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პასუხს ელოდება, სურს თუ არა ომის დასრულება უკრაინაში. ვიდრე ცივილიზებული სამყარო პუტინის პასუხის მოლოდინშია, რუსები აგრძელებენ უკრაინის ქალაქების დაბომბვას და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას. ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ისიც ამცნო სამყაროს, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმაზე გამოცხადებული მორატორიუმის ვადაც ამოიწურა... როგორც ჩანს, ტრამპის მოთმინების ვადაც იწურება, მისი განცხადებით, აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით "სამშვიდობო ძალისხმევა" შეწყვიტოს, თუ მხარეები ყველაფერს "გაართულებენ"... მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში გააგრძელებს თუ არა ვაშინგტონი უკრაინის სამხედრო დახმარებას, როგორი იქნება ევროკავშირის პოზიცია, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, ანალიტიკოს გიორგი კობერიძეს ვესაუბრეთ.

- რუსეთს ომის დასრულება არ სურს. პუტინისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები მდგომარეობა შეიძლება დე ფაქტო კაპიტულაციაა, რაც მოიაზრებს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში­ აღიარებას და იმ ადმინისტრაციული­ ზონების­ დათმობასაც, რომლებიც ამ რეგი­ო­ნებშია მოაზრებული - ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი.­ ამის შემდეგ რუსეთის მთავარი მოთხოვნებია, უკრაინა არ გაწევრდეს ნატოში და არ შეიარაღდეს.

პუტინი მიზანმიმართულად აყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც ვერ შესრულდება, რომ შემდეგ თქვას, რა ვქნა, უკრაინას შევთავაზე მშვიდობის პირობები, მაგრამ ზელენსკი არ დამთანხმდაო.

ვფიქრობ, ამერიკამ უკვე დააგვიანა რუსეთისთვის პასუხის გაცემა. რუსეთი ახლა ყველანაირად ცდილობს გააღრმაოს ამერიკასა და ევროპას, ასევე ამერიკასა და უკრაინას შორის გაჩენილი ბზარი და მერე თქვას, ევროპელებს არ სურთ მშვიდობაო. ასე თუ ისე, გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგია ვერ იქნება საკუთარი ინტერესების დამზიანებელი.

- რას გულისხმობთ?

- რუსეთის გაძლიერება დააზიანებს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. უკრაინის რუსეთისთვის შეტოვება არა მხოლოდ დააზიანებს ამერიკის იმიჯს, არამედ დაასრულებს ამერიკის ჰეგემონობას მსოფლიოში. მოკავშირის მიტოვება აქტიურ ომში წარმოუდგენელია. რუსეთმა ეს იცის და ამიტომაც­ ცდილობს ამერიკა ჩააყენოს გამოუვალ მდგომარეობაში. რუსი ლიდერები­ ჯერ კიდევ "ცივი ომის" დროს ცდილობდნენ ევროპისა და ამერიკის დაპირისპირებას. ის, რასაც ტრამპი აკეთებს, შეცდომაა, ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, ამას აუცილებლად მიხვდება და პოზიციასაც შეიცვლის, მაგრამ უკვე შეიძლება გვიანი იყოს.

- თქვენი აზრით, ტრამპისა და პუტინის შესახებ გავრცელებულ შეთქმულების თეორიებს შეიძლება მცირე საფუძველი მაინც ჰქონდეს?

- ტრამპს გადამეტებული წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე. მას ეგონა­, პუტინს ადვილად დასვამდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ის კი ძლიერი მანიპულატორია. მან ძალიან ბევრი დრო მოიგო ტრამპის გაპრეზიდენტებიდან დღემდე, ამერიკაში შიდა დაპირისპირებები, ასევე ევროპასა­ და ამერიკას შორის არსებული დაძაბულობა სწორედ პუტინის მანიპულაციების შედეგია. ტრამპის წინაშე ორი პრობლემა დგას - პუტინი ჯობნის ცბიერებითა და გამჭრიახობით, ამასთან, ტრამპის ხედვები ეკონომიკურ-ბიზნესურია და არც ერთ შემთხვევაში სტრატეგიული და პოლიტიკური. ის გრძელვადიან პოლიტიკურ პროგნოზებს კი არ აკეთებს, ფინანსურად განსაზღვრავს, წაადგება თუ არა ამერიკის ეკონომიკას, თუ უკრაინას იარაღით ან ფულით დაეხმარება.

პუტინი შესანიშნავად ხვდება ტრამპის გათვლებს და ცეცხლზე ნავთს უსხამს, რად გიღირს მილიონების ხარჯვა იმ ომში, რომელიც შენი არ არისო. ამ მანიპულაციების შედეგია, რომ ჩვენ ახლა ამერიკის ჩიხურ სიტუაციაში ყოფნას ვადევნებთ თვალს. ამერიკას დიდი არჩევანი არა აქვს, ტრამპის პოლიტიკური ხაზის გაგრძელება დამაზიანებელია ამერიკისთვის და თავად ტრამპისთვისაც, მაგრამ თუ ის პოზიციას შეცვლის, მაშინ გაცილებით მეტი ფულისა და რესურსის გაღება მოუწევს უკრაინის დასახმარებლად, ვიდრე აქამდე უწევდა. შეიძლება ითქვას, ტრამპის პოლიტიკამ უკვე დააზიანა ამერიკა. ყველაფრის მიუხედავად, მე არ ვიზიარებ შეთქმულების თეორიებს, რომლის მიხედვითაც, ტრამპი მიზანმიმართულად მოქმედებს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. უბრალოდ, მას არ აქვს ისეთი გამოცდილება საგარეო პოლიტიკაში, როგორიც პუტინს.

- ზელენსკიმ რუსული ნარატივების გამგრძელებელი უწოდა ტრამპის სპეციალურ­ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს, რომელმაც პუტინთან შეხვედრისას ჟესტით გამოხატა, რომ მასთან შეხვედრის პატივი ერგო. შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი თავის კონტროლში­ შეინარჩუნოს. ვინ არის უიტკოფი და რა აკავშირებს მას პუტინსა­ და რუსეთთან?

- უიტკოფს მოლაპარაკებების არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, ის არც პოლიტიკოსია და არც დიპლომატი, ჩვეულებრივი ბიზნესმენია, რომელიც აშენებულ სახლებს ყიდდა. სხვათა შორის, მის მიმართ თავად ტრამპის ადმინისტრაციაშიც საკმაოდ ნეგატიური განწყობებია. როგორც ამბობენ, უიტკოფი სიხარულისგან აცქმუტდა, როდესაც თანამდებობაზე წარადგინეს. პუტინთან შეხვედრისას აღფრთოვანების გამოხატვა და ქედის მოდრეკა ძალიან ცუდად აისახება როგორც ამერიკაზე, ასევე მასზეც, როგორც მომლაპარაკებელზე. სხვათა შორის, პუტინს არ უყვარს ქედის მომდრეკი ადამიანები და ასეთებს სიამოვნებით ხვევს მანიპულაციების ბადეში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც კარგად ხვდებიან, რომ უიტკოფი მათი სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელია. ახლა ის არის მნიშვნელოვანი, გაუბედავენ თუ არა ტრამპს თქმას, რომ მისი და მისი გუნდის პოლიტიკის გაგრძელება ამერიკის ჰეგემონობის დასრულებას გამოიწვევს.

- ზოგიერთი ვერსი­ით,­ ტრამპს უკვე მიანიშნეს,­ რომ ის პუტინის მანიპულა­ცი­ების ობიექტია. მეტიც,­ ადმინისტრაციის წევ­რებმა იმის თქმაც კი გაუბედეს, რომ პუტინმა მას დასცინა.

- იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპი შეცდომებს არასდროს აღიარებს, შეიძლება საჯაროდ არ აღიაროს, რომ პუტინის მანიპულაციის მსხვერპლი გახდა, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მას აუცილებლად მოხვდება. შეიძლება ითქვას, აშშ ახლა პოლიტიკურ ნაბახუსევზეა. სხვადასხვა ქვეყნისთვის ტარიფების სასწრაფოდ დაწესება, შემდეგ მალევე მოხსნა, რუსული პოლიტიკის გატარება, შემდეგ ამ პოლიტიკის შესახებ კითხვის ნიშნების დასმა - ყოველივე ეს სწორედ პოლიტიკური ნაბახუსევის შედეგია. ამას შეიძლება პროცესების ორგვარი განვითარება მოჰყვეს:­ შეიძლება ტრამპმა თქვას, ვეცადე ომის დასრულებას, მაგრამ ვერაფერს გავხდიო, და საერთოდ დაივიწყოს უკრაინა.

მეორე - შეიძლება თქვას, ეს ჩემი სტრატეგია იყოო, და გაორმაგებული რესურსებით დაეხმაროს უკრაინას. ამ ორი სცენარის გარდა სხვა გამორიცხულია, "არც შენთან ვარ და არც შენს წინააღმდეგ" - ასეთი პოზიციის დაკავება დიდი ხნით არ გამოვა.

- განვიხილოთ სცენარი, რომელშიც ტრამპი უკრაინას ივიწყებს. რას აკეთებს ამ დროს ევროპა ან როგორი იქნება უკრაინის პოზიცია?

- უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში გადამწყვეტი როლი აქვს ევროპულ რესურსებს.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ფული ჩაიდოს უკრაინაში და არა ევროპის სამხედრო წარმოებაში.

უკრაინის სამხედრო წარმოება ახლა ძალიან აქტიურად მუშაობს, ომამდელ ნიშნულსაც მიაღწია, ზოგიერთი მიმართულებით გადა­აჭარბა კიდეც. რა თქმა უნდა, ტანკებს ვეღარ აწარმოებენ, რადგან რუსებმა გაანა­დგურეს ხარკოვის ავტოქარხანა, მაგრამ აქტიურად აწარმოებენ საარტილერიო დანადგარებს, დრონებს... უკრაინელებმა "ნეპტუნის" გადაკეთება დაიწყეს სხვადასხვა ტიპის რაკეტებად, დაიწყეს ძველი ბალისტიკური რაკეტების ფორმირებაც. ამიტომ არის ახლა მნიშვნელოვანი, რომ ევროპელებმა დიდი რესურსები ჩადონ უკრაინის სამხედრო ინდუსტრიაში. ასეთ შემთხვევაში რუსეთს კიდევ დიდხანს მოუწევს ომის რელსებზე დარჩენა, რაც ნამდვილად არ იქნება მარტივი. ულევი რესურსი არავის და მათ შორის არც რუსეთს აქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ რუსების რესურსების გამოფიტვა უფრო მალეა მოსალოდნელი, ვიდრე დასავლეთის. რატომ? იმიტომ, რომ დასავლეთი თვისებრივად უფრო მდიდარია და მისი სამხედრო თუ პოლიტიკური მოტივაციაც უფრო ძლიერია.

თუ რუსეთი უკრაინაში გაი­მარჯვებს­, არათუ ძველი მსოფლიო წესრიგი­ აღარ იარსებებს, არამედ დასავლეთს დაემუქრება საფრთხე.

რუსეთმა რესურსების დიდი ნაწილი უკვე გახარჯა, ახლა ბოლო რესურსებს­ ხარჯავს.

ხათუნა ბახტურიძე