„ბუდაპეშტის ქუჩებში 1956 წელს დავმარცხდით, მაგრამ მელბურნში გავიმარჯვეთ“... - კვირის პალიტრა

„ბუდაპეშტის ქუჩებში 1956 წელს დავმარცხდით, მაგრამ მელბურნში გავიმარჯვეთ“...

"მატჩი, რომელშიც სისხლი და ემოციები სჭარბობდა სპორტს, და რომელიც ისტორიაში ყველა დროის ყველაზე სისხლიან მატჩად შევიდა, "ცივი ომის" სიმბოლოდ იქცა. სხვათა შორის, საბჭოთა გუნდის კაპიტანი იყო ლეგენდარული ქართველი წყალბურთელი პეტრე მშვენიერაძე..."

სისხლიანი მატჩის შესახებ მკვლევარი დიმიტრი ჩხეიძე გვესაუბრა:

- 1956 წელი იდგა, "ცივი ომი" უკვე გახურებული იყო. საბჭოთა ტანკებმა ჩაახშვეს სახალხო ამბოხება უნგრეთში, რომელიც სოციალისტურ ბანაკში ომის შემდეგ მოხდა. უნგრეთის ამბოხი, ასევე გერმანიის აღმოსავლეთში ანტიკომუნისტური გამოსვლების შემდეგ, მეორე ცდა იყო ამგვარი აჯანყებით თავი დაეღწიათ რუსეთის ჩაგვრისაგან.

დაპირისპირებამ უნგრეთისა და საბჭოთა­ კავშირის წყალბურთელთა ნაკრებ გუნდებს­ შორის მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალურ მატჩში კულმინაციას მიაღწია. მელბურნის მატჩი 6 დეკემბერს ფიზიკურ და პოლიტიკურ ჭიდილში გადაიზარდა. პოლიტიკურად კრემლი ვერ დაამარცხეს, მაგრამ დრამა საცურაო აუზში სხვაგვარად დასრულდა. მატჩი უდიდესი მნიშვნელობის იყო უნგრელებისთვის, რომელთაც რამდენიმე კვირა სრულ იზოლაციაში გაატარეს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე და მხოლოდ ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ შეიტყვეს, რომ სამი კვირით ადრე საბჭოთა ინტერვენციას ათასობით უნგრელის სიცოცხლე ემსხვერპლა. მატჩზე გამოსული უნგრეთის ნაკრები არჩევანის წინაშე იდგა: ეთამაშათ ნორმალური მატჩი თუ ებრძოლათ, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ უნგრელების სწრაფვა თავისუფლებისკენ - მათ ბრძოლა არჩიეს. მატჩი, რომელშიც სისხლი და ემოციები სჭარბობდა სპორტს, და რომელიც ისტორიაში ყველა დროის ყველაზე სისხლიან მატჩად შევიდა, "ცივი ომის" სიმბოლოდ იქცა. სხვათა შორის, საბჭოთა­ გუნდის კაპიტანი იყო ლეგენდარული ქართველი წყალბურთელი პეტრე მშვენიერაძე... უნგრეთის წყალბურთელთა გუნდის კაპიტანმა, დეჟე დიარმატმა პეტრე მშვენიერაძეს ცხვირში მუშტი უთავაზა, პეტრე გამოეკიდა, მაგრამ დეჟემ გაასწრო...

462676726-4023147141342745-3651502994078105480-n-1745155200.jpg

- რატომ შევიდა ისტორიაში მელბურნის­ შეჯიბრება სისხლიანი მატჩის სახელით?

- უნგრელი სპორტსმენის ერვინ ზადორის დასისხლიანებულმა ფოტოებმა მთელი მსოფლიო მოიარა. ზადორი ამბობდა, ვითარებით ვისარგებლეთ, მათ ვლანძღავდით და ვცდილობდით მწყობრიდან გამოგვეყვანაო, და უნგრელებმა ეს მოახერხეს.

უნგრელებს მატჩი 4:0 მიჰყავდათ, როცა რუსებმაც უხეშობა დაიწყეს. ზადორს ვალენტინ პროკოპოვის მეურვეობა დაევალა, ის კი წიხლით დახვდა. ზადორი იხსენებს, გავუღიმე და დედამისი უდიერად მოვიხსენიეო. ეს საბჭოთა სპორტსმენმა არ აპატია - ამოიზიდა თურმე წყლიდან და პირდაპირ სახეში ხეთქა მუშტი. წყალი წითლად შეიღება. "კრისტალ პალასი", სადაც მატჩი­ მიმდინარეობდა, აღრიალდა. ემოციებმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ არეულობის თავიდან ასაცილებლად პოლიციას გამოუძახეს. ზადორი წყლიდან ამოიყვანეს, თამაში შეწყდა. რადგან უნგრელებს ანგარიში მიჰყავდათ, მოგება ჩაეთვალათ. ზადორს ახსოვს, როგორ დაეხვივნენ რეპორტიორები და პოლიტიკურ შეკითხვებს უსვამდნენ, მას კი, როგორც ამბობს, მხოლოდ ის აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა ფინალში თამაშს. ფინალი არავის ახსოვდა, მთავარი გამარჯვება იყო, საბჭოთა კავშირზე გამარჯვება.

d1c50e27-ee8c-4a89-93ea-ae27a833e90f-1745155200.jpg

წელს, როცა უნგრეთი ამ მოვლენების წლისთავს აღნიშნავდა, პარლამენტის თავ­მჯდომარემ კიდევ ერთხელ თქვა: "ბუდაპეშტის ქუჩებში 1956 წელს დავმარცხდით, მაგრამ მელბურნში გავიმარჯვეთ"...

1849 წლის რუსეთის იმპერიის მედალი За усмирение Венгрии დაიმსახურეს მათ, ვინც ორბანის წინაპრები დასაჯეს თავისუფლებისთვის, 1956 წელს კი 25 საბჭოთა ოფიცერი გმირის მედლით დაჯილდოვდა. ისე, ვიქტორ ორბანის "კასტუმსაც" დაამშვენებდა ეს რუსეთის იმპერიის მედალი. ალბათ, ორბანმაც არ იცის, რომ 1956 წელს 200 ჩრდილოეთ კორეელი სტუდენტი, რომლებიც უნგრეთის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდნენ, აჯანყების დროს უნგრელი ხალხის გვერდზე დადგა. 200 კორეელიდან ერთი ნაწილი საავადმყოფოებში დაჭრილებს პირველად დახმარებას უწევდა, დანარჩენი უნგრელებთან იდგნენ მხარდამხარ საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ. კორეელ სტუდენტებს შორის იყო კორეის ომის მრავალი ვეტერანი, ისინი ასწავლიდნენ­ უნგ­რელ სტუდენტებს, როგორ ემართათ იარა­ღი. როდესაც აჯანყება დამთავრდა, ერთმა­ კორეელმა მოახერხა თავი აერიდებინა კორეაში­ დეპორტაციისთვის, უნგრელ გოგონაზე დაქორწინდა. ოთხი ავსტრიაში გაიქცა, დანარჩენის ბედი უცნობია, არავინ იცის, როგორ დასაჯა კიმის მამამ კორეელი სტუდენტები.

ბევრი ქართველი, რომლებიც იმ დროს საბჭოთა ჯარში იყვნენ, უნგრელი ხალხის აჯანყების ჩახშობაში საკუთარი ნების გარეშე საბჭოეთმა უნგრელების წინააღმდეგ გამოიყენა. 1956 წელს საბჭოთა ჯარების საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა­ 2652 უნგრელი აჯანყებული, 348 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 19 226 კაცი. საბჭოთა არმიის დანაკარგი ოფიციალური მონაცემებით იყო 669 მოკლული, 51 უგზო­-უკვლოდ დაკარგული და 1251 დაჭრილი­. ბუდაპეშტში მთლიანად დაინგრა 4000 სახლი და 40 000 დაზიანდა.

1454610554-revolucia-1745155200.jpg

1956 წელს, როდესაც უნგრელები ჩახოცეს, 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა არმიამ თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე სასაკლაო გამართა. ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროდან პუშკინის სკვერამდე საბჭოთა (რუსი) ჯარისკაცები ტყვიამფრქვევების, ავტომატე­ბისა და შაშხანების ცეცხლით დაუნდობლად ხოცავდნენ მშვიდობიან­ მომიტინგეებს (75% - სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს,­ ბავშვებს), მომიტ­ინგეები იცელებოდნენ. პირველ სკოლასთან ხეზე ასული ბავშვები უსულოდ ცვიოდნენ, დაფანტულ ან დაჭრილ მომიტინგეებს მისდევდნენ რუსი ჯარისკაცები და ხიშტებზე აგებდნენ ან სამხედრო ბარებით ხოცავდნენ, თავის გადასარჩენად სანაპიროსკენ გაქცეული მომიტინგეები მტკვარში ხტებოდნენ. თუმცა სპეციალურად გამოყოფილი მეავტომატეები მათ მტკვარშივე ცხრილავდნენ და ვიდრე არ დახოცავდნენ, არ ეშვებოდნენ. ოფიციალური ცნობებით, დაიხოცა 21 და დაიჭრა 54 პირი, თუმცა დახოცილთა რიცხვი 150-200-ს აღემატებოდა, 1000 კაცამდე დაჭრილი იყო, ხოლო ხოცვა-ჟლეტის შემდეგ დაპატიმრებული - 375. ცხედრების გადაცემა მხოლოდ 14 მარტს დაიწყეს, ჭირისუფლებს კი გლოვა აუკრძალეს.

1956 წელს უნგრეთში, ხოლო 1956 წლის 9 მარტს საქართველოში ისეთი ჟლეტა ჩაუტარეს ქართველებს და უნგრელებს რუსებმა, პეტრე მშვენიერაძესა და დეჟე დიარმატს ერთად უნდა დაეფინათ რუსები მელბურნის ოლიმპიადაზე.

უნგრეთის აჯანყება საბჭოთა ჯარებმა­ სასტიკად ჩაახშვეს, 1956 წლის 3 ნოემბერს­ საბჭოთა დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად მისული უნგრეთის მთავრობის­ დელეგაცია საბჭოთა კავშირის კა-გე-ბეს­ უფროსმა ივან სეროვმა დააპატიმრა. სეროვი­ 1956 წელს გახლდათ ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, რომელმაც თბილისში საპროტესტო გამოსვლები სისხლით ჩაახშო. მოკლედ, ბევრი კომუნისტური "გმირობის" ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ყველაზე ამორა­ლური ის იყო, რომ გენერალმა­ სეროვმა რაიხსბანკიდან და ფიურერის ბუნკერიდან 1945 წლის მაისში ძვირფასი­ ნივ­თები და დიდძალი ქონება მოიპარა. მათ შორის 1910 წელს კარტიეს ბრილიანტის დია­დემა, რომელიც ბელგიის დედოფალ ელისაბედს ეკუთვნოდა. ბელგიის დედოფლის ბრილიანტის გვირგვინით ამხანაგი­ სეროვი აგარაკზე მეუღლესთან ერთად, სა­რკის წინ მეფედედოფლობანას თამაშობდა.