„ბაბუშერის აეროპორტის აღდგენა და ფრენების დაწყება საქართველოსთვის აფხაზეთის ანექსიის მორიგი მაგალითია“
რუსეთმა უკვე გამოაცხადა, რომ სოხუმში, ბაბუშერის აეროპორტის მიმართულებით, რუსული ავიახაზები რეგულარულ ფრენებს 3 მაისიდან დაიწყებენ. პირველი რეისი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმში 3 მაისს არის დაგეგმილი, ხოლო ნიჟნი-ნოვგოროდიდან - 6 მაისს.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბორტზე, თქვენ მიფრინავთ სამოთხეში - აფსნიზე... ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, დებო და ძმებო! ჩვენ ვულოცავთ თითოეულ მოქალაქეს ამ მნიშვნელოვან მოვლენას რესპუბლიკის განვითარებისთვის! მოდი, ვიფრინოთ!" - დაიწერა "ხელისუფლების" მომხრე ტელეგრამარხებზე, თუმცა იქვე მომხმარებლები უკმაყოფილებასაც გამოხატავენ, რომ რიგითი მსურველისთვის ბილეთის ფასი ზედმეტად მაღალია. ნიჟნი ნივგოროდიდან იფრენს ავიაკომპანია Iკარ-ი და ბილეთის ფასი 9735 რუბლია (დაახლოებით 105 აშშ დოლარი), ხოლო მოსკოვიდან „UVT AERO“ და ბილეთი 15921 რუბლი (დაახლოებით 192 დოლარი) ღირს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "როსავიაციამ" თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართულებით ფრენების ნებართვა გასცა ავიაკომპანია იFლყ-ს მოსკოვიდან, ხოლო Nordstar-მა მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან. თუმცა ამ გადამზიდავების ფრენების დაწყების თარიღები არ არის მითითებული. მხოლოდ ნათქვამია, რომ iFly-ს კვირაში 14 რეისის ნებართვა აქვს, ხოლო "ნორდსტარს" - კვირაში 7-ის. დასახელებული ოთხივე კომპანია სანქცირებულია და აკრძალული აქვს ევროკავშირის ქვეყნებში ფრენა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და მის შესახებ ინფორმაცია 2006 წლიდან ამოიღო დოკუმენტებიდან. სწორედ ამიტომაც სოხუმის მიმართულებით რეისებს მხოლოდ სანქცირებული ავიაკომპანიები შეასრულებენ მხოლოდ რუსეთის შიდა რეისებით. საცდელი ფრენა 7 თებერვალს შედგა, როდესაც ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიისას ბადრა გუნბა მოსკოვიდან ჩამოჰყვა, თუმცა თვითმფრინავმა უკან დასაბრუნებლად აფრენა ვეღარ შეძლო, გაფუჭდა და მის შესაკეთებლად მოსკოვიდან ჯგუფის ჩამოყვანა გახდა საჭირო.
რუსეთმა სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე მუშაობა 2023 წლიდან დაიწყო. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ოქტომბერში გააფორმა ხელშეკრულება რუსულ კომპანია "ინფრასტრუქტურის განვითარებასთან". ის ეკუთვნის რაშიდ ნურგალიევს, რუსეთის შს სამინისტროს ყოფილი უფროსის, რაშიდ ნურგალიევის შვილს, რომელიც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილეა. მაშინ ოპოზიცია უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომ სტრატეგიული ობიექტები "სახელმწიფოს" საკუთრებად უნდა დარჩეს და თუნდაც მეგობარ რუსეთს არ უნდა გადაეცეს, თავად ხელშეკრულება კი მონურ დოკუმენტად მოინათლა მთელი რიგი მოთხოვნებისა და შეღავათების გამო.
ინვესტორს აეროპორტი 49-წლიანი იჯარით გადაეცა და ის 25 წლის განმავლობაში არ გადაიხდის ქონებისა და მოგების გადასახადს. მას გადაეცა აეროპორტის ინფრასტრუქტურაც, მიმდებარე ტერიტორიები და მასზე განთავსებული შენობები. გასულ წელს მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის განსახლებაც დაიგეგმა, თუმცა ამას პროტესტი მოჰყვა და პროცესი შეჩერდა. ოპოზიციური მედია აპროტესტებდა, რომ აეროპორტიდან "რესპუბლიკა" შემოსავალს ვერ მიიღებდა და ეს კაბალური ხელშეკრულება მიუღებელი იყო. თუმცა პროტესტის მიუხედავად რუსეთი ამ ქონებას მაინც დაეპატრონა.
"ეს აეროპორტი რუსეთის სათადარიგო აეროპორტია, მოგება რუსეთისთვის არის და არა აფხაზეთისთვის"
პაატა ზაქარეიშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში: - აფხაზების ნაწილი ფიქრობს, რომ სოხუმის აეროპორტის ამოქმედება მათი "სუვერენიტეტის" ერთგვარი ატრიბუტია, თუმცა არიან აფხაზები, ვინც ასე არ ფიქრობენ. ისინი, ვისაც უფრო მეტად მოეკითხებათ ჭკუა, არ თვლიან, რომ რუსული ბიზნესის სახელით აეროპორტის ამუშავება საუკეთესო ვარიანტია აფხაზებისთვის. რაც შეეხება აფხაზების იმ ნაწილს, ვისაც დღეს ილუზია აქვს, რომ აეროპორტის ამოქმედება მათი "სუვერენიტეტის" ატრიბუტია, ეს ილუზია რამდენიმე თვეში უნდა გაუქრეთ, რადგან რეალურად ეს მხოლოდ შიდა რეისებია - როგორც რუსეთის ნებისმიერ პროვინციულ ქალაქში დაფრინავს თვითმფრინავი, ასე იქნება სოხუმშიც და ამით დადასტურდება, რომ სოხუმი რუსეთის პროვინციაა და არა საერთაშორისო ფრენების ადგილი.
- რუსეთს რაში სჭირდება სოხუმის აეროპორტი?
- უკრაინის ომის გამო კავკასიაში საფრთხეებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი რუსული აეროპორტი დაიხურა უკრაინასთან და რუსეთი კავკასიაში ეძებს რაც შეიძლება შორ უსაფრთხო ადგილს, რათა გაზარდოს ფრენების რაოდენობა. ის ხალხი იფრენს სოხუმში, ვინც რომ არა უკრაინის ომი და ახალი გარემოებები, სოხუმში არასდროს იფრენდა. გარდა ამისა, აეროპორტების დახურვის გამო ძალიან დაიტვირთა ადლერის აეროპორტი და ახლა სოხუმი გარკვეულწილად გადაუნაწილებს ტვირთებს სოჭს და სოჭის აეროპორტი განიტვირთება. მხოლოდ სამგზავრო ფრენებისთვის რუსეთი სოხუმის აეროპორტს არ განაახლებდა. ძირითადი ტვირთები, რომლებიც თურქეთიდან მანქანებით მოდის, საქართველოს არაოკუპირებული ნაწილის გავლით შედის ოკუპირებულ აფხაზეთში, გალში აფასოებენ და მნიშვნელოვანი ნაწილი მატარებლით წავა რუსეთის ევროპული ნაწილისკენ, ხოლო სატვირთო თვითმფრინავები უფრო ციმბირისკენ წაიღებენ. ციმბირში ტვირთის წაღებას მანქანით 5-6 დღე მაინც სჭირდება, სატვირთო თვითმფრინავით კი რამდენიმე საათში ჩაიტანენ. საუბარია სანქცირებულ ტვირთებზე. ამას ემატება რკინიგზის ხაზიც. რკინიგზა გაყვანილია ოჩამჩირემდე, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებენ. ოჩამჩირის პორტის რეკონსტრუქციაც მიმდინარეობს, როგორც სამხედრო პორტის, და ოჩამჩირის რკინიგზას იყენებენ პორტამდე ტვირთების გადასატანად. ამასთან, რუსებმა რკინიგზა ადლერიდან სოხუმამდეც აამუშავეს რუსი ტურისტებისთვის. სწორედ ახლა დაიწყეს სამგზავრო მატარებლის გაშვება, "ლასტოჩკა" ჰქვია და როგორც ჩანს, სოხუმის აეროპორტს მოემსახურება. აქ ერთი ნიუანსია - მატარებელი აეროპორტამდე არ მიდის. არ გამოვრიცხავ, რომ მალე რუსებმა გააკეთონ სარკინიგზო ხაზი სოხუმიდან ბაბუშერამდეც, რათა რუსმა ტურისტებმა კომფორტულად იმგზავრონ.
- თუკი სანქცირებული ტვირთები გადადის საქართველოდან რუსეთში, ეს როგორ აღიქმება დასავლეთში.
- საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ უერთდებიან საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ არ უერთდებიან პერსონალურს და რაც საქართველო-რუსეთის საქმეებს შეეხება, განიხილავენ თავისი სუვერენიტეტიდან გამომდინარე - ანუ ეს არ არის საერთაშორისო ტვირთები, არამედ თურქულ-ქართულ-რუსული ბიზნესმენების შემუშავებული სქემებია, რომლებიც მუშაობს აზერბაიჯანისა და სომხეთის საშუალებითაც და ასევე ცენტრალური აზიიდანაც. მაგალითად, ჩვენ დასავლეთიდან შემოგვქონდა ავტომობილები და შემდეგ რუსეთში ვყიდდით. შემდეგ, ბაიდენის მმართველობისას, თბილისში ჩამოსული იყო ევროკავშირიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან სამი მსხვილი პირი, სერიოზული შენიშვნები მივიღეთ და შეწყდა ავტომობილების გატანა რუსეთში, თუმცა გასული წლიდან ავტომობილების გატანა ყირგიზეთში დაიწყო. ახლა ყირგიზეთიდან რუსეთში გაიზარდა ავტომობილების გატანა. საქართველო ჩართულია ამ სქემებში
- სოხუმის აეროპორტის მშენებლობის დროს არაერთი სკანდალი და კრიტიკული გამოსვლა იყო. საუბარია, რომ 25 წლის განმავლობაში აფხაზეთი არ მიიღებს არანაირ შემოსავალს. ასევე მშენებლობისას დაგროვდა 200 მილიონი რუბლის ვალი და ოპოზიციის თქმით, მთავარია არ განმეორდეს რკინიგზის აფერა, როდესაც რკინიგზა არ გაკეთებულა, რამდენიმე მილიარდიან ვალს კი აფხაზეთი დღესაც იხდის.
- 2010 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთიდან აიღო დაახლოებით 2 მილიარდი რუბლის ვალი რკინიგზის ხაზების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, მაგრამ მთელი ფული ჯიბეებში წავიდა. ვალი გადასახდელი აქვთ, ფული კი არ გააჩნიათ. სწორედ ამ ვალის გამო რუსეთი ხელისუფლებას კი არ ურიცხავს ფულს, არამედ პირდაპირ პროექტებზე ხარჯავს. აეროპორტის მშენებლობისას ბევრი რამ დაირღვა, თუმცა ახლა აეროპორტი აშენდა და ამიტომ ეს დარღვევები ასატანი გახდა. აფხაზები ფინანსურ მოგებას უშუალოდ აეროპორტით ვერ მიიღებენ, კომპანია 25 წელი არაფერს არ გადაიხდის. ერთი ისაა, რომ მოლოდინია, ბევრი ტურისტი ჩამოვა და ისინი დახარჯავენ ფულს, რუსები კი მიიღებენ იმას, რომ მარტივად ჩავლენ აფხაზეთში ზღვაზე დასასვენებლად, განიტვირთება ადლერის აეროპორტი და მეორე - რუსეთში მარტივად და სწრაფად გადაიტანენ სანქცირებულ ტვირთებს საჰაერო გზით. სადავოც არ არის, რომ მოგებაა რუსეთისთვის და არა აფხაზეთისთვის. ეს აეროპორტი რუსეთის სათადარიგო, გაჭირვების აეროპორტია. ღმერთმა ქნას, მალე დამთავრდეს ომი უკრაინის სასარგებლოდ და როგორც კი შემსუბუქდება სანქციების ტვირთი რუსეთზე, არ გამოვრიცხავ, იმაზე მოგვიწიოს საუბარმა, რომ ბაბუშერის აეროპორტმა დაკარგა ფუნქცია და თუ ახლა საუბარია კვირაში 17 ფრენაზე, შემდეგ, ალბათ, საუბარი იქნება კვირაში 2 ფრენაზე.
- ბაბუშერა დაკავშირებულია დიდ ტრაგედიასთან და, ალბათ, ამ ტრაგედიის გამოც არის მტკივნეული ფრენების განახლება.
- 1993 წლის სექტემბერში, სოხუმის დაცემამდე 2-3 დღით ადრე, აფხაზ და ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებს სოხუმი ალყაში ჰქონდათ მოქცეული. თვითმფრინავი უკვე სოხუმის აეროპორტში ჯდებოდა, როდესაც ესროლეს. თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა და შუაზე გასკდა. 90-ზე მეტი კაცი ცოცხლად დაიწვა, 15-მდე გადარჩა. დღეს აეროპორტის აღდგენა და ფრენების დაწყება საქართველოსთვის აფხაზეთის ანექსიის მორიგი მაგალითია.
ეკატერინე ბასილაია