თბილისური „ტიტანიკის“ ტრაგედია - რას ჰყვებიან ავარიულ კორპუსში მაცხოვრებლები: რატომ არ დატოვეს აქამდე სახიფათო ადგილი?! - კვირის პალიტრა

თბილისური „ტიტანიკის“ ტრაგედია - რას ჰყვებიან ავარიულ კორპუსში მაცხოვრებლები: რატომ არ დატოვეს აქამდე სახიფათო ადგილი?!

11 აპრილს, ავჭალის დასახლებაში, ლიბანის 22 ნომერში, "ტიტანიკის" სახელით ცნობილ კორპუსის შახტაში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. დაშავებული ბავშვი გონებაზე იყო, როცა იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად, მაგრამ დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ნიკოლოზ კოკოშაშვილი გარდაიცვალა.

"ტიტანიკი" ცხრასართულიანი ავარიული კორპუსია. წლების წინ მისი საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა, ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. ამჟამად კორპუსის­ ნაწილი დაცლილია, მაგრამ ერთ სადარბაზოში ისევ ცხოვრობენ.

"კორპუსის წინ 119-ე საჯარო სკოლაა და გაკვეთილების შემდეგ ბავშვები ავარიულ შენობაში ხშირად შედიან სათამაშოდ. 13 წლის ნიკოლოზ კოკოშაშვილიც იმ სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო. როგორც ვიცი, მთელი Dდღე გამგეობის თანამშრომლები ტრიალებდნენ იაშვილის კლინიკაში, აქამდე სად იყვნენ, რატომ არ იყო დაცული უსაფრთხოება? რატომ არ დაიხურა უფუნქციო შახტა? რამდენი ბავშვი უნდა შეეწიროს ვიღაცების დაუდევრობას?" - ამბობს კოკოშაშვილების ოჯახის ახლობელი.

"ნიკოლოზი ჩემი მოსწავლე იყო. უწყინარი, ყურადღებიანი, თბილი ბავშვი იყო. ტრაგედიის დღეს თან ახლდა თანაკლასელი, მისი განუყრელი მეგობარი, რომელიც ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია", - ამბობს ნიკას პედაგოგი.

მოზარდის დაღუპვის შემდეგ თბილისის­ მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ავარიული კორპუსიდან მოსახლეობის გაყვანა წლების წინ დაიწყეს, გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ მოსთხოვა გასვლა შენობიდან, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი ავარიულ კორპუსში დარჩა. როგორც მერიაში ამბობენ, თუკი იქნება კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, დაიწყება გამოსახლება და მათ ბინის ქირით უზრუნველყოფენ. მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე შეირჩევა ალტერნატიული ტერიტორია და ამის შემდეგ დაიწყება კორპუსის მშენებლობა, რომელიც ორ წელიწადში უნდა დასრულდეს.

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი ეხება თბილისში არსებულ ყველა იმ შენობა-ნაგებობას, რომელთა ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება IV ან V კატეგორიას, ანუ ისეთი დაზიანებულია, რომ ცხოვრება სახიფათოა. მობინადრეებს შეიძლება შესთავაზონ გადასვლა ახალ შენობაში, რომელიც შესაძლოა იმავე ტერიტორიაზე აშენდეს, სადაც ავარიული სახლი იდგა, ან მის სიახლოვეს. ახალ შენობაში ბინის პატრონი მიიღებს იმ ფართობის ბინას, რამხელაც ჰქონდა, თუმცა სხვენები, სარდაფები და ავტოფარეხები გათვალისწინებული არ იქნება.

როგორც თბილისის განვითარების ფონდის უფროსი ამბობს, მობინადრეებს­ აქვთ მოთხოვნები, რომელთაც თბილისის მერია კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ დაუკმაყოფილებს. "ამ საკითხზე ინფორ­მირებული იყო თბილისის განვითარების ფონდი. ჩართული ვართ გამგე­ობაც, თბილისის მერიაც, განვითარების ფონდიც. კორპუსში ამჟამად ცხოვრობს 33 მობინადრე, რომლებიც არ დათანხმდნენ გასვლას და სამწუხაროდ, დადგა ფატალური შემთხვევა. თბილისის განვითარების ფონდი­ მათ ჩარგლის ქუჩაზე ალტერნატიულ საცხოვრებელს სთავაზობს. პროექტირება დაწყებულია. ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის დასრულდება საპროექტო სამუშაოები და დავიწყებთ მშენებლობას. როგორც ვიცი, მეხუთე ხარისხის ავარიული კორპუსია, იქ ცხოვრება კატეგორიულად არ შეიძლება", - განაცხადა თამაზ ალიბეგაშვილმა.

იქ ტრაგედია წლების წინაც დატრიალდა­ - ავარიული კორპუსის სადარბაზოების კედლები გადაიხსნა და 24 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. როგორც შევიტყვეთ, 14 ოჯახი, რომლებსაც სახელმწიფომ კომპენსაცია გადაუხადა, კვლავ იქ ცხოვრობს. \ჩვენ ამ ავარიული კორპუსის ერთ-ერთ მობინადრეს გავესაუბრეთ­.

"ქირით არავინ გავა!"

- რატომ ვერ მოხერხდა თქვენი გასახლება? მერია ამბობს, ვთავაზობთ ქირით გაყვანას და ბინით უზრუნველყოფას, მაგრამ არ გადიანო.

- 1980 წელს შევიდა კორპუსი ექსპლუატაციაში და ხუთი წლის შემდეგ ანუ 1985 წლიდან ავარიულად ითვლება. თავიდანვე შეცდომა იყო აქ კორპუსის აშენება.­ აქ მიწა მცოცავია, ბევრი სამუშაოც ჩატარდა, საძირკველი გაამაგრეს, არაერთხელ ბეტონი ჩაასხეს, თუმცა ამან ვერ უშველა. ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში გაასახლეს კორპუსიდან მობინადრეები. ყველას მისცეს კომპენსაცია, ზოგმა ბინა იყიდა, ზოგმა არა. კორპუსში ახლა 33 ოჯახი დავრჩით.

- თქვენ რატომ არ გახვედით, თანხა მისაღები არ იყო?

- მობინადრეები ეტაპობრივად, რიგის მიხედვით გაჰყავდათ.

მე სამოთახიანი ბინა მაქვს, როდესაც ჩემი რიგი მოვიდა, 9.000 დოლარს გვაძლევდნენ, მაგრამ ზუსტად იმ მომენტში ბინის ფასები გაორმაგდა­ და ერთოთახიანი ბინაც არ მომდიოდა.

ამიტომაც მეც და სხვებმაც რეალური ღირებუ­ლება მოვითხოვეთ. მას შემდეგ გაჩერდა ყველაფერი, ალბათ, 15 წელზე მეტი იქნება­. არაერთხელ მივმართეთ სხვადასხვა ინსტანციას, მერიას, გამგეობას, მაჟორიტარ დეპუტატსაც. მეზობლის სტუმარი ბიჭი შეეწირა კიდევ ამ კორპუსს, მას შემდეგაც დაიწყო დაპირებები, გააკეთეს აზომვითი ნახაზები, ოფიციალური დოკუმენტაცია მოაწესრიგეს, მოგვაწერინეს ხელი, რომ კორპუსი უნდა აეშენებინათ ჩვენთვის, რომ ბინა იქნებოდა კეთილმოწყობილი, რაზეც თანახმა ვართ, მიუხედავად იმისა, რომ მაინც ვიზარალებთ. მაგალითად, მეც და დანარჩენებსაც გვაქვს კაპიტალური ავტოფარეხი, ეს ხომ არის ჩვენი ქონება, მაგრამ სამაგიერო ფართობს არ გვაძლევენ. ახალ კორპუსში ავტოსადგომებს ვითხოვდით, მაგრამ უარი გვითხრეს. მიუხედავად ამისა, მაინც თანახმა­ ვართ გადავიდეთ, იმიტომ, რომ უპირველესი, ადამიანის სიცოცხლეა საფრთხის ქვეშ. ერთხელ გლდანში წაგვიყვანეს, გვაჩვენეს მშენებარე კორპუსი, გვითხრეს, ეს ნომერი ბინა შენი იქნებაო, მაგრამ ეს საქმეც რატომღაც არ გამოვიდა. გამგეობაში ხელმძღვანელობა შეიცვალა­ და ხმა გამოვიდა,­ ეგ დაპირება ტყუილი იყოო. მივედით კოტე ზარნაძესთან, მან საკითხი შეისწავლა და დაგვაკავშირა თბილისის განვითარების ფონდს პროგრამაში ჩასასმელად. მერე დაიწყო საუბარი, რომ ქერჩის ქუჩაზე აგვიშენებდნენ კორპუსს, გვაჩვენეს ტერიტორიაც, მაგრამ იმ ადგილას­ დევნილები ცხოვრობენ და დევნილთა სამინისტრომ არ მოგვცა კორპუსის აშენების უფლებაო. სულ ბოლოს ჩარგლის ქუჩაზე იყო საუბარი, სართულები­ ვიცით, პროექტიც დაგვირიგეს. გასული წლის სექტემბერში ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო და წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. ახლა ეს ტრაგედია დატრიალდა და ისევ დაიწყო საუბარი. წლებია ვრეკავთ თბილისის განვითარების ფონდში, გვპასუხობენ, მუშაობა გრძელდებაო, მაგრამ ამ ბავშვის დაღუპვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე პროექტირებაც არ არის ჯერ დასრულებული. გვპირდებიან, აგიშენებთო, მაგრამ ვეღარ ვენდობით ვერავის.

ადრე ქირით გაყვანა რომ შემოგვთავაზეს, მაშინ გვითხრეს,­ იქნება ფონდი და ფონდის თანხა გაიყოფა რამდენი ოჯახიც გავა ქირითო.

დაახლოებით 400 ლარი გამოდიოდა. გეკითხებით, 400 ლარად ნახავთ სადმე დასაქირავებელ ბინას?

ჩვენ გვიწევდა თანხის­ დამატება, თანაც განუსაზღვრელი დროით. რომ გავსულიყავით, არც იმის გარანტია გვქონდა, რომ ვინმე აგვიშენებდა კორპუსს­. მე 33 ოჯახის სახელით ვსაუბრობ - ჩვენ ქირით არ გავალთ, ვითხოვთ­ რეალურ კომპენსაციას და ჩვენ თვითონ შევიძენთ ბინებს. ამ ბავშვის უბედურება საკუთარი თვალით ვნახე და ძალიან მეუხერხულება ახლა ბინებით დაკმაყოფილებაზე საუბარი. ის სადარბაზო, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, წლებია დაცლილია, მივმართეთ არაერთხელ, რომ დაელუქათ, შევხვდით­ გამგეობის წარმომადგენლებს­, უარი არ უთქვამთ, მაგრამ არაფერი გაკეთდა. ახლა ჩვენ გვადანაშაულებენ. ჩვენს სადარბაზოშიც ღიაა ლიფტის შახტა, ყველა სართულზე გვაქვს აფარებული რაღაც. რაში გვჭირდება გამგეობა, მთავრობა, თუ ელემენტარულ პრობლემას არ მოგვიგვარებს?

- როგორც ვიცი, თქვენს კორპუსში ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი, რომლებსაც სახელმწიფომ კომპენსაცია გადაუხადა, მაგრამ ისინი მაინც იქ ცხოვრობენ.

- მათზე ვერაფერს გეტყვით. მე 33 ოჯახზე ვსაუბრობ, რომლებსაც არ მიგვიღია­ კომპენსაცია. ქირით არავინ გავა, ისიც ტყუილია, ქირით გვყავს ხალხი გაყვანილიო. ეს კორპუსი რომ დაშალონ, ჩვენ ღია ცის ქვეშ ვრჩებით. 12 წელია ეს მთავრობაა და ამ წლების განმავლობაში 33 ოჯახისთვის არ მოიძებნა ბინები. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს - კომპენსაცია. დათვალონ, რეალურად რა ღირს ბინები და ჩვენ მოვძებნით ბინას, ოღონდ ეს უნდა იყოს რეალური ფასი, არა ისეთი, რომ 95 კვადრატში ვცხოვრობ და 50 კვადრატი მომივიდეს. ფართობის თანხას რემონტის თანხებიც აუცილებლად უნდა ემატებოდეს.

- როგორც მითხრეს, რამდენიმე ოჯახი მეტ კომპენსაციას ითხოვს და არ გადის.

- მგონი, ორი ოჯახია წინააღმდეგი. 99%-ს გვინდა გასვლა.

- თქვენ შეესწარით ამ ტრაგედიას?

- საღამო იყო, დაახლოებით 9 საათი, ხმამაღალი საუბარი მომესმა, თურმე ჩემი მეზობლები ეძახდნენ ბავშვებს, საშიშია და გარეთ გამოდით, არ ჩავარდეთო, მაგრამ თურმე ბავშვი უკვე ჩავარდნილი ყოფილა. თანავუგრძნობ მის ოჯახს.

"თბილისის მერია მიშენებული ლოჯიებიდან 30%-ს დღესვე უნდა ასახლებდეს"

ირაკლი როსტომაშვილი, არქიტექტორი: - თბილისში კატასტროფული მდგომარეობაა. სანიაღვრე მეურნეობა­ მოშ­ლილია­ და წყალი პირდაპირ საძირკვლებში ჩაედ­ინება­. მტკვართან ამ დღეებში ჯებირი იმიტომ ჩამოინგრა, რომ სანიაღვრეებში წყალი წლების განმავლობაში უსისტემოდ მიედინებოდა, დაამძიმა და ჩამოინგრა.­ განსაკუთრებით ავარიულია ძველი თბილისი, ისტორიული ზონა. ნაძალადევში, ლოტკინზე, ოქროსუბანსა და მსგავს ადგილებში სახლების 80% თვითნებურად შენდება.­ ძალზე საშიშია მიშენებები. ერთხანს მთავარი არქიტექტორი ვიყავი და ამაზე გაუთა­ვებლად ვლაპარაკობდი, ყველას შევაძულე თავი, მოსახლეობასაც და ხელისუფლებასაც. მოსახლეობას არ უნდა ამის გაგონება,­ ხელისუფლებას კი ხმები სჭირდება და არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა არ სურს. თბილისის მერია, ვისაც მიშენებული აქვს ლოჯიები, იქიდან 30%-ს დღესვე უნდა ასახლებდეს. 13 წლის ბავშვი რომ დაიღუპა ავჭალაში, არ ჯობდა იმ ავარი­ული კორპუსიდან ხალხი გამოეყვანათ? თბილისში ლიფტების 90 პროცენტით სარგებლობა არ შეიძლება. სარესტორნო ხარჯებში 26 მილიონის დახარჯვას, აჯობებს ამას მიხედონ. იმდენად ტრაგიკული მდგომარეობაა დედაქალაქში, რომ უნდა გადადგან არაპოპულარული ნაბიჯებიც, ავარიულ სახლში­ ადამიანის ცხოვრება არ შეიძლება. აბა, რა ქნან, სად წავიდნენ, ზოგს ბავშვი ჰყავს, ზოგს მოხუცი...

13 წლის ბავშვის დაღუპვას ჯობდა მობინადრეები გაესახლებინათ და ავარიული კორპუსი დაენგრიათ. ვიღაცას თუნდაც ამის გამო თანამდებობა ან რომელიღაც პარტიას ხმები დაეკარგა პარლამენტში.

მოკლედ, საშინელი სიტუაციაა და ამ პრობლემას მიხედვა სჭირდება. საშიში სახლებიდან ხალხი უნდა გაიყვანონ.