„რისკი, რომ ქვეყანაში გვქონდეს წითელას აფეთქება, ძალიან სერიოზულია“ - კვირის პალიტრა

„რისკი, რომ ქვეყანაში გვქონდეს წითელას აფეთქება, ძალიან სერიოზულია“

2023 წელთან შედარებით წითელას შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოში. ამ საკითხზე ესაუბრა "კვირის პალიტრა" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, თსსუ პროფესორ ივანე ჩხაიძეს.

წითელას სტატისტიკა მსოფლიოში მკვეთრად მატების დინამიკის მიმანიშნებელია. ციფრები სერიოზულადაა გაზრდილი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში 2024 წლის განმავლობაში 127 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. 25 წელზე მეტია ასეთი რაოდენობის წითელა ჯანმოს ევროპულ რეგიონში არ დაფიქსირებულა. ევროპაში 32 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, ყველაზე მეტი, 27 ათასი, რუმინეთშია. ძალიან მომატებულია ლეტალობის მაჩვენებელიც. ევროპაში 18 ბავშვი დაიღუპა წითელას გამო. აშშ-შიც, სადაც წლების განმავლობაში წითელას ერთი ფაქტიც არ ყოფილა, ბოლო 4 თვეში 712 ფაქტი გამოვლინდა, აქედან გარდაცვალების 2 შემთხვევაა დადასტურებული. ერთი რამ ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია - მიუთითებს ერთ მიზეზზე, როდესაც არსებული სიტუაციის ანალიზი ხდება, ეს არის ვაქცინებით მოცვის უფრო დაბალი მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით.

- ვაქცინაციასთან დაკავშირებით თუ არსებობს სტატისტიკა?

- პრეპანდემიურ პერიოდში თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ეს რიცხვი და ახლა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ. ამ ეტაპზე ევროპაში 500 ათასი ბავშვია ვაქცინის გარეშე, საქართველოში კი 11 ათასი, რომელსაც წითელას საწინააღმდეგო პირველი და მეორე დოზის ვაქცინაცია არ ჩატარებიათ. ითვლება, რომ წითელა უსაფრთხოა, როდესაც მისი¿ვაქცინებით მოცვის მაჩვენებელი 95%-ზე მეტია. საქართველოში ახლა პირველი დოზით მოცვის მაჩვენებელი 100% გვქონდა და ჩამოვიდა 91%-მდე, მეორე დოზით მოცვის მაჩვენებელი 97% იყო, ახლა კი ჩამოსულია 86%-მდე. ამ შემცირების უკან არ დგას მხოლოდ აუცრელი ბავშვი, არამედ დგას პირველ რიგში მძიმე შემთხვევების, გართულებით მიმდინარე შემთხვევებისა და გარდაცვალების მატების რისკი, რაც, სამწუხაროდ, დაფიქსირდა საქართველოში - 2024 წელს წითელათი ერთი ბავშვი დაიღუპა, რაც ასევე წლების განმავლობაში არ ყოფილა. ამიტომ, საჭიროა მეტი ძალისხმევა მოსახლეობის მეტად ინფორმირებისთვის, მეტად განათლებისთვის, რათა ის ოჯახები, სადაც გამოტოვებულია წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა, დროულად იყვნენ ინფორმირებული და მიმართონ ვაქცინაციის კაბინეტებს. რისკი იმისი, რომ ამ შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს და ქვეყანაში გვქონდეს წითელას აფეთქება, ძალიან სერიოზულია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ წითელას საწინააღმდეგო მედიკამენტი არ არსებობს. თუ ბავშვს წითელა დაემართა, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს - სიმპტომური მართვა: ანუ თუ სიცხე აქვს, მივცემთ სიცხის საწინააღმდეგო საშუალებას, ხველა აქვს - ხველის საწინააღმდეგოს და ა.შ. ერთადერთი შესაძლებლობა წითელასაგან თავის დასაცავად ვაქცინაციაა და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება მართლაც ძალიან დიდი რისკის მატარებელია და აუცილებელია ყველა ოჯახმა გაითვალისწინოს, რომ საქართველოში წითელას ვაქცინებით მოცვის დაბალი მაჩვენებელია, რაც ავტომატურად ზრდის წითელას აფეთქების რისკს და მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, არ უნდა შევხედოთ წითელას, როგორც არა უშავს, უბრალოდ გამონაყარით მიმდინარე დაავადებას. არ არის ასე!

წითელა გამონაყარით მიმდინარე დაავადებაა, მაგრამ ახასიათებს ძალიან მძიმე გართულებები. მაგალითად, ფილტვების ანთება, მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება, ენცეფალიტი - თავის ტვინის ანთება და ა.შ. რისკი დიდია, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში.

- მსმენია, რომ სმენის და მხედველობის პრობლემებსაც უტოვებს.

- ასეა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გართულება, რაც წითელას ახლავს, არის წითელათი გამოწვეული პანენცეფალიტი. ეს არის გართულება, რომელიც შეიძლება განვითარდეს წითელას გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ. მისი სრული სახელია: ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი. ეს არის იშვიათი გართულება წითელას შემდეგ, რომელიც ტვინთანაა დაკავშირებული. ფატალურია, მისი განკურნება არ არსებობს. ესაა ტვინის ინფექცია, ვითარდება, როდესაც წითელას ვირუსი შეიჭრება თავის ტვინში, წითელას მწვავე პერიოდში. ეს პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი კლინიკური გამოვლინების გარეშე, შემდეგ უკვე წითელას ვირუსი აქტივირდება და გვაძლევს პანენცეფალიტს. სიხშირე ნამდვილად იშვიათია, ჩვენს კლინიკაში რამდენიმე შემთხვევა გვქონდა. ეს დაავადება ძალიან მძიმეა და პრაქტიკულად მისი მკურნალობა შეუძლებელია - მეტყველება უარესდება, კუნთების ფუნქცია იკარგება, ყლაპვა რთულდება, საბოლოო სტადიაში უკვე იძულებული ვართ ბავშვი გადავიყვანოთ მართვით სუნთქვაზე და შედეგი თითქმის 100%-ში ფატალურია.

- წითელა მარტო ბავშვებს ემართებათ?

- აუცრელ მოზრდილებშიც შეიძლება განვითარდეს.

წითელა ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გადამდები დაავადებაა.

თუ ბავშვი წითელათი დაინფიცირებულია, მის გარშემო, სხვადასხვა მონაცემით, 16-დან 18 ჯანმრთელს აინფიცირებს. თუ კლასში ან საბავშვო ბაღში ერთი ბავშვი არის წითელათი ავად, მის გარშემო 16-18 ბავშვი შეიძლება დაინფიცირდეს. თითქმის 100%-მდე გადადმდებლობა აქვს.

- მიმდინარეობა როგორი აქვს?

- იწყება ტემპერატურის მატებით 38 გრადუსი და უფრო მეტი, თან ახლავს ხველა, რინიტი, თვალების სიწითლე. ცხელების დაწყებიდან 3 დღის შემდეგ უკვე იწყება გამონაყარი. ჯერ გამონაყარი სახეზეა და მერე ვრცელდება ზემოდან ქვემოთ, სახიდან კისერზე, გულმკერდზე, ხელებზე, ფეხებზე. გამონაყარის სტადია რამდენიმე დღე გრძელდება, შემდეგ ტემპერატურა დაბლა იწევს. დაავადების ხანგრძლივობა 10-14 დღემდეა.

- წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა გეგმურ აცრებში ხომ შედის?

- რა თქმა უნდა. წწყ-ს უწოდებენ, ანუ წითელა, წითურა და ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაა.

- ვისაც გადატანილი აქვს, შეიძლება ხელმეორედ დაემართოს?

- არა, რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში მყარ იმუნიტეტს ტოვებს.

- წითელას პანდემიაზე ლაპარაკი რეალურია თუ ისტერიკა?

- შესაძლოა აფეთქებები იყოს, მაგრამ წითელას პანდემია არა.

სტატისტიკა:

საქართველოში 2022 წელს წითელათი ინფიცირების 12 შემთხვევა დაფიქსირდა, 2023 წელს - 26, ხოლო 2024 წელს 337. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2025 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში 142 შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს რეგიონებში ყველაზე მაღალი მატება სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და თბილისში ფიქსირდება. გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა 2022 წელს იყო და ისიც სამცხე-ჯავახეთში. ამ შემთხვევაში ბავშვი აცრილი არ ყოფილა.