"დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ქართველთა მეოხი წმინდა დედის შემწეობა უფლის წინაშე"
გილოცავთ! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! სრულად მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას დღესასწაულობს, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ზეიმობს - დღესასწაულს, რომელიც ქრისტიანთათვის ზეიმთა ზეიმია!
მკითხველისთვის საჩუქრად გადასაცემი მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლები საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში საგულდაგულოდ ჩამოიქნა
"კვირის პალიტრის" მკითხველი უკვე მრავალი წელია, ბრწყინვალე ორშაბათს გაზეთის ახალ ნომერთან ერთად სააღდგომო საჩუქარს იღებს ხატსა და მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლების სახით. ტრადიცია წელსაც გრძელდება. ამჯერად საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებლისა და გამავრცელებლის, წმინდა ნინოს ხატი შეარჩიეს. ფერწერული ხატი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება და მის შესახებ ცნობილია, რომ შიომღვიმის მონასტერს ეკუთვნოდა, ამჟამად კი ხელოვნების მუზეუმშია დაბრძანებული. ხატი ხეზეა შესრულებული ტემპერათი.
საქართველოში ქრისტიანობის პირველმქადაგებლები მოციქულები იყვნენ და მათვე დააარსეს სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესია, წმინდა ნინოს ღვაწლით კი ჩვენს ქვეყანაში განმტკიცდა ქრისტიანობა და ქალწული მარიამის წილხვდომილ ივერიას მოციქულთა სწორი ქალწული ნინოს ქადაგებით მოეფინა ჭეშმარიტი ნათელი.
დღეს, როცა ასე დავშორდით ღმერთს ჩვენი მცირედმორწმუნეობით, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ქართველთა მეოხი წმინდა დედის შემწეობა უფლის წინაშე.
დაე, წმინდა ნინოს ამ ხატმა შემოიტანოს ჩვენს ოჯახებში ნათელი ქრისტესი, ჭეშმარიტი რწმენა, უფლისა სასოება, სიმშვიდე ჩვენი სულებისა, სიყვარული და ბედნიერება!
რაც შეეხება სანთლებს, მკითხველისთვის საჩუქრად გადასაცემი მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლები საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში საგულდაგულოდ ჩამოიქნა.
როგორც განვლილ წლებში, ახლაც გაზეთის გამოსვლამდე ხატებიცა და სანთლებიც სტამბა "კოლორში", კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ აკურთხა.
დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი:
- ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, სრულიად სამართლმადიდებლოს, მთელ საქრისტიანოს, ვულოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთმა მშვიდობით, ჯანმრთელად, გამარჯვებით, სულიერი და ხორციელი სიხარულით დაასწროს ყველა ადამიანი ამ დიდებულ დღეს მრავალგზის. მადლობელი ვართ კიდევ ერთხელ "კვირის პალიტრის", რომელიც უკვე მრავალი წელია ახორციელებს ამ ნამდვილად მისასალმებელ პროექტს. ესაა აღდგომის მილოცვა ჩვენი მოსახლეობისა და თავისი მკითხველისათვის. რა თქმა უნდა, მორწმუნე მრევლისთვის ეს უკვე ერთგვარ ტრადიციად არის ჩამოყალიბებული, რომ ყოველ აღდგომას მრევლის წევრები იღებენ აღდგომის ცეცხლით, იერუსალიმის ცეცხლით თავმომწვარ სანთლებს და ყოველწლიურად იღებენ ერთ რომელიმე ხატს. წელს 2025 წლის სააღდგომოდ შეირჩა წმინდა ნინოს ხატი, რომელიც საქართველოს ხელოვნების ეროვნულ მუზეუმშია დაცული. ის XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება, ასე ივარაუდება, და თავის დროზე შიომღვიმის მონასტერში ინახებოდა.
წმინდა ნინოს ძველი გამოსახულება სულ რამდენიმე გვაქვს შემონახული, მათ შორის ერთ-ერთი გერგეტის სამებაშია და აი, ერთ-ერთი უძველესი გამოსახულება იქნა წელს შერჩეული, რომლითაც მივულოცავთ ჩვენს მოსახლეობას. ქართველთა დედამ, წმინდა ნინომ, დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, დედაეკლესია და ყველა მორწმუნე!
ქრისტეს აღდგომის დღესასწაული არის დღესასწაულთა დღესასწაული. საეკლესიო წელიწადის მთელი წლის საკითხავები სწორედ აღდგომის დღესასწაულის მიხედვით არის გადანაწილებული და მოწესრიგებული.
"აღდგომა"არ არის ცარიელი სიტყვა. აღდგომა არის გამარჯვება სიცოცხლისა სიკვდილზე, დამარცხება ამქვეყნიური ამაოებისა, უნაყოფობისა, უაზრობისა, როდესაც ქრისტე ღმერთი საკუთარი აღდგომით ყოველ ჩვენგანს გვახარებს და გვეუბნება, რომ ადამიანური ბუნება, მთლიანად ადამიანის პიროვნება, არის უკვე გადარჩენასთან, ზეცასთან წილნაყარი, როდესაც იგი თვითონ გვეჩვენება აღდგომილი და გვიჩვენებს იმ პირობის აღსრულებას, რომელიც მან ქადაგებისას ყოველ ჩვენგანს გვითხრა, როდესაც მოციქულებს ეს სიტყვები გადასცა: "სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. მე წავალ და განგიმზადებთ თქვენ" - ანუ თავად უფალია ჩვენი მასპინძელი იმ ლხინში, რომლისკენაც ყველა ვართ მოწოდებული, ყველა ვართ დაპატიჟებული და ცათა სასუფეველი სწორედ ლხინს, საქორწილო სუფრას, ზეიმს არის ხოლმე ყველაზე ხშირად შედარებული და ღმერთმა ინებოს, რომ სასუფევლის სიხარული, სიმშვიდე, რწმენა გამარჯვებისა და ჩვენ-ჩვენი პირადი ჯვრის ტვირთვა, ჩვენ-ჩვენი პირადი გოლგოთის ვაჟკაცურად გავლა ღირსეულად შევძლოთ. ნებისმიერ გაჭირვებას, ნებისმიერ განსაცდელს, ტანჯვას, მიტოვებას, გოლგოთას, თუ ეს ღვთის გზაზე ხდება, აუცილებლად მოჰყვება აღდგომა და ვერანაირი ამქვეყნიური პრობლემა ვერ დასძლევს უფლის შემწეობას, რომელიც არასოდეს აკლდება არც ერთ ადამიანს".
P.S. გაზეთთან, ხატსა და სანთლებთან ერთად, მკითხველი კიდევ ერთ საჩუქარს მიიღებს სააღდგომოდ. ეს გახლავთ წიგნების სერიის "საქართველოს იმედის" ერთი ტომი.
წმინდა ნინო დღესაც დაუცხრომლად იღვწის ქართველი ერის გადასარჩენად
ვაზი ღვთისმშობლის სიმბოლოა. მოციქულთა სწორი წმინდა ნინო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში - საქართველოში ვაზის ჯვრით შემოვიდა და ამ ჯვრით განამტკიცა ჩვენში ქრისტიანობა, რომელიც პირველ საუკუნეებში თვით იესო ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს.
***ერთხელ, როდესაც წმიდა ნინო ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, საღმრთო ძალით ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. მას ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: "აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი სიმხნით და უშიშად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე". შეძრწუნებულმა წმიდანმა მიუგო: ""დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკაცი?""
მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: "ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებასა და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებ".
ჩვენების შემდგომ წმინდა ნინომ იხილა, რომ ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა და შეძრწუნებულმა ადიდა უფალი და ღვთისმშობელი.
ამ ჯვრით განკურნა ნინომ უკურნებელი სენით დაავადებული ნანა დედოფალი, მირიან მეფის ნათესავი მოგვთუხუცესი ხუარა და, რაც მთავარია, მისი ძალით მოაქცია ქართლის სამეფო.
სიკვდილის წინ წმინდა ვაზის ჯვარი მირიან მეფეს გადასცა, მან კი აღსასრულის მოახლოებისას იხმო თავისი მემკვიდრე ბაქარი, მოატანინა ვაზის ჯვარი, ჩამოკიდა ჯვარზე თავისი გვირგვინი, შემდეგ კვლავ აიღო ჯვრიდან და შვილს დაადგა თავზე - დალოცა და მეფედ აკურთხა.
ეს უდიდესი სიწმინდე ერთხანს მცხეთაში ინახებოდა, შემდეგ საქართველოდან გაიტანეს. საბოლოოდ, წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი 1802 წლის 9 აპრილს ისევ შემოაბრძანეს საქართველოში და დაასვენეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც კანკელის მარცხენა კუთხის კედელშია ჩასვენებული.
***წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება სამი დიდი ჯვრის აღმართვა. მცხეთის მახლობლად კლდეზე ყვაოდა მშვენიერი ხე, რომელიც ზამთარშიც კი შეფოთლილი იდგა. მირიან მეფის ბრძანებით, სწორედ ამ ხისგან გამოკვეთეს სამი ჯვარი. ერთი თხოთის მთაზე აღმართეს, იქ, სადაც ნადირობისას მირიან მეფეს გამოცხადება ჰქონდა, რომლის ძალითაც მან ჭეშმარიტი ღმერთი აღიარა. მეორე ჯვარი აღამაღლეს მცხეთის მოპირდაპირე მთაზე, სადაც ამჟამად ჯვრის ტაძარი დგას. ამ მონასტერში დღესაც ინახება წმინდა ნინოსეული ჯვრის კვარცხლბეკი. მცხეთის მთაზე ჯვარპატიოსნის აბრძანებისას პროცესია წმინდა ნინოს ცრემლით აღმოცენებულ წყაროსთან შეჩერებულა და ღამე ლოცვაში გაუთევია. ეს წყარო, რომელსაც მაკურნებელი ძალა აქვს, დღესაც მოედინება. სასწაულმოქმედი ხისგან გამოკვეთილი მესამე ჯვარი გარე კახეთში, უჯარმაში, აღმართეს, სადაც მირიან მეფის ვაჟი რევი და მისი მეუღლე სალომე უჯარმელი ცხოვრობდნენ.
ოთარაშენის ეკლესიაში უძველესი დროიდან დაცული იყო წმინდა ნინოს თმა და კვიპაროსის ტოტის ნაწილი, რომელიც, მირიან მეფის ბრძანებით, მცხეთაში მოჭრეს წმინდა ჯვრების დასამზადებლად. ეს სიწმინდეები ამჟამად საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.
ყველაზე დიდი სიწმინდე - წმინდა ნინოს განსასვენებელი სიღნაღში, ქვემო ბოდბის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერშია. ტაძრის საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე წმინდა ნინოს საფლავს თავდაპირველად ოქრომკედით მოქარგული ვაზის გამოსახულებიანი ფარჩის საფარველი ეფარა. ეს სიწმინდე დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
წმინდა ნინო დღესაც დაუცხრომლად იღვწის ქართველი ერის გადასარჩენად. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერთ-ერთ ეპისტოლეში იხსენებს: აფხაზეთში ბოლო დრომდე იყო ტრადიცია, - ბერები მთაში მიდიოდნენ სამოღვაწეოდ. უწმინდესის აფხაზეთის მიტროპოლიტობისასაც მრავლად იყვნენ ბერ-მონაზვნები, რომლებიც მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდნენ მთიდან. ერთი ასეთი მონაზვნისთვის, დედა ანტონიასთვის, უკითხავს ილია II-ს, როგორ ცხოვრობთ მთაში, ხომ არაფერი გიჭირთო. დედოფალივით ვარ უდაბნოში, ყველაფერი მაქვსო, - მიუღია პასუხად. მართლაც, იგი სავსე იყო მადლითა და ღვთის ძალით, იმდენად დიდი იყო ეს მადლი მასში, რომ არაფერი უნდოდა ამაზე მეტი, - აღნიშნავს პატრიარქი და განაგრძობს, - იქ მოღვაწე ორი მონაზონი ერთხელ სოხუმში ჩამოვიდა. ერთ-ერთმა მითხრა: "ხილვა მქონდა, ძილბურანში ვიხილე წმინდა ნინო, რომელიც დღესაც უვლის მთელ საქართველოს და დღესაც ქადაგებს, აგრძელებს თავის მოციქულებრივ მოღვაწეობასო".
***ქალწული მარიამის წილხვდომილ ივერიაში მოციქულთა სწორი ქალწული ნინოს ქადაგებით განმტკიცდა რჯული ქრისტესი.
დღეს, როცა ასე დავშორდით ღმერთს ჩვენი მცირედმორწმუნეობით, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ქართველთა მეოხი წმინდა დედის შემწეობა უფლის წინაშე.