"მე შევსწრებივარ, როგორ ლოცულობს პატრიარქი სამშობლოზე და როგორ ტირის... ამ დროს ხვდები, რამ გადაარჩინა ეს ქვეყანა"
ერთხელ საპატრიარქოს რეზიდენციასთან უცნობი ქალბატონი მივიდა და დაცვას სთხოვა, უწმინდესთან შეეხვედრებინათ. დაცვამ გამოჰკითხა, რატომ სურდა შეხვედრა პატრიარქთან. ღვთისმშობელი გამომეცხადა, რაღაც დამაბარა სათქმელი, რომელიც პირადად უნდა გადავცეო! როგორც კი ეს ამბავი უწმინდესმა მოისმინა, მაშინვე მოისურვა შეხვედრა. მან ჩვეული, მამაშვილური სითბოთი მიიღო ქალბატონი და საუბარში ჰკითხა, -„აბა, რისი თქმა გინდოდა ჩემთვისო?“ღვთისმშობელი ვნახე, უწმინდესო, სიზმარში.მითხრა, თქვენს ქვეყანას მე ვიცავ, თქვენს პატრიარქსაც მე ვმფარველობ და ეს გადაეცი ჩემგანო... დამშვიდობებისას უწმინდესმა ღიმილით უთხრა, მოუყევი ჩემს დაცვის ბიჭებს, რაც სიზმრად ნახე, ამათ რომ ჰგონიათ თვითონ მიცავენ, სინამდვილეში ვინ მიცავსო...
ალბათ, სიტყვებით ვერ გადმოვცემთ ჩვენი პატრიარქის ღვაწლს, სიყვარულსა თუ ამაგს. მასზე უამრავი რამ დაიწერა და დაიწერება მომავალშიც. ჩვენი გაზეთის სახელით, მის უწმინდესობას ვულოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გვინდა, ამ პატარა სტატიით, კიდევ ერთხელ მოვეფეროთ ჩვენს სულიერ მამას. მასზე სასაუბროდ კი საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელს, ზვიად სეხნიაშვილს ვესტუმრეთ.
- ქრისტე აღდგა!
- ჭეშმარიტად აღდგა! ყველას ვულოცავ ამ საოცარ დღეს და ვისურვებდი, ჩვენი პატრიარქის ლოცვით, მალე გაერთიანებულ საქართველოში გვეზეიმოს აღდგომა!
- გაიხსენეთ თქვენი პირველი შეხვედრა უწმინდესთან?
- სტუდია "გუთანის" მთავარი რედაქტორი ვიყავი, როცა მას პირველად, სტუდიის დამფუძნებელთან, ლექსო გელაშვილთან ერთად შევხვდი. ეს იყო 2006 წელს. შეხვედრა საპატრიარქოს დიდ დარბაზში შედგა. მაშინ მხნედ იყო ძალიან. რომ შევედით, დავინახე, ხატების წინ პატარა საკურთხი იყო და იქვე იდგა უწმინდესიც. ღვინო მოგვართვა, მიირთვითო. ლექსო შეხვედრას იღებდა, მე კი იმხელა ენერგიას ვგრძნობდი, გაშეშებული ვიდექი მის წინაშე. იმხელა სითბოს ასხივებდა, ვერ გადმოგცემთ. მომერიდა, ოდნავ მოვსვი ღვინო და დავდგი. ამ დროს უწმინდესი ხატებისკენ იყო შეტრიალებული, რომ მობრუნდა, ჭიქას დახედა და მითხრა, დალიე, შვილო, ვინღა დაგალევინებს ამისთანა ღვინოსო... და უცებ მომიხსნა დაძაბულობა. ცოტა ხანში დავსხედით და გვერდით დამისვა. ვერ მოვითმინე, ხელზე ხელი დავადე და რაღაცნაირად, გულიანად, ქიზიყურად მივმართე, - ისე უყვარხართ მთელ ერს და მათ შორის მეც, მიგულეთ ერთ-ერთ რიგითად, უთქვენობა არ შეიძლება, აი, ბოლომდე უნდა იყოთ, სანამ საქართველო იარსებებს-მეთქი. მახსოვს, ლოყაზე მომითათუნა ხელი, შემდეგ გულზე დაიდო და თქვა: სანამ გამიძლებს, ვიქნებიო. აცრემლებული წამოვედი იქიდან. მისი სითბო იმდენად დიდია, შეუძლებელია არ იგრძნო, მაგრამ თვითონ გიქმნის ისეთ გარემოს, უხერხულად რომ არ იგრძნო თავი.
- როგორ მოხვდით უწმინდესთან როგორც ჩოხოსანი?
- მოგეხსენებათ, პატრიარქს არაერთი ეროვნული პროექტი და საქმე აქვს გაკეთებული. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც - ისევე როგორც გვარების დალოცვა, საყოველთაო ნათლობა და სხვა, მან მოიფიქრა "ჩოხოსანთა საზოგადოების" დაარსებაც. ეს იქნებოდა ჩოხოსანთა გაერთიანება, რომელიც ბევრ ეროვნულ საქმეს გააკეთებდა. იმ დროს ჩოხოსანთა რამდენიმე ჯგუფი იყო და ყველას თავისი მეთაური ჰყავდა. ერთ დღეს უწმინდესმა ყველა ჩოხოსანი შეკრიბა და მიმართა:„ყველას ჩოხები გაცვიათ, რატომ არ გაქვთ ერთსულოვნება? მოდი, გავაერთიანოთ ეს ძალა, რა გინდათ ცალ-ცალკე? მე ვხედავ, თქვენ ამას ვერ იზამთ, ამიტომ დავაფუძნებ "ჩოხოსანთა საზოგადოებას", თავმჯდომარე მე ვიქნები, მეყოლება ერთი მოადგილე და მეტი არავინ, დანარჩენები კი იქ გაერთიანდებითო... დამრჩენი დარჩა, წამსვლელი წავიდა, მათ შორის წავიდნენ საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი ხელოვანები... პირველ მოადგილედ აირჩიეს პოეტი ერეკლე საღლიანი და ყველაზე რთული პერიოდი სწორედ მან გაიარა... შემდეგ, 2015 წელს, უკვე მე ამირჩიეს, ისიც უწმინდესის სურვილით. იმ შეკრებაზე უბრალოდ სიტყვით გამოვედი. მაშინ რუსთავის ჩოხოსნებში ვითვლებოდი, თან იმ პერიოდში საკრებულოს დეპუტატი ვიყავი. შეკრების დასრულებისას დაასახელეს რამდენიმე კანდიდატურა. უწმინდესმა ითხოვა სიტყვა,„წეღან რუსთავიდან ჩოხოსანი რომ გამოვიდა სიტყვით, სად არისო? მე ბოლოში ვიჯექი, გამოვედი და ამ დროს პატრიარქმა ხმამაღლა თქვა: ხომ შეიძლება ჩემი კანდიდატურა მეც დავასახელო? მე ზვიადს ვირჩევ!“მახსოვს, სკამი გამომიწია, დღეიდან შენი ადგილი ჩემ გვერდით, მარჯვნივ არისო. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა...
წირვაზე, გარდა დიდი დღესასწაულებისა, არცერთი ჩოხოსანი არ იდგა ხოლმე. ავედი სამებაში და უწმინდესს გვერდით ჩოხაში ჩაცმული დავუდექი. სულ მარტო ვიდექი ჩოხით და ამან იმდენად იმოქმედა ჩემზე, გამოვედი გარეთ და ბავშვივით ავტირდი. ასე გაგრძელდა რაღაც პერიოდი. მივდიოდი ყოველ წირვაზე და ვიდექი მის გვერდით. მერე გავიგე, თურმე ვიღაცები ხაფანგს მიგებდნენ, დანარჩენებს ეუბნებოდნენ, სეხნიაშვილის დაძახილზე არ მიხვიდეთო...
დღეს სავსეა ტაძარი ჩოხოსნებით. მერე დავიწყეთ პატარა ჩოხოსნების ტაძარში მიყვანა. ეს ამბავი უწმინდესს ისე გაუხარდა, დამიძახებდა და მთხოვდა, ეს პატარა ჩოხოსნები მის წინ დამესვა. პატარებს მუდამ ტკბილეულს ურიგებდა...
- რა იყო ჩოხოსნების პირველი პროექტი?
- არბოშიკი არის ჩემი სოფელი. ერთხელ ჩავედი და აღმოვაჩინე, რომ ჩემს მეგობრებს შორის იყო შვიდი წყვილი, რომლებსაც ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი. მომივიდა აზრი, შვიდივე ერთად შემეკრიბა და ჯვარი დაგვეწერა მათთვის. თბილისში რომ ჩამოვედი, ამის შესახებ უწმინდესს ვუთხარი. ძალიან გაუხარდა, ეს რა კარგი რამ მოგსვლია თავში, მოდი, ეს იდეა მთელ საქართველოში გავიტანოთო...
ერთხელ ერთბაშად 150 წყვილი მივიყვანეთ სვეტიცხოველში. მამები მეუბნებოდნენ, ამდენი გვირგვინი არა გვაქვს, რა ვქნათო? ყვავილებისგან დავწანით გვირგვინები და მივუტანეთ მეფე-დედოფლებს. კელაპტრები პატრიარქმა გამოგზავნა... ეს იყო პირველი დიდი პროექტი და დღემდე ამ პროექტის ფარგლებში 5000-ზე მეტმა ასაკოვანმა წყვილმა დაიწერა ჯვარი.
ერთხელაც პატრიარქმა გვაკურთხა, შეძლებისდაგვარად ყურადღება მიაქციეთ და უპატრონეთ მიუსაფარ ადამიანებს, რომლებსაც შინ ჭიქა წყლის მიმწოდებელიც არ ჰყავთო, თან საოცარი სიტყვები დააყოლა:„სხვა თუ არაფერი, მათი ლოცვა გაცხოვნებთ თქვენცო! ამ იდეამაც გაამართლა... გახარებული მივედი უწმინდესთან და ვუყვები, ამას დავეხმარეთ, იმას დავეხმარეთ... არ ვჩერდები. უცებ გამომხედა და მეუბნება,„ეგ საკითხავია თქვენ დაეხმარეთ თუ ისინი დაგეხმარნენო...
ჩვენ ასევე დავიწყეთ პროექტი - სამშობლოსმცოდნეობის გაკვეთილები. ეს სახელიც უწმინდესმა შეარქვა. გაკვეთილებს, რომელთა არსიც არის პატრიარქის მოფიქრებული ქართული იდეა: "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი", სოციალური ქსელის მეშვეობითაც ვატარებდით და უამრავი ბავშვი ესწრებოდა მშობლებთან ერთად. ეს ვერ აიტანეს და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ "გამოაცხო" დიდი წერილი განათლების სამინისტროსთვის, რომელიც დღემდე მაქვს შენახული. ევროსაბჭოშიც აფრინეს განაცხადი: ეს რა ხდება, მართლმადიდებლობას და სამშობლოს სიყვარულს ასწავლიან ბავშვებსო... დიდი ზეწოლა იყო ჩვენზე, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერი მოგვიხერხეს, ეს გაკვეთილები სამრევლო და საჯარო სკოლებში მაინც ტარდება და დღეს ამ ბავშვების უმრავლესობა აღმსარებელი და მაზიარებელია.
მახსოვს, ჩემი არჩევიდან 6 თვის თავზე, ჩამოვწერე დიდი არზა და წავედი უწმინდესთან. ეზოში ვსხედვართ და ვუყვები, ესა და ეს გავაკეთეთ-მეთქი... ეგ არ მინდა, ისედაც ვიცი, მოდი, შენზე მომიყევიო და ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა - წინაპრებით დაწყებული, ჩემი პირადით დამთავრებული. თუმცა, საუბრისას დავრწმუნდი, რომ მან ჩემზე ყველაფერი იცოდა. უბრალოდ, მივხვდი, ჩემგან მოყოლილი აინტერესებდა. მეც ქიზიყური სიალალით მოვუყევი ყველაფერი... ყველაზე მეტად რასაც აფასებს, გულწრფელობაა. მაშინ ვთხოვე, თუ ჩემი მამა იქნებით, მზად ვარ მეც კარგი შვილობა გავწიო-მეთქი. ამომხედა და მითხრა: უკვე ჩემი შვილი ხარო! შემდეგ წამიყვანა ტრაპეზზე თავისთან. რამდენჯერმე მითხრა, მიირთვიო. ძალიან გულუხვი და სტუმართმოყვარეა უწმინდესი. ჭამა ძალიან მერიდებოდა, მიხვდა ამას უწმინდესი და დედაოს დაუძახა. აბა, ჩემი თეფშიდან გაუყავი, რაც არისო. იმ საჭმლის გემო ახლაც მახსოვს...
- პანდემიის პერიოდი როგორი იყო საპატრიარქოში?
- გახსოვთ, ალბათ, ატყდა კამპანია, აიცერით! აიცერითო! ამ დროს უწმინდესი პირბადესაც კი არ იკეთებდა. რომ არ ვიცრებოდით, მედიცინის მუშაკები სულ გვსაყვედურობდნენ. ერთხელაც უწმინდესმა გვითხრა, ავიცრათ, ავიცრათო! გაოგნებულებმა გავხედეთ და შემდეგ ღიმილით დააყოლა, - ავიცრათ, ოღონდ ზიარებითო!
მახსოვს, სანამ ეს პანდემია დაიწყებოდა, დაახლოებით ორი კვირით ადრე უწმინდესმა მოგვიყვა: უცნაური სიზმარი ვნახე, ევროპას ბოქლომი ედო, დაცარიელებულ ქუჩებში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მე დავდიოდი ქუჩებში და ვერ გამეგო, რა ხდებოდაო. ეს იყო დეკემბრის ბოლოს და იანვარში გამოცხადდა პანდემია.
ჩვენ ამ პერიოდში დროდადრო გავდიოდით მცხეთაში. უახლოეს გარემოცვას ყვავილების მიწისგან მოგვაზელინა მიწა და ამით ჯვარს ვისახავდით შუბლზე. არცერთ ჩვენთაგანს არ მოგვკარებია კოვიდი.
საოცარი ისტორია გამახსენდა. ჩვენ გვყავს პატარა ჩოხოსანი ნატალია ბლიაძე. სწორედ ამ პანდემიისას, მოხდა ისე, რომ ბავშვს დაუსვეს უსაშინლესი დიაგნოზი - სარკომა. მუხლიდან კოჭამდე ეს უბედურება მთლიანად შემოხვეული ჰქონდა ძვალზე. იმედი აღარ გვქონდა არაფრის, ერთადერთი შანსი ისრაელში წაყვანა იყო, რადგან იქაურმა კლინიკამ გამოთქვა მკურნალობის მზადყოფნა. რა ვქნათ, ჩაკეტილია საზღვრები. ავიარეისები თვეში ერთხელ ხორციელდება. ვიზას ვინ ჩაგირტყამს? არადა ვუყურებთ, ბავშვი როგორ გვეცლება ხელიდან. ავდექი და მივედი უწმინდესთან, მოვუყევი, რაც ხდებოდა. იმწამსვე დაიწყო საქმის მოგვარება. ისრაელის კონსული გამობრძანდა სახლიდან, გააღო დაკეტილი საკონსულო და ვიზები გასცა. შეჩერდა ის რეისიც, რომელიც ფრენას ელოდებოდა. დაელოდნენ ბავშვს და მის მშობლებს. იქ, ისრაელში, რომელ კლინიკაშიც მივიდნენ, უცხო ფონდი გამოჩნდა, რომელსაც სულ არ ველოდით - ეტაპობრივად, მილიონნახევარი დოლარი დაურიცხეს ბავშვს. 14 ოპერაცია გადაიტანა იმ პერიოდში ნატალიამ. ყოველი ოპერაციის წინ უწმინდესთან შევდიოდი და ვეუბნებოდი, აი, ახლა ოპერაცია იწყება-მეთქი. ბოლოს ყველაფერი კარგად რომ დამთავრდა, ჩამოიყვანეს ბავშვი. უწმინდესს ვთხოვე, მოგიყვანთ, დალოცეთ-მეთქი. გაღიმებულმა მითხრა, ვიცოდი, გადარჩებოდა, უფალმა ხელში აიყვანა ეგ ბავშვიო...“
კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება. ჩვენი ჩოხოსანია ისიც, მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა და თურქეთში საბოლოო გამოკვლევაზე მიდიოდა. წასვლის წინ პატრიარქთან შევიყვანეთ. უწმინდესმა ორივე ხელი თავზე დაადო, დალოცა, ჯვარი გადასახა და გაუშვა. ჩაფრენიდან ორ დღეში ეს გოგონა მირეკავს, თურქი ექიმები შოკში არიან, საერთოდ აღარაფერი ჩანს, სრულიად სუფთა ხარო! იმის მერე მესამე შვილი გააჩინა და დღეს მთელი ოჯახით ჩვენი საზოგადოების წევრია.
- დღეს როგორ არის ჩვენი პატრიარქი?
- მე მაქვს ბედნიერება, რომ უწმინდესთან ხშირად ვიყო. მისი მეხსიერება და გონება უბრწყინვალესად მუშაობს. ბევრს ჰგონია, რომ პატრიარქს ვიღაც მართავს, ეს სრული აბსურდია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, დღემდე თავად განსაზღვრავს საეკლესიო პოლიტიკას. მე მინახავს მასთან მუხლზე დაჩოქილი ადამიანები, გარეთ რომ ბევრს ლაპარაკობენ, უწმინდესთან პირისპირ დარჩენისას შეშდებიან. ღვთის რჩეულია, ღმერთის ხელდასხმულია ჩვენი პატრიარქი. ამ ასაკში წირვა-ლოცვებზე დადის, მერე რა, რომ გადაადგილება უჭირს? იოანე ღვთისმეტყველიც ასე ხელით დაჰყავდათ თავის მოსწავლეებს...
ერთხელ უწმინდესთან ერთად ვუყურებთ ტელევიზორს. ზუსტად ის პერიოდია, მასზე და ეკლესიაზე დიდი შეტევაა... ვხედავ, ვიღაცას მოღებული აქვს პირი და პატრიარქს ბოლო ხმაზე ლანძღავს. სასწრაფოდ გადავრთეთ სხვა არხზე. უწმინდესი მოგვიტრიალდა, ვინ იყოო? უკანვე გადაგვართვევინა ტელევიზორი, გაიგო იმ კაცის სახელი და დაიწყო მისი ლოცვებში მოხსენიება, დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანმა ეს არც კი იცის. ასეთი მიმტევებელია ჩვენი სულიერი მამა...
ძალიან დიდია ჩვენი პატრიარქი. არ დამავიწყდება, როცა აღდგომა ღამეს ხმამაღლა თქვა სამჯერ: "საქართველო, მიყვარხარ!" ეს სიტყვები იმდენად გულიდან იყო წამოსული, გარშემო ყველას გადაგვედო... მე მჯერა, სწორედ ეს სიყვარული გადაარჩენს საქართველოს. უწმინდესი საქართველოს გულია და მის არტერიაზე ისე მაგრად უჭირავს ხელი, არა მგონია ვინმემ გაბედოს და გააშვებინოს. მე შევსწრებივარ, როგორ ლოცულობს პატრიარქი სამშობლოზე და როგორ ტირის... ამ დროს ხვდები, რამ გადაარჩინა ეს ქვეყანა... ჯერ სად ვართ? მის სიდიადეს მერე და მერე უფრო გავიგებთ. ვიღაცას უძლური რომ ჰგონია, მე მჯერა, უწმინდესს უფლის ანგელოზები დაჰყვებიან.
ერთხელ ხატთან მივაბრძანეთ პატრიარქი, ჩემს ხელზე იყო დაყრდნობილი. ვგრძნობდი, რომ ახალგაზრდული ენერგიით, მაგრად მიჭერდა ხელს, თავი ვერ შევიკავე სიხარულისაგან და ვუთხარი, თქვენო უწმინდესობავ, ძველებური ძალა გაქვთ შერჩენილი-მეთქი! ამომხედა და ღიმილით მითხრა, - მოხევე რომ ვარ, ხომ არ გავიწყდებაო?!
რუსუდან შაიშმელაშვილი