"ლევანი ორი წელია კომაშია... 18 წლის იყო, კურიერად რომ დაიწყო მუშაობა. ელისაბედი და ლიზი უკვე გვყავდა, ეს უბედურება რომ მოგვადგა. მესამე შვილზე ფეხმძიმედ ვიყავი" - მძიმე ავარიაში დაშავებულ კურიერს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ლელა ცქვიტიშვილს ლოგინს მიჯაჭვული ქმარი ისევე უყვარს, როგორც უყვარდა. ლევანი ორი წელია კომაშია.
რა იქნებოდა, ავტოკატასტროფა რომ არ მომხდარიყო, რომ ლევან მძევაშვილი უპასუხისმგებლო ადამიანს არ შეეწირა... მაშინ ლევანი შეიძლებოდა ისევ ყოფილიყო კურიერი, რადგან თავისი ქვეყნიდან წასვლა არ უნდოდა, ჩვენს ქვეყანაში კი სამსახურების დიდი არჩევანი არ არის. ისევ იქროლებდა დღედაღამ მოტოთი, რომ სამი შვილისთვის ლუკმაპური მიეტანა. ერთად გაზრდიდნენ 3 შვილს, რომელთაგან უმცროსს, თავის მოსახელეს, არც იცნობს. თუმცა იქნებ იცნობს კიდეც, რადგან ზოგჯერ ძალიან ლამაზ ცისფერ თვალებს აახამხამებს ხოლმე, როდესაც დედა სთხოვს, თვალი გაახილეო.
- ლელა, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით იქნებოდა, მაგრამ ვეღარ გაუზიარებდი შენს გულისნადებს, სიხარულს, დარდს, შვილების გაზრდის სიძნელესა და ბედნიერებას. როგორ დაიწყო თქვენი საბედისწერო ისტორია?
- ლევანი ჩემი დეიდაშვილების მეგობარია, ერთ დღესაც ჩემს დეიდაშვილებს კასპში ჩამოჰყვა და ასე ვნახეთ ერთმანეთი. მაშინ ორივენი 18 წლისანი ვიყავით. დავქორწინდით, თუმცა ქორწილი არ გვქონია - ლევანის დედა ძალიან ცუდად გახდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც ქორწილი უნდა გვქონოდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სულ არ გაგვხსენებია ქორწილი და არც არასოდეს გვინანია, იმიტომ, რომ ლევანის დედა ძალიან მიყვარს. საერთოდ, მისი ოჯახი საკუთარი ოჯახივით მიყვარს. ესენი რომ არა, ბევრ რამეს, ალბათ, ვერ გადავიტანდი. ლევანსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა თავისი ოჯახის მიმართ. 18 წლის იყო, კურიერად რომ დაიწყო მუშაობა. ელისაბედი და ლიზი უკვე გვყავდა, ეს უბედურება რომ მოგვადგა. მესამეზე, ლევანზე, ფეხმძიმედ ვიყავი.
- ლევანის სახელი დაარქვით შვილსაც?
- იმიტომ, რომ ელისაბედსა და ლიზის ორივემ ერთად დავარქვით სახელები. ლევანს რომ ლაპარაკი აღარ შეეძლო, მე დავარქვი მისი სახელი.
- როგორ დაიწყო ის საბედისწერო დღე?
- ლევანი გვიან ღამით დაღლილი მოვიდა სამსახურიდან. ასეთ დროს ვცდილობდი კარგად გამოეძინა და ენერგია აღედგინა. ამიტომ ბავშვები სახლიდან გავიყვანე: უფროსი ბაღში მივიყვანე. უმცროსი, ეზოში, პარკში გავაჩერე. მამიკო არ გავაღვიძოთ-მეთქი. როცა შინ ავედი, ლევანი უკვე სამსახურში მიდიოდა. როცა მუშაობდა, სულ ვეძებდი ხოლმე - ასეთია კურიერის ცხოვრება, თითქოს ფიქრით სულ უკან დასდევ. ვურეკავდი და ისიც სულ მპასუხობდა. საღამოს რომ დავურეკე, სხვამ მიპასუხა, ლევანი ავარიაში მოყვა, მაგრამ არ ინერვიულოთო. ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანა დასჯახებია და სამი სართულის სიმაღლეზე აუგდია მოტოიანად. ამ დროს მოსტყდა თავის ქალის ფუძე.
უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა, ორივე საფეთქელთან ძვალი ამოუღეს და იმპლანტი ჩაუდგეს. ერთი თვე ვერ წავედი სანახავად, რადგან ფეხმძიმე ვიყავი და ნებას არ მაძლევდნენ. შვიდი თვის ფეხმძიმე რომ ვიყავი, მხოლოდ მაშინ მომცეს ნახვის უფლება. ლევანი კომაში იყო, ერთ წერტილს უყურებდა. ამ დროს ექიმი შემოვიდა და მეუბნება, თქვენც ხომ ვერაფერს ატყობთ სიკეთეს, მეც ვერ ვატყობ, თქვენ დედამთილს კი ჰგონია, მდგომარეობა გამოსწორდებაო. იმდენად ცუდად გავხდი, მივხვდი, რომ პალატიდან თუ არ გავიდოდი, მუცელში მყოფ ბავშვსაც რაიმე ცუდს დავმართებდი და ამიტომ გამოვედი. არადა, მინდოდა ლევანთან დიდხანს ვყოფილიყავი, მელაპარაკა... იმ სიტყვებმა გამანადგურა. ყველას არ უნდა ჰქონდეს ექიმობის უფლება. ნუთუ სწორი სიტყვების მოძებნა ასეთი ძნელია?
ლევანი თურქეთში წავიყვანეთ, მაგრამ კომიდან იქაც ვერ გამოვიდა, თუმცა დიდი შეღავათი მოგვცეს, აპარატით სუნთქავდა და ახლა თავისით სუნთქავს.
- რაიმე პროგრესი არა აქვს?
- ბოლო დროს როცა ვეტყვით, თუ გესმის, თვალები დახუჭეო, ხუჭავს. მე მესამე შვილის დაბადებას ველოდებოდი. ვფიქრობდი, პატარას რომ მივუწვენ, მის სუნთქვას იგრძნობს, სასწაული მოხდება-მეთქი, მაგრამ... რვა თვის ფეხმძიმობის ჩათვლით მეუბნებოდნენ, მესამეც გოგო დაიბადებაო, და უცებ, მშობიარობის წინ გამოჩნდა, რომ ბიჭი იყო. ლევანმაც იცოდა, რომ გოგო გვიჩნდებოდა. ვიფიქრე, მოულოდნელი ემოცია, ალბათ, სასწაულს მოახდენს-მეთქი, მაგრამ შევცდი.
ლევანის ოჯახი და დედა რომ არ იყოს, მხოლოდ მე ვერაფერს გავხდებოდი, თუმცა მაინც ძალიან გვიძნელდება ყველაფერი, იმიტომ, რომ კომაში მყოფ ადამიანს ხშირად ემართება სხვადასხვა დაავადება. შარშან თურქეთიდან რომ ჩამოვიყვანეთ, ფილტვების ანთება დაეწყო და კლინიკაში გადავიყვანეთ. ახლაც ისევ მაღალი ტემპერატურა აქვს. ექიმმა გვითხრა, ისევ კლინიკაშია გადასაყვანი, ისე ინფექციას ვერ შევაჩერებთო, ამას კი ფული სჭირდება. ვიცით, რა ღირს იქ თუნდაც ერთი ღამის გათენება დაზღვევის გარეშე. ჩვენი მწირი შემოსავლით ვეღარ ავუდივართ. ამიტომ მუდმივად ვეხვეწებით სხვადასხვა ორგანიზაციას, შემოგვეშველონ. უკვე ბევრი მიყრუებს, მესმის, დაიღალნენ. მაგრამ ლევანი ჩვენთვის მთელი სამყაროა და სანამ ძალა მექნება, მინდა ვაცოცხლო.
- ასეც იქნება. ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გადაგარჩენთ. ამაში დარწმუნებული ვარ, ამას იმსახურებთ, - ვუთხარი ლელას და, რა თქმა უნდა, რეკვიზიტებიც დავადგინე ლევანის დასახმარებლად.
TBC ბანკი:
27თB7426745068100019
საქართველოს ბანკი:
GE07BG0000000570537709
მიმღები ნინო მძევაშვილი