„ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ჭკვიანი ხალხი დადის და ჭკვიანურ ლაპარაკს მოისმენ!“ - კვირის პალიტრა

„ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ჭკვიანი ხალხი დადის და ჭკვიანურ ლაპარაკს მოისმენ!“

ამდენიმე დღის წინ გავიცანი. ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ბევრს ქუდიც რომ შეუგდო, მაინც არ შევა და არც გაემტყუნება: ყველას ხომ არ შეუძლია ისეთ უმადურ საქმეს ემსახუროს, როგორიც მეცნიერებაა. ჰოდა, ვზივარ ერონულ ბიბლიოთეკაში ჩემთვის მნიშვნელოვან კონფერენციაზე: უცხოეთში შენახული ქართული ხელნაწერისადმი მიძღვნილზე და რას ვხედავ: მოდის. წითელბურთულებიანი კაბით, ყვითელი თმით და ვარდისფერი ჩანთით. მოვიდა, ჩემ გვერდით ჩამოჯდა და გაისუსუა. მივიხედავ და უსმენს, მივიხედავ და უსმენს გაფაციცებული. ჩემზე ბევრად მეტი ყურადღებით. ჰოდა, შემრცხვა და აღარ მიმიხედავს. მეც ხომ უნდა მესმინა. უცებ ჩაილაპარაკა: - საწყალი ჩვენი წინაპრები, რამდენი იშრომეს ქვეყნისთვის და ჩვენ კიდევ ამ ქვეყნის პატრონობა არ შეგვიძლია ხეირიანადო! მერე ისევ გაჩუმდა. მოკლედ, გულზე რაღაც მომახვედრა ძალიან მაგრად. მერე ისევ სმენად იქცა, ისეთად, რაღაც მეტისმეტად უცნაური და ბევრისმთქმელი რომ იყო ამ მარადიულობად ქცეულ თემაში.

შესვენებაზე დრო ვიხელთე და დარბაზის კუთხეში ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მივადექი: ეს ყვითელთმიანი ქალბატონი ვინ არის, დღევანდელ ღონისძიებასთან რა კავშირი აქვს-მეთქი. მითხრეს, არ ვიცით, თუმცა ეროვნული ბიბლიოთეკის არაერთ ღონისძიებაზე დადის, ყველაფერს ბოლომდე მოისმენს და როგორც შემოვა, ისევე უჩუმრად გადისო.

მოკლედ, შეხვედრა რომ დამთავრდა, გვერდით ამოვუდექი: ვინ ბრძანდებით, რა პროფესიის ხართ, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და დღევანდელ შეხვედრასთან რა გაკავშირებთ-მეთქი. ველოდი, ზურგს შემაქცევდა და წავიდოდა, თუმცა პირიქით მოხდა, პროფესიის ხსენებაზე თვალები­ გაუბრწყინდა, წამოდგა და ამაყად თქვა, მთარგმნელი ნათელა ფოფხაძე გახლავარ, გაგიგონიაო? არა-მეთქი?! ვერ ვეტყოდი! მით უფრო, იქვე მიაყოლა: წიგნებიც მაქვს გამოცემულიო, და კიდევ ესეც: "იყავი გამბედავი, ისარგებლე საკუთარი ჭკუით!", თანაც გერმანულად. გერმანულის ცოდნაზე დიდი პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ იმანუელ კანტის ამ ცნობილმა ფრაზამ წამიერად ისე დამაბნია, რომ დავმუნჯდი. თუმცა საუბრი მალევე თავად განაგრძო:

- მთარგმნელი ვარ, ხუთი ენა ვიცი და ყველა ენაზე ვკითხულობ. ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც ხშირად დავდივარ. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ჭკვიანი ხალხი დადის და ჭკვიანურ ლაპარაკს მოისმენ! აქვე ვცხოვრობ. როდესაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამოვივლი, შევიხედავ, თუ დავინახე, რომ რაიმე შეხვედრაა, შემოვდივარ. არ მიშლიან, არც ახლა, არც არასოდეს.

- რატომ უნდა დაგიშალონ? თანაც თუ ყველა შეხვედრას ბოლომდე ესწრებით და უსმენთ, ალბათ, ამას აქვს მიზეზი. გჭირდებათ, ტყუილად ხომ არ ივლიდით.

- გულს ვასვენებ. იცით, რისგან? წინაპრებზე ვდარდობ. აქ ხშირად ვისმენ მათ საამაყო საქმეებზე. თქვენ კარგად იცით, ჩვენი წინაპრები ვინ იყვნენ სინამდვილეში და რა გააკეთეს?

- მგონი, ცოტა კი ვიცი.

- აი, თავად ამბობთ, ცოტა ვიციო და, კარდუს სამეფო იცი? ქართველები კარდუელები რომ ვართ, ეგ იცი? ვინ იყო და რა იყო კარდუ?

- ქალდეველების სამეფო იყო. ქრისტეს დაბადებამდე ათასობით წლით ადრე არსებობდა არარატის მთასთან. მთლად ზუსტი თარიღები არ მახსოვს. რატომ მეკითხებით?

- ზუსტად უნდა იცოდე! სანამ ქრისტე­ დაიბადებოდა, ეგ სახელმწიფო 4 ათასი წლით ადრე დააარსეს ჩვენმა წინაპრებმა. ეგ ამბები კარგად იცოდნენ ზვიად გამსახურდიამ, ივანე ჯავახიშვილმა და ბევრმა მეცნიერმა. ჰოდა, ახლანდელმა ქართველებმა ვიცით, ვინ ვართ საერთოდ? კარდუელების მეათასედს ვაკეთებთ?

- ეგ ნამდვილად არ ვიცი, კარდუელების მეათასედს ვაკეთებთ თუ არა, მაგრამ არც მთლად გადასაყრელები ვართ. იქნებ საკუთარ თავზე მეტი მიამბოთ, ან პრობლემები ხომ არ გაქვთ, ხომ არ გინდათ ამაზე დავწერო?

- ჩემს პირადზე დაწერა რაში მჭირდება?! ის დაწერეთ, რომ არაფრის ღირსები არა ვართ, თუ არ გამოვსწორდებით.

- გამოვსწორდებით. არ ინერვიულოთ, მგონი, მთლად გადასაყრელიც არა ვართ, რომ არაფერი გვეშველოს, - ვუპასუხე მისივე სიტყვებით რაღაცნაირად შემცბარმა. აღარც მომისმინა და გამეცალა თუმცა, მერე ისევ მობრუნდა, გამიღიმა და მითხრა, ფოტოს სიამოვნებით გადავიღებო, თანაც ეს მონოლოგი წამიკითხა და მგონი, მომნუსხა კიდეც. მინდა თქვენც მოინუსხოთ. ცუდად კი არა, სასიამოვნოდ, ქრისტეს აღდგომის დღესასწაულთან ერთად იმედიც ხომ დიდი რამეა. ამ მონოლოგსაც კი იცნობთ, ალბათ, ზვიად გამსახურდიას დაწერილია ქართველი ერის მისიის შესახებ. დანარჩენს, რასაც გაიფიქრებთ, ეგ თქვენი საქმეა:

"ქართული მოდგმა, ქართული ენა შემკულია და კურთხეული სახელითა უფლისაითა, ლაზარე ერთა და ენათა შორის, ოთხი დღის (4 ათასი წლის) მკვდარი, დამდაბლებული და დაწუნებული, რომელმაც უნდა აღასრულოს ქრისტესათვის არნახული მოწამეობა, მომავალში აღდგება, დაიბრუნებს უნივერსალურ პოზიციას კაცობრიობის სულიერი მოძღვრისას".

ქრისტე აღსდგა!