„გელათის მხატვრობა მეტ დაზიანებას ვეღარ აიტანს“ - რა ჰყვება არქიმანდრიტი კირიონი და გადარჩება თუ არა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ტაძარი - კვირის პალიტრა

„გელათის მხატვრობა მეტ დაზიანებას ვეღარ აიტანს“ - რა ჰყვება არქიმანდრიტი კირიონი და გადარჩება თუ არა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ტაძარი

ცოტა ხნის წინ კითხვა, შევინარჩუნებთ თუ არა გელათს, კვლავ აქტუალური გახდა. მიუხედავად იმისა, საპატრიარქოს "გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი" პერიოდულად ძეგლზე მიმდინარე მუშაობის შესახებ დამაიმედებელ ანგარიშებს აქვეყნებს,­ არ წყდება იმ სპეციალისტების უკმაყოფილებაც, რომლებიც სამუშაოების ხელმძღვანელებს პროცესის გაჭიანურებასა და სამუშაოების არასათანადოდ წარმართვას საყვედურობენ. ამ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის ნიაღვარში ძეგლის გადარჩენის იმედი უფრო და უფრო მცირდება. ამ თემით საზოგადოების დაინტერესებიდან გამომდინარე ესაუბრა "კვირის პალიტრა" გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს არქიმანდრიტ კირიონს (ონიანი):

"მოზაიკა გადასარჩენია"

- 5 აპრილს ქუთაისში გელათის სარეაბილიტაციო კომიტეტმა საზოგადოებასა და მთავრობის წევრებს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების ერთგვარი ანგარიში წარუდგინა.­ მედიით შევიტყვეთ, რომ გელათის მდგომარეობა რთულია, მოზაიკა უმძიმეს მდგომარეობაშია და ა.შ., რაც ჩვენთვის ახალი­ არ არის. რაც მთავარია, ეს პრობლემები არა ხვალ-ზეგ, არამედ წლების შემდეგ თუ გამოსწორდება, რაც უფრო მეტ კითხვას აჩენს და კვლავ ბუნდოვანს ხდის ძეგლის ბედს. რა ხდება დღეს გელათში?

- ძეგლი რომ მძიმე მდგომარეობაშია,­ ამიტომაც არის, რომ დიდი შრომა სჭირდება.

კედლის მხატვრობისა და მოზაიკის რეაბილიტაცია 4 წელიწადს გასტანს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საშველი მხოლოდ მაშინ იქნება, საშველი დაწყებულია.

თავის დროზე, როდესაც კარლო ბაკურაძე და მისი ჯგუფი გელათის მოზაიკის რეაბილიტაციაზე 3 წლის განმავლობაში (1987-1990) მუშაობდნენ, ცნობილი რესტავრატორი ანგარიშში წერდა, რომ მოზაიკის 85% მოშორებული იყო ზედაპირს და ამიტომ თითბრის სარჭებით მათი დამაგრება დაგვჭირდაო. შემდგომ მთელი 33 წელიწადი კულტურული მემკვიდრეობის არც ერთ მმართველს არ გახსენებია­ ეს პრობლემა, რომ ჩამოეყვანა ექსპერტები და ენახათ, რა მდგომარეობაში­ იყო, მით უმეტეს, იმხანად მიწისძვრები იყო. პირველად სწორედ ჩვენმა კომიტეტმა თქვა, რომ შეუძლებელია ამის იმედად ვიყოთ. ღვთისმშობლის ლოყაზე თუ ღაწვზე ლაქა არ ნიშნავდა, რომ მხოლოდ ის იყო პრობლემა.

- ეს ხომ არ ჩანდა შეუიარაღებელი თვალით, სანამ ხარაჩო არ დაიდგა?

- დიახ, ჩვენ ის განზრახ დავდგით, რათა გვენახა, რა მდგომარეობაში იყო მოზაიკა.

- ამის შესახებ არც იუნესკოს ექსპერტებმა იცოდნენ და ეს ჩანს კიდეც რეაქტიული მისიის ანგარიშებში, სადაც ისინი მოზაიკის მდგომარეობას მხატვრობისგან განსხვავებით პრობლემურად არ მიიჩნევდნენ.

- გელათმა დაგვანახა, რომ არავის იმედად არ უნდა იყო ამ საქმეში. ჩვენ ჩვენი ინტერესები უნდა გვქონდეს, ჩვენს საზრუნავს მკაფიოდ უნდა ვგეგმავდეთ და საქმეს ვაკეთებდეთ, ისინი მხოლოდ გვეხმარებიან. 3-5 დღით ჩამოდიან და რასაც ასწრებენ, გეუბნებიან, მაგრამ ის, რომ ყველა დეტალი დაინახონ, შეუძლებელია.

ასე რომ, მოზაიკისთვის დავდგით ხარაჩო, ჩამოვიყვანეთ ამ საქმეში შეუდარებელი რობერტო ნარდი, მან თანამედ­როვე დანადგარებით გასინჯა მოზაიკა და თქვა, რომ უკვე 89% დაშორებულია ზედაპირს ანუ უფრო მეტად, ვიდრე 1987 წელს. ამ 33 წლის განმავლობაში მოზაიკამ დეგრადაცია განიცადა. ახალი მონაცემები გვეუბნება, რომ მოზაიკა სამკურნალოა, თუმცა მისი მდგომარეობა ისეთი არ არის, რომ მყისიერი ჩამოვარდნის საფრთხის წინაშე იდგეს - ის რამდენიმე ათეულ რკინის სარჭს უკავია, თუმცა ბედ-იღბლის იმედად ვერ ვიქნებით. მოზაიკა გადასარჩენია.

რობერტ ნარდიმ 1 წელი (2024-2025 თებერვალი) მოანდომა მოზაიკის კვლევას. უკვე რამდენიმე ტომი გვაქვს, სადაც მოზაიკის მთელი პრობლემატიკა დაგვიდო ხელისგულზე, ასევე ის რესურსი, რაც მისი გადარჩენისთვის აქვს.

- მოზაიკის მდგომარეობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ძეგლი გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა გადაიბარა?

- 1990-2023 წლამდე არავის არაფერი გაუკეთებია, სანამ კომიტეტმა არ ჩავიბარეთ ძეგლი.

"ეს არის ფანტასტიკური დოკუმენტი..."

- მოწვეული სტივენ რიკერბის ანგარიშს მეცნიერული თვალით თუ შევხედავთ, ეს იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო, მათ შორის დამწყები კონსერვატორებისთვის, სტუდენტებისთვის, მან დეტალურად გვიჩვენა ძეგლის დაზიანების ისტორია, დღევანდელი პრობლემები და როგორ აპირებენ თითოეული დაზიანებისთვის მუშაობას. რიკერბის ჯგუფს 40 წლამდე გამოცდილება აქვს მხატვრობის კონსერვაციაში. გამოგონილი აქვთ საავტორო მასალა მიკროგრანი, რომელსაც ასხამენ მხატვრობის ნალესობასა და საფუძვლის განშრევებას შორის და ამით ქმნიან კონსოლიდაციას, რომელიც სამჯერ მსუბუქია ყველა იმ მასალაზე, რომელიც დღეს გამოიყენება. გელათში ნალესობის 5 ფენა გვაქვს და თითოეულს იკვლევენ, ადგენენ ფორიანობის სიმტკიცეს და მხოლოდ ამის მიხედვით აკეთებენ მიკროგრანს.

- მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია? გვახსოვს ველოდებოდით გელათის რკინის ქოლგის ქვეშ მოქცევას, რათა გადახურვა ახდილიყო და ნალესობას გამოშრობა დაეწყო.

- საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ვერ ვეხებით ტაძრის მკლავების თაღებში არსებულ მხატვრობას, რადგან, როგორც აღნიშნეთ, სახურავი უნდა ავხსნათ გამოსაშრობად. მეორე მიზეზი ვიბრაციის გამოწვევის საფრთხეა, ამიტომ არქიტექტორმა ზუსტად უნდა განსაზღვროს, სად ამაგრებს ამ თაღებში მხატვრობას, რომ არ დავაზიანოთ. დღეს თაღებში ჩვენ მარილის მოცილებაზე (ფიფქის სახით რომ გამოდის), ფერისა და ნალესობის საფუძველთან კონსოლიდირებაზე ვმუშაობთ. სხვა ადგილებში ჩვეულებრივი სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან წყალი დასავლეთ მკლავებში უკვე მესამე წელია აღარ ჩაედინება, კრამიტის ახდის და დროებითი გადახურვის შედეგად ვენტილაციამ უკვე გამოაშრო სტრუქტურა, რაც გუნდს სიღრმისეული ჩარევის საშუალებას აძლევს როგორც თავად ტაძარში, ისე ყველა მინაშენში.

მარტში ნართექსის მხატვრობაზე დაიწყო ნალესობის საფუძვლის აღდგენა, რომელიც დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მოწვეული ბრიტანელი მეცნიერები გვეუბნებიან, რომ მხატვრობა ისეთ მდგომარეობაშია, გარისკვის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ იძულებული­ ვართ ყველაფერი ლაბორატორიულად დავტესტოთ შეცდომების გამოსარიცხად, რადგან გელათის მხატვრობა მეტ დაზიანებას ვეღარ აიტანს.

- მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა, როგორც ამბობთ, არ ჩერდება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროცესი ძალიან გაგრძელდა.

- ჩვენ ვსაუბრობდით მიკროგრაუნტის ჩასხმაზე, ამისთვის მთელი წლის განმავლობაში მრავალი ტესტი ჩავატარეთ, ორგანულ მასალასთან ყველაზე თავსებადი მასალა რომ მიგვეღო. მაგალითად, გელათში ძალიან ხშირია ფენის განშრევება (აქერცვლა). ამიტომ 5 ტიპის შემკვრელი კაოზილი დაიტესტა,­ რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხო და ორგანულთან თავსებადია, არ შეიცავს აკრილებს, რომლებიც ფოროვნებას კეტავს. მთელი პრინციპი იმაშია, რომ მასალამ ოდნავადაც არ უნდა დაარღვიოს ნალესობის ან მხატვრობის ბუნებრივი მდგომარეობა. როგორც ვთქვი, დაიტესტა 5 ტიპის შემკვრელი. თავიდან ყველამ კარგი შედეგი აჩვენა, მაგრამ დროში (საუბარია 5-6-თვიან მონიტორინგზე) სამმა დაიწყო ნაწილობრივ აქერცვლა, ორმა კი ოთხ ფერზე კარგად იმუშავა. მხატვრობის ფერებიც კი სხვადასხვანაირად რეაგირებს შემკვრელებთან. შეიძლება მასალა ძალიან ორგანული იყოს, თავსებადი, დავტესტეთ ყვითელ ფერზე და პროცესმა 6-თვიანი მონიტორინგის შემდეგ კარგი შედეგი აჩვენოს, თუმცა საკმარისია იგივე შემკვრელი დავიტანოთ წითელ ან ლურჯ ფერზე და სულ სხვა შედეგი მივიღოთ. ეს პროცესი მეცნიერულ და ლაბორატორიულ დონეზე მიდგომას მოითხოვს. თითოეულ ფერს უნდა მოვერგოთ. დღეს ძეგლის ძირითად პრობლემატურ ფერებზე შემკვრელები უკვე მოძებნილია, დატესტილია და ჩარევებიც მიმდინარეობს.

გასაგებია, რომ სწრაფი შედეგი გვსურს, მაგრამ როდესაც ამას პროფესიული წრეები ამბობენ, საწყენია, რადგან იციან, რომ პროცესებს სურვილისამებრ ვერ დააჩქარებ, მით უფრო კვლევებს, რომელთაც გონივრული ვადები აქვს. დღემდე გელათში არ ჩატარებულა ასეთი სრულმასშტაბიანი, ასეთი მრავალკომპონენტიანი მხატვრობის ტექნიკური კვლევა.

- ეგ არა მარტო გელათში, ვფიქრობ, საქართველოში არც ერთ ძეგლს არ ჩატარებია.

- გეთანხმებით. ეს არის ფანტასტი­კური დოკუმენტი, რომელიც 1400 გვე­რდს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ როცა დრო გავა, თუნდაც 20-30 წლის შემდეგ, და გელათის კონსერვაციას კიდევ დასჭირდება ხელის შეშველება (ეს მუდმივი პროცესია), სპეციალისტი, რომელიც კედელთან მივა, კვადრატული სანტიმეტრობით გაიგებს ინფორმაციას ისეთ დონეზე, რომ თითქოს თავად მუშაობდა 2024-2027 წლებში გელათში. ჩვენ კი არანაირი ინფორმაცია არა გვაქვს, ყველაფერს ახლა ვიკვლევთ. არ ვიცით, არა გვაქვს დოკუმენტაცია იმის შესახებ, რა მასალები გამოიყენეს და რა პროცენტულობით. როდესაც ჩვენი საერთაშორისო ბორდის წევრები, ლორი ვონგი და ფრანჩესკა პიკე ჩამოვიდნენ, კვლევითი სამუშაოების მასშტაბით გაოგნებული დარჩნენ, თქვეს, როდესაც ბოგაუს გამოქვაბულებში მხატვრობის კონსერვაციას ვიწყებდით, 2 წელი მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით ვიყავით დაკავებული, თქვენ კი ასე სწრაფად ასეთი მასშტაბის სამუშაო ჩაგიტარებიათო.

ფლორენციაში სანტა-კროჩეს ტაძარში ჯოტოს ერთი ფრესკის ორი სცენის კონსერვაციას 5 წელი მოანდომეს. წარმოიდგინეთ, იქ რომ ესაყვედურათ, ამდენ ხანს რით ვერ დაამთავრეთო. იქ მხოლოდ ორ სცენაზე იყო საუბარი, გელათში კი 2 500 კვადრატულ მეტრ მხატვრობაზე ვლაპარაკობთ.

- "კვირის პალიტრასთან" ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ მხატვრობის სრულად შენარჩუნების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, დანაკარგი მაინც იქნება, თუმცა უნდა შევეცადოთ, რომ ძალიან მცირე იყოს. დანაკარგი მეცნიერული დაშვების ნორმაში უნდა იყოს. ამჟამად­ თუ არის ასეთი ადგილი გელათში, თუნდაც მცირე, სადაც ახალი ჩარევების შედეგად დანაკარგი მეცნიერული დაშვების ნორმაში ჯდება?

- ძალიან რთული მდგომარეობა დახვდა კონსერვაციის ჯგუფს ჩრდილო მკლავის კამარაში, თუმცა 100%-ით დაიძლია. თავიდან ფიქრობდნენ, რომ დანაკარგი იქნებოდა, ამიტომ ეს წერტილი შესული იყო კიდეც დანაკარგის ზონაში. საზოგადოდ, დანაკარგის ზონაში მხატვრობის რომელიმე ნაწილის შეყვანა­ არ ნიშნავს, რომ ჯგუფი ამას ეგუება, ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეული მილიმეტრი გამოგლიჯოს საფრთხეს.

- ასეთი რთული რამდენი წერტილია?

- ის ადგილები, სადაც იტალიელთა­ ჯგუფი ჩაერია (2021-2022). სამწუხაროდ, იქ გამოიყენეს ისეთი მასალები, რომლებიც კეტავენ და ფენა აბსოლუტურად კვდება. აქ არ არის საუბარი, ჩვენ დავკარგავთ მთლიანად ფრესკას, არამედ არის ადგილები, სადაც წყლის ინფილტრაციის გამო ჭარბად დანესტიანდა. სწორედ ეს წერტილებია მძიმე მდგომარეობაში. არის ადგილები, რომლებიც თავიდანვე იყო მძიმე მდგომარეობაში იმის გამო, რომ გამოიყენეს შემკვრელები - აკრილები და სიტუაცია უფრო უნუგეშო გახდა.

"თუ რამეს ებრძვის გელათი, ებრძვის კლიმატს"

- გელათს უკვე 800 წელია აქვს გადახურვის პრობლემა.

- კარგია, როცა იცი ძეგლის ისტორია, იცი, რომ ის არ არის ხელისგულზე აშენებული ძეგლი, რომ მარტივ კლიმატურ პირობებში იყოს. თუ რამეს ებრძვის გელათი, ებრძვის კლიმატს, სხვას არაფერს.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ძეგლს ისე გადავხურავთ, რომ ბუნება ვერ მოერევა?­ სხვა შემთხვევაში რა აზრი აქვს მთელ პროცესს, გვექნება კი ამის გარანტია, რომ ამჯერად ბრძოლა კლიმატთან გელათის­ გამარჯვებით დასრულდება?

- რთულ კითხვას მისვამთ. ჩვენ ყველაფერს უმაღლესი სტანდარტით ვაკეთებთ. საქართველოში არიან რესტავრატორები, რომლებსაც გამოცდილება არ აკლიათ, მაგრამ ჩვენ მაინც აქცენტები საერთაშორისო დონის ექსპერტებზე გავაკეთეთ და ჩამოვიყვანეთ ნიკოლას ბერლუკი, მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი, უპირობო ლიდერი ამ საქმეში. მან იცის, რომ ჩვენ მისგან ხარისხის გარანტია გვინდა. ალბათ, გახსოვთ 2023 წლის თებერვლის სტიქია იმერეთში. მიწაც კი ღმუოდა, ისეთი ძლიერი ქარი და წვიმა იყო. გელათის უკანა მთის ფერდზე ხეების, ალბათ, 20% მოგლეჯილი იყო. სოფელში ახალაშენებულ სახლებში, ორი ბლოკის სისქის კედლებით, გალესილსა და შეღებილში შევიდა წყალი. შესაბამისად, აბსოლუტური გარანტია შეუძლებელია ვინმემ მოგცეთ.

არანაირი მეთოდოლოგიური, პროფესიული და კონსერვაციული შეცდომა არ უნდა იყოს დაშვებული. სახურავი უნდა იყოს მტკიცე, მეტიც, ზემტკიცე. გელათი რომ ძლიერი ქარების ზონაა, დღეს ხომ არ გაგვიგია. ამიტომ კეთილი უნდა ვინებოთ და ყველა ურთულეს კლიმატურ პირობაზე აიგოს სახურავი.

ნიკოლას ბერლუკს ამის არ ეშინია. თუმცა პრობლემა მხოლოდ გადახურვაში არა გვაქვს. გელათის ქვების საპირე წყობა ზოგიერთ ადგილას იმდენად ძველი და გამოფიტულია, რომ ამის გამო ქვა იღებს და აგროვებს ჭარბ წყალს, ძალიან ნელა და ხანგრძლივად ხდება წყლის ინფილტრაცია სტრუქტურაში. ამიტომ სხვადასხვა ტიპის პრევენციასა და გათვლებზე მივდივართ, რომ დავაზღვიოთ. კარგი, სახურავი გადავხურეთ, მაგრამ ქვის პრობლემისგან როგორ ვიზღვევთ თავს? მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არ არის საუბარი კვადრებს შორის დაცილებების გამორეცხვაზე, არამედ თავად ქვის სტრუქტურაზე, რაც ძალიან რთულია. თუ ვერ მოვახერხებთ, რომ ის არ იყოს ღრუბელივით წყლის შემწოვი, ეს ბევრ პრობლემას შექმნის.

- რა მდგომარეობა გვაქვს დღეს წმინდა გიორგის ეკლესიაში?

- ჩატარდა ეკლესიის 3D-სკანირება, შედგა ყველა დაზიანების გეგმა, შეიქმნა ერთიანი დროებითი გადახურვის სტრუქტურა, რომელიც, სავარაუდოდ, ივლის-აგვისტოში დაიწყება. ჩვენ გავყავით მხატვრობის ჯგუფი და ერთი ნაწილი, მთავარი ტაძრის გარდა, უკვე მუშაობს წმინდა გიორგის ეკლესიის კედლის მხატვრობაზე. სწორედ ისინი ქმნიან ტექნიკურ დოკუმენტაციას და 2026 წლის თებერვალში ეს ყველაფერი დასრულდება. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება მსოფლიოში აღიარებულ და უმაღლესი ხარისხის ცენზის მქონე ინსტიტუციასთან, რომელიც ჩამოვა თავისი პერსონალით და ქართველ კონსერვაციის სპეციალისტებთან ერთად იმუშავებს წმინდა გიორგის მხატვრობის კონსერვაციაზე.

"საქმემან შენმა გამოგაჩინოს"

- ბოლო დროს სპეციალისტები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის შესახებ, არსებობს ჩუბინაშვილის სახელობის ინსტიტუტის დასკვნაც. საინტერესოა, ითვალისწინებს თუ არა გელათის კომიტეტი ჩვენი სპეციალისტების აზრს?

- არავისთან ვქმნით კომუნიკაციის პრობლემას. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც მიკერძოებული კრიტიკით გამოირჩევიან. ასე მგონია, ზოგიერთი მათგანი ელოდა, რომ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი თავს ვერ გაართმევდა საქმეს და ახლა, როცა სრულიად საპირისპიროს ვხედავთ, ეს აღიზიანებთ.

დელიკატური ვიქნები და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საქმემან შენმა უნდა გამოგაჩინოს შენ. საქმემ უნდა გაამართლოს ყველაფერი, მეც და ეკლესიაც საქმეს მივდევთ. მე საუბარი კომიტეტის თავმჯდომარე მეუფე შიოსთანაც მქონია. რა თქმა უნდა, მისი კურთხევით რაც შეიძლება მინიმალური უნდა იყოს ზღვარგადასულ ცილისწამებებზე რეაგირება, ხანდახან ძალიან გაუგებარია, რა სურთ სინამდვილეში. ჩვენ დაგვდეს ბრალი, რომ თითქოს მოზაიკაში წყალი ჩავიდა და ღვთისმშობლისა და მაცხოვრის სახეები დაიბზარა. არადა, 1990 წელს ბზარები უკვე იყო, მაშინ, როცა კარლო ბაკურაძემ მოზაიკის კონსერვაცია დაასრულა და გადაუღო მას მაღალი რეზოლუციის ფოტოები. ჩვენ შედარებისთვის გამოვაქვეყნეთ ეს მასალები გასული წლის ზაფხულში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს, რომ აბსოლუტურად იდენტურია, მილიმეტრიც არ არის განსხვავება. თავიდან ჩვენ კარი ყველას გავუღეთ, ვთანამშრომლობდით ყველასთან, მაგრამ როცა დავინახეთ, რომ პროცესი ყველა ზღვარს გადავიდა, იძულებული გავხდით ჩაგვეთვალა, რომ არაგონივრული იყო მათთან თანამშრომლობა.

- შეგიძლიათ დარწმუნებით გვითხრათ, რომ გელათი გადარჩება?

- რა თქმა უნდა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.