„რთულია, მაგრამ აგრესიას აგრესიით არ უნდა უპასუხო“
"მადლობელი ვარ ყველა შეცდომის, გავლილი წლების, პრობლემების... ამ ყველაფერმა ძალიან გამზარდა", - ამბობს ანსამბლ "ალილოს" წევრი, ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი საქართველოს პარლამენტში აჩიკო ბერიძე. რატომ წავიდა პოლიტიკაში, როგორ რეაგირებს კრიტიკაზე და ვინ არის მისი რჩეული? - ამ ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- 1986 წლის 6 აგვისტო.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ცნობილი ადამიანი. ადრეულ ბავშვობაში კონკრეტულ პროფესიაზე არ ვოცნებობდი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, ინტერესი სამართალმცოდნეობის მიმართ გამიჩნდა, დღეს ეს არის ჩემი პროფესია.
- პოპულარობა მინდოდა, რადგან...
- ჩემს გაზრდასა და აღზრდაში ბებიას და ბაბუას ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. ბაბუას ბათუმში დიდი სამეგობრო ჰყავდა, თბილისში რომ ჩამოდიოდა, ამ ქალაქშიც ბევრს უყვარდა, ბაბუაჩემი ჩემთვის მისაბაძი ადამიანი იყო... დღეს შემიძლია ვთქვა, რომ პოპულარობა სასიამოვნოა, ადამიანებისგან დიდ სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ, რაც იმავდროულად, უდიდეს პასუხისმგებლობასაც მაკისრებს.
- ჩემზე ამბობენ...
- რომ ვარ საიმედო ადამიანი, მეგობრები ჩემით ამაყობენ და მხარში მიდგანან.
- პოლიტიკაში წავედი, რადგან...
- გავიაზრე, დრო იყო, ჩემს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, სიმღერის გარდა, სხვაგვარადაც გამოვდგომოდი, ჩემი წვლილი შემეტანა ქვეყნის შენებასა და კეთილდღეობაში. იმედი მაქვს, პოლიტიკაშიც ისეთივე წარმატებული ვიქნები, როგორც სასცენო საქმიანობაში.
- პოლიტიკაში ჩემი პირველი ნაბიჯები...
- არის უდიდესი პასუხისმგებლობით სავსე. ის სტატუსი, რომელიც ახლა პარლამენტში მაქვს, არის შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტი სიკეთე ვაკეთო.
- ვოცნებობ...
- ბევრი ოცნება მაქვს. ჩემი ოცნება პირველ რიგში ჩემს შვილებს უკავშირდება - ორი ბიჭის მამა ვარ, მინდა, ღირსეულ ქართველებად გაიზარდონ. ასევე ვოცნებობ იმაზე, რა დევიზითაც პოლიტიკაში მოვედი - საქართველოში იყოს მშვიდობა, სიმშვიდე, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იპოვოს თავისი საქმე, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობის გარანტია.
- პოლიტიკაში წასვლა მირჩია...
- მამუკა მდინარაძემ. ჩვენ ბევრი წელია მეგობრები ვართ. ჩვენი საერთო მეგობარი გახლდათ ლაშა გოგიაშვილი, რომელიც თერჯოლის მერი იყო, სამწუხაროდ გარდაიცვალა. მომღერალი ლევან კბილაშვილიც ჩვენი სამეგობროს წევრი იყო. ერთმანეთთან არა მხოლოდ მეგობრობა, საქმეც გვაკავშირებდა, მამუკას იურიდიული კომპანიის დირექტორი ვიყავი.
- როდესაც მაკრიტიკებენ...
- ვუსმენ, ვიაზრებ, არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუ კრიტიკის მიღმა სხვა ინტერესი არ იკვეთება...
- თუ ამის მიღმა სხვა ინტერესს ამოიცნობთ, როგორია თქვენი რეაქცია?
- ვცდილობ ასეთ ადამიანებს პასუხი ჩემი საქმეებით გავცე. რთულია, მაგრამ აგრესიას აგრესიით არ უნდა უპასუხო. პოლიტიკაში გონივრული ნაბიჯებითა და შენი საქმეებით დაპირისპირება სჯობს.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- მადლობელი ვარ ყველა შეცდომის, პრობლემების... ამ ყველაფერმა პიროვნულად გამზარდა. ასე რომ, დიდ ცვლილებებს არ ვისურვებდი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებზე გული მწყდება. აჩიკო ბერიძე დღეს თუ რამეს წარმოადგენს, ეს განვლილი ცხოვრების დამსახურებაა.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- მყავს ოჯახი, შვილები, ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს, ვარ "ალილოს" გუნდის წევრი. ბედნიერებაა იმ პატრიოტი ადამიანების გვერდით დგომა, რომლებიც ქვეყანაზე ფიქრობენ. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ერთგული მეგობრები.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- საკუთარ თვისებებს აღფრთოვანებით არ ვუყურებ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთგული და გულწრფელი ადამიანი ვარ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს...
- ზედმეტად ხათრიანი ვარ. უარის თქმა ძალიან მიჭირს. ამ მხრივ საკუთარ თავზე ახლაც ვმუშაობ.
- ეს თვისება გაზარალებთ?
- აბა, რა, ზუსტად ამ ხათრიანობამ გამასუქა, ქეიფებსა და დალევაზე უარს ვერ ვამბობდი და ამ დღეში ჩავვარდი (იცინის).
- პატიება...
- შემიძლია, მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ადამიანს ვაპატიო და შემდეგ ჩემი ცხოვრებიდან გავუშვა, მასთან კავშირი გავწყვიტო.
- თქვენი ცხოვრებიდან ბევრი ადამიანი გაგიშვიათ?
- ძალიან ბევრი არა, მაგრამ არცთუ ცოტა.
- ვიბნევი...
- როდესაც ადამიანი ქუჩაში მხვდება, მომიკითხავს, მე კი მისი სახელი და გვარიც არ მახსოვს. ეს ჩემი თავის ტკივილია, სახელებსა და გვარებს ვერ ვიმახსოვრებ, სულ უხერხულობა მექმნება.
- ვნანობ...
- რატომ არ გავატარე უფრო მეტი დრო იმ მეგობრებთან, რომლებიც დღეს ამ ქვეყნად აღარ არიან, უფრო მეტად რატომ არ მოვეფერე.
- წონასწორობიდან გამოვყავარ...
- უსაფუძვლო ბრალდებებს, უარგუმენტო ცილისწამებას, ტყუილს.
- სიყვარული ეს...
- არის ნდობა, მეგობრობა, ეგოს დაძლევა, თანაგრძნობა, გულწრფელობა... სიყვარული განვითარებაა. ერთი სიტყვით ამის თქმა შეუძლებელია.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- მაშინ ვერ გავაცნობიერე, ის ემოცია სიყვარული რომ იყო, ეს ამბავი III-IV კლასში დამემართა, იმ გოგოს უბრალოდ ვუცქერდი და ვმუნჯდებოდი, თავად საუბრობდა...
- რომანტიკოსი ხართ? საყვარელი ქალისთვის სერენადები გიმღერიათ?
- (იცინის) სტუდენტობის წლებში სულ მაგ ამბებში ვიყავი.
- როგორც ვიცი, მეუღლესთან დაშორებული ხართ.
- დიახ.
- ახლა შეყვარებული ხართ?
- დიახ. ჩემი რჩეული გახლავთ ანა შამილაძე, ის თქვენი კოლეგაა, აჭარის ტელევიზიის დილის გადაცემის წამყვანი. მე და ანა კლასელები ვიყავით, შემდეგ ბავშვთა ოპერაშიც ერთად ვმღეროდით. არ გვახსოვს, მაგრამ თურმე საბავშვო ბაღშიც ერთად გვივლია. სკოლას რომ ვამთავრებდით, ანა გათხოვდა, შემდეგ მეც ოჯახი შევქმენი, მაგრამ... ისე მოხდა, რომ ერთმანეთი 15 წლის შემდეგ ხელახლა ვიპოვეთ და ჩვენ შორის გრძნობაც დაიბადა.
- დაოჯახებას აპირებთ?
- ჯერ ძალიან არ ვჩქარობთ, ახლა ორივე კარგად ვართ.
- ამ ინტერვიუსთვის თქვენი ერთობლივი ფოტო უნდა გთხოვოთ.
- ასეთ ფოტოს საჯარო სივრცეში ვერ იპოვით, მაგრამ მე გადმოგიგზავნით.
- ყოველთვის შეუძლია. კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ჩემმა შვილებმა, ოჯახურმა გარემომ და ანასთან შეხვედრამ.
- მაკვირვებს...
- შურიანი ადამიანი. ვერ წარმომიდგენია, არც ვიცი, როგორია ეს განცდა, არავისი არაფერი შემშურებია, ამ განცდას უღირსობასთან ვაიგივებ.
- ვიტყუები....
- არასდროს. ხანდახან მინდა კეთილი ტყუილი ვთქვა და ეგეც არ გამომდის.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ხათრიანობა, ემოციურობა. ადამიანთან პირველივე შეხვედრისას შეიძლება გადავწყვიტო, ვახ, რა მაგარი ადამიანია და ამ დროს ასე სულაც არ იყოს. ბოლო დროს ვცდილობ, ერთი ნახვით ადამიანებზე წარმოდგენა აღარ შევიქმნა.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- წვერი გაიპარსეო, ეს ოჯახის წევრებისგან ყველაზე ხშირად მესმის.
- როცა მარტო ვარ...
- ვუსმენ სიმღერებს, ბოლო დროს კი პოლიტიკურ პოდკასტებს ვუყურებ, ექსპერტების აზრებს ვისმენ და ვცდილობ, მეტი ინფორმაცია მივიღო.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- სეირნობა არის რელაქსი, ძალიან მშველის, დაძაბულობას მიხსნის და საღად აზროვნებაში მეხმარება. ბათუმში თუ ვარ, ზღვის სანაპიროზე გავდივარ.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ბევრი დარიგება მიმიღია, მოსმენა ძალიან მიყვარს, მაგრამ კონკრეტული ფრაზა ახლა არ მახსენდება. ჩემს განვითარებაში, განათლებაში, წარმატებულ მუსიკალურ კარიერაში წვლილი ბევრ ადამიანს მიუძღვის. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ჩემს პედაგოგს მადლობას გადავუხდი.
- მინდა ვიცოდე პასუხი შეკითხვაზე...
- ქრისტიანი ვარ, უფლის რწმენა მაქვს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, გარდაცვალების შემდეგ იმ სამყაროში რა ხდება. ეს თითქოს ყველამ ვიცით, მაგრამ ნანახი რომ არ გაქვს, მაინც სულ ფიქრებში ხარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ახლობელი მიდის ამ ქვეყნიდან.
- დაბოლოს გეტყვით...
- მადლობას. მადლიერი ვარ უფლის, სამყაროსი იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც მომეცა. ქება იქნება თუ კრიტიკა, ყველაფერს ვისმენ და ვაანალიზებ. მადლობა ადამიანებო, ერთხელ დაკრული ტაშისთვის, მადლობა თითოეული ხმისთვის, რომლითაც არჩევნებზე მხარდაჭერა გამომიცხადეთ!
თამუნა კვინიკაძე