"ეს ტკივილი აღდგომის მოახლოებისას უფრო მძაფრდება... საფლავებზე სანთლები გამთენიისას, 6-7 საათზე ინთებოდა, მაშინ დრონი არ არსებობდა, მაგრამ ვინმეს რომ - კვირის პალიტრა

"ეს ტკივილი აღდგომის მოახლოებისას უფრო მძაფრდება... საფლავებზე სანთლები გამთენიისას, 6-7 საათზე ინთებოდა, მაშინ დრონი არ არსებობდა, მაგრამ ვინმეს რომ გადაეღო, ძალიან ემოციური სანახაობა იქნებოდა"

"ბედი ხშირად მიღიმის, სხვადასხვა დროს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობის ბედნიერება მქონდა, რომლებთან შეხვედრას სიზმრადაც კი ვერ წარმოვიდგენდი"­, - ამბობს მსახიობი ჯანო იზორია­ და იმ ადამიანებს და ამბებს იხსენებს, რომლებმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს.

რეზო ჩხეიძე

- თეატრალურში რომ ვაბარებდი, დიდ განცდებში ვიყავი, ვნერვიულობდი - კომისიის წევრები ყოველთვის ცნობილი რეჟისორები, მსახიობები არიან. იმ წელს კომისიაში ბატონი რეზო ჩხეიძე გახლდათ. გამოცდების დროს მასთან ნანა თუთბერიძე იყო მისული, გადაცემისთვის უნდა ჩაეწერა. მახსოვს, მე რომ შევედი, ნანას უთხრა, ამ მეგრელ ბანდერასს, კოჭოიას გავუშვებ და ინტერვიუ მერე ჩავწეროთო. ჩავაბარე თეატრალურში და ბატონი რეზოს ჯგუფში მოვხვდი. მამამ მითხრა, "ჯარიკაცის მამის" რეჟისორის ჯგუფში მოხვედრა იცი შენ რას ნიშნავსო? რა თქმა უნდა, ეს ჩემთვისაც დიდი სიხარული იყო. მაშინ ფილმები ასეთი ხელმისაწვდომი არ იყო, მქონდა კასეტა, რომელზეც ბატონი რეზოს ორი ფილმი იყო ჩაწერილი: "ჯარისკაცის მამა" და "ღიმილის ბიჭები". ამ ფილმებს ვუყურებდი და ვუყურებდი დაუსრულებლად.

მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ ადამიანის მადლიერი ვიქნები. მას სტუდ­ენტ­ების მიმართ უდიდესი სითბო და სიყვარული ჰქონდა, 13-ივე სტუდენტი ვუყვარდით. თითქმის ყველა თბილისელი იყო, მხოლოდ მე ვიყავი ფოთიდან და ეკა არჩაია­ - სოხუმიდან, დევნილობის შემდეგ ისიც თბილისში ცხოვრობდა.

რეზო ჩხეიძე დიდი რეჟისორი რომ იყო, ამაზე ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ის ისეთივე დიდი იყო თავისი ადამიანობით, პიროვნული თვისებებით, როგორც რეჟისორი. დედამიწაზე ასეთი უშურველი კაცის მნახველი არ ვარ. სტუდენტობის დროს თიაქარის ოპერაცია მქონდა გასაკეთებელი, ქვეყანაში რთული პერიოდი იყო, დიდი გასაჭირი. ოპერაციის ფული არ მქონდა და ეს ამბავი რეზო ჩხეიძემ რომ გაიგო, ჩემი ოპერაცია მთლიანად მან დააფინანსა. მაგრამ ამაზე მაგარი რა იყო, იცით? ოპერაციის შემდეგ პალატაში ვწევარ, დედაჩემიც იქვე ტრიალებს და უეცრად­ მესმის დერეფანში ჩოჩქოლი ატყდა, მერე კი ჩემს პალატაში ბატონი რეზო გოგი დოლიძესთან (კინოფაკულტეტის პრორექტორი) ერთად შემოვიდა, ხელში ფორთოხლებითა და ძღვენით. ეს ჩემთვის ისეთი სიხარული იყო, იმწამსვე გამოვჯანმრთელდი.

ერთხელ ბატონმა რეზომ სტუდენტები პატრიარქთან წაგვიყვანა. უწმინდესი გვესაუბრა, მერე ტრაპეზზე მიგვიწვია. პატრიარქმა ყველას გვკითხა, რამდენი შვილის ყოლას აპირებთო? მაშინ პატარები ვიყავით, ყველამ ერთი ან ორი დაასახელა. უწმინდესმა გვითხრა, რაც შეიძლება ბევრი შვილი უნდა იყოლიოთ, მრავალშვილიან ოჯახებში დიდი მადლიაო და გაიხსენა მისი ბებია და ბაბუა, რომლებიც ძალიან ახალგაზრდები დაქორწინებულან და ბევრი შვილი ჰყოლიათ...

ბატონი რეზო პერიოდულად გვიწყობდა შეხვედრებს კახი კავსაძესთან, რამაზ ჩხიკვაძესთან, თემურ ჩხეიძესთან, გურამ­ დოჩანაშვილთან... აუდიტორიაში მობრძანდებოდნენ ეს ლეგენდები და მთელი 5 საათი მასტერკლასს გვიტარებდნენ. ამაზე კარგი სტუდენტს რა უნდა ენატრა? ამიტომ ვამბობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ.

რეზო ჩხეიძე სულ ამბობდა, როცა ამ პროფესიაში ხარ, შეიძლება ვიღაცისთვის­ მაგალითი იყო, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, ისე უნდა იცხოვრო, რაც არ უნდა მოხდეს, ადამიანობა შეინარჩუნოო.

ერთხელ, ერთ-ერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე, ბატონ რეზოსთან ერთად­ წითელ ხალიჩაზეც კი მოვხვდი. ფეხზე ტრავმა მიიღო და რეაბილიტაციის პერიოდი ჰქონდა. ერთ ხელში ტროსტი ეჭირა, მეორე ხელი მე გამომდო და ასე გავიარეთ. ის ემოცია არასდროს დამავიწყდება...

დაბადების დღეზე ფიროსმანის ნახატების რეპროდუქცია მაჩუქა, რომელსაც აწერია: "ჯანო, ფიროსმანის ცხოვრება ასეთი იყო, ხატავდა ისე, როგორც მის სულს და გულს სურდა, როგორც კარნახობდა, აბა, შენ იცი, შენც ქართული გულით, სულით სავსე იყავი!" ქვემოთ მისი და მისი მეუღლის ხელმოწერაა.

რეზო ჩხეიძის ცხოვრება, მისი ბიოგრაფია ჩემთვის მაგალითია, რომელზეც სულ სწორება მაქვს, როგორ უნდა ვიცხოვრო. როგორც კი დროს გამოვნახავ, დიდუბის პანთეონში, მის საფლავთან მივდივარ, როგორც მისი ჭირისუფალი.

გურამ დოჩანაშვილი

- ჩვენი ჯგუფელი ანა ნიკოლაშვილი გათხოვდა, ქორწილი ჰქონდა და მეგობრებმა საჩუქრად გურამ დოჩანაშვილის ოთხტომეული შევურჩიეთ, რომელიც ახალი გამოსული იყო. მოვინდომეთ, წიგნები ავტორის ხელმოწერით გვეჩუქებინა. ბატონ რეზოს ვთხოვეთ დახმარება, რასაკვირველია, უარი არ უთქვამს და ერთ მშვენიერ დღეს, მე და ჩემი მეგობარი ირინა ბატონ გურამთან დილის 9 საათზე მივედით (ამ დროზე ვიყავით შეთანხმებული). კარი ბატონმა­ გურამმა გაგვიღო. მობრძანდითო, მიგვიპატიჟა. შინ უცნაური სურათი დაგვხვდა - მის სამუშაო ოთახში წიგნები ფრინველებივით იყო მიმოფანტული. დაკვირვებიხარ? გადაშლილი წიგნები ჩიტებს ჰგვანან. მერე სავარძელში საოცარი პლასტიკით ჩაეშვა, თამბაქოს ეწეოდა და თავისი საოცარი ხმით გვეფერებოდა... ვუყურებდი მის თვალებს და შოკში ვიყავი, ღმერთო, სად ვარ, ვისთან ვარ-მეთქი? გვითხრა, ერთდროულად მოცარტს რომ უსმენ­ და ვაჟა-ფშაველას კითხულობ, ასეთი რამ გაგიგიათო? პირდაფჩენილები ვუყურებდით ამ გენიოსს, მერე ორივეს თავისი წიგნი გვაჩუქა. გვიამბო, ახალგაზრდობაში აფხაზეთში ვისვენებდი, მე და ჩემი მეგობარი სანაპიროზე ვიწექით, გოგონებმა გაიარეს, გამოველაპარაკეთ, გვკითხეს, რა გვარები ბრძანდებითო? ჩემი გვარი რომ ვუთხარი, ჩაიხითხითესო. მერე პაუზა გააკეთა და თქვა, მათ რა იცოდნენ, რომ დედით ემხვარი ვარო.

ბატონი გურამი ისეთი თბილი იყო, ისეთი სევდიანი, ისეთი დრამატული და თან ისეთი დიდი სინათლით სავსე, წარმოუდგენელია ის წუთები, ის სახლი, ის გარემო როდესმე დამავიწყდეს.

erabtamn-1745169554.jpg

მერაბ ნინიძე

- არ მეგულება მსახიობი, მერაბ ნინიძესთან თამაშის სურვილი არ ჰქონდეს. ბატონი მერაბი ნოდარ მარშანიშვილის ფილმზე "კარს მიღმა" მუშაობის დროს გავიცანი. ჩვენ ძმების როლებს ვთამაშობთ­. ფილმმა საფესტივალო მოგზაურობა უკვე დაიწყო.­ ამ ადამიანთან შეხვედრა და საუბარი­ იყო უდიდესი შთაბეჭდილება. იჯდა ჩვენთან როგორც თანასწორი და გვიამბობდა ამბებს... გადაღებებისას ჩართული იყო ყველა დეტალში, რეჟისორს მიჰყვებოდა, რასაც ეუბნებოდა­, იმას აკეთებდა. მერაბ ნინიძე ხომ დიდი არტისტია, მაგრამ იქ განსხვავებას ვერ იგრძნობდი, უშუალო იყო ყველასთან და ბოლოს პარტნიორობისთვის მადლობაც გადაგვიხადა. ადამიანი, რომელსაც ამხელა გამოცდილება აქვს, შენ კი ახალგაზრდა ხარ და ის კომფორტს შეგიქმნის, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. სხვათა შორის, მასთან შეხვედრის ბედნიერება მქონდა სერიალ "ბოლო სეზონშიც"... როდესაც ახალგაზრდა მსახიობს გადასაღებ მოედანზე უკვე გამოცდილი მსახიობი პოზას გიჭერს, შონ პენიც რომ იყო, მაინც მთხლე გახდები. მიხარია, რომ მე და ბატონი მერაბი "ბოლო სეზონის" გადასაღებ მოედანზე ისევ შევხვდით.

დაუვიწყარი ზარი

- ტელეფონზე ზარია: - ჯანო, გამარჯობა, ჯემალ ბაღაშვილი ვარ. ჯერ კიდევ ვიწექი და წამში გამოვფხიზლდი, წამოვჯექი. მითხრა, "ბლექსი არენაზე" საიუბილეო კონცერტი გვექნება, "ჩხიკვთა ქორწილი" უნდა აღვადგინოთ და ამ მიუზიკლში მჭირდებიო. რა დამემართებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ? დედაჩემთან მივვარდი, ეს ამბავი პირველი მას ვუთხარი, მერე სიხარულისგან დავლიე. ამ ზარიდან ძალიან მალე უკვე რეპეტიციაზე ვიყავი. თემურ წიკლაურთან, ნუგზარ კვაშალთან, ვახტანგ ტატიშვილთან, ლუიზ­ა კობალაძესთან, ლილი ზღვაურსა და მანანა თოდაძესთან ერთად ვცხოვრობდი სასტუმროში და ამ ადამიანებთან გატარებული თითოეული წუთი დაუვიწყარი იყო. კონცერტის წინ ბატონი ჯემალი ყველა ადამიანს სათითაოდ მადლობას უხდის, მერე საოცარი ენერგეტიკით მუხტავს და სცენაზე უშვებს, ეს ძალიან კარგი რიტუალია...

ადგილი, რომელიც არასდროს დამავიწყდება

- სულ მახსოვს ჩემი სოფელი აფხაზეთში, ჩემი ოტობაია, ეს ტკივილი აღდგომის მოახლოებისას უფრო მძაფრდება. მერამდენე წელია, ჩემი ბებიების და ბაბუების, ბიძის საფლავზე ვერ მივდივარ. არასდროს ვყოფილვარ ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობრის საფლავზე...

იცით, აღდგომის დღესასწაული იქ როგორ თენდებოდა? მეგრულად აღდგომას "თანაფას" ეძახიან, რაც თენებას ნიშნავს. სოფელში ტრადიცია იყო, საფლავებზე სანთლები გამთენიისას, 6-7 საათზე ინთებოდა, მაშინ დრონი არ არსებობდა, მაგრამ ვინმეს რომ გადაეღო, ძალიან ემოციური სანახაობა იქნებოდა. მთელი სასაფლაო სანთლის შუქით ჩირაღდნდებოდა, უფროსები მიწას ღვინოს აპკურებდნენ. მერე ყველა ოჯახებში ვბრუნდებოდით და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღვნიშნავდით. ტაბაკი (სუფრა) იშლებოდა,­ ახლობლები ერთმანეთთან გადადიოდნენ და ეს იყო ყველაზე თბილი ურთიერთობა. უჰ! გამიცოცხლდა ახლა ის ემოცია, აფხაზეთი ჩემთვის არის დიდი ტკივილი, სიყვარული, მონატრება, რომელთანაც ბევრი ნათელი მოგონება მაკავშირებს.

თამუნა კვინიკაძე