"რუსული პროპაგანდა მუდმივად ცდილობს ქართველი მებრძოლების დისკრედიტაციას. ჩვენ ვიცით, რომ მარტო არა ვართ ამ ომში"
ქართველები რომ უკრაინელებისთვის საუკეთესო თანამებრძოლები არიან, ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტის შესახებ მინდა გიამბოთ - უკრაინელმა მწერალმა იგორ პიდკოვმა ჩვენს მებრძოლ თანამემამულეებს წიგნი მიუძღვნა. "ქართველები იყვნენ პირველები, რომლებმაც შექმნეს უცხოური ქვედანაყოფი და დადგნენ უკრაინის დასაცავად; ისინი პირველები იყვნენ, რომლებმაც მიიღეს ოფიციალური ნებართვა ემსახურათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში... სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მოხალისეებს შორის ქართველებმა ყველაზე მეტი მებრძოლი დაკარგეს ბრძოლის ველზე და ამას აქვს თავისი ახსნა", - ამბობს უკრაინელი მწერალი. მისივე თქმით, წიგნის თითქმის ყველა გმირი ბრძოლის ველზე დაეცა ან დაიღუპა სამხედრო ჰოსპიტალში მძიმე ჭრილობების გამო. "მათ ისტორიებზე მუშაობა ძალიან მძიმეა... მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია ამ ჯარისკაცების ხსოვნის შენარჩუნება". როგორც უკრაინელი მწერალი ამბობს, მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩა 64 ქართველი ბავშვი, მათ შორის 29 არასრულწლოვანი, ორ ქართველ მოხალისეს კი გარდაცვალების შემდეგ შეეძინა ქალიშვილი. უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ უკრაინელები ქართველ მებრძოლებს, რა წარმოდგენებს ქმნიან საქართველოსა და ქართველებზე ჩვენი თანამემამულეები, იგორ პიდკოვთან ინტერვიუში შეიტყობთ.
- ძნელია გაუმკლავდე ემოციას, როდესაც იგებ, რომ ბრძოლის ველზე დაეცა ჯარისკაცი, რომელსაც დილით ესაუბრებოდი, ან ცოტა ხნის წინ მისი "ფეისბუკის" სტატუსს კითხულობდი. ისინი ხომ ჯერ კიდევ გუშინ ოცნებობდნენ და გეგმებს აწყობდნენ, ეგონათ, აღდგომისა და შობის დღესასწაულებს შინ შეხვდებოდნენ, შვილებსა და შვილიშვილებს ჩაეხუტებოდნენ, დაბადების დღის მორიგ თარიღს თანამებრძოლებთან ერთად აღნიშნავდნენ... სამწუხაროდ, უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა გრძელი და სისხლიანი იქნება.
ღმერთს ვევედრები, რომ არც ერთი ქართველი მებრძოლი აღარ გახდეს ჩემი წიგნის გმირი, თუმცა რეალობა გაცილებით სასტიკია, ბოლო 6 თვის განმავლობაში 9 ქართველი სამხედრო დაიღუპა.
- უკრაინაში სხვადასხვა ქვეყნის მოხალისეები იბრძვიან, თქვენ რატომ გადაწყვიტეთ, რომ წიგნი ქართველებზე დაგეწერათ?
- ქართველი მოხალისეები უკრაინელების მხარდამხარ პირველივე დღიდან იბრძვიან. მათი მონაწილეობა არ არის მხოლოდ სოლიდარობის ჟესტი, ისინი აცნობიერებენ, რომ საქმე ეხება ორი ერის საერთო ბედს, რომლებიც სხვადასხვა დროს დაზარალდნენ რუსული აგრესიის შედეგად. წიგნი, რომელიც ქართველებს ეძღვნება, ისტორიული და მემორიალური შინაარსისაა და მისი მიზანი უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპული ქართველი მებრძოლების პატივისცემაა. წიგნში აღწერილია 2014-2025 წლებში რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაღუპული ქართველი მოხალისეების ბიოგრაფიული ჩანახატები. ჩვენ შევეცადეთ მკითხველს საბრძოლო გზის იმ ნაწილის შესახებ ვუამბოთ, რომელიც ძალზე რთულ სადაზვერვო, თავდასხმასა და დივერსიულ ოპერაციებში ქართველების მონაწილეობას ეხება და ხაზი გავუსვათ ფრონტზე უცხოელი მოხალისეების დიდ მნიშვნელობას, როგორც მოტივაციურ ფაქტორს უკრაინელი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად.
როდესაც უცხოელი მოხალისეები, ქართველები, ბრიტანელები, პოლონელები გაყინული წყლით სავსე თხრილში ხტებიან და ყვირიან, დიდება უკრაინას.
ჩვენ ვიცით, რომ მარტო არა ვართ ამ ომში. ომის პირველი დღიდან რუსული პროპაგანდა ცდილობს უკრაინისთვის მებრძოლი ქართველების დისკრედიტაციას. წიგნის კიდევ ერთი ამოცანაა დაუპირისპირდეს რუსულ მანიპულაციურ ნარატივებს, რომლებიც ცდილობენ უკრაინაში მებრძოლი ქართველების შეურაცხყოფას, მაგალითად, კრემლის მედია ქართველებს ახასიათებს როგორც დაქირავებულებს და არა მოხალისეებს, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, საომარი მოქმედებების დროს ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ და ა.შ.
ქართველები უკრაინაში 2014 და 2022 წლებში ჩამოვიდნენ. უმრავლესობა მაინც 2022 წლის მარტში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დროს არის ჩამოსული. პირველ ეტაპზე ჩამოსულ მოხალისეებს 100%-იანი საბრძოლო და სამხედრო გამოცდილება ჰქონდათ. ისინი იყვნენ 1992-1993 წლების აფხაზეთის ომისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეები, რომლებმაც საომარი მოქმედებების შემდეგ ქართულ არმიაში სამსახური განაგრძეს და გაიუმჯობესეს პროფესიული კვალიფიკაცია, გაიარეს ნატოს წვრთნები და მონაწილეობა მიიღეს ავღანეთისა და კოსოვოს სამშვიდობო მისიებში. შესაბამისად, ზოგიერთი მათგანი უკრაინული ქვედანაყოფების ინსტრუქტორი გახდა. თუმცა უმრავლესობა სადაზვერვო და თავდასხმის ნაწილებს შეუერთდა და ურთულესი დავალებების შესრულება უწევდათ როგორც მტრის ზურგში, ასევე ფრონტის წინა ხაზზე. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ უცხოელ მოხალისეებს შორის ყველაზე მეტი მებრძოლი ქართველებმა დაკარგეს. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ქართველები მტერს პირდაპირ თვალებში უყურებენ. დასავლური ქვეყნებიდან მოხალისეების მოტივაცია მორალური პრინციპები, დასავლური ღირებულებების დაცვის აუცილებლობაა. "ქართული ლეგიონის" აბსოლუტური უმრავლესობისთვის ომში მონაწილეობის მთავარი მოტივია ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნების წინა პირობების შექმნა.
დაღუპული ქართველი მოხალისეებისთვის რუსეთის მიერ ძირძველი ქართული მიწების ოკუპაცია არა მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემად, პირად ტრაგედიად იქცა. ამ ხალხმა დაკარგა ოჯახები, ტრადიციული ცხოვრების წესი და ა.შ. მათ თვალწინ მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი. ამიტომ საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინის დახმარების გამო, არამედ საქართველოსთვის წართმეული მიწების გათავისუფლებისა და შინ დაბრუნებისთვის.
- შეგიძლიათ გამოყოთ რომელიმე მათგანის ისტორია, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?
- თქვენი გაზეთი ხშირად აქვეყნებს ძალიან საინტერესო და ინფორმაციულ სტატიებს უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე. ქართულ ონლაინგამოცემებში პუბლიკაციების დიდი ნაწილი იმ მებრძოლებს ეძღვნება, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან. ასეთი ისტორიები ძალიან მნიშვნელოვანია მათი ხსოვნის პატივსაცემად. საგულდაგულოდ გამოვიკვლიე და მასალად გამოვიყენე ხათუნა ბახტურიძის, ლალი პაპასკირის, თეა ხურცილავასა და სხვა ჟურნალისტების სტატიები. ყველა ეს პუბლიცისტი შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი წიგნის თანაავტორად. მეეჭვება, ამ ავტორების პუბლიკაციების გარეშე, წიგნი საინტერესო ყოფილიყო.
რთულია, ბრძოლაში გმირულად დაცემული ქართველებიდან რომელიმეს გამოყოფა, თითოეული მათგანი ჩვენს ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას იმსახურებს. თუმცა მე აქცენტს გავაკეთებ ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლზე. ეს გახლავთ 19 წლის ნიკოლოზ შანავა. ის მამამისივით საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გახდა, რუსებს უკრაინის ფრონტის ხაზზე დაუპირისპირდა. ნიკოლოზმა ღირსეულად გაიარა სამშობლოს დამცველის რთული გზა. ასევე მინდა გამოვყო კონსტანტინე ლაშხიას წარმოუდგენელი ისტორია. ის აფხაზეთის ომის დროს სოხუმიდან უკრაინელებმა დედამისის თხოვნით გემით გამოიყვანეს. პატარა კოტე ერთხანს ოდესაში, უკრაინულ ოჯახში იზრდებოდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი პროფესიონალი სამხედრო გახდა. გავიდა 10 წელი და ქართველი მეომარი უკრაინის დასაცავად დაბრუნდა და ბრძოლაში გმირულად დაეცა. ასევე ამაღელვებელია უკრაინის მოქალაქე ძმები მაჭარაშვილების ისტორია. ბიჭები ქართულ-უკრაინულ ოჯახში დაიბადნენ, გაიზარდნენ უკრაინაში, მაგრამ კარგად იცოდნენ ქართული ენა და საქართველოს ისტორია. უკრაინისთვის ტრაგიკულ პერიოდში ორივე ძმა მზვერავი გახდა და ორივე გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
ქართველი მოხალისეების ცხოვრებისა და ბრძოლის ათასობით საგმირო ისტორიაა, ყველა მათგანმა ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ყველაზე ძვირფასი რამ - საკუთარი სიცოცხლე შესწირა. დღეს ჩვენს ქალაქებში აღმართული საქართველოს დროშა სიყვარულს, მოწიწებასა და პატივისცემას იწვევს, რაც იმ ქართველი მოხალისეების დამსახურებაა, რომლებიც იცავდნენ უკრაინას ჰოსტომელსა და ბახმუტში, ასევე პოკროვსკისა და ჩასივ-იართან.
თავად არასდროს ვყოფილვარ ფრონტის ხაზზე, სტუდენტებთან ერთად განვიხილავ სამხედრო მოვლენებს და ვწერ ომის გმირებზე. ვცდილობ პატივი მივაგო გმირების ხსოვნას და ჩემი შრომით დავუპირისპირდე რუსეთის საინფორმაციო ომს. რუსულ ელექტრონულ ვერსიებში უცხოელი, განსაკუთრებით კი ქართველი მოხალისეები, სისტემატური და ზედმიწევნითი ყურადღების ობიექტები არიან. რუსები ცდილობენ ქართველები წარმოაჩინონ სამხედრო დამნაშავეებად, თითქოს სასტიკად ეპყრობიან სამხედრო ტყვეებსა და რუს მშვიდობიან მოქალაქეებს; ცდილობენ ქართველი მებრძოლები დაქირავებულებად წარმოაჩინონ, თუმცა ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან. ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინა მოხალისეებს, მათ შორის ქართველებსაც, სამედიცინო მომსახურებას არ უწევს და არ იხდის კომპენსაციებს მათი გარდაცვალების შემდგომ. ამ საკითხს სამი წლის განმავლობაში ვიკვლევდი და ჯერ არ შემხვედრია გარდაცვლილის ოჯახის საჩივარი. არის კიდევ ერთი რუსული პროპაგანდისტული ნარატივი, რომლის მიხედვით, ქართველები უკრაინისთვის იხოცებიან, მაგრამ მათ შესახებ უკრაინულ მედიაში მწირი ინფორმაცია ვრცელდება. უკრაინულ მედიაში უმეტეს შემთხვევაში გარდაცვლილი მოხალისეების შესახებ ცნობები ინფორმაციულია. შესაძლოა ეს უსაფრთხოების ან ომის საიდუმლო მიზნების გამო ხდებოდეს, თუმცა გადაღებულია სამი დოკუმენტური ფილმი, რომლებიც უკრაინაში ქართველების მამაც და შეუპოვარ ბრძოლას ეხება. ამ ფილმების რეჟისორი რუსლან ჰანუსჩაკი ფრონტზე დაიღუპა. ონლაინპუბლიკაციებშიც ხშირად ქვეყნდება სიუჟეტები ბრძოლის ველზე დაცემული ქართველების ცხოვრებისა და ბრძოლის შესახებ. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ქართველი ძმების, რომლებიც უკვე 10 წელია უკრაინელი მებრძოლების გვერდით დგანან, შეუპოვრად ებრძვიან რუსულ აგრესიას და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად დაამარცხებენ ჩვენს საერთო მტერს.
ხათუნა ბახტურიძე