"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო" - როგორ ეხმაურებიან პაპის გარდაცვალებას პოლიტიკოსები? - კვირის პალიტრა

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო" - როგორ ეხმაურებიან პაპის გარდაცვალებას პოლიტიკოსები?

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიას და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში. პაპი ფრანცისკე დაამახსოვრდებათ, როგორც სულიერი ლიდერი, რომელსაც ღრმა თავმდაბლობა, თანაგრძნობა და გამბედაობა ახასიათებდა - მშვიდობის, ადამიანური ღირსებისა და ერებსა და სარწმუნოებებს შორის ერთიანობის ურყევი დამცველი. მისი მორალური სიცხადე და ურყევი ერთგულება უფრო სამართლიანი და თანამგრძნობი სამყაროს შექმნისადმი თაობებს შთააგონებს“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი X-ზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში ქართველი ხალხის სახელით მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება. ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას",- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, კათოლიკური ეკლესიის ლიდერი, პაპი ფრანცისკე, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კათოლიკურ ეკლესიას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბოლო წლებში პაპს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. მან ცოტა ხნის წინ ორმხრივი პნევმონიის მძიმე შეტევა გადაიტანა.

ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც აღდგომის ორშაბათს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მქონდა პატივი, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ვწვეოდი და ჩვენს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის კავშირების გასაძლიერებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შევთანხმებულიყავი“, - წერს ზურაბიშვილი.

დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ მისი უწმინდესობა, პაპი ფრანცისკე, გარდაიცვალა, ვუსამძიმრებ ყველა კათოლიკეს მსოფლიოში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„როდესაც ცოტა ხნის წინ რომში შევხვდით, მადლობა გადავუხადე პაპ ფრანცისკეს მისი ძლიერი ლიდერობისთვის ყველაზე დაუცველი ადამიანებისა და ადამიანური ღირსების დაცვაში. ვუსამძიმრებ ყველა კათოლიკეს მსოფლიოში“, - წერს კალასი.

რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც.

„დღეს მსოფლიო გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას. მან თავისი თავმდაბლობითა და უმანკო სიყვარულით მილიონობით ადამიანი შთააგონა, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მიღმაც კი. ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვინც ამ დიდ დანაკარგს განიცდის“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პაპი ფრანცისკეს დღეს დილით გარდაცვალებას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე სოციალურ ქსელში წერს.

„მისი ერთგულება მშვიდობისა და თანაგრძნობის მიმართ მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო. სამძიმარს ვუცხადებთ კათოლიკურ საზოგადოებას და ყველას, ვინც მისმა გარდაცვალებამ შეძრა“, - წერს მარკ რუტე.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე დღეს დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.