ბერია რომის პაპის წინააღმდეგ - ოპერაცია поп-ი ანუ როგორ ცდილობდა საბჭოთა დაზვერვა ვატიკანში აგენტურის ჩანერგვას - კვირის პალიტრა

ბერია რომის პაპის წინააღმდეგ - ოპერაცია поп-ი ანუ როგორ ცდილობდა საბჭოთა დაზვერვა ვატიკანში აგენტურის ჩანერგვას

2025 წლის 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა რომის პაპი ფრანცისკე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 1.4 მილიარდი კათოლიკე ცხოვრობს, ხოლო რომის პაპი ყველა მათგანის „სულიერი მამაა“, მაშინ გასაგები გახდება ის უზარმაზარი ძალაუფლება, რომელიც მას გააჩნდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ვატიკანი (1929 წლამდე „წმინდა „საყდარი“) დღეისთვის ყველაზე უძველესი ორგანიზაცია/ინსტიტუტია მსოფლიოში. ჩვენი ქვეყნის შინ და გარეთ მიმდინარე ურთულესი მოვლენების ფონზე მკითხველს შეიძლება შეკითხვა გაუჩნდეს: „რა დროს ვატიკანია და რომის პაპია, როდესაც...“?

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაცია – ვატიკანი, აქტიურადაა ჩართული ყველა გლობალურ პროცესში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათზე. ამიტომაცაა, რომ მრავალი ქვეყნის სპეცსამსახური ცდილობს, ოპერატიულ-აგენტურული მეთოდებით არა მარტო საიდუმლო ინფორმაცია მიიღოს მსოფლიოს ყველაზე „პატარა-დიდი“ სახელმწიფოდან, არამედ - ზემოქმედება მოახდინოს ვატიკანის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვატიკანი საკმაოდ აქტიურ პოლიტიკას ატარებს საქართველოშიც, იქ მიმდინარე პროცესები და ახალი პაპის არჩევის საკითხი, ძალზე ყურადსაღები უნდა იყოს ჩვენთვის.

საბჭოთა და რუსეთის სპეცსამსახურების მუდმივი ოპერატიული დამუშავების ობიექტები ყოველთვის იყვნენ და არიან რელიგიური ორგანიზაციები, მათ შორის - კათოლიკური ეკლესია და ვატიკანი.

ამ სტრუქტურებში კა-გე-ბეს აქტიური ოპერატიული მოღვაწეობის (აგენტურის შეგზავნა, ფარული მოსმენა, “აქტიური ღონისძიებები”, შანტაჟი, ლიკვიდაცია და ა. შ.) ამსახველი დოკუმენტები (მათ შორის, როგორც ისტორიული, ასევე - ოპერატიული მნიშვნელობის) კვლავ რუსეთის სპეცსამსახურების “ცხრაკლიტულებშია” გადამალული. მიუხედავად ამისა, ე.წ. სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ ბევრმა ძველმა და ახალმა, სრულიად საიდუმლო დოკუმენტმა იხილა დღის სინათლე.

1917 წლის თებერვლის რევოლუციისა და რომანოვების იმპერიის დამხობის შემდეგ რუსეთის „დროებითმა მთავრობამ“ კათოლიკეებს ყველა შეზღუდვა მოუხსნა. „წმინდა საყდარი“ კმაყოფილებით მიესალმა მეფის დამხობას და აღიარა ახალი მთავრობა. რომის პაპი ბენედიქტ XV იმედოვნებდა, რომ ამის შემდეგ, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად, კათოლიკურ ეკლესიასაც მიეცემოდა განვითარების შესაძლებლობა. 1917-1927 წლებში „წმინდა საყდარი“ ცდილობდა, ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზები გამოენახა. თუმცა კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებაში მოსულმა „ბოლშევიკებმა“ დიდი ჟინითა და ფანატიზმით შეუტიეს სწორედ ეკლესიას, განსაკუთრებით - კათოლიკურს.

ამის შემდეგ რომის პაპმა პიუს XI-მ ღიად დაიკავა ანტიკომუნისტური და ანტისაბჭოთა პოზიცია. „დიდი ბელადიც“ ვალში არ დარჩენია და 1930 წლის 27 ივნისს, პარტიის მე-16 ყრილობაზე გამოსვლისას, განაცხადა: “ სწორია თუ არა ჩვენი პარტიის გენერალური ხაზი?... დიახ ეს ხაზი სწორია... ამას მოწმობს ჩვენი პარტიის პოლიტიკის წინააღმდეგ გააფთრებული ყმუილი, რომელიც ახლახან წამოიწყეს ჩვენმა კლასობრივმა მტრებმა, კაპიტალისტებმა და მათმა პრესამ, პაპმა და ყველა სახის ეპისკოპოსმა“ (ციტატის დასასრული).

სტალინის სიტყვას - საქმე მოჰყვა და რეპრესიები რელიგიური ორგანიზაციების მიმართ უფრო დაუნდობელი გახდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლომდე საბჭოთა სპეცსამსახურები ვატიკანში ძლიერი პოზიციებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ. ვითარება შეიცვალა მხოლოდ 1939 წლიდან, როდესაც დაზვერვის ხელმძღვანელობა ლ.ბერიამ ჩაიბარა.

არსებული ინფორმაციით ბერიამ „ვატიკანის მიმართულებაზე“ ორი თანამშრომელი: ნიკოლაი გორშკოვი (1912-1995; -გაგზავნილი იქნა რომში 1939 წელს) და გლებ როგატნევი (1910-2001; - რომელიც საბჭოთა საგარეო დაზვერვის რეზიდენტი იყო იტალიაში 1940 წლის ოქტომბრიდან) გაამწესა. მალევე საბჭოთა დაზვერვას ვატიკანში უკვე ორი აგენტი ჰყავდა (ოპერატიული მეტსახელები: "მეგობარი“ და "გაო“).

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მთლიანად იტალია და ვატიკანიც საბჭოთა დაზვერვის „შტურმის“ ქვეშ მოექცა. ვატიკანის წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციების გაფართოება იმითაც იყო გამოწვეული, რომ 1940-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა კავშირში მკვეთრად გაიზარდა კათოლიკეთა რაოდენობა, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგი იყო: „შემოერთებულ ტერიტორიებზე“ მცხოვრებთა უდიდესი უმრავლესობა კათოლიკე გახლდათ. რომის პაპი პიუს XII ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და დასავლეთ უკრაინაში კათოლიკეების დევნაზე დაუფარავად საუბრობდა და მკაცრად აკრიტიკებდა საბჭოთა რეჟიმს. ამის გამო მას საბჭოთა პროპაგანდა „ფაშისტების დამცველად“ მოიხსენიებდა.

საბჭოთა სპეცსამსახურებმა პარტიისგან მიიღეს დავალება, უფრო გაეფართოებინათ ვატიკანის წინააღმდეგ ფარული ოპერაციები. ამ მიმართულებით განსაკუთრებით დიდ წარმატებას მათ 1960-იანი წლების მეორე ნახევარიდან მიაღწიეს, მას შემდეგ, რაც კა-გე-ბეს შეფად იური ანდროპოვი დაინიშნა.

blog4-1745305404.jpg

ივანე აღაიანცი

ვატიკანის წინააღმდეგ ოპერატიულ-აგენტურულ ოპერაციებში ჩართული იყო „სოციალისტური ბლოკის“ ყველა ქვეყნის სპეცსამსახური და ისინი კოორდინირებულად უტევდნენ „წმინდა საყდარს“. ერთ-ერთი საიდუმლო თათბირი 1967 წლის ივლისში ბუდაპეშტში გაიმართა. შემხვედრი მთავარი თემა ვატიკანის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობის კოორდინაცია იყო. მაშინ მოხსენებით გამოვიდნენ: საბჭოთა საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილე ივანე აღაიანცი, კა-გე-ბეს მე-5 სამმართველოს (იდეოლოგიური) მე-4 განყოფილების (რელიგიური გაერთიანებები) უფროსი ილარიონ ხამაზიუკი და სხვები. მათი მთავარი ამოცანა ვატიკანის წინააღმდეგ სადაზვერვო და ოპერატიული მუშაობის გაუმჯობესების გზების დასახვა იყო. კა-გე-ბეს დელეგაციის წინადადებას, ვატიკანის წინააღმდეგ მუშაობის გაძლიერების აუცილებლობის თაობაზე, ყველა ქვეყნის წარმომადგენელი დაეთანხმა, რუმინეთის გარდა.

1968 წელს იური ანდროპოვმა საიდუმლო მოხსენება გაუგზავნა პოლიტბიუროს, სადაც ამტკიცებდა, რომ „წმიდა საყდრის“ ძირგამომთხრელი იდეოლოგიური მუშაობის მთავარი მიზანი საბჭოთა კავშირის ერთიანობის დანგრევა არისო. „ამისთვის სასულიერო პირები ავრცელებენ საეკლესიო პროპაგანდისტულ ლიტერატურას, ადიდებენ დასავლურ ცხოვრების წესს, აღძრავენ ნაციონალისტურ გრძნობებს საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობაში და თესავენ საბჭოთა ხალხში უნდობლობას საბჭოთა კავშირისა და პარტიის მიმართ“– ამტკიცებდა „პირველი ჩეკისტი“.

ioan-1745305388.jpg

თავდასხმა იოანე პავლე მეორეზე

1978 წლის ოქტომბერში პოლონელი კარდინალის - კაროლ ვოიტილას რომის პაპად არჩევა საბჭოთა კავშირის იმპერიული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარცხი იყო.

ეს მოვლენა უნდა ჩაითვალოს, ერთი მხრივ, “სოციალისტური ბანაკიდან” პოლონეთის გამოსვლის და, მეორე მხრივ კი, თვით ამ “ბანაკის” დაშლის მძლავრ იდეოლოგიურ იმპულსად. საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ მოვლენების ამგვარი განვითარების თავიდან ასაცილებლად დამუშავებული და უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული იყო სპეცღონისძიებების კომპლექსური გეგმა კოდური სახელწოდებით - поп, რომელიც მიზნად ისახავდა პონტიფიკის დისკრედიტაციას - დეზინფორმაციისა და ჭორების გავრცელების გზით. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, რომ “გეგმა” მხოლოდ “უწყინარი” ოპერაციებით არ შემოიფარგლებოდა.

1981 წლის 13 მაისს თურქი ტერორისტი ალი აგჯა (რომელიც იტალიელ “წითელ ბრიგადებთან” მჭიდრო კავშირში იყო) თავს დაესხა რომის პაპს და მძიმედ დაჭრა ის (არსებობს ვერსიები, რომ ეს თავდასხმა კა-გე-ბეს საგარეო დაზვერვის “ს” სამმართველოს, რომელიც არალეგალურ დაზვერვას ხელმძღვანელობდა, მე-8 განყოფილების - “სპეციალური ოპერაციები” - ორგანიზებული იყო. თუმცა ეს დოკუმენტურად ჯერ კიდევ არაა დადასტურებული). ვატიკანისა და რომის პაპის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები ითვალისწინებდა ოპერატიული ტექნიკის ფართო გამოყენებასაც (ფარულ მოსმენებს, ვიდეოგადაღებებს, სატელეფონო საუბრების სკანირებას და ა. შ.).

heimo-1745305358.jpg

კონრად ჰეიმო

დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ 1980-იანი წლების დასწყისში კა-გე-ბეს ვატიკანში, პაპის ახლო გარემოცვაში, სულ მცირე - სამი აგენტი ჰყავდა. აქედან ერთ-ერთმა, ჩეხოსლოვაკიის მოქალაქე ირენა ტროლეროვამ, რომელიც კარდინალ კაზაროლის – ვატიკანის სახელმწიფო მდივნის ნათესავზე იყო გათხოვილი, შეძლო კარდინალის პირად აპარტამენტებში “ჟუჩოკის” დაყენება და რამდენიმე წლის მანძილზე საბჭოთა დაზვერვა უპრობლემოდ იგებდა ვატიკანის საიდუმლოებებს. მოსასმენი აპარატურა მხოლოდ 1990 წელს აღმოაჩინეს იტალიის სპეცსამსახურებმა. იოანე პავლე II-ის გარდაცვალების შემდეგ პოლონელმა კარდინალმა იუზეფ გლემპმა დაადასტურა, რომ რომის პაპი საბჭოთა და სოციალისტური პოლონეთის დაზვერვის მუდმივი ყურადღების ობიექტი იყო. ამ ოპერაციაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა პოლონელ მღვდელ კონრად ჰეიმოს. რომის პაპს ყოველთვის გვერდით ჰყავდა ეს ღვთისმსახური. საინტერესოა, ვერ ხვდებოდა მის მისიას თუ სულგრძელად პატიობდა?

(პირველი ნაწილის დასასრული)