რა ხდება კრემლის კულუარებში და რა გეგმები აქვს პუტინს? - "ტრამპის მეორე პრეზიდენტობიდან სამი თვის გასვლის შემდეგ მოსკოვში იმედგაცრუება გამეფდა"
„რუსეთისათვის კარგი იქნება, თუ აშშ უკრაინის ირგვლივ მიმდინარე დიალოგს დატოვებს: მოსკოვი დონალდ ტრამპის გარეშეც სწრაფად გაერკვევა სიტუაციაში“, - წერს ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ (The New York Times) სტატიაში სათაურით - „რუსებს ეჭვები ებადებათ: ნამდვილად შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას?“ (ავტორი - ანტონ ტროიანოვსკი, გაზეთის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
აშშ-ში, რუსეთში, უკრაინასა და ევროპაში ბევრი ელოდებოდა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებდა, მაგრამ ახლა ისინი უკვე ამაში დარწმუნებულნი აღარ არიან. ტრამპის მეორე პრეზიდენტობიდან სამი თვის გასვლის შემდეგ მოსკოვში შესამჩნევი იმედგაცრუება გამეფდა.
ის ადამიანები, რომლებიც რუსეთში კრემლთან არიან დაახლოებულნი, ნაწყენები არიან არა მარტო დონალდ ტრამპის უთავბოლო და სუმბურული მიდგომით მოლაპარაკებისადმი, არამედ - ვლადიმერ პუტინის ურყევი სიჯიუტით და მოუქნელობით.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა და მისმა უმაღლესმა დიპლომატმა მარკო რუბიომ ხუთშაბათს გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთეს, რომ ამერიკას შეუძლია, სამშვიდობო დიალოგს თავი დაანებოს და შუამავლობის მცდელობა მიატოვოს, ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი შიშობს, რომ მოლაპარაკების ჩაშლა საომარი მოქმედებების შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს.
მშვიდობის პროცესი „ბევრად უფრო დაყოვნებით მიდის, ვიდრე უნდა მიდიოდეს და არა ისე, როგორც სასურველია“, - ამბობს ლიბერალური პოლიტიკოსი გრიგორი იავლინსკი. ისევე, როგორც 2023 წელს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, როცა მან პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა, იავლინსკის ახლაც იგივე პოზიცია აქვს: „ვლადიმერ პუტინი მომენტით სარგებლობს და ბრძოლას აგრძელებს. მას სურს მაქსიმალური უპირატესობა ჰქონდეს, სავარაუდო მოლაპარაკების დაწყების წინ“.
ახლა საკითხი მდგომარეობს იმაში, უკან დაიხევს თუ არა ვლადიმერ პუტინი თავის მოთხოვნებში, რომლებიც, ერთი შეხედვით, თითქმის არ შეცვლილან, გასული წელთან შედარებით: უკრაინამ, სანამ საომარ მოქმედებებს შეწყვეტდეს, ოფიციალურად უარი უნდა განაცხადოს ნატოს წევრობის სურვილზე და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად რუსეთის არმიას აქვს ოკუპირებული.
ჯერჯერობით დონალდ ტრამპისა და მისი თანაშემწეების სულ უფრო მკვეთრ გაფრთხილებებს, რომ მათი მოთმინების ფიალა შეიძლება აივსოს, კრემლზე რაიმე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია.
ვლადიმერ პუტინი ძველებურად უარს აცხადებს ცეცხლის ერთთვიან შეწყვეტაზეც კი, რომელსაც უკრაინა მარტში დაეთანხმა.
შაბათს ვლადიმერ პუტინმა „სააღდგომო ზავი“ გამოაცხადა, რითაც, როგორც ჩანს, მას იმის დემონსტრირება სურდა, რომ კრემლი ძველებურად არის დაინტერესებული მშვიდობის დამყარებით.
პუტინი ფიქრობს, რომ იმ პასუხით, როგორსაც კიევი გასცემს კრემლის შეთავაზებას, გამოჩნდება, აქვს თუ არა უნარი უკრაინას სამშვიდობო ნება გამოავლინოს და საომარი მოქმედებები შეწყვიტოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი თავისი რუსი მტერი კოლეგის სიტყვები „ადამიანების სიცოცხლით მორიგი თამაშის მცდელობად“ შეაფასა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, დაიცავს თუ არა კიევი ზავის პირობებს.
მაგრამ თუ უკრაინის მიმართ დონალდ ტრამპის გულგრილ დამოკიდებულებას და ევროპელი მოკავშირეების უსასოობას გავითვალისწინებთ, ამით ვლადიმერ პუტინს თავისი აზრი უმტკიცდება: რუსეთი უკრაინას ომით გამოფიტავს და, საბოლოო ჯამში, მაინც გაიმარჯვებს. პარალელურად, კრემლი თეთრ სახლს მეტად მაცდურ წინადადებებს სთავაზობს, რუსეთის ულევი რესურსების ერთობლოვად სარგებლობის მიზნით.
„ბოლოსდაბოლოს, ყველაფერს აქვს დასასრული - ამ შემთხვევაში, აშშ-ის უშედეგო მცდელობებსაც“, - განაცხადა მარკო რუბიომ. მისი თქმით, ამერიკა, უბრალოდ, თავს დაანებებს მშვიდობის დამყარების მცდელობებს და „ხელებს დაიბანს“. დონალდ ტრამპმა კი დაამატა, რომ თუ რომელიმე მხარე დაბრკოლებებს არ შეწყვეტს, მაშინ ამერიკა სხვა გზას აირჩევს.
მაგრამ კრემლი ურყევი რჩება და მიანიშნებს, რომ მას სამშვიდობო შეთანხმების დადება არ ეჩქარება. ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელიც რუსი „ქორების“ ჯგუფს მიეკუთვნება, რუბიოს სიტყვებზე ასეთი კომენტარი გააკეთა: მოსკოვი უარს არ იტყვის, თუ ამერიკა „პილატესავით ხელებს დაიბანს... ჩვენ ყველაფერში სწრაფად გავერკვევით და საქმეს მოვუვლით“.
როგორც ამას წინათ რუსული „ლევადა-ცენტრის“ კვლევით გამოვლინდა, რუსები იმედიანად უყურებდნენ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას და მასში ომის შეწყვეტის მსურველ ადამიანს ხედავდნენ.
რაც შეეხება პუტინს, იგი თითქოსდა მხარს უჭერს მშვიდობას, მაგრამ ისეთი პირობებით, რომ მშვიდობა საეჭვო ხდება. ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უკვე მერამდენედ ხვდება კრემლის ბინადარს და ხანგრძლივად ესაუბრება, შედეგი კი არ ჩანს: ბრძოლები იმავე ინტენსიურობით მიდის, იმავე სიხშირით ხორციელდება საჰაერო დარტყმები.
კულისებში ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი, რომლებსაც კრემლთან კავშირები აქვთ, გაღიზიანებულები არიან, თუმცა ღრმად კონფიდენციალურად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას.
ერთ-ერთი წყარო, რომელიც ახლოს იცნობს რუს მაღალჩინოსნებს, იტყობინება, რომ ცეცხლის შეწყვეტის საკითხში ვლადიმერ პუტინი მოსალოდნელზე უფრო ჯიუტი და „ჭირვეული“ აღმოჩნდა და როგორც ჩანს, იგი არანაირად არ დათმობს თავის პირობებს - იმას, რომ უკრაინამ ოფიციალური უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრებაზე და დაემშვიდობოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ოცნებას.
მეორე წყარო ვარაუდობს, რომ პუტინის, ტრამპისა და უიტკოფის მრავალსაათიანი საუბრების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი ერთმნიშვნელოვნად არ ამბობს, რომ ნაწილობრივ რაღაც დაუთმოს უკრაინას, რომელიც, ვთქვათ და, უარს იტყვის ნატოში გაწევრებაზე.
მთავრობასთან დაახლოებული ერთ-ერთი ანალიტიკოსის თქმით, ვლადიმერ პუტინი არ ამჟღავნებს იმ მოქნილ დიპლომატიას, რომელსაც მისგან ელოდებიან. კრემლი ცდილობს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებში უკრაინის საკითხი მეორე პლანზე გადაიტანოს და შეხვედრების დროს ამერიკას მხოლოდ უშუალოდ რუსეთთან დაკავშირებულ ორმხრივ საკითხებზე ესაუბროს, მაგალითად - ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, არქტიკის და კოსმოსის ერთობლივ ათვისებაზე და ა.შ. ანუ კრემლს ნაკლებად ადარდებს, თუ უკრაინის საკითხზე შეთანხმება ჩაიშლება.
ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი თვლის, რომ თეთრი სახლის მხრიდან გამოვლენილი მოუთმენლობა - სწრაფად დათანხმდეს მოსკოვი მშვიდობის დამყარებაზეო, აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის ექოს წარმოადგენს, როცა დონალდ ტრამპი კონფლიქტის სწრაფად დასრულების პირობას დებდა. ფიოდორ ვოიტილოვსკი, მოსკოვის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი, ამბობს, რომ იგი გაკვირვებულია თეთრი სახლის „გულუბრყვილობით“, რომ ცეცხლი ტრამპის „ხელის ერთი აქნევით შეწყდებოდა“. იგი ხაზს უსვამს, რომ ჯერჯერობით მხარეები გზის დასაწყისში იმყოფებიან.
„რუსეთს არ სურს არც თავისი ინტერესების გაწირვა, არც თავისი უსაფრთხოებისა, რათა დონალდ ტრამპს მისი საშინაო-პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში დაეხმაროს ანუ მას წინასაარჩევნო დაპირებები შეუსრულოს“, - თქვა ფიოდორ ვოიტილოვსკიმ სატელეფონო საუბრის დროს.
„თუ აშშ ნამდვილად დატოვებს უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესს, მაშინ რუსეთს მოუწევს, დიპლომატიური პროცესი ძალის უფრო მეტი გამოყენებით ჩაანაცვლოს“, - თქვა მან.
გრიგორი იავლინსკი, მოსკოველი ლიბერალური პოლიტიკოსი, როცა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებდა, იგი - ისევე როგორც რუსული პოლიტიკური ელიტის სხვა წარმომადგენლები - იმავდროულად ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასაც აკრიტიკებდა, რომ დემოკრატი პრეზიდენტი ხელს არ უწყობდა და საკმაო ძალისხმევას არ ახმარდა დიპლომატიური მეთოდებით სარგებლობას. როცა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, იავლინსკი მიესალმა მის სურვილს ცეცხლის შეწყვეტაზე.
მაგრამ ახლა იავლინსკი ხაზს უსვამს, რომ დონალდ ტრამპი ევროპის სამომავლო უსაფრთხოებას ყურადღებას არ აქცევს, რაც ნებისმიერი შეთანხმების მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა იყოს. იგი ევროპას მოუწოდებს, რომ უფრო მეტად ჩაერთოს მოლაპარაკებაში და აქტიურობა გამოიჩინოს.