საშინელი ჯაჭვური რეაქციის მსოფლიო საფრთხე, რომელიც საქართველოსაც შეეხება?! - რა მოხდება, თუ ტრამპმა ზელენსკის ყირიმი ოფიციალურად "დაათმობინა"? - კვირის პალიტრა

საშინელი ჯაჭვური რეაქციის მსოფლიო საფრთხე, რომელიც საქართველოსაც შეეხება?! - რა მოხდება, თუ ტრამპმა ზელენსკის ყირიმი ოფიციალურად "დაათმობინა"?

არაღიარების პოლიტიკის დასასრული?- თუკი ტრამპმა აიძულა უკრაინა ანექსირებული ყირიმის რუსეთისთვის „დასათმობად“, რა ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება ამას?

23 აპრილს ლონდონში დაგეგმილია დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, აშშ-ისა და საფრანგეთის მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურების შეხვედრა, რომელზეც განიხილება უკრაინის ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის პირობები...

ბევრი, პირველ რიგში კი - უკრაინის მოსახლეობა, იმედის თვალით შეჰყურებს ლონდონის მოლაპარაკებების სავარაუდო შედეგს, რომელმაც ასე სანუკვარი მშვიდობა უნდა მოიტანოს მრავალტანჯულ უკრაინულ მიწაზე, მაგრამ...

მაგრამ, რუსეთისთვის სულ ერთია, რას იმსჯელებენ ლონდონში, რადგან უკრაინაში მშვიდობის დასადგურება მეტწილად კრემლზეა დამოკიდებული...

სწორედ პუტინმა დაიწყო ეს საშინელი ომი და, პირველ რიგში, სწორედ მას შეუძლია ცეცხლის შეწყვეტა, რაც მთელ მსოფლიოს ორიოდე დღის წინ აჩვენა კიდეც, როდესაც 30 სთ-იანი „სააღდგომო ზავი“ გამოაცხადა.

მართალია ამ რუსული „სააღდგომო ზავის“ პერიოდში ცეცხლი ფრონტის ყველა მონაკვეთზე არ შეჩერებულა და რუსული საარტილერიო დაბომბვებიც კი გრძელდებოდა, მაგრამ პუტინის არმიამ ამ 30 სთ-იან „მშვიდობის პაუზის“ დროს არ გამოიყენა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ, რაც უკრაინელებმა იგრძნეს და მეტად მოუნდათ საჰაერო განგაშების გარეშე, ღამით მშვიდი ძილი.

ასე რომ, რაც უნდა მოილაპარაკონ ლონდონში, მისი შედეგები თუ არ გაითვალისწინა პუტინმა, რუსეთ-უკრაინის ომი დროებითაც არ „დაპაუზდება“...

ამას, ბუნებრივია, ხვდება პრეზიდენტი ტრამპიც, რომელიც „გამძვინვარებულია“ იმის გამო, რომ შეპირებული „24 სთ“-ის კი არა, 100 საპრეზიდენტო დღის განმავლობაშიც ვერ აჩერებს რუსეთ-უკრაინის ომს (ისევე, როგორც ჯერჯერობით წარუმატებლად მიმდინარეობს ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები ღაზას სექტორისა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით) და ცდილობს, ზეწოლის პოლიტიკით დაიყოლიოს ამ შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე ერთი მხარე მაინც, რომ ის სერიოზულ დათმობებზე წავიდეს...

გასაგები მიზეზების გამო, ის მხარე, რომელზეც ამერიკელი პოლიტიკოსები ხვალ ლონდონის შეხვედრაზე სერიოზულ ზეწოლას განახორციელებენ, სწორედ უკრაინა იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ტრამპი პუტინს იმის მეასედსაც კი ვერ გაუბედავს, რაც ზელენსკის აკადრა და მათ შორის - თავის ოვალურ კაბინეტში...

დასავლური მედია თავიდან ავრცელებდა სენსაციურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლონდონის შეხვედრაზე ამერიკული მხარე უკრაინელებისგან მოითხოვს... რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის „დე-ფაქტო“ „დათმობას“ პუტინისთვის - იქ მაინც უმეტესი რუსულეროვანი მოსახლეობაა და მას კიევი ისედაც ვეღარ აკონტროლებს, თერთმეტ წელზე მეტია და რაღა გინდათ უკრაინელებოო? - დაახლოებით, ასეთია ტრამპის ადმინისტრაციაში არსებული პოზიცია...

ლონდონის შეხვედრაზე არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტ ტრამპის წარგზავნილმა ამერიკულმა დელეგაციამ კიდევ უფრო სერიოზული ზეწოლა განახორციელოს უკრაინელ კოლეგებზე... რუსეთისთვის არა მარტო ანექსირებული ყირიმის, არამედ - უკრაინის ტერიტორიის 20%-ი ოკუპირებული მიწების „დე-ფაქტო“ „დასათმობად“ ანუ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებშიც კი...

რა ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს ეს ყველაფერი მსოფლიოს იმ დანარჩენ ქვეყნებში, სადაც ამჟამად 55 შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს და უმეტეს შემთხვევებში, სწორედ ტერიტორიული პრეტენზიების გამო?

ეს ხომ არ მოახდენს არაღიარების საერთაშორისო პოლიტიკის კრახს, რომელიც პირველ რიგში, ჩვენ საქართველოს შეეხება, თავისი ორი სეპარატისტული „გაყინული“ კონფლიქტის ზონით, რომლებიც იმავე რუსეთს აქვს ოკუპირებული?

ის, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ ამ ქართული მიწების ოკუპანტი რუსეთის გარდა, მხოლოდ ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელმა სხვა ქვეყნებმა „აღიარეს“, აქამდე პირველ რიგში, სწორედ აშშ-ის დიპლომატიური ზეწოლის დამსახურება გახლდათ, როდესაც თეთრი სახლი ღიად აფთხილებდა სხვა სახელმწიფოების ხელისუფალთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს კუთვნილი ამ ორი რეგიონის „აღიარება“ მათ ძვირად დაუჯდებოდათ...

მაგრამ რა მოხდება, თუკი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის სასწრაფო, თუნდაც დროებითი შეჩერების უდიდესი სურვილის გამო (პირველ რიგში, მისივე საშინაო და საგარეო პოლიტიკური იმიჯის გადასარჩენად), დაუშვა პრეცედენტი და აგრესორ ქვეყანას (ამ შემთხვევაში - რუსეთს) ძალით დაპყრობილის „პრივატიზაციისა“ და „ლეგალიზაციის“ საშუალება მისცა?

იქნებ სწორედ ესეც არის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის არცთუ შორეულ გეგმებში, რომ პუტინისთვის ამ პრეცედენტის დაშვების შემდეგ თავადაც მოახდინოს დანიის კუთვნილი მსოფლიოს უდიდესი კუნძულის - გრენლანდიის „გადაფორმება“ აშშ-ისთვის, ისევე, როგორც პანამის არხზე ისევ ამერიკული ვარსკვლავ-ზოლებიანი დროშის აღმართვა?