"სალომე ზურაბიშვილს მილიონჯერ შევთავაზე ეს გაეკეთებინა, მაგრამ..." - რატომ მიიჩნევს გია ხუხაშვილი, რომ ოპოზიციაც არალეგიტიმურია?! - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილს მილიონჯერ შევთავაზე ეს გაეკეთებინა, მაგრამ..." - რატომ მიიჩნევს გია ხუხაშვილი, რომ ოპოზიციაც არალეგიტიმურია?!

გთავაზობთ ეპიზოდს "კვირის პალიტრის" 21 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული მასალიდან, რომელშიც ექსპერტები პოლიტიკური კრიზისის განვითარების სცენარებს საუბრობენ.

"ჩვენ, ფაქტობრივად, ოპოზიცია არა გვყავს"

გია ხუხაშვილი: - ფაქტია, საზოგადოებაში ჩვენი განვითარების ვექტორის­ დეგრადაციის პროცესი აშკარად იგრძნობა­. სულ სხვა საკითხია, რომ პროტესტი აქტიურ ფაზაში ვერ გადადის, იმდენად აქტიურში, რომ ხელისუფლებას მოსთხოვო რაღაცის შეცვლა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ძალაზე რეაგირებს, სხვა არგუმენტებს, სამწუხაროდ, არ აღიარებს და ურაპატრიოტიზმსა და ფსევდორელიგიურობას ამოფარებული საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობს. ამ დროს ვერ ხერხდება პროტესტის ისე კონსოლიდირება, რომ ხელისუფლება აიძულოს, დაჯდეს მოლაპარაკების­ მაგიდასთან. "ოცნება" ელის, რომ ვიზალიბერალიზაციას შეექმნება პრობლემები და ამას პროპაგანდისტულად უკვე ისე ფუთავენ, თითქოს სუვერენიტეტი უფრო მეტი ღირს, ვიდრე ვიზალიბერალიზაცია და ისევ ამ ურაპატრიოტულ ნარატივს ეფარებიან. ის, რომ პროტესტი ძალას ვერ იკრებს, ჩემი აზრით, ოპოზიციის პასუხისმგებლობაა - ვერ ახერხებენ ამ პროტესტის სტრუქტურირებას, ძალის მოკრებას, კონსოლიდაციას, სარდლის გარეშე კი ვერც ერთი არმია ომს ვერ იგებს - ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ამასობაში ქართული სახელმწიფო ძალიან ზიანდება. საბედნიეროდ, ამას ჯერ შეუქცევადი ხასიათი არ მიუღია, მაგრამ ფაქტია, ვითარება ყოველდღიურად სულ უფრო მძიმდება.

- ამ კვირაში თვალში საცემი იყო ისრების გადატანა გახარიაზე, როგორც "ოცნების", ასევე ოპოზიციის მიერ. თქვენი შეფასებით, ეს რას ნიშნავს და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს თუნდაც ოპოზიციურ ფლანგზე?

- სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, მაგრამ ამავე დროს გვყავს არალეგიტიმური ოპოზიცია. მასაც არა აქვს დიდი მხარდაჭერა ხალხში. შესაბამისად, როდესაც არ იცი, რა გააკეთო, სხვისკენ თითის გაშვერაზე გადადიხარ. მათი სამიზნე ხელისუფლება უნდა იყოს, მაგრამ საკუთარ შეცდომებში, უსუსურობაში ვიღაცას უნდა დასდონ ბრალი, თორემ გახარია ახლა რასაც ამბობს, ეს პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. თუნდაც ის, რომ დღემდე არ ამბობს, მიიღებს­ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამის გამო მისი დამუნათება და გაკრიტიკება, სტიგმატიზება და მძიმე შეფასებები აზრს მოკლებულია. ეს ისევ "ოცნების" ინტერესებშია და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

კატათაგვობანას თამაშობენ და გახარიას კომისიაზე მისვლით თუ ხელისუფლებამ რაიმე პოზიტიური შედეგი მიიღო, ის არის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პროცესი რაღაც ჭორაობა იყო და საგნობრივი არაფერი ყოფილა.

- რა შეიძლება მოხდეს?

- დღევანდელ ვითარებაში პროგნოზი ძალიან რთულია, რადგან ბევრი სუბიექტური ფაქტორი ზემოქმედებს ამ პროცესებზე და სამწუხაროდ, არა მხოლოდ შიდა, არამედ საგარეო პოლიტიკურიც. საქართველოში პროცესების განვითარება დიდწილად დამოკიდებულია იმ დიდ გლობალურ პროცესზე, რაც უკავშირდება ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრებას. აშკარაა, რომ ეს პროცესი მიდის, ხოლო ეპიცენტრში უკრაინაა და იქ პროცესების განვითარება პირდაპირ აისახება საქართველოს მომავალზეც. კიდევ უფრო რთულია პროგნოზირება, იმიტომ, რომ ძალიან სუბიექტური ფაქტორი შემოვიდა პროცესში აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სახით, რომელსაც შეუძლია დილით ერთი თქვას და საღამოს სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს. მგონი, ტრამპმა თვითონაც არ იცის, ხვალ დილით რომ გაიღვიძებს, რას იტყვის და ჩვენ რა პროგნოზი უნდა გავაკეთოთ? ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა იპოვოს ხალხთან მისასვლელი გზა. დღეს პოლიტიკური კლასი ცალკე ცხოვრებით ცხოვრობს და ხალხის პროტესტი - ცალკე. რამდენი მარში ვიხილეთ, მაგრამ ყველაფერი დაქსაქსული და ამას პოლიტიკური გონი, კონსოლიდაცია სჭირდება. მაგრამ პოლიტიკური კლასი არაფერს აკეთებს, რომ ხალხთან ხიდი გადოს, ნდობა დაიბრუნოს, ავტორიტეტი მოიპოვოს, რაღაც გეგმა შესთავაზოს. პარტიას, რომლის დაძახებულზეც ხუთასი კაციც არ გამოვა, პარტიას ვერ ვუწოდებთ.

- ძალიან უცნაური ვითარებაა, საზოგადოება, რომელიც ქუჩაში დგას, ფაქტობრივად, იმეორებს ოპოზიციის დიდი ნაწილის ნარატივს, რომ არჩევნებში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა,­ თუ "ოცნება" ყველაფერს არ დათმობს, მაგრამ დღეს ამაზე რატომ უნდა წავიდეს "ოცნება", არც ამ ხალხმა იცის და არც ოპოზიციამ და ფაქტობრივად, სასურველს რეალობად აცხადებენ. რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია, რომ სათავეში ჩაუდგეს პროტესტს?

- ხელისუფლება მხოლოდ ძალას აღიარებს, სურს ძალით გადატეხოს წელში პროცესი. მას აღარ აწუხებს სხვა არაფერი­ - ადაპტაცია განიცადა ქუჩის გადაკეტვაზე, აჯარიმებს, აშანტაჟებს, იჭერს და ა.შ. პროცესი რაღაცნაირად მიჰყავს და მაინცდამაინც დიდ პრობლემას ვერ ხედავს ამ ყველაფერში. შესაბამისად, ის რომ დაამარცხო, ამ დიდი პროტესტის უფრო დიდი ძალის ფორმირება, კონსოლიდაცია უნდა მოახდინო. პროტესტი დაქსაქსულია, ამდენი მარში გაიმართა, ოღონდ ცალ-ცალკე და წარმოიდგინეთ, გაერთიანებული ძალით, კონკრეტული ტაქტიკითა და სტრატეგიით რომ შეუტიონ ხელისუფლებას, ეს იმხელა ძალა იქნება, ნებისმიერ ხელისუფალს წალეკავს, მაგრამ არავინ არის, ვინც ამ ყველაფერს თავს მოუყრის. ერთადერთი, ვისაც შეეძლო ამის კაპიტალიზაცია, იყო სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ მისგანაც ვერ ვხედავთ სისტემურ აქტივობას. ეპიზოდურად რაღაცებს ცდილობს, მაგრამ ამას ვერ ექნება საჭირო ეფექტი.­ ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილს პარტიების არ ეშინია. მათი ენა მშვენივრად იცის და კატათაგვობანას ეთამაშება. მას მხოლოდ ხალხის, ამ პროტესტის კონსოლიდაციის ეშინია. ამიტომ ხელისუფლება კიდევ უფრო მეთოდურად მუშაობს, რომ პროტესტი მეტად დაქსაქსოს და საბოლოოდ სამზარეულოებში გადაიტანოს.

ხელისუფლებას აქვს თავისი გეგმა და გეგმაზომიერად მუშაობს მეტ-ნაკლები წარმატებით, ოპოზიციას კი არც გეგმა აქვს და არაფერს აკეთებს, რომ ამას დაუპირისპირდეს. ეს არის ხელისუფლების კოზირი.

ის ოპოზიციის სისუსტეზე დგას, მეტი საყრდენი დღეს "ოცნებას" არა აქვს და მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, სისტემაში. სისტემა წკიპზეა, მაგრამ ამ სისტემაში ხალხი ფიქრობს, კი, არ მომწონს ეს ხელისუფლება, მე შეიძლება ავდგე და გადავიდე საბოტაჟის რეჟიმში, მაგრამ მერე რა ხდებაო? ის მეორე მხარეს ძალას, ზურგს ვერ ხედავს, რომ სისტემამ ჩამოშლა დაიწყოს.

- დღეს სიტუაციის განვითარების ორი სცენარია: "ოცნება" მიჰყვეს დინებას ან გააკეთოს რამე მოულოდნელი. ოპოზიცია რომელიმე ამ სცენარისთვის რაიმე ფორმით ემზადება?

- მათ ოპოზიცია პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, უფრო კომენტატორებად იქცნენ. მიჰყვებიან ხელისუფლების დღის წესრიგს და მერე აკეთებენ ამაზე კომენტარებს. ჩვენ არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელიც სისტემურად იმოქმედებდა. ინდივიდუალურად რომ გზაზე გადადგებიან და გზის გადაკეტვაში მიიღებენ მონაწილეობას, ეს პოლიტიკური პროცესი კი არა, ინციდენტური გამოხდომებია და მეტი არაფერი. ჩვენ, ფაქტობრივად, ოპოზიცია არა გვყავს. ჩვენ გვყავს დღეს უზარმაზარი არმია, რომელსაც არა ჰყავს სარდლობა, ოპოზიციას კი ხელის განძრევა არ უნდა. თუ რაღაცა მოხდა, მერე ხელისუფლებაში მოსვლა კი უნდათ, მაგრამ ამ გზის გავლა არ სურთ. მანქანის მძღოლობაზე აცხადებენ პრეტენზიას, მაგრამ საჭესთან კი არ სხდებიან, უკანა სავარძელზე არიან მოკალათებული და ელოდებიან, მანქანა როდის მიიყვანს A-დან B წერტილამდე. მანქანა უნდა მართო, მაგრამ არც მართვა შეუძლიათ და არც მაინცდამაინც დიდი სურვილი აქვთ.

- რას ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა ჩავარდა? რა შეიძლება გააკეთოს?

- რას ნიშნავს პლატფორმა? კიდევ ერთხელ ვამბობ - პოლიტიკური პარტიები, ცალ-ცალკე თუ ერთად, დღეს ლეგიტიმურები არ არიან. პროტესტი არც ერთ პარტიას არ იკარებს, არც ცალ-ცალკე და არც ერთად. მე მესმის ისეთი პლატფორმის აზრი, სადაც ისხდებიან მსახიობები, ექიმები, მასწავლებლები, სხვადასხვა სოციალური და პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები, რადგან მათში არის ძალა, რომელსაც შეუძლია ხელისუფლება დაამხოს, და არა პარტიებში, რომელთაც ხალხი მხარს არ უჭერს. სალომე ზურაბიშვილს მილიონჯერ შევთავაზე, რომ ეს გაეკეთებინა, მაგრამ რატომღაც არ აკეთებს.

წაიკითხე ვრცლად