მწარე სიმართლე ამერიკელებისთვის?! - უსაფრთხოების სტრატეგია: შეუძლია თუ არა აშშ-ს დამანგრეველი საფრთხეების შეკავება
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) სტატიაში, რომლის სათაურია „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მცდარია და რეალობას არ შეესაბამება“ (ავტორი - ჰარლან ულმანი, ფილოსოფიის დოქტორი, „იუნაითედ პრესინტერნეიშენელის“ მიმომხილველი, მთავარი შემმუშავებელი დოქტრინისა „შოკი და თრთოლვა“). „დოკუმენტში, რომელიც 2022 წელს არის შემუშავებული და კონგრესის მიერ დამტკიცებული, ბევრი შეცდომაა. მასში რუსეთი „მწვავე“ საფრთხედ არის შეფასებული, ჩინეთი კი - „ზომიერ“ საფრთხედ, რაც სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს და აშშ-ის პოლიტიკას აზიანებს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ბევრი ამერიკელი, როგორც კი ფრაზას „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას“ გაიგონებს, სახეს გვერდზე იბრუნებს და უსიამოვნებას გამოხატავს. ვერაფერს იტყვი - ეროვნული უსაფრთხოების გაგება-გაცნობიერებას ყველას ვერ მოსთხოვ, არადა ის ყველას გვეხება და მასზე ყველა უნდა ზრუნავდეს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან და ცივი ომის დაწყებიდან მოყოლებული, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ეფუძნებოდა სამ მარტივ პრინციპს: პირველი - ძლიერ ეკონომიკას, მეორე - ალიანსებისა და მოკავშირეების სისტემას (რომელიც მზად იყო საერთო მტრისაგან კოლექტიური თავდაცვისათვის - უპირველეს ყოვლისა, საბჭოთა კავშირისაგან) და მესამე - კონფლიქტის შეკავების უნარს (განსაკუთრებით თერმობირთვულ ეპოქაში, როცა ომს შეეძლო სასწორზე დაედო ქვეყნის არსებობა). ამასთან, არაფერი არ იყო ნათქვამი იმაზე, თუ რა იყო საჭირო თერმობირთვულ ომში გამარჯვებისათვის და, საერთოდ, მიღწევადი იყო თუ არა გამარჯვება. ასე იყო თუ ისე, ამ ძირითადმა პრინციპებმა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს: მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ხდებოდა მცირე ომები და კონფლიქტები, მსოფლიო ომი დასავლეთსა და სსრ კავშირს შორის თავიდან იქნა აცილებული.
ზოგიერთები თვლიან, რომ სწორედ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ძლიერებამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საბჭოთა სისტემის დაშლაში და არა - თვითონ მისმა ირაციონალურმა არსმა. როცა მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის მართვის სადავეები მიიღო, 1986 წელს, იგი ცდილობდა, ქვეყნის რეფორმირება და მოდერნიზება მოეხდინა ე.წ გარდაქმნის („პერესტროიკა“) და „საჯაროობის“ („გლასნოსტ“) პოლიტიკის მეშვეობით.
მაგრამ საბჭოთა კავშირის უკვე დასუსტებულმა და მყიფე სისტემამ გარეშე გავლენა-ზეწოლები და შიდამტკივნეული ცვლილებები ვეღარ გადაიტანა და 1991 წელს საბჭოთა სისტემა დაინგრა. ამ კრახმა აშშ-ისა და დასავლეთის წინაშე სერიოზული ამოცანა დააყენა: გახდება თუ არა ახალი რუსეთი დასავლური დემოკრატიის მიმდევარი და მისი მოკავშირე ქვეყანა? და თუ შეძლებს, რა მეთოდებით შეუძლია ამის მიღწევა? საბჭოთა კავშირის დაშლიდან თითქმის 40 წელი გავიდა და პასუხი ერთმნიშვნელოვანია - „არა!“ („ნეტ!“).
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რუსეთი მიჩნეულია „მწვავე“ საფრთხედ, ჩინეთი კი - „ზომიერად“. პრობლემა ის არის, რომ არც ერთი შეფასება სინამდვილეს არ შეესაბამება.
„მწვავე“ მუქარა-საფრთხე შეიძლება ჩავთვალოთ როგორც „გარდაუვლად“, „ავისმომასწავებლად“ და „დამთრგუნავად“. მასში იგულისხმება, რომ მოწინააღმდეგე გაქნილი, გამჭრიახი და მოხერხებულია, ეპითეტ „ზომიერში“ კი გარკვეული თავშეკავებაა ნავარაუდევი.
გასაკვირი არ არის, რომ არასწორად განსაზღვრული საფრთხეების სახით, ჩვენ ძირშივე მცდარი სტრატეგია გვაქვს.
მიმდინარე ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, რომელიც პრაქტიკულად არ შეცვლილა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ 2014 წელს მიღებულ თავდაპირველ რედაქციასთან შედარებით, მოწოდებულია, რომ ერთი მხრივ, პოტენციურ მოწინააღმდეგეებს (რუსეთს და ჩინეთს) მეტოქეობა გაუწიოს და შეაჩეროს, ხოლო მეორე მხრივ, თუ ომი მაინც დაიწყება, მათზე გაიმარჯვოს. რასაკვირველია, ასეთი დებულებები რიგ მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს.
რა შეიძლება ჩაითვალოს მეტოქეობის საზომად? როგორ და რის საფუძველზე უნდა გაიზომოს წინააღმდეგობა? არც ერთი და არც მეორე განსაზღვრულ-გარკვეული არ არის.
თუ ამაში ეკონომიკური კონკურენცია იგულისხმება, მაშინ ჩვენთვის რუსეთი არანაირი „მწვავე“ მეტოქე არ არის. სხვა საქმეა ჩინეთი, მაგრამ თუ პეკინს „მწვავე“ საფრთხედ ჩავთვლით, მაშინ ახალი კითხვა იბადება: რა ფაქტორები განაპირობებენ მოახლოებულ საფრთხე-მუქარას?
ახლა, რაც შეეხება შეკავებას: ვის შეკავებას ვაპირებთ სინამდვილეში? ჩინეთი თავის გავლენებს აფართოებს, ტაივანს ისევ ემუქრება და შთამბეჭდავ დიდ საზღვაო ფლოტს ქმნის. რუსეთმა ყირიმი 2014 წელს მიიერთა, 2022 წელს უკრაინას თავს დაესხა და რამდენჯერმე ბირთვული იარაღით იმუქრებოდა. ანუ ამ ყველაფრის შეკავება და თავიდან აცილება ვერ შევძელით.
თუ ომი დაიწყება, ის შეიძლება გადაიქცეს ბირთვულად და თერმობირთვულადაც კი. თერმობირთვული იარაღი, თავისი მახასიათებლებით, ბირთვულზე ათასჯერ უფრო ძლიერი და გამანადგურებელია. ვინ გაიმარჯვებს ასეთ ომში? - ალბათ, არავინ.
გონიერი ადამიანი დაინტერესდება: „რისი გაუმჯობესებაღა შეგვიძლია?“
ამისათვის აუცილებელია, განისაზღვროს საფრთხე-მუქარები და ჩამოყალიბდეს სტრატეგია უფრო მეტად გასაგები და მკაფიო ტერმინებით, ვიდრე - „მეტოქეობა“, „შეკავება“ და „გამარჯვებაა“. ეს ნიშნავს, რომ უნდა დავიწყოთ საფუძვლით და ზუსტად გავარკვიოთ, თუ რა კონკრეტულ საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენთვის ჩინეთი და რუსეთი, სანამ წინააღმდეგობის გაწევის სტრატეგიის შემუშავებაზე გადავალთ.
დიდი ხანია, ვამბობ, რომ ჩვენთვის მთავარ საფრთხე-მუქარას წარმოადგენს „მასშტაბური დამანგრეველი შეტევები და შეფერხებები“ - ეს იქნება ხელოვნური თუ ბუნებრივი კატაკლიზმები. ორივე შემთხვევაში, აუცილებელია არა მათი შეკავება, არამედ - მათი თავიდან აცილება. ვეღარ შეაკავებ შეტევა-იერიშს, თუ მოწინააღმდეგე მას გარდაუვლად თვლის. ასევე, თითქმის შეუძლებელია პანდემიების, კატასტროფული შტორმებისა და მიწისძვრების შეკავება.
ცნების „მასშტაბური დამანგრეველი შეტევები და შეფერხებების“ დანერგვა ამჟამად აუცილებელია. რაც შეეხება სამ სტრატეგიულ პრინციპს, ამ შემთხვევაში:
ა) დონალდ ტრამპის ტარიფები და საგადასახადო პოლიტიკა უფრო მეტ ზიანს აყენებს ეკონომიკას;
ბ) მისი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ალიანსებს არყევს და ნატოს ძირს უთხრის;
გ) საბოლოოდ კი ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკავებთ.
ეს ყველაფერი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის სრულ გადახედვას ითხოვს, მაგრამ ჭეშმარიტად პრინციპული მიდგომა, შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, ნულის ტოლია. მთავარი კითხვა ამჟამად ასეთია: აქვს თუ არა ჩვენს ქვეყანას ამგვარი ძალისხმევის უნარი? ამ კითხვის პასუხზეა დამოკიდებული მთელი ჩვენი საერთო მომავალი.
მოამზადა სიმონ კილაძემ