შავი კვამლი, რომელიც პუტინის კაბინეტიდანაც კი ჩანს - ვინ და რამ ააფეთქა უდიდესი რუსული არსენალი - კვირის პალიტრა

შავი კვამლი, რომელიც პუტინის კაბინეტიდანაც კი ჩანს - ვინ და რამ ააფეთქა უდიდესი რუსული არსენალი?

2025 წლის 22 აპრილს უდიდესი აფეთქება მოხდა, ოღონდ არა იმ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც აგრესორი რუსეთი მეოთხე წელია, დაუნდობლად ბომბავს, არამედ თავად რუსეთში და თანაც - მისი დედაქალაქიდან სულ რაღაც სამოციოდე კმ-ში და თანაც ისე, რომ ცაში რამდენიმე კმ-ის სიმაღლეზე ასული კვამლის შავი ღრუბელი თავად პრეზიდენტ პუტინს შეეძლო, დაენახა კრემლის კაბინეტის ფანჯრებიდან...

და ეს არცაა გასაკვირი, რადგან „ჰაერში აიწია“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს კუთვნილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი 51-ე არსენალი, სადაც რუსეთის არმიისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალები ინახებოდა...

51-ე არსენალი განთავსებულია 3,5 კვ.კმ. ფართობის ტერიტორიაზე და მოიცავს 45 ცალკეულ დახურულ საცავსა და 30 ღია მოედანს, საბრძოლო მასალების შესანახად.

საპროექტო გათვლით, 51-ე არსენალმა შეიძლება, დაიტიოს 264 ათასი ტონის საერთო ოდენობის საარტილერიო ჭურვები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის განკუთვნილი უმართავი რაკეტები, ნაღმსატყორცნის ნაღმები, ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი სხადასხვა კალიბრის ვაზნები და ა.შ.

2-arse-1745397071.png
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 51-ე არსენალი ასე გამოიყურებოდა კოსმოსიდან... იქ აფეთქებების სერიის დაწყებამდე...

რამდენად იყო გადავსებული ამ საბრძოლო მასალებით ეს 51-ე რუსული არსენალი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის ფაქტი, რომ არსენალის ტერიტორიაზე მეორე დღეა, გრძელდება საბრძოლო მასალების დეტონაცია (უფრო მეტიც - ხანძარში მოხვედრილ უმართავ რაკეტებს ერთვებათ მყარსაწვავიანი სარაკეტო ძრავები და ისინი რამდენიმე კმ-ზე ქაოსურად მიფრინავენ და ფეთქდებიან) და არსენალის მიმდებარე შვიდი სოფლიდან 500-ზე მეტი მაცხოვრებლის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა (დაჭრილია ოთხი ადამიანი), საქმე, ეტყობა, მართლაც სერიოზულადაა...

ამაზევე მეტყველებს მსოფლიოში ხანძრების საერთაშორისო მონიტორინგის - FIRMS NASA-ს თანამგზავრული ოპერატიული რუკაც, რომელზეც ნათლად მოჩანს, რომ მოსკოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამოციოდე კმ-ში დაშორებულ ქალაქ კირჟაჩთან მდებარე 51-ე რუსული არსენალის ტერიტორიაზე მართლაც ძალიან ძლიერი ხანძარი მძვინვარებს...

ვის და როგორ შეიძლება აეფეთქებინა ფართომასშტაბიან და გახანგრძლივებულ ომში მყოფი რუსეთის არმიისთვის ასე საჭირო საბრძოლო მასალების ერთ-ერთი უდიდესი საწყობი?

3-arse-1745397071.jpg
თვითმხილველების მიერ გადაღებულ ფოტოვიდეოკადრებში კარგად მოჩანს 51-ე რუსულ არსენალზე მიმდინარე საბრძოლო მასალების დეტონაციის სიძლიერე...

თავად რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ეს არსენალის ტერიტორიაზე დაუდევრობით გაჩენილ ხანძარს მოჰყვა, რაც ცოტა ძნელად დასაჯერებელია, რადგან ჯერ კიდევ გაზაფხულია, ბალახი არ გამომშრალა, რომ ცეცხლი წაჰკიდებოდა (ამასთან იარაღის საწყობების ტერიტორიაზე და მის გარშემოც, როგორც წესი, ბალახს მუდმივად თიბავენ)... უფრო დასაჯერებელია, რომ ეს მორიგი უკრაინული „ოინების“ შედეგია, თუმცა ოფიციალური კიევი, ტრადიციულად, დუმილს ამჯობინებს...

თუკი მართლაც უკრაინულმა მხარემ შესძლო ერთ-ერთი უდიდესი რუსული არსენალის აფეთქება, როგორ მიაღწია ასეთ წარმატებას - კამიკაძე-დრონების გამოყენებით თუ დივერსიის შედეგად?

4-arse-1745397071.png
მსოფლიოში ხანძრების საერთაშორისო მონიტორინგის FIRMS NASA-ს თანამგზავრულ ოპერატიულ რუკაზე ნათლად მოჩანს, რომ მოსკოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამოციოდე კმ-ში დაშორებულ ქალაქ კირჟაჩთან მდებარე 51-ე რუსული არსენალის ტერიტორიაზე მართლაც ძალიან ძლიერი ხანძარი მძვინვარებს...

ამ რუსული 51-ე არსენალიდან უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრამდე უმოკლესი მანძილი 525 კმ-ს შეადგენს და უკრაინულ კამიკაძე-დრონებს სამჯერ უფრო შორ მანძილზეც მიუყენებიათ დარტყმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - 51-ე არსენალი მდებარეობს მოსკოვიდან სულ რაღაც 60-იოდე კმ-ში და, შესაბამისად, ხვდება იმ სამრკალიან საჰაერო თავდაცვის სისტემის „ქოლგის“ ქვეშ, რომელიც რუსეთის დედაქალაქს იცავს...

თუკი 51-ე რუსული არსენალი მართლაც უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ააფეთქეს, ეს უდიდესი ჩავარდნა იქნებოდა მოსკოვის საჰაერო თავდაცვის იმ ძლიერი სისტემისთვის, რომლითაც კრემლი ყოველთვის ამაყობდა...

5-arse-1745397071.jpg
უკრაინული ინტერნეტრესურსის DEFENSE EXPRESS-ის მიერ შედგენილი რუკა, რომელზეც ასახულია ის რუსული არსენალები, რომლებზეც უკრაინის მხარეს აქამდე განუხორციელებია თავდასხმები...

მეორე ვერსიით, ეს აფეთქება უკრაინელ დივერსანტებს შეეძლოთ მოეწყოთ ახლო მანძილზე მფრენი კომპაქტური, კვადროკოპტერის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონების გამოყენებით, რომლებსაც უკრაინის საზღვრიდან კი არ მოუწევდათ ასეულობით კმ-ის ფრენა, არამედ - მათი ფარული გაშვება მოხდებოდა თავად ამ რუსული არსენალის მიმდებარე რაიონიდან. ასეთ შემთხვევაში, რუსეთის საჰაერო თავდაცვის გენერლები მშვიდად ამოისუნთქებენ და „ხელს დაიბანენ“, სამაგიეროდ, თავად პუტინს გაუჩნდება კითხვები თავის ძველ კოლეგებთან - „ეფ-ეს-ბესთან", - როგორ შემოგეპარათ უკრაინელი დივერსანტები მოსკოვთან ასე ახლოს და როგორ აგვიფეთქეს ამხელა არსენალიო...

იმედია, უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუ ვინ, რამ და როგორ „ასწია“ ცაში რუსეთის არმიის ერთ-ერთი უდიდესი არსენალი....

51-ე რუსულ არსენალზე მიმდინარე მძლავრი დეტონაციის ამსახველი ვიდეოკადრები