"26 წლის ბიჭი დაეჯახათ... საოცარი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ, სულ ერთად იყვნენ და ერთად წავიდნენ ამ ქვეყნიდანაც. სიყვარულით შეიქმნა მათი ოჯახი, 4 შვილი გაზარდ - კვირის პალიტრა

"26 წლის ბიჭი დაეჯახათ... საოცარი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ, სულ ერთად იყვნენ და ერთად წავიდნენ ამ ქვეყნიდანაც. სიყვარულით შეიქმნა მათი ოჯახი, 4 შვილი გაზარდეს, შვილიშვილებიც ჰყავთ" - რას ჰყვებიან კახეთის ტრაგედიაზე?

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბუიში, 22 აპრილს, საღამოს საათებში მოხდა. მათსავე საცხოვრებელი სახლის წინ, ჭიშკართან ისხდნენ მარიკა და ბიჭია ამბროსიშვილები და მეზობლებთან საუბრობდნენ, როცა წყვილს მოულოდნელად მანქანა დაეჯახა. სამწუხაროდ, ორივეს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა და ორივე გარდაიცვალა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, დაშავებული მარიკა კი კლინიკაში მიჰყავდათ, მაგრამ გზაში ისიც გარდაიცვალა.

ერთ- ერთი ვერსიით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და სამართალდამცველები დაადგენენ ტრაგედიის მიზეზს.

"ჩვენი თანასოფლელები მარიკა და ბიჭია ამბროსიშვილები არიან გარდაცვლილები. გუშინ საღამოს, ტრაგედია დატრიალდა ჩვენს სოფელში, ძალიან კარგი ადამიანები საკუთარი ჭიშკრის წინ დაიღუპნენ. მართლა უბედური შემთხვევა იყო. 66 წლის იყო მარიკა, ერთი წლით უფროსია მისი მეუღლე, დამნაშავე კი 26 წლის ბიჭია, ადგილობრივი, რომელიც უკვე დაკავებულია.

თვითმხილველებიც იყვნენ იქ და ისინი შეესწრნენ ამ მძიმე ამბავს. სწორი გზაა, დაღმართი არაა და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, არ ვიცით.

საოცარი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ, სულ ერთად იყვნენ და ერთად წავიდნენ ამ ქვეყნიდანაც.

თანავუგრძნობ მათ შვილებს და შვილიშვილებს ამ ტრაგედიის გამო", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

მომხდარს ძალიან განიცდიან ახლობლები და სამძიმარს უცხადებენ ოჯახს.

"ძალიან კარგი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ, სიყვარულით შეიქმნა მათი ოჯახი და ბედნიერად ცხოვრობდნენ. 4 შვილი გაზარდეს, ჰყავთ შვილიშვილები. სულ შრომობდნენ და ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა კარგს იტყვის მარიკაზე და ბიჭიაზე.

სახლის წინ მოწყობილი ჰქონდათ დასაჯდომი ადგილი, მეზობლებიც გადადიოდნენ, სხდებოდნენ იქ და საუბრობდნენ.

ზოგადად, სულ მიხვევა-მოხვევა უნდა გზას ამ სოფელში, მაგრამ მათი სახლის წინ არის სწორი გზა, არ არის მოსახვევი, რატომ მოხდა ეს ამბავი, არ ვიცით.

ადგილობრივია ის ბიჭი, ვინც დაეჯახა, წესიერი ბიჭია, სულ შრომობს ბავშვობიდან და საჭესთან წლებია ზის. რა მოხდა, ამას პოლიცია დაადგენს. წუხელ ისეთი საგიჟეთი იყო, რომ ამ დეტალების გარჩევის დრო არ იყო.

როგორც ვიცი, ნიკა თვითონვე ჩაბარდა პოლიციას. ამ ფაქტს მეზობლებიც შეესწრნენ, გამვლელებიც ყოფილან და იმათაც ნახეს, როგორი უბედურებაც დატრიალდა. სადღაც 7 საათი იქნებოდა... ბაჭია ადგილზე გარდაიცვალა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა მარიკა

4 შვილის გამზრდელი ძალიან კარგი ადამიანები დაიღუპნენ. ბედნიერად ცხოვრობდნენ. სახლში არავინ იყო იმ დროს, ბებოსთან და პაპასთან ცხოვრობს შვილიშვილი და ის ამბობს, 3 წუთის წასული ვიყავი უბანში, რომ დამირეკეს და მითხრეს, ეს ამბავი დატრიალდაო. იმავე სკამზე მჯდარა კიდევ ორი მეზობელი, ერთი წუთით ადრე უთქვამთ, ცოტა ვიწროდ ვზივართო და სხვა სკამზე გადამსხდარან. მათ არ ეწერათ სიკვდილი.

ამას ვინ წარმოიდგენდა...

მთელი ცხოვრება შრომაში გაატარეს. ის ახალგაზრდა ბიჭიც ბავშვობიდან სულ შრომობდა. მანქანასთანაც სულ იჯდა და არ შემიმჩნევია, სწრაფად ევლო და იქ რა მოხდა, არ ვიცი. შეიძლება გაითიშა. თუ სიჩქარეა მიზეზი, ამასაც დაადგენენ სამართალდამცველები. თანავუგრძნობ ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო", - ამბობს ჩვენთან საუბარში ოჯახის ახლობელი.

სოფელში ავარიის მიზეზად დიდი სიჩქარე განიხილება. ხომ არ იყო საჭესთან მთვრალი მძღოლი, ალბათ ამას ექსპერტიზა დაადგენს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით 276 მუხლით დაიწყო, მძღოლი დაკავებულია, რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას, ჯერჯერობით უცნობია.

(სპეციალურად საიტისთვის)