პრეზიდენტო ტრამპ, სინამდვილეში ვის მხარეზე ხართ ამ ომში?! - უკრაინას რუსეთი რაკეტებით ურტყამს, ამერიკა კი დიპლომატიურად უტევს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტო ტრამპ, სინამდვილეში ვის მხარეზე ხართ ამ ომში?! - უკრაინას რუსეთი რაკეტებით ურტყამს, ამერიკა კი დიპლომატიურად უტევს

მეორე ღამეა, რუსეთი დაუნდობლად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს, რისთვისაც იყენებს კომბინირებული საჰაერო შეტევების ტაქტიკას - საჰაერო თავდასხმებს იწყებენ კამიკაძე-დრონები „შაჰიდ/გერანები“, აგრძელებენ სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები X-101 და ამთავრებენ აერობალისტიკური „ისკანდერები“...

ასეთი რუსული მასიური და კომბინირებული საჰაერო შეტევების სრული მოგერიება მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებზე თეორიულადაც კი შეუძლებელია და ძალზე საეჭვოდ მოჩანს, რომ დროში ასე დაემთხვა პუტინის საჰაერო აგრესიის გაზრდა უკრაინის ქალაქებსა და აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის ღია პოლიტიკური ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე...

პრეზიდენტი ტრამპი ხმამაღლა აცხადებს ,რომ რუსეთ-უკრაინის ომის „დაპაუზებაში“ მას თურმე ხელს სწორედ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი უშლის და არა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და თანაც იმიტომ, რომ ზელენსკიმ უარი განაცხადა ანექსირებული ყირიმის რუსეთისთვის „დე-იურედ“, ხოლო ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების „დე-ფაქტოდ“(მათ შორის, ამ უკრაინული ოლქების ჯერ კიდევ არაოკუპირებული ნაწილების) რუსეთისთვის „გადაფორმებაზე“...

უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის თავისი შეცდომებიც საკმაოდ დაუგროვდა (მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში), მაგრამ ის, რომ ასე ჯიუტად არ ნებდება აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ღია თუ ფარულ ზეწოლებს, დაწყებული ოვალური კაბინეტიდან, აუცილებლად ხაზგასასმელია...

პრინციპში პრეზიდენტ ზელენსკის სხვა გზა არც აქვს დარჩენილი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ის დათანხმდება ამერიკელი კოლეგის ამ მოთხოვნებს, რაც თავისი მხრივ ნაკარნახებია რუსი „კოლეგისგან“, მას თავისივე მოქალაქები, პირველ რიგში კი უკრაინის დამცველი სამხედროები, რბილად რომ ვთქვათ, ვერ გაუგებენ (მიუხედავად იმისა,რომ უკრაინელ სამხედროები ყველაზე მეტად გადაიღალნენ ამ საშინელი ომისგან), რითაც დამთავრდება ზელენკის პოლიტიკური კარიერა. თუმცა შეიძლება სწორედ ესეც სწადია ვაშინგტონს მოსკოვის „ჩაწოდებით“, თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ ზელენსკის სიჯიუტე დიდ ზიანს აყენებს ტრამპის პოლიტიკურ იმიჯს...

აპრილის ბოლოს ტრამპის პრეზიდენტად მეორედ არჩევიდან 100 დღე სრულდება, როდესაც ტრადიციულად პირველად შეჯამდება პრეზიდენტის საქმიანობა-ტრამპის რეიტინგი ამერიკელ ამომრჩეველებში კი ეცემა, რამაც არ შეიძლება გამძვინვარება არ გამოიწვიოს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, მით უმეტეს, რომ ტრამპი თავის ბიზნესის თუ პოლიტიკური საქმიანობისას უდიდეს ყურადღებას ანიჭებს სწორედ პირად პიარსა და იმიჯის ამაღლებას.

ამიტომაც გასაგებია პრეზიდენტ ტრამპის უდიდესი მცდელობა, რაც შეიძლება მალე შეეჩერებინა რუსეთ-უკრაინის ომი, რათა უმაღლესი პოლიტიკური ქულები მიემატებინა თავისი პოლიტიკური იმიჯისთვის.

ჯანდაბას, ტრამპის პირადი იმიჯი, თუკი ის მართლაც მოახერხებდა ამ საშინელი ომის შეჩერებას და ათი თუ ასიათასობით პოტენციურ მსხვერპლს გადაარჩენდა, მაგრამ ამის სასწრაფოდ მიღწევა იმის ხარჯზე, რომ მსხვერპლი ქვეყანა აგრესორ სახელმწიფოზე მეტად დაადანაშაულო და მისგან ძალიან ბევრის დათმობა მოითხოვა, მათ შორის ტერიტორიების სახით, მეტისმეტია...

ტრამპი თავისი „პოლიტიკური სისწრაფით“, როგორმე დროებით მაინც შეაჩეროს რუსეთ-უკრაინის ომი და ამით „მსოფლიო მშვიდობისმყოფელის“ იმიჯი შეიქმნას, პირველ რიგში დათვურ სამსახურს უწევს თავის სამშობლოს-აშშ-ს და მსოფლიოში აჩენს სახიფათო პრეცედენტს.

აგრესორ ქვეყანას შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიების „გადაფორმება“, რაშიც დედამიწის ერთ-ერთი ზესახელმწიფო-აშშ-(რომელიც „დემოკრატიის შუქურადაა“ „მიჩნეული“) დასტურს იძლევა...

შექმნილი სიტუაცია იძლევა ასეთი ვარაუდის გამოთქმის საშუალებას - პრეზიდენტ ტრამპისთვის სულერთია, რა ბედი ეწევა უკრაინის მომავალს, მთავარია ტრამპის ადმინისტრაციამ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს რუსეთ-უკრაინის ომის დროებით „დაპაუზებით“ მაინც...

ამასთან, თეთრი სახლი უსაფრთხოების არავითარ გარანტიას არ აძლევს კიევს, თუკი უკრაინის მხრიდან დიდი დათმობებით „დაპაუზებული“ ეს ომი კრემლმა ისევ განაახლა და მთელი უკრაინის „ჩაყლაპვა“ მოინდომა...

თუკი კიევში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ ტრამპის ამერიკა განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას, ძალიანაც ცდებიან. პირიქით, ზელენსკიზე გაბრაზებულმა ტრამპმა შეიძლება საერთოდ „გადაკეტოს“ ის სამხედრო კონტრაქტებიც, რომლებიც ბაიდენის პრეზიდენტის დროიდან მოყოლებული ჯერ კიდევ მოქმედებს.

შესაბამისად უკრაინას სურს თუ არა, ის ტრამპის ამერიკისგან სამხედრო დახმარების გარეშეც დარჩება, რადგან პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინამ აშშ-სგან იმავე დღეს დაკარგა, როდესაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად ტრამპის ინაუგურაცია შედგა.

უკრაინისთვის ურთულესი იქნება აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე ბევრად უფრო ძლიერ აგრესორ რუსეთთან გამკლავება, მაგრამ შეიძლება ასეც სჯობდეს, რომ აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია საერთოდ ჩამოშორდეს რუსეთ-უკრაინის ომის „დაპაუზების“ პროცესს და ტრამპი თავისი „სამშვიდობო“ ზეწოლით არ ითხოვდეს უკრაინის მიწების რუსეთისთვის „გადაფორმებას“...

და ყოველივე ამის შემდეგ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - პრეზიდენტო ტრამპ,სინამდვილეში ვის მხარეზე ხართ ამ ომში - თავისდამცველ უკრაინის თუ აგრესორ რუსეთის?