"ივანიშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატებად აირჩია ის ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად არიან აღჭურვილი საზოგადოების ნდობით" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატებად აირჩია ის ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად არიან აღჭურვილი საზოგადოების ნდობით"

კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით დიდწილად უკვე დაასახელა. ცნობილია ის ადამიანებიც, ვინც თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში იყრიან კენჭს. სწორედ ამ კანდიდატების დასახელებას მოჰყვა განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა. მათ შორის ხომ ბევრი ცნობილი და გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ მოხვდა.

თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ასე გადანაწილდნენ: ჩუღურეთი - ვიქტორ დოლიძე, სამგორი - ზურაბ აბაშიძე, ნაძალადევი - თეა წულუკიანი, ვაკე - შალვა შავგულიძე, საბურთალო - დავით უსუფაშვილი, კრწანისი - შოთა ხაბარელი, ისანი – ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია, მთაწმინდა - ზაზა პაპუაშვილი, დიდუბე - ვახტანგ ხმალაძე, გლდანი - სოსო ჯაჭვლიანი.

გვესაუბრება პოლიოლოგი რამაზ საყვარელიძე:

- ჩვენი საარჩევნო სისტემის მიხედვით, პარტიული სიით პარლამენტში გასული ჯგუფი, ძირითადად, ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობს, ხოლო მაჟორიტარების მთავარი ფუნქცია კი მათთვის მიბარებული უბნების მოვლაა, ანუ მათ უფრო მეტად უწევთ ადამიანებთან კონტაქტი და მათ პრობლემებზე მუშაობა. ჩემი აზრით, ივანიშვილმა იხელმძღვანელა სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ანუE მაჟორიტარობის კანდიდატებად აირჩია ის ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად არიან აღჭურვილი საზოგადოების ნდობით. რიგ შემთხვევაში ისინი არ არიან პოლიტიკოსები, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში აშკარად გამოირჩეოდნენ საზოგადოებრივი აქტიურობით და მუდმივად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პროცესებში. ამასთან, მათდამი ნდობა გამოწვეულია სწორედ იმით, რომ საზოგადოების პრობლემებისადმი ისინი აქამდეც არ ყოფილან გულგრილნი. ყოველ შემთხვევაში, ვინც დასახელდა, თითქმის ყველა ამ ნიშნით უნდა იყოს შერჩეული. მათგან ელიან ადამიანების მიმართ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ცნობადობას, ამ მხრივ კანდიდატების შერჩევა მართლაც უპრეცედენტოა, სხვა შემთხვევას ვერც ვიხსენებ, როდესაც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ამდენი საზოგადოებისთვის ნაცნობი ადამიანი დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატებად. შეხედეთ დღევანდელ პარლამენტს, რამდენ ადამიანს ვიცნობთ? - დამეთანხმებით, რომ ძალიან ცოტას. თანაც, ვისაც ვიცნობთ, ძირითადად ვიცნობთ მას მერე, რაც პარლამენტარები გახდნენ. ამ თვალსაზრისით ხელისუფლებას კონკურენციის გაწევა, ვფიქრობ, გაუჭირდება.

- თუმცა საარჩევნო ბრძოლაში, ალბათ, გადამწყვეტი იქნება პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება, რაც ამ ადამიანებს ნაკლებად აქვთ, მეორე მხრივ, ამ კოალიციაში არის ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, რომლებიც ამ თვალსაზრისით ძალიან გამოცდილები არიან.

- პირადად მე მიმაჩნია, რომ საარჩევნო პოლიტიკის თვალსაზრისით, მაჟორიტარობის კანდიდატების წარმოდგენილი სია სწორად არის შედგენილი, მაგრამ გეთანხმებით, რომ არსებობს სხვა ასპექტებიც. ბუნებრივია, ისმის კითხვა, როგორ ბრძოლის უნარს გამოავლენენ ეს ადამიანები ადგილებზე, ეყოფათ თუ არა პოლიტიკური გამოცდილება? ამას მართლაც აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ამაზე წინასწარ ლაპარაკი გამიჭირდება, პროცესები ყველაფერს გამოაჩენს. მეორე მხრივ, პოლიტიკურ ბრძოლაში გამობრძმედილი ადამიანები მაინცდამაინც ბევრი არ გვყავს საქართველოში. ამ კოალიციაში ასეთი ვინც არის, მათ სამომავლო ფუნქციაზე ილაპარაკა ივანიშვილმა და თქვა, რომ ისინი საარჩევნო შტაბის მუშაობას წარმართავენ და, ალბათ, იქნებიან საარჩევნო სიაშიც.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ დეკლარაციას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული 17 პუნქტიც დაამატა. მოგეხსენებათ, ეს დეკლარაცია წინასაარჩევნოდ თამაშის წესებზე შეთანხმებას ითვალისწინებს.

- აქ ერთი ასპექტია მნიშვნელოვანი: ხელისუფლების მიერ მოწოდებული დეკლარაცია და იქ შემავალი მუხლები სულ რომ იდეალური ყოფილიყო, მაინც არ გამოდგებოდა ხელშეკრულებად, რადგან ამგვარი ხელშეკრულების ხელმოწერა გულისხმობს ყველა მხარესთან შეთანხმებულ ვარიანტს და არა იმას, რომ ერთმა მხარემ მოამზადოს ტექსტი და მერე იძახოს, არიქა, მოაწერეთ ხელიო. ეს არაკორექტულია და არ ასახავს ხელშეკრულების სპეციფიკას. ამა თუ იმ ხელშეკრულების შესათანხმებლად მხარეები, როგორც წესი, თვეობით მუშაობენ. რაც შეეხება არსამთავრობოების მიერ მომზადებულ ტექსტს, ეს ტექსტი უნდა დაიდონ პოლიტიკურმა ძალებმა, შეისწავლონ და დაიწყონ ერთობლივი მუშაობა შეთანხმებისთვის. თუ ეს მოხერხდა, ნამდვილად წაადგება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების სწორად წარმართვას.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)