გაიცანით მერი ქადაგიძე, რომელიც საქართველოს ბანკისა და ფულბრაიტის პროგრამით ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობს - კვირის პალიტრა

გაიცანით მერი ქადაგიძე, რომელიც საქართველოს ბანკისა და ფულბრაიტის პროგრამით ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობს

სჯერა, რომ განათლება არის სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლის საუკეთესო შესაძლებლობა, ასევე საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ერთიანი საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას, ისტორიული კონტექსტისა და აწმყოს გააზრებას, რაც სიახლეებისა და ინოვაციების მიღებაში დაგვეხმარება - ეს მერი ქადაგიძეა, განათლების მკვლევარი და სპეციალისტი, რომელიც ფულბრაიტის სტიპენდიატი გახდა და აშშ-ის ვაშინგტონის უნივერსიტეტში განათლების პოლიტიკისა და ორგანიზაციული ლიდერობის 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს.

ფულბრაიტის პროექტს საქართველოს ბანკი 2014 წლიდან უჭერს მხარს და აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსება უკვე 15-მა ქართველმა სტუდენტმა, მათ შორის მერი ქადაგიძემ მიიღო. დაფინანსება მოიცავს სწავლის საფასურს, მგზავრობას, ვიზის გადასახადს, დისერტაციის თეზისსა თუ სხვა ხარჯებს, მათ შორის – ცხოვრების თანხასაც. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, არ გაჩერდე განათლების გზაზე, გაიღრმაო ცოდნა შენს სფეროში და ახალი უნარებითა და შესაძლებლობებით დაუბრუნდე საკუთარ ქვეყანას.

მერი გვიამბობს სწორედ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც მას ფულბრაიტის პროგრამამ მისცა. სტიპენდიის მიღებამდე კი მან განათლების სფეროში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება დააგროვა. მისი საქმიანობის სფერო ძირითადად, ზოგად განათლებას უკავშირდებოდა. თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან განათლების პოლიტიკისა და ადვოკატირების მიმართულებით, რაც მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა და კეთილდღეობა, განათლების სისტემის შეფასების, მართვისა და დეცენტრალიზაციის საკითხები, სასკოლო კვების ადვოკატირების პროგრამა და სხვა ბევრი სოციალური პოლიტიკის ის კომპონენტები, რომელსაც, როგორც მერი აღნიშნავს, იმ პერიოდში ნაკლებად ექცეოდა ყურადღება. გამოცდილება დაუგროვდა განათლების ისტორიის კვლევის მიმართულებითაც, რომლის გაგრძელებასაც სამომავლოდაც გეგმავს.

გაიცანით უფრო უკეთ ფულბრაიტის სტიპენდიატი მერი ქადაგიძე და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ, თავადაც გახდეთ პროგრამის მონაწილე:

· რა შესაძლებლობებს გაძლევთ ფულბრაიტის სტიპენდია და რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული შესაძლებლობის არსებობა საქართველოში?

ფულბრაიტის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისა და ამერიკაში განათლების მიღების მთავარი მოტივაცია ჩემთვის იყო პროფესიული და აკადემიური გამოცდილების მიღება და დაგროვება, რომელსაც შემდგომ ცხადია გამოვიყენებდი უკვე საქართველოში განათლების პოლიტიკაზე მუშაობისათვის. გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია ის პროგრამები, რომელზეც ჩვენ ვსწავლობთ აშშ-ში, აქ განათლების მიღება შეუძლებელი იქნებოდა იმ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც ამერიკულ ინსტიტუციებთან ერთად „საქართველოს ბანკი“ გვიწევს. უდავოდ მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ სფეროებისთვის, რომელშიც მე და ჩემი მეგობრები თუ ფულბრაიტისა და სხვა გაცვლითი პროგრამის მონაწილეები ვართ ჩართულები.

ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სფეროებისთვის, რომლებიც ნაკლებად გამოირჩევიან აკადემიური სისტემების მხრიდან სასტიპენდიო და ფინანსური მხარდაჭერით და მათ შორის არის პროგრამა, რომელზეც მე ახლა აშშ-ში ვსწავლობ.

· რა მოიცავს განათლების პოლიტიკისა და ორგანიზაციული ლიდერობის სამაგისტრო პროგრამა და როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას სამომავლოდ?

ვსწავლობ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, რომელიც უდავოდ გამორჩეული, საინტერესო, დიდი ისტორიისა და მიღწევების მქონე უნივერსიტეტია და იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელიც ჩემთვის როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად, ძალიან მნიშვნელოვანია.

პროგრამა აერთიანებს ლიდერობის ვიწრო მიმართულებებს განათლების სხვადასხვა საფეხურისთვის, თუმცა მეც ზოგადი განათლების პოლიტიკაზე ვარ კონცენტრირებული. პროგრამა იმ მხრივაც ძალიან საინტერესოა, რომ მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანი გამჭოლი უნარების განვითარების გარდა, შესაძლებლობას გაძლევს, კრიტიკულად გააანალიზო ის ისტორიული კონტექსტი, გამოცდილება და პრაქტიკა, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აშშ-ის საგანმანათლებლო პოლიტიკაზე, უთანასწორობაზე განათლებაში, პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულების ეფექტიანობაზე, მათ გავლენაზე სხვადასხვა ისტორიულად მარგინალიზებულ ჯგუფებზე და სხვა. ჩვენი ყოველდღიური სასწავლო პრაქტიკა მოიცავს ღია, ფართო დისკუსიებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და საერთაშორისო სტუდენტებს გვეხმარება, უფრო კრიტიკულად შევაფასოთ და ბევრი სხვადასხვა პერსპექტივით დავინახოთ პოლიტიკის შემუშავების მთელი ციკლი ამ კონტექსტში.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი მხოლოდ ამერიკასთან არის დაკავშირებული, ის მიდგომები, რომლებსაც ვიყენებთ თუნდაც პოლიტიკის ანალიზისთვის, არის აბსოლუტურად რელევანტური ჩვენი კონტექსტისთვისაც. შესაბამისად, მეც იმედი მაქვს, რომ დაგროვილი გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მომეცემა.

· რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება ნებისმიერ პროფესიაში, განსაკუთრებით კი თქვენს სფეროში?

ჩემი მთავარი მოტივაციაა, ვიყო განათლების სფეროში, ვზრუნავდე ჩემს პროფესიულ ზრდაზე და მათ შორის ახლაც, ამჟამადაც, როგორც სტუდენტი, გარდა აკადემიური დატვირთვისა, ვუმკლავდებოდე ძალიან ბევრ გამოწვევას, არის განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ იმ რწმენით, რომ ჩემი სფერო საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი.

ყოველთვის მჯეროდა, რომ განათლება არის სწორედ ის სივრცე, სადაც ვებრძვით სოციალურ უთანასწორობას, სადაც იმ მავნე და მძიმე მემკვიდრეობას, რომელიც საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ერგო. სწორედ განათლება მიმაჩნია მთავარ სივრცედ, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ერთიანი საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას, გვეხმარება, გავიაზროთ როგორც ჩვენი ისტორიული კონტექსტი, ასევე აწმყო, რომელშიც ვართ, გავხდეთ უფრო მოქნილები იმ ცვლილებებისადმი, რომელსაც ახლა ვუმკლავდებით, ასევე, მივიღოთ ის ინოვაციები, რომელიც აუცილებელია ჩვენი ზრდისთვის.

ჩემი ამჟამინდელი, უკვე არსებული პროფესიული თუ აკადემიური გამოცდილებები საქართველოში, აშშ-სა თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ნამდვილად ამყარებს ჩემს რწმენას, რომ წარმატებული, თავისუფალი, სოციალურ სამართლიანობისა და თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული განათლების სისტემები ძალიან დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებების განვითარებასა და ფორმირებაზე. იმედი მაქვს, რომ ყოველივე ის, რასაც ვემსახურები მეც და ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალი, რომელი ამჟამად სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფება განათლების მისაღებად, შევძლებთ, რომ ჩვენი რწმენა, ღირებულებები, მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენოთ ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის.

· რა გეგმები გაქვთ პროგრამის დასრულების შემდეგ, როგორ გამოიყენებთ აშშ-ში მიღებულ ცოდნას საქართველოში?

სწავლის დასრულების შემდგომ ჩემი შედარებით საშუალოვადიანი გეგმა ძირითადად სამუშაო გამოცდილების დაგროვებას უკავშირდება და დიდი იმედი მაქვს, აღნიშნულის საშუალება მომეცემა.

ცხადია, კარგად ვიაზრებთ როგორც მე, ისე როგორც ბევრი სხვა პროგრამის მონაწილე სტუდენტები, რომ საქართველოში არსებულ კონტექსტში რთულია პროფესიული განვითარების და ზოგადად, ვიწრო პროფესიული საქმიანობის განხორციელება, ვინაიდან მათ შორის ის სფერო, რომელშიც მე ვმუშაობდი, ამ ეტაპზე სრულად სამოქალაქო აქტივიზმითაა დაკავებული და ნაკლებად არის ჩართული დარგობრივ საქმიანობაში. თუმცაღა იმედს ვიტოვებ, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით მომავალი წლისთვის განსხვავებული სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი იქნება და მათ შორის ჩემი და ბევრი სხვა სტუდენტის რესურსი იქნება სწორად გამოყენებული იმ დარგობრივი პრობლემების გადაჭრისა და მოგვარებისთვის, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი მკაფიოდ ვხედავთ, მათ შორის განათლების მიმართულებითაც.

ცხადია, ჩემი გრძელვადიანი გეგმა რა თქმა უნდა, უკავშირდება ისე აკადემიური საქმიანობის გაგრძელებასაც. ამჟამად ვმუშაობ ძირითადი კვლევითი მიმართულებების გამოყოფაზე, რომელსაც ჩემი სადოქტორო საფეხურისთვის განვსაზღვრავ და გავაგრძელებ მუშაობას, იქნება ეს საქართველოს, ევროპისა თუ აშშ-ის რომელიმე უნივერსიტეტის კონტექსტში.

აღსანიშნავია, რომ ფულბრაიტის პროგრამაში განაცხადების მიღება 1-ლი მაისიდან დაიწყება და 1-ელ აგვისტომდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი აქტიურად ახორციელებს სხვა პროექტებსაც და განათლების სხვადასხვა საფეხურზე მყოფ პირებს სხვა პროგრამებისთვისაც აძლევს სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობას. აღნიშნული პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge.

(R)