ვინ იქნება შემდეგი რომის პაპი? - 9 მთავარი კანდიდატი, რომელთაც შესაძლოა, წმინდა ტახტი დაიკავონ
რამდენიმე დღის კათოლიკურმა სამყარომ ძალიან მძიმე ამბავი შეიტყო. რომის პაპი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა... პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.
დაკრძალვამდე პაპ ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასვენეს, ათასობით ადამიანი შეიკრიბა გარდაცვლილი პაპის პატივსაცემად...

როგორც ცნობილია, მაისში ვატიკანში კონკლავი შეიკრიბება - 100-ზე მეტი კარდინალი გადაწყვეტს, ვინ იქნება შემდეგი რომის პაპი.
თეორიულად, რომის პაპის უდიდესი თანამდებობის დაკავება ყველა მამაკაცს შეუძლია, ვინც კათოლიკურ ეკლესიაშია მონათლული, თუმცა 1378 წლიდან პონტიფიკოსი მხოლოდ კარდინალთა რიგებიდან ირჩევა. კარდინალის წოდებას კი სასულიერო პირებს რომის პაპი ანიჭებს.
ამ უდიდესი თანამდებობის დაკავებისას, დიდ როლს თამაშობს კანდიდატის სამშობლო, ასევე ასაკი. როგორც ცნობილია, 266 პაპიდან 217 იტალიელი გახლდათ. ყურადღება ექცევა ასაკსაც, მომავალი რომის პაპი არც ძალიან ახალგაზრდა უნდა იყოს. 200 წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე პაპი არ იყო 60 წლის, დანარჩენთა საშუალო ასაკი დაახლოებით 67 წელია.
პეტრო პაროლინი, 70 წლის, იტალია

კანდიდატთა შორის ერთ-ერთი ფავორიტი, კარდინალი პეტრო პაროლინი გახლავთ. ის 2013 წლიდან ვატიკანის სახელმწიფო მდინვის პოსტს იკავებს. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან სცადა ურთიერთობები აღედგინა ვიეტნამთან, ასევე ჩინეთთან.
2018 წელს ვატიკანმა და ჩინეთმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომელიც ეპისკოპოსთა დანიშვნას გულისხმობს. ეს უდიდესი ისტორიული ნაბიჯი გახლდათ პეკინსა და კათოლიკურ ეკლესიას შორის. ამ დიდი შეთანხმების მიუხედავად, პაროლინის აკრიტიკებდნენ კიდეც, მას „კომუნისტებთან კოლაბორაციაში“ სდებდნენ ბრალს.
კარდინალ პაროლინის სახელი ფიგურირებდა 2021 წელს 350 მლნ ევროს გაფლანგვის საკითხში, თუმცა მისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ.
პაროლინის სასარგებლოდ მოქმედებს ის ფაქტი, რომ ის ვატიკანში უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელია, ასევე დიპლომატიური გამოცდილება, ახლო ურთიერთობა გარდაცვლილ პაპ ფრანცისკესთან და წარმომავლობაც. კარდინალი ჩრდილოეთ იტალიდაან გახლავთ. ბოლო სამი რომის პაპი კი არ იყვნენ იტალიური წარმოშობის, ფრანცისკე არგენტინელი იყო, ბენედიქტ XVI - გერმანიიდან გახლდათ, ივანე პავლე მეორე კი პოლონეთიდან.
მატეო ძუპპი, 69 წლის, იტალია

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელზეც ფიქრობენ, რომ რომის პაპი გახდება, ბოლონიის არქიეპისკოპოსი მატეო ძუპპია. ძუპპი, რომელიც კარდინალი 2019 წელს გახდა, საკმაოდ პროგრესული და განსხვავებული პიროვნებაა. ის ბოლონიაში ველოსიპედით გადააადგილდება. ლიბერალურად არის განწყობილი ერთსქესიანთა ურთიერთობისა და ლგბტ საზოგადოების მიმართ. ის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია და მხარს უჭერს პატიმართა უფლებების დაცვას.
აღსანიშნავია, რომ ძუპპი თანამშრომლობს წმინდა ეგიდიას საზოგადოებასთან - რომელიც კათოლიკური ასოციაციაა.
2023 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ ის უკრაინაში ვატიკანის მშვიდობის ელჩად დანიშნა. ამ პოსტზე ის მოსკოვს ეწვია და რუსეთის პატრიარქ კირილსაც შეხვდა. ძუპპი ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა.
პიერბატისტა პიცაბალლა, 60 წლის, იტალია.

პიერბატისტა პიცაბალლა კარდინალთა შორის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია, მან ეს წოდება 2023 წელს მიიღო. მის სასარგებლოდ მეტყველებს ახლო აღმოსავლეთში მუშაობის გამოცდილებაც. ის იერუსალიმის ლათინური ეკლესიის სამოციქულო მმართველი 2020 წლიდან გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ როცა 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასი ისრაელს დაესხა თავს, პიცაბალამ ბავშების გათავისუფლების სანაცვლოდ ჰამასს მისი მძევლად აყვანა შესთავაზა.
პეტერ ერდო, 72 წლის, უნგრეთი

უნგრეთის არქიეპისკოპოსი პეტერ ერდო ერთ-ერთია, რომელიც რომის პაპის თანამდებობაზე განიხილება. ის ეკლესიის კონცერვატიულ ფრთას წარმოადგენს.
ერდო საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ.
უცხოურ მედიაში უნგრელი კარდინალი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მხარდამჭერად მოიხსენიება. როცა 2015 წელს პაპმა ფრანცისკემ კათოლიკე მღვდლებს მოუწოდა მიეღოთ მიგრანტები, ერდომ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი „ხალხით ვაჭრობას“ ჰგავდა.
როგორც ცნობილია, კარდინალი ერდო ეკლესიურ წესთა ექსპერტია, საუბრობს რამდენიმე ენაზე, მათ შორის რუსულადაც. ის 2003 წელს იოანე პავლე მეორემ აკურთხა და იმ დროს ყველაზე ახალგაზრდა კარდინალად ითვლებოდა.
ლუის ანტონიო ტაგლე, 67 წლის, ფილიპინები

ლუის ანტონიო ტაგლეს ზოგიერთი „აზიელ ფრანცისკესაც“ ეძახის. შესაძლოა ის გახდეს პირველი რომის პაპი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან - როგორც ფრანცისკე გახლდათ პირველი პონტიფიკოსი ლათინური ამერიკიდან.
ტაგლე ფილიპინების დედაქალაქში გახლდათ არქიეპისკოპოსი, შემდეგ კი ვატიკანში ევანგელიზაციის საკითხებს ხელმძღვანელობდა. ის პროგრესულად მოაზროვნე სასულიერო პირად მიიჩნევა. ტალგე კათოლიკურ წესებს ერთსქესიანთა ქორწინებასა და განქორწინებასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრად მიიჩნევს. ამასთან ერთად ის აბორტის წინააღმდეგია.
ტალგეს რომის პაპის კანდიდატურაზე ჯერ კიდევ 2013 წელსაც განიხილავდნენ, თუმცა მაშინ ის ძალიან ახალგაზრდა იყო. 2013 წელს რომის პაპის ტიტული ფრანცისკეს მიენიჭა.
პიტერ ტარკსონი, 76 წლის, განა

პიტერ ტარკსონი პირველი კანიდატია განიდან. ტარკსონს კათოლიკური ეკლესიის პროგრესულად მოაზროვნე ფრთას მიაკუთვნებენ.
2023 წელს BBC-სთან ინტერვიუშ განაცხადა, რომ ლოცულობს, რათა რომის პაპად არ აირჩიონ.
ჟან მარკ აველინი, 66 წლის, საფრანგეთი

მარსელის არქიეპისკოპოსს ჟან მარკ აველინს ფიზიკური მსგავსების გამო ხშირად იოანე XXIV-ს უწოდებენ.
კარდინალი აველინი გარდაცვლილი პაპის, ფრანცისკეს თანამებრძოლად მოიაზრება, ის ფრანცისკეს იდეებს იზიარებს.
ის ალჟირში, ესპანელი მიგრანტების ოჯახში დაიბადა, შემდეგ კი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. 2023 წელს აველინმა ახალგაზრდა ქრისტიანებისთვის „ხმელთაშუაზღვის შეხვედრები“ მოაწყო, რომელსაც სპეციალური სტუმრის სტატუსით პაპი ფრანცისკეც დაესწრო.
შესაძლოა, XIV საუკუნის შემდეგ აველინი პირველი ფრანგი პაპი გახდეს.
მარიო გრეკი, 68 წლის, მალტა

მარიო გრეკი სინოდის გენერალური მდივანია. ის ტრადიციონალისტად ითვლებოდა, თუმცა 2013 წელს ფრანცისკეს არჩევის შემდეგ, პროგრესულ იდეებს უჭერდა მხარს. ახლა ის ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერია, ასევე ღიად გმობს დისკრიმინაციასა და მხარს უჭერს მიგრანტებს. ასევე მხარს უჭერს დროსთან ერთად ეკლესიის ცვლილებას.
2015 წელს კარდინალმა განაცხადა, რომ „ეკლესია უნდა იყოს უფალთან ურთიერთობის გამოცდილება“ და არა „ორგანიზაცია მორალის საკითხებში“
რობერტ სარა, 79 წლის, გვინეა

რომის პაპის უმაღლესი ტიტულის კიდევ ერთი კანდიდატი აფრიკიდან, რომერტ სარა გახლავთ. კარდინალი გვინეიდან არის. ტარკსონისგან განსხვავებით, ის კონსერვატიულ ხედვებს იზიარებს. როგორც ცნობილი,ა ის „გენდერული იდეოლოგიისა“ და ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ არის განწყობილი.
2020 წელს რომერტ სარამ გამოსცა წიგნი, რომლის თანაავტორიც ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI გახლავთ. წიგნში ის საუბრობს კათოლიკურ სამღვდელოებაში ცელიბატის წესის (დაუქორწინებლობა კათოლიკურ სამღვდელოებაში) შენარჩუნებაზე. სწორედ იმ პერიოდში პაპი ფრანცისკე განიხილავდა შესაძლებლობას, მიეცათ უფლება დაქორწინებულ მღვდლებს ამაზონის ტყეში მღვდელმსახურებისთვის, სადაც არ ჰყავდათ მღვდლები.
ეს წიგნი იმ პერიოდში მოქმედი პაპის გამოწვევადაც შეფასდა. სულ მალე კი რობერტ სარამ დატოვა ვატიკანში თანამდებობა, რომელსაც იკავებდა.
სარას ფრანცისკენს „პარალელურ ავტორიტეტსაც“ უწოდებდნენ. წყარო