ერთი ნაბიჯი კატასტროფულ შეცდომამდე?! - რა მოხდება, თუ აშშ ყირიმს რუსეთის კუთვნილებად აღიარებს
პოპულარული უკრაინული ჟურნალის - „ფოკუსის“ (Фокус) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ვისია ყირიმი? რომელი ქვეყნები დაუჭერენ მხარს დონალდ ტრამპს, თუ აშშ ყირიმს რუსეთის კუთვნილებად აღიარებს?“ (ავტორი - ულიანა კრუპნოვიცკაია). პუბლიკაციაში განხილულია ტერიტორიების გადაცემის პრეცედენტები და პროგნოზირებულია მსოფლიოს რიგი ქვეყნების პოზიცია - გაიზიარებენ თუ არა ისინი თეთრი სახლის ნაბიჯს და გახდება თუ არა ყირიმის სტატუსი პრეცედენტად საერთაშორისო სამართალში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
რა იქნება, თუ აშშ ყირიმს რუსეთის კუთვნილებად აღიარებს? დონალდ ტრამპის ბოლო დიპლომატიური ინიციატივების ფონზე ეს საკითხი ახალ მნიშვნელობას იძენს. „ფოკუსის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები თვლიან, რომ სახელმწიფოთა უმრავლესობამ, კერძოდ, ევროპელმა მოკავშირეებმა, ჩინეთმა და სხვებმა, საეჭვოა, რომ აღიარებას მხარი დაუჭირონ, რაც გლობალურ კონსენსუსს გაართულებს. თუმცა იმის ალბათობა, რომ დონალდ ტრამპი მართლაც გაუკეთებს ასეთ საჩუქარს ვლადიმერ პუტინს, ძალიან მაღალია.
ყირიმის რუსეთისათვის სავარაუდო გადაცემის საკითხი, როგორც დასავლურ პრესაში გაჟონილი ინფორმაციით ირკვევა, აშშ-ის გეგმის ნაწილს წარმოადგენს.
როცა დონალდ ტრამპს ჰკითხეს, თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ყირიმისადმი თეთრი სახლის პოზიცია, მან ოსტატურად თავი აარიდა პასუხს და თქვა, რომ „მისთვის სულ ერთია, ვისი იქნება ყირიმი და რომ მას რუსეთ-უკრაინის ომში ფავორიტი არ ჰყავს“ ანუ ორივე მხარისადმი ერთნაირი დამოკიდებულება აქვს. „მე, უბრალოდ, მინდა, რომ კონფლიქტი სწრაფად დასრულდეს. ჩემთვის სულ ერთია - თუ ორივე მხარე კმაყოფილი იქნება, მაშინ ორივე ხელს მოაწერს შეთანხმებას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ვისია ყირიმი? როგორ წყდება საკითხი საერთაშორისო დონეზე?
პოლიტოლოგ ვლადიმერ ფესენკოს თქმით, ამ შემთხვევაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქმე არ ეხება საერთაშორისო გადაწყვეტილებას ან კონფერენციის დადგენილებას. ყირიმის საკითხი და მისი რუსეთის კუთვნილებად აღიარება ძირითადად დამოკიდებულია რამდენიმე კონკრეტული ქვეყნის პოზიციაზე, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება ცალმხრივად შეუძლიათ. ყირიმის საკითხი შეიძლება აღქმული იქნას ორმხრივ სამართლებრივ პრობლემად. მსგავსი პრეცედენტი ბოლო წლებში ძალზე იშვიათად თუ მომხდარა. იყო შემთხვევები პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ, როცა ტერიტორიების გადანაწილება ხდებოდა, როცა საზღვრები გამარჯვებული ქვეყნების მოლაპარაკებების საფუძველზე იცვლებოდა, მაგრამ ასეთი ცვლილებები ახალ კონფლიქტებს და ომებსაც კი იწვევდა.
„გაეროს შექმნის შემდეგ საერთაშორისო სამართალში დამტკიცდა ახალი ნორმა, საზღვრების ურღვევობაზე და პრინციპი, რომ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური წინააღმდეგობა ომებით არ უნდა გადაიჭრას. ეს წესი მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იყო, განსაკუთრებით - ევროპაში, სადაც საზღვრების ცვლილება მშვიდობიანი პროცესებით ხდებოდა, მაგალითად, ჩეხოსლოვაკიის დაშლა. მაგრამ, ასევე, იყო რთული მომენტებიც საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის დაშლის დროს. კოსოვოს აღიარება მცდარ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. ქვეყნების უმრავლესობამ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ ყველამ - არა, მაგალითად, უკრაინამ, რომელმაც ჩათვალა, რომ არ უნდა შექმნილიყო ნეგატიური პრეცედენტი, რომელიც უკრაინას უკან დაუბრუნდებოდა, ვთქვათ, ყირიმის სახით. სხვათა შორის, ყირიმის მიერთებას რუსეთის ზოგიერთი მოკავშირეც არ აღიარებს, მაგალითად, ჩინეთი და ირანი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისინი ამას არ აღიარებენ იურიდიულად, თუმცა რეალურად მათ შეუძლიათ, ზოგჯერ სხვაგვარად იმოქმედონ, საკუთარი ტერიტორიული პრობლემების გათვალისწინებით“, - ამბობს ვლადიმერ ფესენკო.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უახლეს პრეცედენტად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ აშშ-მა აღიარა ისრაელის მიერ გოლანის მაღლობების მიერთება (რომელიც სადავო იყო სირიასა და ისრაელს შორის და რომელიც 1967 წელს ისრაელმა დაიკავა). სხვათა შორის, აღიარება მოხდა დონალდ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს. თეთრი სახლის გადაწყვეტილება მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ არ გაიზიარა, რაც იმას ნიშნავს, თუ რამდენად აქვს მნიშვნელობა აღიარებას მსგავსი საკითხების დროს.
„თუ დონალდ ტრამპი გადაწყვეტს ყირიმის რუსეთის კუთვნილებად აღიარებას, მაშინ ეს გოლანის მაღლობების ისრაელთან მიერთების აღიარებას დაემსგავსება - ანუ ვაშინგტონის ნაბიჯს სხვები არ გაიზიარებენ, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა (ევროპა და კანადა) მას არ მიბაძავს.
უკრაინისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, რომ ჩვენთვის ეს მიუღებელია, არამედ იმასაც, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებმაც მხარი არ დაუჭირონ. თუ თვითონ უკრაინა შეურიგდება ყირიმის რუსეთისათვის გადაცემას, მაშინ ეს სიგნალი იქნება სხვებისათვის. ამით იქმნება პრეცედენტი, რომელიც მოგვიანებით შეიძლება სხვა ტერიტორიებზეც გავრცელდეს და კონფლიქტები გააჩინოს“, - ამბობს პოლიტოლოგი.
ვლადიმერ ფესენკოს თქმით, რისკი იმით გამოიხატება, რომ ასეთი მოქმედება შეიძლება რუსეთისათვის ინსტრუმენტად იქცეს, რომელიც მან შეიძლება, სხვა ტერიტორიების მიმართ ზეწოლისათვის გამოიყენოს. დონალდ ტრამპი დღეს მოხიბლულია რუსეთის მიერ შეთავაზებული მოგებიანი ბიზნესპროექტებით (ვთქვათ, დონბასში იშვიათმიწა წიაღისეულის ერთობლივად სარგებლობით) და ამიტომ შეიძლება ყველაფერზე დათანხმდეს. სამაგიეროდ, რუსეთი იფიქრებს, რომ მისი მოქმედება ლეგიტიმურია.
„ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს, ეს არ ნიშნავს ავტომატურად აღიარებას საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ბევრი ქვეყანა თავის ძველ პოზიციას შეინარჩუნებს, მაგალითად - ჩინეთი, რომელიც რუსეთის ნაბიჯს 2014 წლიდან არასწორად თვლის“, - დარწმუნებულია პოლიტოლოგი.
ვინ გაიზიარებს აშშ-ის სავარაუდო გადაწყვეტილებას
და კიდევ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა ყირიმს მაინც რუსეთის შემადგენელ ნაწილად ჩათვლის?
პოლიტოლოგ ოლეგ პასტერნაკის აზრით, ყირიმის რუსეთისათვის გადაცემას შეიძლება მხარი დაუჭირონ გლობალური სამხრეთის ქვეყნებმა, რომლებსაც რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები აქვთ, მაგალითად, ნიკარაგუამ ან ვენესუელამ - მით უმეტეს, რომ მათ შეუძლიათ თავი იმართლონ და განაცხადონ, რომ ამ შემთხვევაში აშშ-ის პოზიციას იზიარებენ.
არ არის გამორიცხული, რომ ამერიკის გადაწყვეტილება გაიზიარონ რიგმა ევროპულმა სახელმწიფოებმაც, მაგალითად, უნგრეთმა და სლოვაკეთმა... მაგრამ საეჭვოა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი და თურქეთი, ასეთ მოქმედებას დათანხმდნენ. მათთვის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი მნიშვნელოვანია - ვთქვათ, ჩინეთისათვის ტაივანის კონტექსტში.
„თუ ეს მოხდება, მაშინ ამით თანამედროვე საერთაშორისო სამართალი დაინგრევა, უარყოფილი იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპი, რომელიც გაეროს წესდებითაა განმტკიცებული. შეიქმნება პრეცედენტი, რომელიც ძალის გამოყენებით ტერიტორიის მიტაცებას „გაამართლებს“. შესაძლოა, ამ ნაბიჯმა ყირიმის ოკუპაციის გამო დაწესებული ანტირუსული სანქციების გაუქმება გამოიწვიოს. ალბათ, ასეთი მოქმედება მოგებიანია დონალდ ტრამპისათვის, რომელიც ცდილობს, მიაღწიოს თავისი გეგმის ლეგიტიმურობას კონფლიქტების მოგვარების დროს“, - ამბობს ოლეგ პასტერნაკი „ფოკუსთან“ საუბარში.
კიევის სავარაუდო რეაქცია ვაშინგტონის წინააღმდეგ
როგორც პოლიტოლოგი თვლის, ალბათობა, რომ აშშ ყირიმს რუსეთის კუთვნილებად გამოაცხადებს, ძალიან მაღალია - 90%. მაგრამ თუ ეს მოხდება, როგორი უნდა იყოს უკრაინის რეაქცია?
„თეორიულად, უკრაინამ უნდა შეზღუდოს ურთიერთობა როგორც აშშ-სთან, ასევე, იმ ქვეყნებთან, რომლებიც ვაშინგტონს მიბაძავენ. უკრაინამ თავისი ელჩები უნდა გაიწვიოს... მაგრამ, აშშ-ისა და უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობის გათვალისწინებით, კიევისა და ვაშინგტონის კავშირების გაწყვეტა ნაკლებად არის მოსალოდნელი. ალბათ, ჩვენი რეაქცია მხოლოდ საელჩოს განცხადების დონეზე იქნება. სავარაუდოდ, უკრაინა შეეცდება, პროცესზე გავლენა თავისი ევროპელი მოკავშირეების მეშვეობით მოახდინოს - იმ პოლიტიკოსების დახმარებით, რომლებსაც დონალდ ტრამპთან მიესვლებათ, ვთქვათ, ჯორჯა მელონის თანადგომით. თეორიულად, გადაწყვეტილების შეცვლა შესაძლებელია, რადგან დონალდ ტრამპს მსგავსი ცვლილებები ახასიათებს - იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ შემდეგ უკან იხევს და პოზიციას იცვლის ხოლმე“, - აღნიშნავს ოლეგ პასტერნაკი.
თუმცა, ვინ იცის... მართლაც შეიცვლის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი თავის პოზიციას კონკრეტულად ამ საკითხში. გავიხსენოთ დონალდ ტრამპის გამონათქვამები - „უკრაინამ ყირიმი მრავალი წლის წინ დაკარგა“ და რომ „ვოლოდიმირ ზელენსკი ხელს უშლის მშვიდობის მიღწევას“... საკმარისი იქნება თუ არა ბრიტანეთის პრემიერის - კირ სტარმერის თანადგომა, რომელიც ამბობს: - „ჩვენ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭიროა. უკრაინამ თავისი მომავალი თვითონ უნდა გადაწყვიტოს“. ასეთი მტკიცე განცხადებები ადრეც ბევრი იყო, მაგრამ...
მოამზადა სიმონ კილაძემ