ვატიკანის საიდუმლოება: არშემდგარი რევოლუცია - რომის პაპის იოანე-პავლე I-ის ბურუსით მოცული სიკვდილი - კვირის პალიტრა

ვატიკანის საიდუმლოება: შეუმდგარი რევოლუცია - რომის პაპის იოანე-პავლე I-ის ბურუსით მოცული სიკვდილი

რომის პაპი ფრანცისკე ჯერ არ დაუკრძალავთ და მსოფლიო მასმედიაში უკვე აქტიურად განიხილება მისი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურები. დასამალი არაა, რომ „წმინდა საყდრის“ ახალი მეთაურის კანდიდატურა დიდ ფარულ დაპირისპირებას გამოიწვევს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შორის: რომის პაპის ეროვნებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს რომის პაპს გაეროს გენერალურ მდივანზე დიდი ფაქტობრივი (!) გავლენა გააჩნია მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ და ლოკალურ პროცესებზე. ამიტომ იტალიელი იქნება ის, ფრანგი თუ ამერიკელი, – ეს სერიოზული გეოპოლიტიკური ფაქტორია. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „წმინდა საყდრის“ ახალი მეთაურის კანდიდატურის ლობირება უკვე დაწყებული აქვთ დონალდ ტრამპს, ემანუელ მაკრონს, ჯორჯა მელონის და კიდევ ბევრ სხვა, დიდ-პატარა ქვეყნის ლიდერს.

papi-1745563775.jpg

პირადი ძალაუფლება, რომელიც მართლაც რომ განუზომელია

ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული სპეცსამსახურებიც, სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგანაც რელიგიური ინსტიტუტები „რბილი ძალის“ უდიდესი გენერატორები არიან. „წმინდა საყდარი“ ღიად და ფარულად, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, ვატიკანს მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზეც აქვს ღია და ფარული ზემოქმედების საშუალება. ზოგჯერ „წმინდა საყდრის“ ახალი მეთაურის არჩევისას იძულებით კომპრომისებზეც კი მიდიან, რათა რადიკალური შეხედულების კარდინალი არ აღმოჩნდეს პონტიფიკის ტახტრევანში. თუმცა ზოგჯერ ვატიკანშიც შეიჭრება ხოლმე „რევოლუციური სიო“.

ვენეციის კარდინალი ალბინო ლუჩანი 1978 წლის 25 აგვისტოს აირჩიეს რომის პაპად და ის იოანე-პავლე I-ად იწოდებოდა. 1912 წელს იტალიელი მუშის ოჯახში დაბადებული ალბინო თავიდანვე თანაუგრძნობდა სოციალისტურ იდეებს და არსებობს ვერსია, რომ სწორედ ამან შეიწირა.

იოანე-პავლე I ყველასთვის მოულოდნელად 1978 წლის 29 სექტემბერს გარდაიცვალა. ის სულ რაღაც 33 დღის არჩეული იყო პონტიფიკად. 66 წლის პაპი გარდაცვლილი იპოვეს საძინებელ აპარტამენტში. ექიმების დიაგნოზი - გულის ინფარქტი, იმდენად პროზაული იყო, რომ არავის სჯეროდა. დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ შედარებით ახალგაზრდა რომის პაპი შეთქმულების მსხვერპლი გახდა და მოწამლეს. ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ კათოლიკური ეკლესიის უმაღლეს პოსტზე არჩევის შემდეგ ის მალევე შეამოწმეს ექიმებმა და მისი ასაკისთვის სრულიად ჯანმრთელად მიიჩნიეს. საბედისწერო მოვლენები კი ასე ვითარდებოდა:

29 სექტემბრის დილას პაპმა ჩვეულებისამებრ არ იხმო მოახლე და არც თავად გამოვიდა ყავის დასალევად, თუმცა მისი შეწუხება მაინც ვერავინ გაბედა. მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შევიდნენ მოახლეები და იოანე-პავლე I საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. ლოგინში წამომჯდარიყო, სათვალეები ეკეთა და ხელში რაღაც ჩანაწერები შერჩენოდა. სასწრაფოდ შეატყობინეს პაპის მდივან მაჯის და კარდინალ ჟან ვიოს.

pavle-1745563824.jpg

იოანე–პავლე I

სწორედ ამის შემდეგ იწყება საეჭვო მოვლენები: კარდინალმა საჩქაროდ ექიმები კი არ გამოიძახა, არამედ ვატიკანის მაღალჩინოსან ჩინოვნიკებთან იწყო ტელეფონით დარეკვა. ამის შემდეგ პაპის მაგიდიდან მან სასწრაფოდ აიღო ყველა მედიკამენტი, რომელსაც იოანე-პავლე I ექიმების დანიშნულებით სისტემატურად იღებდა, აგრეთვე, პაპის ხელნაწერები. მხოლოდ ამის შემდეგ შეატყობინეს ექიმებს.

პირველი მივიდა კარდინალ ვიოს ნდობით აღჭურვილი ექიმი, ვინმე ბუცონეტი, რომელმაც ცხედრის მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შემდეგ უსწრაფესად დაასახელა გარდაცვალების მიზეზი - ინფარქტი. ამის შემდეგ პონტიფიკს ბალზამირება გაუკეთეს, ხოლო მისი პირადი ექიმის, ჯუზეპე დე როსის კატეგორიული მოთხოვნა გვამის გაკვეთის შესახებ, საერთოდ უყურადღებოდ დატოვეს. რამდენიმე საათის შემდეგ პაპის ოთახებიდან გაიტანეს დოკუმენტები და ხელნაწერები, ხოლო თავად აპარტამენტები დალუქეს.

ვატიკანში მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ პაპი, რომელსაც რაიმე სერიოზული ავადმოყოფობა არ აწუხებდა, მოწამლეს და ისე მოიცილეს თავიდან. ერთი ვერსიით, იოანე-პავლე I-მა არჩევისთანავე გაიჩინა ძალზე ბევრი მტერი. ის სოციალისტური იდეების მიმდევარი იყო და კომუნისტებსაც თანაუგრძნობდაო. ფარულად იმაზეც კი საუბრობდნენ, რომ პაპი დიდი სიმპათიით იყო საბჭოთა კავშირისადმი გამწყობილიო. გარდა ამისა, ვატიკანის ჩინოვნიკები შეაშფოთა პონტიფიკის ულტრარეფორმისტულმა გეგმებმა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ბიუჯეტის მქონე სახელმწიფოს - ვატიკანის ფინანსური მდგომარეობის შემოწმების სურვილმა და ზოგიერთი კარდინალის (მათ შორის - ჟან ვიოს) თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებამ. შესაძლებელია, მოკლე ხანში პაპი ვატიკანის საგარეო და საშინაო პოლიტიკური ინტრიგების ჯერ მთავარი სამიზნე, შემდეგ კი - მხვერპლი გახდა.

იოანე-პავლე I-ის გარდაცვალებას წინ ერთი, ძალზე უცნაური ფაქტი უძღოდა.

1978 წლის 5 სექტემბერს ვატიკანში, პაპთან მიღების ცერემონიალის დროს, მოულოდნელად გარდაიცვალა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი, ლენინგრადისა და ლადოგის (ნოვგოროდის) მიტროპოლიტი, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსი ნიკოდიმი (ერისკაცობაში ბორის როტოვი), რომლის საოცრად წარმატებული კარიერაც გაკვირვებას გამოიწვევდა, რომ არა... კა-გე-ბეს არქივები. 2008 წელს რუსული გამოცემის - „ისტორიული არქივის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა საინტერესო დოკუმენტი: საბჭოთა კავშირის სუკის თავმჯდომარის, ა.ნ. შელეპინისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის - ვ. კუროედოვის (კა-გე-ბეს „ოდეერი“, მაშინ გენერალ-მაიორი) მიერ 1960 წლის 16 აპრილს სკკპ ცენტრალურ კომიტეტში გაგზავნილი მოხსენება, სადაც აღნიშნული იყო: „კა-გე-ბე მიზანშეწონილად მიიჩნევს არქიმანდრიტ ნიკოდიმ როტოვის დანიშვნას საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარედ და მის წარდგენას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლად, მსოფლიოს მშვიდობის საბჭოსა და საბჭოთა მშვიდობის კომიტეტის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად“. 1960 წლის 21 ივნისს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი ნიკოდიმი საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარედ დაინიშნა და პოდოლსკის ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აყვანილი. იმ დროს უკვე ეპისკოპოსი ნიკოდიმი ჯერ მხოლოდ 30 წლის იყო.

nikodimi-1745563703.jpg

მიტროპოლიტი ნიკოდიმი

მიტროპოლიტი ნიკოდიმი მთელი თორმეტი წელი (1960-1972) უძღვებოდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველაზე „საიდუმლო ფრონტს“: საგარეო საეკლესიო ურთიერთობებს, შემდეგ კი, გარდაცვალებამდე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დასავლეთ ევროპის საპატრიარქოს ეგზარქოსის მაღალი თანამდებობა ეკავა. ოფიციალური ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ შემთხვევიდან 24 დღეში ზეციურ სამყაროში გადაინაცვლა იოანე-პავლე I-მა. მის შემდეგ „წმინდა საყდრის“ მეთაურად იტალიელი აღარ ყოფილა, რაც მათთვის საკმაოდ მძიმე გადასატანია. 1978 წლის ოქტომბერში შედგა კონკლავი, რომელიც ორ ჯგუფად გაიყო: პაპობის ორივე პრეტენდენტი იტალიელი იყო - გენუის არქიეპისკოპოსი ჯუზეპე სირი (1906–1989) და ფლორენციის არქიეპისკოპოსი ჯოვანი ბენელი (1921–1982). ორივეს, დაახლოებით, თანაბარი შანსი ჰქონდა, ამიტომ საბოლოოდ კონკლავი კაროლ ვოიტილას კომპრომისულ კანდიდატურაზე შეთანხმდა და ის რომის პაპად აირჩიეს. 1978 წლის 16 ოქტომბერს კრაკოვის კარდინალის, პოლონელი არქიეპისკოპოსის, კაროლ ვოიტილას რომის პაპად არჩევა, რომელიც იოანე პავლე II-ის სახელით შევიდა ისტორიაში, კათოლიკური სამყაროსთვის და მთლიანად მსოფლიოსთვისაც, ახალი ეპოქის დასაწყისად იქცა.

(მეორე ნაწილის დასასრული)