"ოპოზიცია უკვე დაადგა მარგინალიზაციის გზას..." - ირაკლი მელაშვილის ანალიზი: ჩავარდა თუ არა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმა?! - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია უკვე დაადგა მარგინალიზაციის გზას..." - ირაკლი მელაშვილის ანალიზი: ჩავარდა თუ არა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმა?!

გთავაზობთ ეპიზოდს სტატიიდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 21 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა. ექსპერტი ირაკლი მელაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

- ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხით დავიწყებ. "ოცნებას" შეუძლია "დიფ სთეითს" დააბრალოს ყველაფერი, ახალი მსოფლიო შეთქმულება მოიგონოს, მაგრამ ფაქტია, ქვეყანას თუ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი დაუდგა, ეს განუზომლად გააუარესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას და არა მხოლოდ იმით, რომ ევროპაში­ მოგზაურობის საშუალება შეეზღუდებათ, იმითაც, რომ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქეა ევროპაში წასული ლეგალურად თუ არალეგალურად და ამით სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, ეს კი გაართულებს სოციალურ ფონსაც. მაგრამ, სოცქსელებში ვუყურებ, "ოცნების" მომხრეები იხტიბარს არ იტეხენ.

როდესაც პროტესტი დაიწყო, მაშინაც ვთქვი, ეს საბჭოთა საქართველოს ბოლო ბრძოლაა ევროპული საქართველოს წინააღმდეგ-მეთქი. იქით მხარეს დგანან ადამიანები, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ვერ იპოვეს თავი ახალ სისტემაში და ამას აბრალებენ კაპიტალიზმს, ამერიკას, ევროპას და ა.შ.

ისინი ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირში რომ ეცხოვრათ, ბევრად წარმატებული იქნებოდნენ. დღეს "ქართული ოცნება" ამ კატეგორიას ეყრდნობა და მასში უფრო აღვივებს განწყობას, რომ ყველაფერში დამნაშავე დასავლეთია.

- საინტერესო ის არის, რომ გახარიას წინააღმდეგ "ოცნებას" ოპოზიციაც აჰყვა, მაგრამ სხვა ბრალდებებით, თუ რატომ მივიდა კომისიაში და რატომ არ აწერს ხელს არჩევნებში აპრიორი არმონაწილეობას. პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით?

- როგორც ჩანს, საზოგადოებას ამზადებენ, რომ კიდევ უფრო გართულდება ურთიერთობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და უფრო დაგვაახლოებენ ავტორიტარულ ქვეყნებთან. ამ დღეებში აზერბაიჯანში იყო ყაველაშვილი, რომელიც დაწერილ ტექსტს კითხულობდა, მაგრამ საინტერესო ის იყო, ეს ვინც დაუწერა, იქ რა ჩადო. თქვა, საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთნაირად ებრძვიან და ორივე ერთნაირად იცავს საკუთარ სუვერენიტეტსო. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ აზერბაიჯანის დონეზე, ყოველთვის გამორჩეული ვიყავით იმით, რომ ჩვენი ქვეყანა თავისუფალი სამყაროს ნაწილი იყო. საით მიჰყავს "ქართულ ოცნებას" ქვეყანა და რა ტიპის მმართველობა სურს, იმ ტექსტში კარგად ჩანდა. "ოცნებას" არ უნდა ევროპა იმიტომ, რომ ევროპა სთხოვს დემოკრატიულ სტანდარტებს, ღია საზოგადოებას, თავისუფალ მედიას, ეს ყველაფერი კი საფრთხეს უქმნის ხელისუფლებას, მათ ეშინიათ, რომ დემოკრატიის პირობებში ძალაუფლებას დაკარგავენ, ამიტომ სურთ დემოკრატია მოსპონ და აზერბაიჯანის მსგავსი ავტოკრატია დაამყარონ.

- ამას ოპოზიცია რას უპირისპირებს? ადეკვატურია ის, რაც დღეს მათგან გვესმის?

- დღევანდელი პოლიტიკური პარტიები გასული არიან პოლიტიკური პროცესიდან და მიტინგებს ატარებს ხალხი. ამ პროტესტს ისინი არ და ვერ მართავენ, მხოლოდ დამკვირვებლების როლში არიან და ეს არის ყველაზე დიდი უცნაურობა.

მე, მსგავსი რამ არ მახსენდება. ეროვნული მოძრაობის ერთი ძველი წარმომადგენელი შემხვდა, ჩვენ სხვადასხვა ბანაკში ხშირად გვიწევდა ყოფნა, და მითხრა, რა დრო დადგა, ადრე ლიდერები ერთმანეთს აქციებს ართმევდნენ და ახლა ამათ ოღონდ პასუხისმგებლობას ნუ ააღებინებ და მზამზარეულ პროტესტსაც ვერ იყენებენო.

- სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა საბოლოოდ ჩავარდა?

- პარტიების გაერთიანებას მაშინ აქვს აზრი, თუ ისინი მართავენ საპროტესტო აქციებს და ამისთვის სჭირდებათ კოორდინაცია, თუ მონაწილეობენ არჩევნებში და უნდათ ავტორიტარული ხელისუფლების დამარცხება, და მესამე - თუ მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან ხელისუფლებასთან და სჭირდებათ პოზიციების შეთანხმება და ერთიანი პოზიციებით გამოსვლა. არც ერთი ხდება, არც მეორე და არც მესამე. ასეთ ვითარებაში კი რომც გაერთიანდნენ, რა შეიცვლება? სალომე ზურაბიშვილთან მათი შეკრებების იდეა უკვე ჩავარდა და ამის მიზეზი ის არის, რომ თავიდანვე არასწორად დაიწყო. მიზნით უნდა დაწყებულიყო. ტაქტიკურ მიზანს, რომ ბოიკოტი გამოუცხადო არჩევნებს, გაერთიანება არ სჭირდება, რადგან ბოიკოტს ერთიანად აცხადებ თუ ცალ-ცალკე, არაფერი იცვლება.

საერთოდ იდეა, რომ ბოიკოტმა შეიძლება გაგვაერთიანოს, აბსურდულია, რადგან ბოიკოტს გაერთიანება არ სჭირდება. მაგრამ, როდესაც საკითხი დგას, თუ რას გააკეთებენ პარტიები, ირჩევენ ყველაზე ცუდ გზას - პასიურ ბოიკოტს.

თუ არჩევნებზე არ მიდიხარ და გაიძახი, ავტოკრატიული რეჟიმია, მაშინ იმის ორგანიზება მაინც გააკეთე, რომ ჩაშალო არჩევნები. მოუწოდე მოსახლეობას, არ მივიდეს არჩევნებზე, მთელი შენი ძალა მიმართე აგიტაციაზე, რათა მოსახლეობის ისეთი დაბალი აქტიურობა იყოს, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ქვეშ. ამასაც არ აკეთებენ, რაღაც გაბღენძილ პოზაში დგანან და მერე გაბრაზდებიან საზოგადოებაზე, ჩვენ ბოიკოტი გამოვაცხადეთ და საზოგადოებასაც უნდა გამოეცხადებინაო. ეს ყველაზე ცუდი გზაა და ამიტომაც არის ასეთი დაბნეულობა საპროტესტო მოძრაობაშიც. არ ჩანს თავი, ჯგუფი, რომელიც საპროტესტო ტალღას, ენერგიას ერთი წერტილისკენ მიმართავს. არის შეკრებები, გზა იკეტება, პროტესტი არსებობს, მაგრამ შედეგი რა არის?

- ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში­ და რეალურად ამის გამო დაუპირისპირდნენ გახარიას... პარალელურად ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად დაინიშნება. ასეთი ქაოსური მდგომარეობა სადამდე მიიყვანს ოპოზიციას?

- სადამდე მიიყვანს და სრულ მარგინალიზაციამდე. ოპოზიცია უკვე დამდგარია ამ გზას. თუ ხელისუფლებამ მოახერხა და ჩაატარა თვითმმართველობის არჩევნები ისე, რომ ოპოზიციამ უარი თქვა მონაწილეობაზე, მაშინ ეს პარტიები მარგინალიზაციის გზას დაადგებიან. დასავლეთიც პრაგმატული იქნება და მაშინვე გაჩნდება კითხვა (რამდენადაც ვიცი, უკვე არის გაჩენილი), თუ ვის წარმოადგენს ეს ხალხი და რამდენად დიდია მათი გავლენა საზოგადოებაზე.

თუ ვინმე ისეთი ბრიყვია ოპოზიციაში, ვერ ხვდება, რომ დასავლეთს მხოლოდ სოცქსელების ანალიზითაც კი შეუძლია გააკეთოს დასკვნები, რამდენად პოპულარულია ჩვენი ოპოზიცია, მაშინ საერთოდ ლაპარაკს რა აზრი აქვს?

უკვე რამდენიმე თვეა ვამბობ, თუ ასე წავიდა პროცესი, რომ არჩევნებში ოპოზიცია, ყოველ შემთხვევაში, ეს 4 პარტია მონაწილეობას არ მიიღებს, "ქართულ ოცნებას" გამარჯვებას ხონჩით მიართმევენ და ეს პარტიები თამაშგარედ დარჩებიან. შედეგიც იქნება ძალიან მარტივი - ოპოზიციის უფრო მეტად მარგინალიზაცია, დაპირისპირება პროტესტანტ საზოგადოებასთან და "ქართული ოცნების" გამარჯვება. "ქართული ოცნებისთვის" მოგებიანია, თუ ოპოზიციის დიდი ნაწილი არ წავა არჩევნებზე, ნაწილი წავა, ოპოზიციური ამომრჩეველი გაითიშება და ამ გათიშვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ გაიმარჯვებს, ისე, რომ გაყალბებაც კი არ დასჭირდება. მერე ამას საერთაშორისო არენაზეც სათავისოდ გამოიყენებს, აი, ოპოზიციამ თავისი ნებით არ მიიღო მონაწილეობა, რადგან იცოდა, ვერ გაიმარჯვებდა და ყველანაირი გაყალბება მოგონილიაო, და ა.შ. - ანუ შარშანდელ შედეგებსაც "გააპრავებს". არადა, დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია რომ გაერთიანდეს, კარგად დააორგანიზოს ამომრჩეველი და თბილისში მაინც ჩართოს პროცესში - აგიტაციაში, უბნების დაცვაში - ვერანაირი ძალა ვერ შეძლებს, რომ ამ ხალხს მოუგოს. თბილისის მოგება კი არ არის პატარა საქმე...

როგორი დამოკიდებულებაც აქვს დასავლეთთან "ქართულ ოცნებას", რომ ცდილობს მტერი მოყვარედ წარმოაჩინოს და პროპაგანდისტული მეთოდებით შეცვალოს რეალობა, ჩემი აზრით, იმავეს აკეთებს ოპოზიციის ნაწილიც, როდესაც ცდილობს თუნდაც მხოლოდ თბილისის წართმევა გამოიყენოს ივანიშვილის სასარგებლოდ.

- საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ქუჩაშია, ამბობს, რომ ოპოზიციამ ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ფაქტია, ისინი არ წავლენ არჩევნებზე და მაშინ რა უნდა ქნას ოპოზიციამ?

- ამ ადამიანებს ექვსი თვეა უმტკიცებენ, რომ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ და ახლა სხვას რას ველოდებოდით? ეს საკითხი სოცქსელებშიც ძალიან აქტუალურია და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციაში ძალიან რადიკალური აზრის გამარჯვებას სწორედ ხელისუფლება უწყობს ხელს. მე ამის მტკიცებულება არა მაქვს, მაგრამ ხშირად მომხდარა ასე საქართველოს ისტორიაში ბოლო 35 წლის განმავლობაში. ერთია ის საზოგადოება, რომელიც რუსთაველზე ყოველ საღამოს იკრიბება, მაგრამ ეს არის მაინც მცირე ნაწილი, რამდენი ათასიც არ უნდა იყოს, და საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც წესი, ყოველთვის რადიკალიზმის წინააღმდეგია. ამ მეთოდით კი, როდესაც ეუბნები, არჩევნებზე უარი უნდა თქვაო, და ალტერნატივად არაფერს სთავაზობ, რა უნდა გააკეთოს, სინამდვილეში ამით ფრუსტრაციაში აგდებ მათ, ვინც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არის განწყობილი, ხვდება, რომ ხელისუფლება ბოიკოტით არ მიდის, რევოლუციის თავი არავის აქვს და არჩევნების გარდა, სხვა რა რჩება? იდეა, რომ ივანიშვილი ჩაალაგებს ჩემოდნებს და გაიქცევა, უკან გაჰყვებიან პარლამენტიც, მთავრობაც და ოპოზიციას დაუტოვებენ ქვეყანას, იმდენად არარეალურია, სერიოზულად არავინ განიხილავს, რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის გარდა, რომლებიც სერიოზული სახეებით ამბობენ, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ მაშინ, როდესაც ხელისუფლება გადადგება და გაიქცევაო.

წაიკითხე სრულად