"ოქროს წესები", რომლებიც რძის პროდუქტების შეძენისას უნდა ვიცოდეთ: "დაბინძურებული რძის გამოყენების ბრალია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ გვხვდება ისეთი საშიში დაავადებები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში საერთოდ გაქრა"
სად უნდა შევიძინოთ ჯანსაღი რძე და რძის პროდუქტები?
ე.წ. რძის სკანდალის შემდეგ, საქართველოში კიდევ უფრო აქტუალური გახდა საკითხი, სად შევიძინოთ ხარისხიანი, ნატურალური რძის ნაწარმი. სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელს - ვახტანგ კობალაძეს, რომელიც ამ ორგანიზაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელია:
- ეს რთული შეკითხვაა... ძალიან რთულია ისეთი რჩევის მიცემა, რომლითაც მომხმარებელი 100 პროცენტით თუ არა, 90 პროცენტით მაინც იქნება დაცული და დაზღვეული. ჩვენდა სამწუხაროდ, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები ხილული არ არის. აქედან გამომდინარე, ძნელია, დავადგინოთ, რა სახის სურსათთან გვაქვს საქმე. ჩვენს ორგანიზაციას ბევრჯერ შეუმოწმებია ქართული მაღაზიების ქსელიდან ამოღებული რძე და რძის ნაწარმი, ბევრი დარღვევაც აღმოუჩენია, მაგრამ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მაღაზიის, მეწარმის შემოწმება სერიოზულ შედეგს ვერ იძლევა.
- ნებისმიერ ჩვენგანს უჩნდება შეკითხვა - რატომ უნდა იყოს საეჭვო ისეთი პროდუქციის ხარისხი, რომელიც პატარა ბავშვების რაციონშიც შედის?
- აბა, რა უნდა ვთქვა?! - ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი კანონმდებლობა თანხმობაში არ არის ევროკავშირში არსებულ რეგულაციებთან, შესაბამისად, ჩვენთან ბევრი ისეთი რამ არის დაშვებული, რაც ევროკავშირში აკრძალული და მიუღებელია. გარდა ამისა, დიდი პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში სურსათის მასშტაბური კონტროლი არ ხორციელდება, განსაკუთრებით, წვრილი გლეხური მეურნეობებისა, მაგრამ დღეს უკვე აშკარაა, რომ მსხვილი საწარმოებიც არ ყოფილა დაცული სერიოზული ხარვეზებისგან. როდესაც რძეს ან მისგან წარმოებულ პროდუქციას ვყიდულობთ, არსებობს როგორც უვნებლობის, ასევე - ფალსიფიკაციის საფრთხე, რაც წლების განმავლობაში ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. მაგალითად, შეიძლება ბოთლს "რძე" ეწეროს, მაგრამ მცენარეული ცხიმი ჰქონდეს გარეული ანუ ეს არ იყოს ნამდვილი რძე. სამწუხაროდ, ჩვენს პირობებში, ვეტერინარული უსაფრთხოებაც არ არის გარანტირებული და ცოცხალი რძის შეძენაც სარისკოა.
- რატომ?
- მიუხედავად იმისა, რომ ნატურალური რძე გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, სასურველია ვიცოდეთ, რა პირობებშია ის დამზადებული. როცა პასტერიზებულ რძეს ვყიდულობთ, ის მაინც ვიცით, რომ თერმული დამუშავება აქვს გავლილი, შესაბამისი ტექნოლოგიების დაცვითაა დამზადებული და უვნებელია. რა თქმა უნდა, პასტერიზაციის დროს რძე ზოგიერთ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს, მაგრამ არა - ყველაფერს. შესაბამისად, პასტერიზებული რძის გამოყენება უფრო უხიფათოა - ამ დროს მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფრთხე ნაკლებია. ჩვენს პირობებში, როცა დაავადებები ასე გავრცელებულია, როცა ჰიგიენური მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, დაცული არ არის, მით უმეტეს - გლეხურ მეურნეობებში, პასტერიზაცია ყველაზე კარგი გამოსავალია. დაბინძურებული რძის გამოყენების ბრალია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ გვხვდება ისეთი საშიში დაავადება, რომელიც ევროპის ქვეყნებში საერთოდ გაქრა - ეს არის ბრუცელოზი. ეს დაავადება საწყის ეტაპზე მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ როცა დიაგნოზი დაისმება, მისი მკურნალობა ძალიან რთულია.
- გარდა ბრუცელოზისა, კიდევ რა დაავადებები ვრცელდება საეჭვო ხარისხის რძის ნაწარმისგან?
- დაბინძურებული რძის პროდუქტების გამო ჩნდება სალმონელოზი, ჯილეხი, სტაფილოკოკი და ა.შ. აქვე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი საკითხი - ანტიბიოტიკები და ვეტერინარული პრეპარატები, რომლებიც ცხოველების სამკურნალოდ და დაავადებებისგან დასაცავად გამოიყენება. ამ პრეპარატების კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ ფერმერების კეთილსინდისიერების იმედად ვრჩებით. ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ ფერმერმა რძე უნდა გადაღვაროს, რადგან ამ პრეპარატების ნარჩენებს პასტერიზაცია ვერ ანადგურებს. შედეგად, ანტიობიოტიკები ადამიანის ორგანიზმში გადადის. არის ანტიბიოტიკები, რომლებიც საერთოდ აკრძალულია და მაინც იყენებენ, მაგრამ მთავარი გამოწვევა სულ სხვაა: ადამიანის ორგანიზმი ანტიბიოტიკებს ეჩვევა და როცა მათი მიღება აუცილებელია, მკურნალობა შედეგს აღარ იძლევა. ამიტომ, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გამო, მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღუპება.
- როგორ ფიქრობთ, სადმე შეიძლება საიმედო, ხარისხიანი რძის პროდუქტის შეძენა?
- რძე ხარისხიანია, თუ შესაბამისი სტანდარტების დაცვით აქვს გავლილი პასტერიზაცია, მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემა იკვეთება - ფალსიფიკაცია. რძეში მცენარეული ცხიმის გარევა ჩვენს ქვეყანაში ძალიან გავრცელებული მოვლენაა, შედეგად, რძის ნაწარმის სახელით ისეთი პროდუქცია იყიდება, რომელიც ფალსიფიცირებულია. მომხმარებელი ამ დროს ტყუვდება: იგი ფალსიფიცირებულ ნაწარმში იხდის ფულს. როდესაც რძეში მცენარეული ცხიმია გარეული, მას ის თვისებები აღარ აქვს, როგორიც ნამდვილ რძეს უნდა ჰქონდეს. როგორ დავიცვათ თავი ფალსიფიკაციისგან? - სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის გარეშე ამას ვერავინ შეძლებს. ჩვენი ძალებით რა შეგვიძლია გავაკეთოთ? - უპირველეს ყოვლისა, არ უნდა შევიძინოთ რძე ან რძის პროდუქტი ისეთ ადგილებში, სადაც ანტისანიტარია და არაჰიგიენური პირობებია, მათ შორის - გარევაჭრობებზე; არ შევიძინოთ ისეთი მეწარმისგან, რომლის პროდუქციის ხარისხსა და ჰიგიენაში ეჭვი გვეპარება. თუ არ ვიცით მწარმოებელი ვინ არის, უმჯობესია, ეტიკეტიანი რძე შევიძინოთ და კარგად დავაკვირდეთ, ეტიკეტზე რა წერია, როგორია მისი შემადგენლობა.
- თუკი რძეს ეტიკეტი არა აქვს?
- ამ შემთხვევაში შეიძლება გვეგონოს, რომ ნატურალური, სოფლის რძე ვიყიდეთ, მაგრამ ის მცენარეული ცხიმისგან იყოს დამზადებული. ჩვენს ორგანიზაციას მსგავსი დარღვევები ქართულ ბაზარზე არა ერთხელ აღმოუჩენია. ძალიან ბევრი ინფორმაცია ქვეყნდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეც, ისინი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, მაგრამ ერთეული ან ათეული შემთხვევების აღმოჩენით ეს პრობლემა ვერ აღმოიფხვრება.
- და ბოლოს, უნდა გკითხოთ: როგორ დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან?
- სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ამ პრობლემების მოგვარება წარმოუდგენელია. ბიზნესი ყოველთვის მოგებაზე მუშაობს, ამიტომ მოსახლეობა სახელმწიფომ უნდა დაიცვას. თუ საქართველო ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვდება, მსგავსი საფრთხეებისგან უფრო დაცულნი ვიქნებით, მაგრამ სიფრთხილე ნებისმიერ შემთხვევაში გვმართებს: ევროპის ქვეყნებშიც არის მსგავსი დარღვევები, მიუხედავად იმისა, რომ იქ საკმაოდ მკაცრი სტანდარტები მოქმედებს და ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებაც არ არის პრობლემა.
დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, საკუთარი ჯანმრთელობა ჩვენივე ძალებით უნდა დავიცვათ: აუცილებლად უნდა შევიძინოთ პასტერიზებული რძე, რომელიც ეტიკეტირებულია.
მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ, რომ გაყიდვის ობიექტზე დაცული იყოს ჰიგიენა, ტემპერატურული რეჟიმი და შენახვის პირობები, ხოლო ეტიკეტზე მითითებული იყოს ყველა საჭირო ინფორმაცია: გამოყენების ვადა, პროდუქტის შემადგენლობა, საწარმოს მისამართი და სხვა მონაცემებიც...
P.S. "ოქროს წესები", რომლებიც რძის პროდუქტების შეძენისას უნდა ვიცოდეთ:
როდესაც რძეს ყიდულობთ, ბოთლის ეტიკეტს უნდა ეწეროს „საღი რძე“ ან „პასტერიზებული რძე“ და არა - „რძის შემცვლელი პროდუქტი“.
თუ ეტიკეტს აწერია მცენარეული ცხიმის სახელი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ყიდულობთ ნატურალურ რძის ნაწარმს.
ძალიან ხანგრძლივი ვადა (რამდენიმე თვე) მიუთითებს, რომ პროდუქტი ულტრაპასტერიზებულია და ბევრი სასარგებლო ნივთიერება დაკარგული აქვს.
თუ ვადა 5-10 დღეა, დიდი შანსია, რომ პროდუქტი ნატურალურია და ნაკლებად დამუშავებული.
რძის პროდუქტები: კეფირი, მაწონი, ყველი, არაჟანი - მხოლოდ მაშინ უნდა შევიძინოთ, თუ მათ ეტიკეტს არ აწერია „მცენარეული ცხიმი“, „პალმის ზეთი“ ან „ემულგატორები“, ხოლო თუ მათ ეტიკეტზე ვხედავთ წარწერას - "რძის შემცვლელი პროდუქტი" - ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი ნატურალური არ არის.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)