ზურაბ წერეთლის ანდერძის მოლოდინში - რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს 46 წლით უმცროს ცოლს და შვილს
მოქანდაკე და მხატვრის ზურაბ წერეთლის ცხედარი მოსკოვიდან თბილისში გადმოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი 24 და 25 აპრილს თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება (მისამართი: რუსთაველის გამზირი, 27 - რედ.). მოქანდაკეს 26 აპრილს დიდუბის პანთეონში პირველი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
რუსულ მედიას მოქანდაკის გარდაცვალების შემდეგ, ყველაზე მეტად მისი ანდერძი აინტერესებს. ვის რა დარჩება 2 მილიარდ დოლარამდე შეფასებული ქონებიდან, ჯერ კიდევ არ გარკვეულა.
22 მანეთით დაწყებული ცხოვრება
ის ოცნებობდა ტიციანივით ყოფილიყო - მდიდარი და დიდებაში ჩაძირული. ცნობილმა მოქანდაკემ თავისი კარიერა 22 მანეთითდაიწყო. მისი სახლი სხვენი იყო... მაგრამ დღეს ზურაბ წერეთელი მსოფლიოში უმდიდრეს ქართველად ითვლება. მისი ქონება ჯერ კიდევ 2007 წელს 2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რომ არაფერი ვთქვათ 57 ათასი კვადრატული მეტრის საერთო ფართობის უძრავ ქონებაზე. 22 აპრილს სსრკ-ისა და რუსეთის სახალხო მხატვარი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვის დარჩება უძრავი ქონება, სახლ-მუზეუმი პერედელკინოში და 2 მილიარდი დოლარი? - წერს მედია.
მხატვრის განუმეორებელი სტილი
ზურაბ წერეთლის ანგარიშზე დაახლოებით 5000 ნამუშევარია, თანაც ყველა სრულიად განსხვავებული თემატიკისაა, მაგრამ უფრო ხშირად ისტორიული სიუჟეტები გვხვდება.
მაგალითად, სამარელები ამაყობენ მისი ქანდაკებით "ბიძია სტიოპა მილიციელი", რომელიც მათ ქალაქში 2015 წელს დაიდგა. მოსახლეობამ ფულიც კი შეაგროვა ცნობილი მოქანდაკის ნამუშევრის საფასურად. წერეთელმა კი ჰონორარის მიღებაზე უარი თქვა.
მისი შემოქმედება აფხაზეთშიც დგას. 60-იან წლებში საკურორტო ქალაქებში (პიცუნდა, გაგრა, ახალი ათონი) წერეთლის ხელით გაფორმებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები გაჩნდა, რომელსაც ნიჟარის, თევზის, მამლის, ტალღის, რვაფეხას ფორმები ჰქონდა და გაფორმებული იყო ფერადი მოზაიკით.
ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ნამუშევარია მოსკოვში 1997 წელს აღმართული პეტრე პირველის ძეგლი. ზოგი აღშფოთებული იყო ქანდაკებისთვის წარუმატებლად შერჩეული ადგილის გამო. ზოგს რუსეთის იმპერატორის სამოსი არ მოსწონდა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, 98 მეტრის სიმაღლის ძეგლი რუსეთში ყველაზე მაღალი ძეგლია და ახლა დედაქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება.