წყლის გამო დიდი ომის დაწყების საფრთხე, რომელიც მთელ მსოფლიოს დაემუქრება - რას ვერ იყოფენ ინდოეთი და პაკისტანი - კვირის პალიტრა

წყლის გამო დიდი ომის დაწყების საფრთხე, რომელიც მთელ მსოფლიოს დაემუქრება - რას ვერ იყოფენ ინდოეთი და პაკისტანი

მსოფლიოს ცხრა ბირთვული სახელმწიფოდან საერთო სახმელეთო საზღვარი მხოლოდ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეას და ინდოეთ-პაკისტანს აქვთ და თუკი პეკინი იქით ეხმარება ფხენიანს, დელისა და ისლამაბადს შორის ისტორიული შუღლი არსებობს...

1947 წლიდან, რაც ბრიტანეთის ინდოეთის კოლონიის გაყოფის შემდეგ ინდოეთმა და პაკისტანმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, მათ შორის არ შემწყდარა დაპირისპირება ქაშმირის რეგიონის გამო, რაც პერიოდულად ომებშიც გადაიზრდებოდა.

პირველი(1947-49 წწ) და მეორე(1965 წ.) ომები ინდოეთსა და პაკისტანს შორის სწორედ ქაშმირის სადავო საკითხის გამო წარმოიქმნა, მესამე ომი კი ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან იყო დაკავშირებული.

ამ ფართომასშტაბიანი ომების პერიოდში ჯერ არც ინდოეთს და არც პაკისტანს არ გააჩნდათ ბირთვული იარაღი, თუმცა 1999 წლის კარგილის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების მომენტისთვის პაკისტანს უკვე ერთი წლით ადრე ჰქონდა ჩატარებული ორი მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება და ფაქტობრივად შესულიყო იყო ბირთვული სახელმწიფოების კოჰორტაში, ხოლო ინდოეთს კი ასეთი ბირთვული გამოცდა ჯერ კიდევ 1974 წელს ჰქონდა განხორციელებლი, თუმცა 1998 წლამდე ოფიციალურად არ აღიარებდა ბირთვული იარაღის ფლობას.

2-ind-1745572553.png
მდინარე ინდი ტიბეტის მთებიდან იღებს სათავეს და ექვს განტოტებად იყოფა, რომელთაგან სამი პაკისტანში მიედინება და მათი გადაკეტვა ისლამაბადისთვის კატასტროფის ტოლფასი გახდებოდა...

2019 წელს ინდოეთის ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში ინდოელ პოლიციელებზე განხორციელდა ტერორისტული აქტი, რასაც 45 პოლიციელი შეეწირა და ინდოეთმაც საპასუხო საჰაერო დარტყმები განახორციელა „ჯაიშ-ე-მუჰამადის“ ტერორისტული დაჯგუფების ბანაკზე, რომელიც პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ნაწილში იყო განთავსებული.

საპასუხოდ პაკისტანის ავიაციამ ქაშმირში ინდოეთის არმიის სამხედრო ობიექტები დაბომბა, რასაც მოჰყვა საჰაერო ორთაბრძოლები ინდოეთისა და პაკისტანის რეაქტიული გამანადგურებლების გამოყენებით.

მაშინ მსოფლიო ძალიან მიუახლოვდა ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს, რადგან ინდოეთსაც და პაკისტანსაც უკვე საკმაოდ ჰქონდათ დაგროვებული იმ რაოდენობის ბირთვული იარაღი, რომელიც სრულიად საკმარისი გახლდათ ამ ორივე სახელმწიფოს გასანადგურებლად და მეზობელ ქვეყნებსაც თან „წაიყოლიებდნენ“...

ის, რაც მოხდა 2025 წლის 22 აპრილს, ძალიან წააგავს 1999 წლის კონფლიქტის დაწყებას - ქაშმირში მყოფ ტურისტებს ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს და 26 ადამიანი მოკლეს, რაშიც ინდოეთმა ტერორისტული დაჯგუფება „ლაშქარ-ე-თაიბა“ დაადანაშაულა, რომელსაც ინდოეთის სპეცსამსახურების მტკიცებით, პაკისტანიდან მფარველობენ.

3-ind-1745572554.jpg
საშუალო სიშორის ინდურ ბალისტიკურ რაკეტას ბირთვული ქობინის „მიტანა“ პაკისტანის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილში შეუძლია...

ინდოეთმა საპასუხოდ ჩაკეტა საზღვარი პაკისტანთან და განაცხადა „ინდის ხელშეკრულებიდან“ გასვლის შესახებ. სწორედ რაც შეიძლება გახდეს ინდოეთ-პაკისტანის დიდი ომის დაწყების საბაბი...

„ინდის ხელშეკრულება“ 1960 წელს დაიდო და ინდოეთ-პაკისტანის არც ერთი ომის დროს არ დარღვეულა, თუმცა ამჯერად შეიძლება ყველაფერი უფრო რთულად წარიმართოს...

ინდი მთავარი მდინარეა, რომელიც ტიბეტის მთებში იღებს სათავეს და შემდეგ ექვს ტოტად იყოფა, რომელთაგან სამს პაკისტანი იყენებს და სამსაც ინდოეთი.

თუკი დელი მართლაც გადაკეტავს მდინარე ინდს სათავეშივე და პაკისტანისკენ მიმავალ სამ განშტოებაში წყლის დონე მინიმუმამდე დაეცემა, ეს სრულად გაანადგურებს პაკისტანის სოფლის მეურნეობას და მილიონობით პაკისტანელს შიმშილის ზღვარზე დააყენებს...

შესაბამისად ისლამაბადი ყველაფერზე არის წამსვლელი, რომ მის ტერიტორიაზე გამავალ სამ განშტოებას წყალი არ მოაკლდეს, მათ შორის, შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენების დამუქრებაზეც კი...

თავის მხრივ კი ინდოეთის მთავარი მოთხოვნაა, ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ტერორისტული თავდასხმები ქაშმირის პროვინციაში და პაკისტანის სპეცსამსახურები აღარ ეხმარებოდნენ ქაშმირელ ტერორისტებს...

ინდოეთისა და პაკისტანის ბირთვული არსენალი ძალზე შთამბეჭდავია და თუკი ინდოეთს სავარაუდოდ 172-180 ბირთვული მუხტი გააჩნია, პაკისტანი დიდად არ ჩამორჩება მას თავისი 170-მდე ბირთვული ქობინითა და საავიაციო ბომბით.

4-ind-1745572554.jpg
შორსმფრენი ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები პაკისტანის არსენალშიც მოიპოვება, მათ შორის ჩინეთის დახმარების წყალობითაც, რადგან პეკინი ისლამაბადს დელის საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად აძლიერებს...

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ამ ორივე მეზობელი ქვეყნის შეიარაღებაშია საშუალო სიშორის მოქმედების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებიც, რომლებსაც არანაკლებ 2 ათას კმ-ზე შეუძლიათ ბირთვული ქობინების გადატანა, რაც სრულიად საკმარისია ინდოეთის და მითუმეტეს პაკისტანის ტერიტორიის ყველა ნაწილამდე მისაღწევად.

სათვალავშია მისაღები ის გარემოებაც, რომ თუკი ინდოეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 1,5 მლნ-მდეა, პაკისტანის არმიაში მხოლოდ 660 ათასი კაცი მსახურობს, რაც კიდევ ერთ არგუმენტს აძლევს ისლამაბადს, რომ მასზე ბევრად ძლიერი ინდოთის შეკავება სწორედ ბირთვული იარაღის გამოყენებით სცადოს...

თავის მხრივ ინდოეთს აკავება არა მარტო ის ფაქტი, რომ პაკისტანსაც გააჩნია არსენალში ბირთვული იარაღი, არამედ ისიც, რომ მათ შესაძლო ომში ალბათ, აუცილებლად ჩაერევა კიდევ ერთი ძალზე ანგარიშგსაწევი მეზობელი - ჩინეთი, რომელსაც პაკისტანთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვს, ხოლო ინდოეთთან ასევე ტრადიციულად, ცუდი,ძალიან ცუდი...