"6 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ბავშვობიდან მომწონდა... ამჟამად, აშშ-ში ბავშვთა ანსამბლი დავაარსეთ, ჩვენი ხაზი, სტილი გვაქვს და ვცდილობთ, თაობა სწორად აღვზარდოთ"
ქართველმა მოცეკვავემ, ილია სვიანაიძემ, რომელიც თავის დროზე ჯერ ანსამბლში "პატარა ვირტუოზები", შემდეგ კი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლში - "ერისიონში" ცეკვავდა, თურქეთში, ორ უდიდეს შოუში: "ანატოლიის ცეცხლი" და "ტროა" სცადა ბედი, შემდეგ კი ასევე მოცეკვავე მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა, სადაც წარმატებით გავიდა ამერიკული პროექტის - American got Talent-ის სცენაზე.
ამის შემდეგ იწყება მოცეკვავეების ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ფურცელი, უკვე ემიგრაციაში და უფრო დიდი მიზნით: ემიგრაციაში დაბადებულ ბავშვებს შეაყვაროს ქართული ხელოვნება...
- ბავშვობიდან დაკავებული ვიყავი ჩემი საყვარელი საქმიანობით - ცეკვით, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს აღმზრდელ ქორეოგრაფს - გია დავითაშვილს, რომელთანაც 10 წელი ვიცეკვე ანსამბლში - "პატარა ვირტუოზები", სადაც ჩემი მომავალი მეუღლე - თამარ წივილაშვილიც ცეკვავდა. ასე რომ, 6 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს და აქვე გეტყვით, რომ ბავშვობიდან მომწონდა (იღიმის).
- პირველად საზღვარგარეთ ალბათ გასტროლით მოხვდით. რომელ ქვეყანაში ჩასვლა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე ემოციური?
- დიახ, ჩვენ ხშირად ვმოგზაურობდით ლათინური ამერიკის ქვეყნებში: მექსიკა, ეკვადორი, პერუ, გვატემალა, ვენესუელა, კოსტა-რიკა და სხვები. სამხრეთ ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში ვმართავდით კონცერტებს და პირადად მე, ანსამბლთან ერთად, 5-ჯერ ვიყავი. იყო 1-თვიანი, 2-თვიანი და ერთხელ, 3-თვიანი გასტროლიც, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომიტანა არა მხოლოდ პროფესიული კუთხით, არამედ, ცხოვრებისეული თვალსაზრისითაც, ბავშვობიდანვე შევეჩვიე დამოუკიდებელ ცხოვრებას...
ბევრი რამის მოყოლა შემიძლია, თუმცა ამჯერად ერთ ამბავზე გავაკეთებ აქცენტს, რამაც უდიდესი ემოცია მომიტანა და ძალიან დამამახსოვრდა:
კონცერტი როცა მთავრდებოდა, მერე გვიწევდა მაყურებელთან შეხვედრა, სურათების გადაღება და ხშირად, ავტოგრაფიც უთხოვიათ, რაც ძალიან მახარებდა, რადგან ვხვდებოდი, ხალხს ძალიან მოსწონდა ქართული ნაციონალური ცეკვა. პირადად მე, ერთ-ერთ მაყურებელს ჩოხის ქილაც კი ვაჩუქე სახსოვრად... "პატარა ვირტუოზების" შემდეგ, 16 წლიდან კარიერა გავაგრძელე სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში "ერისიონი". მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ამ ანსამბლის თითოეულ წევრს, მათ გვერდით ყოფნამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. იმ დროს, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ჯემალ ჭკუასელი, ხოლო მთავარი ქორეოგრაფი - ბატონი რევაზ ჭოხონელიძე იყო. მათ დიდი ღვაწლი აქვთ გაწეული ქართული ფოლკლორისა და ცეკვის მსოფლიოს მასშტაბით გაცნობაში. დღეს ეს ადამიანები ცოცხლები აღარ არიან, უფალმა აცხონოს მათი სულები...
- როგორც ვიცი, რაღაც პერიოდი თურქეთშიც იყავით. რატომ და როგორ მიიღეთ სამშობლოდან წასვლის გადაწყვეტილება და მერე როგორ წარიმართა უცხო ქვეყანაში თქვენი ცხოვრება, კარიერა...
- 2014 წლიდან წავედი ემიგრაციაში, თურქეთში. ეს იყო ახალი გამოწვევა როგორც კარიერული წინსვლისთვის, ასევე, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მუშაობა დავიწყე ორ უდიდეს შოუში - "fire of anatolya" (ანატოლიის ცეცხლი ) და "Troy" (ტროა). ორივე შოუ ძალიან პოპულარულია როგორც თურქეთის, ისე, მსოფლიოს მასშტაბით. ასევე მინდა აღვნიშნო ქართველი მოცეკვავეების წვლილი ამ ორ შოუში, ისინი ყოველთვის იცავდნენ ქართული ცეკვის ტრადიციულ ხაზს. მოცეკვავეებმა ძალიან თბილად მიმიღეს და ადვილად გადამალახვინეს სამშობლოდან წასვლის დარდი, ეს ადამიანები დღეს ჩემი უახლოესი მეგობრები, ფაქტობრივად, ოჯახის წევრები არიან და ამერიკაშიც ერთად ვართ... 3 წელი ვიყავი თურქეთში და დაახლოებით 400-მდე კონცერტში მივიღე მონაწილეობა. ჩემთვის ეს მართლაც დიდი გამოცდილების მიღებისა და პროფესიული წინსვლის პერიოდი იყო.
- როგორც უკვე აღნიშნეთ, მეუღლეც მოცეკვავეა. თქვენს სიყვარულზე მიამბეთ. როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ მიიღეთ დაოჯახების გადაწყვეტილება.
- საქართველოში ცხოვრების პერიოდში ანსამბლში ცეკვის პარალელურად, ცეკვის მოყვარულთა ჯგუფი გვყავდა, სადაც მე და ჩემი მომავალი მეუღლე ვასწავლიდით ქართულ ცეკვებს. სწორედ ამ პერიოდში დავახლოვდით და თანამშრომლური ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. მაშინ 19 წლის ვიყავით. როგორც უკვე აღვნიშნე, თაკოსთან ერთად, 6 წლიდან ერთსა და იმავე ანსამბლში დავდიოდი, მერე კი ცოტა ხნით ჩვენი გზები გაიყო: მე "ერისიონში" ამოვყავი თავი, თაკო კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდა, შემდეგ კი გადავიდა სუხიშვილებში, თუმცა მალევე მოუწია წამოსვლამ, რადგან 2015 წელს ვიქორწინეთ და ვინაიდან იმ დროს თურქეთში, შოუში ვცეკვავდი, თაკოც იქ გამომყვა...
ამ წლების განმავლობაში, ერთად ბევრ გამოწვევას გავუმკლავდით და მადლობა ღმერთს ამისთვის. დღესდღეობით ვცხოვრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გვყავს 2 შვილი - თომა და თაია.
- ამერიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?
- 2017 წელს, მე და ჩემი მეგობრები ახალ გამოწვევას შევეჭიდეთ, გვინდოდა მონაწილეობა მიგვეღო შოუში - America's got talent. გავიარეთ კასტინგი და ამის შემდეგ დავიწყეთ პირველი ტურისთვის მზადება. ყველანი ძალიან გახარებულები ვიყავით. პირველი ტური წარმატებით გავიარეთ და კარგად მახსოვს, ამერიკულ აუდიტორიას როგორ მოეწონა ჩვენი გამოსვლა, ჟიურიც აღფრთოვანებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე ტურიდან გამოვეთიშეთ ასპარეზობას...
თუმცა, აქ დავრჩით და უკვე 8 წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ვცხოვრობ. ვცდილობთ, პატიოსნად ვიცხოვროთ, აღვზარდოთ ჩვენი შვილები და სხვა ქართველი ბავშვებიც. 2017 წელს, შევხვდით ბატონ ვიქტორ სირელსონს, რომელმაც ამერიკაში გზა გაგვიკვალა მე, თამარს და ჩვენს მეგობრებს. ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც ვერასდროს დავიღლები მადლობის თქმით. ის პირველი ქართული კულტურის ცენტრის დამაარსებელია ამერიკაში Dancing crane company Georgian Culture Center.
თავისთან მიგვიწვია, როგორც მოცეკვავეები და შემდეგ, როგორც ქორეოგრაფები. lost Legends-ის სახელით მე, ჩემს მეუღლესა და ჩვენს მეგობრებს ამერიკის სხვადასხვა ქალაქში გაგვქონდა ქართული ცეკვა, ხოლო 2021 წელს, დავაარსეთ ბავშვთა ანსამბლი "ლეგენდები". ვცდილობთ, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ახალ თაობას გავუზიაროთ. ჩვენი ხაზი, სტილი გვაქვს და ვცდილობთ, ის მკაცრად დავიცვათ, ბავშვები სწორად აღვზარდოთ.
რთულია ამერიკაში, აქაურ ყოველდღიურ რეჟიმში სწორად აკეთო საქმე, რაღაცები აუხსნა ბავშვს ისე, რომ სწორად გაიზარდოს მორალურად, ფსიქოლოგიურად, მაგრამ ვცდილობთ ეს მოვახერხოთ და გაგვიმართლა, რომ სტუდია ყველაფერში მხარში გვიდგას; ბატონი ვიქტორი და მისი მეუღლე, ქალბატონი ლიკა, სტუდიის დირექტორი გვეხმარებიან არა მარტო არაჩვეულებრივი პირობების შექმნით და დარბაზით, არამედ, ფორმებითაც, ასევე, ზრუნავენ კონცერტებზე, გასვლით ღონისძიებებზე.
მოკლედ, მაქსიმალურად ზრუნავენ ჩვენზე და ბავშვებზე...
ჩვენს ბავშვებს ძალიან უყვართ საქართველო, ეამაყებათ ქართველობა და მოსწონთ ჩვენს სტუდიაში ყოფნა. ისინი ასე უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან და საქართველოსთან. ჩვენს კულტურის ცენტრში ყველგან ქართული სიმღერა, მუსიკა და ენა ისმის, ქართულ ცეკვებს უყურებ და ვერც იგრძნობ, რომ ამერიკაში ხარ. აქ ვცდილობთ, რომ "ენა, მამული, სარწმუნოება" და ამასთან, ქართული ცეკვაც შევაყვაროთ პატარებს.
- რა არის ემიგრაციაში ყოფნის ყველაზე დიდი სირთულე და როგორ ფიქრობთ, თქვენი აღსაზრდელები შეძლებენ სამშობლოს ვერდავიწყებას?
- ემიგრაციაში ყოფნის ყველაზე დიდი სირთულე ალბათ, მონატრებაა ახლობლების, საქართველოსი... მგონია, რომ ქართველ ემიგრანტს ეს ყველაზე მეტად სტკივა, ჩვენ ხომ ძალიან ღრმად გვაქვს ფესვები გადგმული ჩვენს ქვეყანაში. აქ უამრავი ემიგრანტია, ეს ემიგრანტების ქვეყანაა და არც ერთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებში არ მინახავს ისეთი მიჯაჭვულობა სამშობლოზე, როგორიც ჩვენ გვაქვს.
- შვილებზეც მიამბეთ...
- ჩვენი შვილები აქ დაიბადნენ: თომა 6 წლისაა, თაია - 2-ნახევრის. ორივე ძალიან კარგად ლაპარაკობს ქართულად და ინგლისურადაც. ვცდილობთ, ბავშვები ქართულად აღვზარდოთ, თუმცა აქ ეს ძალიან რთულია. თომა 1 წლის წინ იყო საქართველოში და ერთი სული აქვს, კიდევ როდის წავა. თაია ჯერ ძალიან პატარაა და არ ესმის მაგდენი. ჩვენი თომა ცეკვაზეც დადის და იმედი გვაქვს, ამ საქმეს ისე შეიყვარებს, როგორც ჩვენ, მის მშობლებს გვიყვარს.
- და ბოლოს, რა არის თქვენი ოჯახის საბოლოო მიზანი და რა შემთხვევაში დაბრუნდებით სამშობლოში?
- ამ კითხვაზე პასუხი ალბათ, ყველაზე რთული გასაცემია. ახლა ისეთი მისია გვაკისრია, რომ წასვლა რთულია. აქ ამდენი ქართველი ბავშვი გვაბარია, რომლებთანაც სულ სხვა სიყვარული გვაქვს და ემიგრაციაში ეს სულ სხვა გრძნობაა, გაასმაგებული პასუხისმგებლობა და სიყვარული ქართველი საზოგადოების. ეს იგივეა, რომ ჩემი საკუთარი შვილები მივატოვო და წავიდე. ამ პატარებს და მათ მშობლებს ჩვენი იმედი აქვთ... თუმცა, ყველაფერი ღვთის ნებაა...
ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)