"ბაადური უნივერსიტეტიდან გამოუშვეს ბოლოს... ისე განიცადა, ნახევარ წელიწადში გარდაიცვალა. გამოუცხადეს, თქვენი საგანი სამინისტრომ გააუქმაო" - როგორ შეიქ - კვირის პალიტრა

"ბაადური უნივერსიტეტიდან გამოუშვეს ბოლოს... ისე განიცადა, ნახევარ წელიწადში გარდაიცვალა. გამოუცხადეს, თქვენი საგანი სამინისტრომ გააუქმაო" - როგორ შეიქმნა "ფეოლა" - ლედი წულაძე გულისამაჩუყებელ ამბებს იხსენებს

და-ძმა წულაძეები ბათუმში დაიბადნენ და საშუალო სკოლა იქ დაამთავრეს. გოგონა სულ სცენაზე იდგა და ითვლებოდა, რომ ის უნდა გამოსულიყო მსახიობი, ბალერინა ან მომღერალი... მაგრამ ასე არ მოხდა. ხოლო მისი ძმა, რომელიც საერთოდ არ ფიქრობდა მსახიობობაზე, გახდა კინორეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი (წელს 90 წელი შეუსრულდებოდა). არქიტექტორი ქალბატონი ლედი იხსენებს ძმას - ბაადურ წულაძეს, მშობლებს, საფრანგეთში მცხოვრებ ბიძას და ამბებს გადასაღები მოედნიდან...

- თქვენს ძმას დაბადების დღის აღნიშვნა უყვარდა?

- ბავშვობიდან ძალიან უყვარდა, მარტში იყო დაბადებული და ყოველთვის უხდიდნენ დაბადების დღეს. მიხაროდა, როცა ჩვენთან მოდიოდნენ ბავშვები, მოჰქონდათ საჩუქრები. მასზე ორი წლით უმცროსი ვარ და რადგან აგვისტოში დავიბადე, დაბადების დღეს არასოდეს მიხდიდნენ... როგორც კი სკოლის არდადეგები დაიწყებოდა, მეორე დღესვე სოფელ აკეთში გვიკრავდნენ თავს. ჩვენ ადგილს ერქვა გაგური. ეს იყო დედაჩემის (შუშანა მჟავანაძე) დედის ოჯახი, ბებიას 7 შვილი და ბევრი შვილიშვილი ჰყავდა, უამრავი ბავშვი ვგროვდებოდით. მათ შორის მე ყველაზე პატარა ვიყავი, ჩემი უფროსი ბიძაშვილი კი თითქმის დედაჩემის ხნისა იყო, იმიტომ, რომ დედა ნაბოლარა გახლდათ. ის იყო ბრწყინვალე ბუღალტერი, ასე ამბობდნენ. სამამულო ომის დროს ბათუმის ყველა სკოლისა და საბავშვო ბაღის ბუღალტერიას აწარმოებდა ერთადერთი ადამიანი - დედაჩემი. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს იმიტომ, რომ იშვიათად ვხედავდი.

- ვფიქრობ, რომ ბაადურ წულაძის სავიზიტო ბარათი არის ფილმი „ფეოლა“.

- როგორც რეჟისორისა - კი. თავიდან ამ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმს ყურადღება არავინ მიაქცია, მხოლოდ ერთი-ორჯერ გაუშვეს ტელევიზიით, მოდური არ იყო. როცა რიგაში სპორტული ფილმების საკავშირო კინოფესტივალზე პრიზი მიიღო, ძალიან კმაყოფილი დარჩა. მახსოვს, ბაადურს საჩუქარი ხელში ეჭირა, სახლში რომ მოვიდა.

ფილმის შექმნას ასეთი ისტორია აქვს:

მაშინ ვცხოვრობდით გრიბოედოვის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში, სადაც ყოველდღე მოდიოდა ნახევარი თბილისი, დღე და ღამე კარი არ იკეტებოდა. ხშირად იყო ჩვენთან რეზო გაბრიაძე, რომელიც ბაადურს უყვებოდა ეპიზოდებს ფილმისთვის. ჩემი ძმა ეუბნებოდა: რეზო, ნუ მიყვები, და-წე-რე! ხანდახან ძალით აწერინებდა. რეზოს უნდოდა, მთავარი როლი ბაადურს ეთამაშა, მისთვის წერდა. ეს რომ უთხრა, ბაადურმა კატეგორიული უარი თქვა, ჯერ ისეთი რეჟისორი არ ვარ, რომ ორივე საქმეს გავუმკლავდეო. ის ამბობდა, რომ ფეოლას როლისთვის უნდოდა ვარსკვლავი - იპოლიტე ხვიჩია. ბოლო წლებში ფილმი საკმაოდ პოპულარული გახდა.

peola-kadri-1746019243.jpg

-„ფეოლა“ შარშან იტალიურად თარგმნეს, თქვენ ფილმი ნახეთ?

- ფილმის ნაწყვეტები ვნახე, ძალიან მომეწონა, ერთიერთში ჩაჯდა. თავიდანვე მივხვდი, რომ თარგმანის შემთხვევაში, ფილმს მარტო იტალიური ენა მოუხდებოდა. პირველად, როცა დამირეკა ნინა მამუკაძე-სორდინიმ (იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი), დიდხანს მესაუბრა... თან ამიხსნა, რომ არაკომერციული პროექტია და ფულს ვერ გადაგიხდითო. გამეღიმა, ამაზე ბაადური სიცილით მოკვდებოდა, მან ხომ ფულის ფასი არ იცოდა. მე ვუთხარი, პირიქით, მადლობელი ვარ, რომ ფილმი გაგახსენდათ-მეთქი. ძალიან ყოჩაღი გოგოა, საქართველოდან უამრავი ნებართვა სჭირდებოდა, მათ შორის - ჩემიც. ვუთხარი, რომ ჩემგან რაც საჭირო იყო, გავუკეთებდი. ყველაფერი მოგვარდა დისტანციურად. პრეზენტაციის შემდეგ ნინამ დამირეკა და მითხრა, რომ უნდა ფილმი საქართველოშიც აჩვენოს. მგონი, ზაფხულში აპირებს ჩამოსვლას.

- საფრანგეთში მცხოვრებ ნათესავებს როდის შეხვდით?

- მოსკოვში ვსწავლობდი, სადაც 1958 წელს ჩატარდა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალი, რომელზეც პარიზიდან ჩამოვიდა ჩემი ბიძაშვილი - გურამ წულაძე, მაშინ გავიცანი. შენახული მაქვს სტატია, სადაც გურამის შესახებ წერდნენ, რომ ის არის პირველი ქართველი საფრანგეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა. ჩემი ნათესავები ათი წელი მიგზავნიდნენ მიპატიჟებას საფრანგეთში, მაგრამ არ გვიშვებდნენ არც მე და არც ჩემს ძმას. ბოლოს, ერთ წელიწადს მე წავედი, მეორე წელს - ბაადური, რომელიც ძალით გავაგდეთ მე და ნუცა წულაძემ. არ უნდოდა წასვლა - ჯერ ერთი, ძვირი ჯდებოდა და მერე, უნდა მისულიყო საელჩოში, აეღო ბილეთები... ნუცა ეხვეწებოდა: მე და ლედი ყველგან წამოგყვებით და ყველაფერს ჩვენ გაგიკეთებთო, ჩხუბით დავიყოლიეთ.

- ბიძა რა მიზეზით წავიდა პარიზში და მასზე რას გაიხსენებთ?

- ჩვენს გამზრდელ მამიდას, კატოს ვკითხე: ბაგრატა (მამაჩემის - სოკრატეს ძმა) პოლიტიკური ამბების გამო წავიდა-მეთქი? - აფერი პოლიტიკურად არ იყო მაი, ბაგრატა იყო პლურტი! კი მივხვდი, რას ნიშნავდა, მაგრამ მაინც დავაზუსტებინე. - გოგო, რა არის იცი? აი, თავისთვის რომ აკეთებს რაღაცას, მარა სხვას მაინცდამაინც არ ავნებს! და მაგალითი მომიყვანა: აგერ ა, მამაშენს დაბადების დღეზე აჩუქეს ატრეზი (საკოსტუმე) და სოფელში იყო ნენასთან შენახული. ჩამოვიდა სოკრატა და ეუბნება: ნენა, მომეცი ატრეზი. - მაი, ბაგრატამ შეიკერა უკვეო. პარიზში წავიდა იმიტომ, რომ უყვარდა კაი ცხოვრება. სულ თბილისში იყო, ჰოდა, როცა მიხვდა, ყველა მიდის და ისეთი დროსტარება აღარ იქნებოდა, როგორსაც მიჩვეული იყო, ადგა და წავიდაო. იცით, როგორ გადავიდა თურქეთში? ქობულეთის მთებით გადაიყვანეს და მერე, იქ ნახა ვიღაცა...

ოთარ იოსელიანი და ბაადური ახლო მეგობრები იყვნენ. ოთარი როცა პარიზში ჩავიდა, პირდაპირ მივიდა ბიძაჩემთან და გაიცნო. მერე ძალიან დამეგობრდნენ. ერთხელ, ბიძაჩემთან რამდენიმე სტუმარი მივიყვანე, მითხრა: დასალევი კარადაშია და გამოიღე, ოღონდ არაყს ხელი არ მოჰკიდო, ოთარისთვის ვინახავო. ოთარი მეუბნებოდა, ბაგრატისნაირი კაცი ჩვენს ემიგრაციაში არ არისო. საოცარი იუმორი ჰქონდა. მისი მეუღლე იყო ლანა ღოღობერიძის დეიდა ბოკა ხუციშვილი, რომელიც საფრანგეთში გაიცნო.

kinopestivalze-1746019355.jpg

ოთარ იოსელიანს მამაჩემიც ძალიან უყვარდა. სადიპლომო ნამუშევრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ უნდა გადაიღოს ფილმი ბათუმში, მეთევზეებზე. მე და ბაადური იქ უკვე არ ვიყავით, სახლში იყო მამაჩემი, დედა - მთელი დღე სამსახურში. ოთარი მივიდა მამასთან, ახლოს გაიცნო და მერე ყოველდღე აკითხავდა თევზით ხელში (სეინერზე მუშაობდა). მამაჩემი თევზს გაწმენდდა, შეწვავდა, მჭადს გამოაცხობდა, სალათას გააკეთებდა, არაყს გამოიტანდა... კაი დროს ატარებდნენ. ერთხელ უთხრა: ე, ბიჭო, თავი დამანებე, თევზი არ მინდა... ისე მოდი, თევზი აღარ დამანახვოო. ერთ დღესაც, ასეთი საუბარი მიდის: ვერ გავიგე, შენ აქ სად ცხოვრობ? – „ინტურისტში“ მაქვს ნომერი. - საცხოვრებელი გქონია და დასაძინებლად მაინც წადიო. დიდი მეგობრები იყვნენ. მამაჩემს ინსულტი რომ დაემართა, ოთარი სპეციალურად ჩამოვიდა მის სანახავად თბილისში.

- ბატონ ბაადურს ოთარ იოსელიანის გარდა კიდევ ვინ ჰყავდა გამორჩეული მეგობარი?

- თამაზ მელიავა მეგობრობდა ბაადურთან და უყვარდა ძალიან, თამაზი მასზე უფროსი იყო. ბაადურს შესთავაზა - სცენარს დავწერ და შენ გადაიღეო, მაგრამ ძალიან აწვალებდა, არ წერდა. ბაადური დილით ადგებოდა და სამსახურში მივდივარო, მეტყოდა. სად არის შენი სამსახური-მეთქი და თამაზ მელიავასთანო. ბაადური აძალებდა წერას და ერთ დღესაც თამაზმა უთხრა: ბაადურ, თუ კიდევ ერთხელ მეტყვი, რატომ არ წერ სცენარსო, რაც დავწერე, იმასაც დავხევ და მტკვარში გადავაგდებო. ბოლო-ბოლო დაწერა და გამოვიდა მშვენიერი ფილმი - „გლადიატორი“.

ბაადურს აჩუქეს თამაზის პორტრეტი, რომელიც ჩემმა ძმამ თავის ოთახში, კედელზე ჩამოჰკიდა. მელიავა ეხვეწებოდა, მომეციო, მაგრამ არ მისცა: მე მაჩუქეს და შენ რატომ უნდა მოგცეო.

- თქვენი ძმის მონაწილეობით რომელიმე ფილმის გადაღებაზე ყოფილხართ?

- ტალინში იღებდნენ ფილმს „პეპი გრძელწინდა“. ბაადურს ვთხოვე, ჩამოვალ-მეთქი და უარი არ უთქვამს. მივედი სასტუმროში, მითხრეს რომელ ნომერში ცხოვრობდა, ავედი და ველოდები. კარზე კაკუნია, შემოდის ერთი ცნობილი რუსი (უფრო სწორად ებრაელი) მსახიობი - ლეონიდ კამენსკი და კითხულობს: „უკაცრავად, სად არის ბაადური?“ მალე მოვა-მეთქი. თქვენ ვინ ხართო? დაინტერესდა. ვუთხარი, რომ და ვარ. საოცრად გაუკვირდა... ბაადურს ლამის ეჩხუბა, რატომ არ მითხარი, და თუ გყავდაო? - რომ გაიგე, რა შეიცვალაო? - როგორ თუ რა? ახლა წავედით რესტორანშიო...

ძალიან გონებამახვილი და კარგი კაცია, საუცხოო დრო გაგვატარებინა.

მერე წავედით გადაღებაზე. ბაადური პოლიციელს თამაშობდა, პატარა ბავშვები გიჟდებოდნენ მასზე - ან თავზე ესხდნენ, ან მუხლებზე. ჩიბუხით რომ დაინახავდნენ, მაშინ ხომ საერთოდ. ფილმში პეპის მეგობარი ლამაზი გოგონა, პირველკლასელი ბავშვი, ისე მიეჩვია ბაადურს, მერე წერილებს სწერდა. გადაღებიდან თავისუფალ დროს ჩემი ძმა წიგნს კითხულობდა, ხან რამე ამბავს ჰყვებოდა და ყველა სიცილით კვდებოდა. ფილმში მონაწილეობდა მიხეილ ბოიარსკი, ის იჯდა სავარძელში, ელოდა თავის გადაღების დროს და არავისთან (ჩემზე არ არის საუბარი, მე არც მაინტერესებდა), არც ერთ მსახიობთან არ ურთიერთობდა, ხმას არ იღებდა. დანარჩენები კეთილგანწყობილები იყვნენ ჩემ მიმართ და სულ მესმოდა - ეს ბაადურის და არისო.

- საბჭოთა კავშირის მასშტაბით უამრავ ფილმშია გადაღებული, შთაბეჭდილებებზე გიყვებოდათ?

-კი, ჰყვებოდა ამბებს. ფილმი „ლეილას ლოცვა“ "ყაზახფილმში" გადაიღეს, იმ როლისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. ახალგაზრდა რეჟისორმა დაურეკა და სთხოვა, თქვენზე დავწერე ეს როლი და უარი არ მითხრათო - ებრაელი ისააკის როლი ითამაშა. ერთადერთი, რეჟისორს შესთავაზა - თუ ქართველ ებრაელს ვითამაშებ, უკეთესი იქნებაო და ის აღფრთოვანდა, რა ზუსტი გადაწყვეტააო. სამწუხაროდ, ის რეჟისორიც გარდაიცვალა. მოქმედება სოფელში ხდება, სადაც ბაადურის გმირი გაიცნობს და დაუმეგობრდება 14 წლის გოგონას, რომელსაც უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა, რთული ბავშვია. ეს პატარა გოგო იყო აიანატ ესმაგამბეტოვა და რეალურად ისე შეუყვარდა „ძიაძია“ ბაადური (ასე ეძახდა), რომ მის გარეშე არაფერი უნდოდა. ბაადური დაუძმაკაცდა გოგონას ბაბუასაც, იმას მოჰყავდა ხოლმე გადაღებაზე. ფილმს ორი წლის განმავლობაში იღებდნენ. შესვენებების დროს ბაადური ჩამოდიოდა თბილისში. პირველად, როცა დარეკა აიანატმა ქალაქის ტელეფონზე (მობილურები არ იყო მაშინ), მე ავიღე ყურმილი და ბავშვური ხმით რუსულად მითხრა: გამარჯობა, დეიდა ლედი, ბიძია ბაადური სახლშია?.. უკვე ვიცოდი ამ გოგოს არსებობა, ამის შემდეგ ყოველდღე რეკავდა. ერთ მშვენიერ დღეს, დაგვადგა თავზე, დეიდასთან ერთად.

ამბავს საინტერესო გაგრძელება აქვს. აიანატი მსახიობი გახდა, დღემდე ამბობს: ბიძია ბაადური რომ არა, მსახიობი არასოდეს გავხდებოდიო. შემდეგ ამერიკაში წავიდა სასწავლებლად, ჩვენთან დარეკა რამდენჯერმე და მერე გაქრა. ბაადურს არ ჰქონდა არც მისი ტელეფონი და არც იმ ფილმში მონაწილე სხვა მსახიობების. გაკვირვებული ვიყავი, რატომ არ რეკავდა? ბაადური გარდაიცვალა და არც მაშინ დაურეკავს. კი არ მეწყინა, ცოტა ავნერვიულდი...

გავიდა დრო. სალომე ზურაბიშვილი და მისი გერი ნანა კაშია ერთად იყვნენ ამერიკაში რაღაც საქმეზე. ჩამოვიდნენ და სალომემ დამირეკა, მთხოვა, საღამოს სტუმრები იქნებიან და შენ ადრე მოდი, ვილაპარაკოთო. მივედი და ნანა მიყვება: „აქედან რომ მივდიოდი, რაღაც გამატანეს, ამერიკაში მცხოვრებ გიორგი რცხილაძესთან, რომელსაც კარგად ვიცნობ. გიორგი სასტუმროში მოვიდა გოგოსთან ერთად. გაგვაცნო, ეს ჩემი მეუღლეაო და აგვიხსნა, მარტო არ გამომიშვა, როცა გაიგო რომ ქართველებს უნდა შევხვედროდიო. მე და გიორგი ვსაუბრობთ ინგლისურად და გოგო ცდილობს, ჩაერთოს. პატარა პაუზაა და უცბად ამბობს: იცით, საქართველოში მყავს ძალიან კარგი მეგობრები - ბიძია ბაადური და დეიდა ლედი. სალომე გაკვირვებულია, წულაძეებს იცნობსო?“ თურმე, აიანატმა ამერიკაში გაიცნო ქართველი ბიჭი და ცოლად გაჰყვა.

ledi-baaduri-da-aianat-1746019136.jpg

ნანა მაშინვე მიხვდა, ყაზახი გოგოს ისტორია იცოდა და ჩვენთან ნანახიც ჰყავდა. აიანატს ბლოკნოტი დაუკარგავს, სადაც ჩვენი ტელეფონი ეწერა... დავიწყე ტირილი, ნანა მეუბნება, ცოტახანს მაცადეო, შემოვიდა ტელეფონით და ქალის ხმა მესმის: თქვენ რუსულად საუბრობთ? ნანა პასუხობს: რა თქმა უნდა, ახლა კიდევ ერთი სიურპრიზი გელის, ვიდეო ჩართეო. და მაწვდის ტელეფონს... წარმოიდგინეთ, აიანატს და მე რა დაგვემართა?! ასე აღდგა ჩვენი ურთიერთობა, ხშირად მირეკავდა და სულ მეპატიჟება თავისთან. შარშანწინ საქართველოში ჩამოვიდნენ და ქორწილი გადაიხადეს, სამი შვილი ჰყავთ.

- ბატონი ბაადური ლექციებს კითხულობდა თეატრისა და კინოს, ასევე, სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტებს ძალიან უყვარდათ, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი იყო შეფასებებში.

- ორებს უწერდა იმათ, ვინც არ დადიოდა ლექციებზე და მხოლოდ გამოცდებზე მიდიოდნენ ნიშნისთვის. ერთხელ იმდენი ორიანი დაწერა, ჯგუფი ჩამოართვეს და დარჩენილი ბავშვები სხვა პედაგოგთან გადაიყვანეს. თუმცა ექვსმა სტუდენტმა (4 გოგო და 2 ბიჭი) განაცხადა, ჩვენ სხვასთან არ წავალთო და იმ პედაგოგის თხოვნით, ბაადური სახლში ამეცადინებდა მათ. თავისი მდიდარი ფილმოთეკიდან უჩვენებდა ფილმებს და ქართულად უთარგმნიდა, იმიტომ, რომ ერთი სიტყვა რუსული არ იცოდნენ. ნელ-ნელა ისე ჩაერთნენ პროცესში და იმდენ რამეს ეკითხებოდნენ, სახლში აღარ მიდიოდნენ. ინსტიტუტი ისე დაამთავრეს, იქ მარტო გამოცდებს ესწრებოდნენ. „ჩემი ბავშვები“ - ბაადური ასე ეძახდა. ისინი მოდიოდნენ დაბადების დღეზე, ახალ წელს, აღდგომას... ყველა დღესასწაულზე ჩვენთან იყვნენ, ტორტით და შუშხუნებით ხელდამშვენებულები. ბაადური უნივერსიტეტიდან გამოაგდეს ბოლოს, მე არ მეუბნებოდა... ისე განიცადა, ნახევარ წელიწადში გარდაიცვალა. გამოუცხადეს, თქვენი საგანი სამინისტრომ გააუქმაო. რეჟისორებს მსახიობის ოსტატობას უკითხავდა.

- როცა გენატრებათ, მის ფილმებს უყურებთ ხოლმე?

- ფილმებს კარგა ხანს ვერ ვუყურებდი... თვითონ, საკუთარ ფილმებს არასოდეს უყურებდა. მთელ საბჭოთა კავშირში იყო მოდებული და თითქმის ყველა ფილმი აქვს, სადაც მონაწილეობს. 40 ცალი ფოტოალბომი აქვს ლამაზად ჩალაგებული, ასევე, ვინილის ფირფიტების დიდი კოლექცია, ოპერები ძალიან უყვარდა, ჩართავდა და მათთან ერთად მღეროდა...

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)