„რუსეთის გაორმაგებული გააგრესიულება ტრამპის არასწორი მიდგომების შედეგია...“ - კვირის პალიტრა

„რუსეთის გაორმაგებული გააგრესიულება ტრამპის არასწორი მიდგომების შედეგია...“

გასულ კვირას საქართველოს დელეგაცია პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ს ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტისას ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებსა და სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლებთან, შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკსაც. 26 აპრილს გავრცელებული ცნობით კი, დავითაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტთან, ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში უფროს დირექტორ ენდრიუ პიკთან. ვიცე-პრემიერის თქმით, ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში "არსებობს ძალიან მყარი პოზიცია", რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა "არათუ გაგრძელდეს, არამედ უფრო გაღრმავდეს". აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრებზე ოფიციალური ინფორმაცია ამერიკულ მხარეს არ გაუვრცელებია. ცნობები ვიზიტის თაობაზე ქართული მხარისგან გახდა ცნობილი. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

dzabiradze.png

- არ მინდა კონტექსტიდან იყოს ამოგლეჯილი დავითაშვილის ამერიკული ვოიაჟი, ამიტომ გავიხსენოთ, რომ ამ შეხვედრების პარალელურად გავრცელდა კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენელთა ორპარტიული განცხადება, რომელიც მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თუ ამ ყველაფერს ერთიანობაში განვიხილავთ, ამ ვიზიტში უცნაური და მოულოდნელი არაფერია. რა თქმა უნდა, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საშუალოზე დაბალი რანგის მოხელეები შეხვდებოდნენ ქართულ დელეგაციას იმის სათქმელად, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავება შესაძლებელია, ოღონდ გარკვეული პირობების შესრულების მერე, ეს პირობები კი ზუსტად არის ჩამოყალიბებული კონგრესმენთა ზემოთ ნახსენებ განცხადებაში.

ამ ვიზიტს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან კავშირი არა აქვს, როგორც ამის წარმოდგენას მმართველი ძალა ცდილობს. შეხვდნენ იმიტომ, რომ წაეყენებინათ პირობები, თუ რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა და გაღრმავება. დავითაშვილმა თავისი კომენტარისას, უბრალოდ, გამოტოვა ის პრეტენზიები, რაც აშშ-ს მათ მთავრობასთან აქვს. ამის ირიბი დადასტურებაა ისიც, რომ ამერიკულმა მხარემ, ასევე აშშ-ის საელჩომ, საქართველოში ამ შეხვედრებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ასევე ძალიან საინტერესოა, რომ სწორედ ამ ვიზიტის დროს კონგრესმენმა ჯო უილსონმა "X"-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც "ქართული ოცნება" "ამერიკის მოძულედ" და "ქართულ კოშმარად" მოიხსენია, გაიხსენა ანაკლიის პორტის ჩინელებისთვის გადაცემა, ავღანეთთან უვიზო რეჟიმის შემოღება და იქვე დაწერა: "ისინი ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან. საკმარისია. სანქციები და ახალი არჩევნები". ესეც დასტურია იმისა, რომ აშშ-დან დავითაშვილს არაერთი გზავნილი გამოატანეს.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ძალიან პრიმიტიულად უყურებს სახელმწიფოთა შორის საკითხებს. ოფიციალური ვაშინგტონი ირანსა და რუსეთსაც ელაპარაკება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ან ირანის ხელისუფლება მოსწონს, ან კიდევ პუტინის რეჟიმი, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე საუბრობს იმ ძალასთან, რომლის ხელშიც არის რეალური ძალაუფლება. ისევ უილსონის პოსტს დავუბრუნდეთ - აქამდეც არაერთხელ სცადა "ქართულმა ოცნებამ" ამერიკის ხელისუფლებასთან დალაპარაკება. ვრცელდებოდა არაოფიციალურად ინფორმაცია, ხან ვინ გაგზავნეს და ხან ვინ, მაგრამ მაშინ ოფიციალურ დონეზე შეხვედრები ვერ მოხერხდა, ტრამპის ადმინისტრაციას იმდენი პრობლემა აქვს, ჩვენთვის ნაკლებად სცალია. აგერ, ბატონო, ახლა დაელაპარაკნენ, დარწმუნებული ვარ, აშშ-მაც მოითხოვა ის, რასაც ითხოვს ქართველი საზოგადოება.

- ლეგიტიმაცია ახსენეთ და, "ქართულმა ოცნებამ" და ლამის ოპოზიციამაც ქვეყანაში ეუთოს გენერალური მდივნის ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტიც სწორედ ამ საკითხს მიაბეს. ხელისუფლების მტკიცებით, ეს მათი ლეგიტიმაციის აღიარებაა, რაც ოპოზიციას ძალიან არ მოეწონა, მეტიც, "კოალიციამ ცვლილებებისთვის" მასთან შეხვედრაზე უარი თქვა სწორედ იმ მოტივით, რომ სინირლიოღლუ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა...

- ის, რომ უარი თქვეს ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, არის სწორედ იმ პრიმიტიული დამოკიდებულების მაგალითი, რაც ზემოთ მოგახსენეთ. პირიქით, ოპოზიცია უფრო დაინტერესებული უნდა იყოს ასეთი შეხვედრებით, რათა პარტნიორებს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ სრული ინფორმაცია გადასცენ. მათ უნდათ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა დაარწმუნონ ხელისუფლება, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე დათანხმდეს და თან ეს ისე უნდა გააკეთონ, რომ არავის დაელაპარაკონ. ეს როგორ გამოვა?! სადღაც ლოგიკა ხომ უნდა იყოს. ეუთო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა საქართველოში, ის სწავლობს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, აკვირდება არჩევნებს, წერს დასკვნას, მაგრამ ის არ წყვეტს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხს.

- როგორ ფიქრობთ, ვიზიტს აშშ-ში და იმ სავარაუდო პირობებს, რაზეც საუბრობთ, საქართველოს ხელისუფლებისგან რა ნაბიჯები შეიძლება მოჰყვეს?

- რთული სათქმელია, ვნახოთ, დავითაშვილის ჩამოტანილ გზავნილებს განიხილავენ ხელისუფლებაში და, ალბათ, დასკვნებსაც გამოიტანენ. ფაქტია, ხელისუფლება სამზადისშია, ვნახეთ, არაერთი საკადრო ცვლილება, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ხელდასხმით. აბა, ასე ხელაღებით კობახიძე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა, მაგრამ ისიც ცხადად ჩანს, რომ მას აქვს სრული კარტ-ბლანში ახალი კადრების შერჩევაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, გომელაური აუცილებლად დარჩება თავის ადგილზე. ივანიშვილი, ჩემი აზრით, კობახიძის თითქმის ყველა შეთავაზებას დაეთანხმება, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თავის უერთგულეს კადრს ვერ შეელევა. მოკლედ, ხელისუფლებაში ახალი გუნდის ჩამოყალიბება მიმდინარეობს, მაგრამ ეს პირდაპირ იმის მინიშნებად ვერ ჩაითვლება, რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება. კი, "ქართული ოცნება" ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარებას გეგმავს, ჯერ ძალიან რთული სათქმელია. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული როგორც შიდა პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებზე, ისე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის უმთავრესია რუსეთ-უკრაინის ომი და მისი დასრულების გზების გამონახვა.

- ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ წავიდა - 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი დატოვა. როგორც თქვა, აპირებს ოჯახს დაუთმოს დიდი დრო, თუმცა იქვე არ გამორიცხა მობრუნებაც...

- როგორც უკვე ვთქვი, ყალიბდება ახალი გუნდი და ამ საქმეში კობახიძეს ივანიშვილმა, სავარაუდოდ, სრული კარტ-ბლანში მისცა. ფაქტია, მხოლოდ ღარიბაშვილი არ წასულა, დიდი ცვლილებებია სახელისუფლებო გუნდში. გასულ კვირას ინფრასტრუქტურის მინისტრიც შეცვალეს. ღარიბაშვილის წასვლა-მოსვლას რაც შეეხება, ის წავიდა ივანიშვილის სურვილით და თუ საჭირო გახდა, კვლავაც ივანიშვილის სურვილით დაბრუნდება, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ ძალას შექმნის ის. რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა ოპოზიციის შექმნაზე, შეიძლება მართლა გააკეთოს, ოღონდ არა ღარიბაშვილის, ლილუაშვილის ან ვინმე ხელისუფლებიდან ბოლო ხანს წასულების მონაწილეობით, რადგან ღარიბაშვილისა და დანარჩენების ოპოზიციონერობა პრობლემას ოპოზიციას კი არ შეუქმნის, თავად "ქართულ ოცნებას" - მას გაუყოფს ხმებს. სხვა ხმები ღარიბაშვილს არა აქვს.

ოპოზიციური პარტიის შექმნა კი არ არის პრობლემა, არამედ ის, თუ ელექტორატის რა ნაწილს მიიმხრობს... "ხალხის ძალაც" მაგისთვის შექმნეს, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ფსევდოოპოზიციური პარტია იყო და როდესაც არჩევნების საკითხი დადგა, ის "ქართულ ოცნებასთან" ერთად გავიდა, რადგან ცალკე რომ გასულიყო, "ქართულ ოცნებას" ხმებს გაუყოფდა. არადა, "ქართულ ოცნებას" სჭირდება ის ხმები, რომლებიც რეალურად ოპოზიციურია, მაგრამ სინამდვილეში "ქართული ოცნების" ყულაბაში წავა. ამიტომ, სავარაუდოდ, სულ სხვა ხალხს შეიძლება დააფუძნებინოს ფსევდოდასავლური და ფსევდოოპოზიციური პარტია.

- რუსეთ-უკრაინის ომი ახსენეთ და, ამ თემაზე მინდა გავაგრძელოთ საუბარი. ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თითქოს უკრაინა და რუსეთი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან. მისი თქმით, მხარეები ახლა ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდნენ... თუმცა ტრამპი ძალიან ხშირად იცვლის აზრს, ხან უკრაინას ყირიმის დათმობას სთხოვს, ხან რუსეთისთვის ახალ სანქციებზე ლაპარაკობს... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულიად გაურკვეველია, რა ტიპის სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს. ამასობაში რუსეთი კიდევ უფრო სასტიკად იქცევა, გასულ კვირას კიდევ ერთხელ სასტიკად დაბომბა კიევი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში.

- რუსეთის ასეთი გააქტიურება და გაორმაგებული აგრესიულობა, ჩემი აზრით, გამოწვეულია სწორედ ტრამპის არასწორი შეფასებებითა და მიდგომებით, იმით, რომ ის უმეტესად ზელენსკის აკრიტიკებს და არა პუტინს. ამასთანავე, ტრამპი ყირიმზე რასაც ამბობს და თუ უკრაინაც ტერიტორიების დათმობაზე დათანხმდება, ტრამპის შუამავლობა ვის რაღაში სჭირდებოდა? უმისოდაც შეიძლებოდა გაემართა უკრაინას მოლაპარაკება და შეთანხმებისთვის მიეღწია, თან გაითვალისწინეთ, რომ რუსეთი ტრამპის პირობებზეც კი არ არის თანახმა, უფრო მეტი უნდა, ვიდრე ტრამპი სთავაზობს. მისი განცხადებები რუსეთს უფრო ათავხედებს. უკრაინა ასეთ დათმობაზე ვერ წავა და არ დათანხმდება ევროპაც, რომელიც მშვენივრად ხედავს, რომ თუ რუსეთმა მიაღწია მიზანს უკრაინაში, ის არ გაჩერდება და ხვალ-ზეგ ახალ ომს დაიწყებს იმავე უკრაინის მიმართულებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არა მგონია, ასე ახლოს იყოს ტრამპი მშვიდობის მიღწევასთან, როგორც ამბობს. შესაძლოა ორივე მხარემ ტრამპს გაუწიოს ანგარიში და მართლაც გაიმართოს უმაღლეს დონეზე შეხვედრა, მაგრამ ეს არ იქნება ის შეხვედრა, რომელიც შეთანხმებით დასრულდება. სიმართლე გითხრათ, ამგვარი შეხვედრაც ძალზე რთული მისაღწევი იქნება.

ტრამპი ცდილობს დაარწმუნოს ყველა, რომ დღეს თუ არა, ხვალ, სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, მაგრამ, ჩემი აზრით, შეთანხმება კარგა ხანს კიდევ ვერ მიიღწევა. ამ მიმართულებით წლის ბოლოსთვის თუ რაღაც გამოიკვეთა, ისიც კი წარმატება იქნება.

ჩვენ ვიცით, რას წარმოადგენს რუსეთი, იმ შემთხვევაში კი, თუ ხელს მოაწერს შეთანხმებას, ის სანდო არ არის. საფრთხე იმისა, რომ დაარღვევს შეთანხმებას, მუდმივად იქნება - ასეთია რუსეთი... და ეს საქართველომ არაერთხელ იწვნია. ამიტომაც, სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, უახლოეს მომავალში არ ველოდები.