„თუ რუსეთი რაიმე სასწაულს არ ჩაიდენს, დიდი შანსია, ამერიკა გავიდეს მოლაპარაკებიდან“ - კვირის პალიტრა

„თუ რუსეთი რაიმე სასწაულს არ ჩაიდენს, დიდი შანსია, ამერიკა გავიდეს მოლაპარაკებიდან“

ბოლო დღეების განმავლობაში, ყველაზე­ მთავარი კითხვა, ალბათ, მაინც ის არის, თუ რას იზამს ამერიკა, თუკი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება არ შედგება. სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ტრამპი აცხადებს, რომ ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას აპირებს, რაც ცვლის საერთაშორისო წესრიგს. ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა მოიცავს რამდენიმე საკვანძო კომპონენტს. ის ითვალისწინებს ყირიმის დე იურე აღიარებას რუსეთის ტერიტორიად და დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე რუსეთის კონტროლის დამყარების მიღებას. უკრაინას ნებადართული ექნება ევროკავშირში გაწევრება, თუმცა უარი უნდა თქვას ნატოს წევრობაზე. უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფენ ევროპული ქვეყნები, სანაცვლოდ უკრაინა ეკონომიკურ კომპენსაციას მიიღებს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეტაპობრივად მოხსნა კი დამოკიდებული იქნება შეთანხმების შესრულებაზე. ზაპოროჟიეს ატომური სადგური და კახოვკის ჰესი დაბრუნდება უკრაინის იურისდიქციაში, ისევე როგორც ხარკოვის და კინბურნის ტერიტორიები.

უკრაინის ხელისუფლება უარს ამბობს ტერიტორიების დათმობასა და ოკუპაციის სამართლებრივ ლეგიტიმაციაზე, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციასა და ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპებს. ზელენსკიმ გაიხსენა 2018 წლის "ყირიმის დეკლარაცია", რომელშიც აშშ არ აღიარებს ყირიმის ანექსიას, რითაც ხაზგასმით მიუთითა ტრამპის შეხედულებების წინააღმდეგობაზე წარსულ პოლიტიკასთან.

კვირის ბოლოს "როიტერსმა" გამოაქვეყნა უკრაინისა და ევროპის ქვეყნების­ ერთობლივად შეთავაზებული სამშვიდობო­ გეგმა, რომელიც აშშ-საც გადაეცა. ეს დოკუმენტი ოთხ ძირითად ბლოკს მოიცავს­: ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორიული საკითხები და ეკონომიკა. მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მოლაპარაკება ტექნიკური იმპლემენტაციის თაობაზე, მონიტორინგს კი უხელმძღვანელებს აშშ. გეგმა მოითხოვს დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებას, ტყვეთა გაცვლას პრინციპით„"ყველა ყველაზე" და სამოქალაქო პატიმრების გათავისუფლებას. უსაფრთხოების გარანტიები მოიცავს აშშ-ისგან თავდაცვით მხარდაჭერას (ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსად), უკრაინის თავდაცვითი ძალების შეუზღუდავ ფუნქციონირებას, მეგობრული ქვეყნების სამხედრო ყოფნის უფლებას და ევროკავშირში გაწევრების გაგრძელებას. ტერიტორიული საკითხები უნდა განიხილონ სრული ზავის მიღწევის შემდეგ, მოლაპარაკება კი დაიწყოს არსებული კონტროლის ხაზის საფუძველზე... უკრაინა ასევე იბრუნებს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურსა­ და კახოვკის ჰესს, უზრუნველყოფს წვდომას დნიპროსა და კინბურნის ტერიტორიებზე. ეკონომიკური ბლოკი გულისხმობს აშშ-უკრაინის სტრატეგიული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, უკრაინის სრულ რეკონსტრუქციასა და ფინანსურ კომპენსაციას გაყინული რუსული აქტივებიდან. სანქციები ეტაპობრივად მოიხსნება მხოლოდ მყარი მშვიდობის შემდეგ და შეიძლება კვლავ ამოქმედდეს შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში.

შეძლებენ თუ არა მხარეები ამ განსხვავებული ხედვების შეთანხმებას, ვის რა კომპრ­ომისზე შეუძლია წასვლა, ან თუ მოუწევს ამერიკას მოლაპარაკებიდან გასვლა, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ. უკრაინას

- ტრამპი აქამდე რა განცხადებებსაც­ აკეთებდა, მგონი, მოსალოდნელი იყო, რომ ყველაფერი ასე განვითარდებოდა. მას ნების­მიერ ფასად უნდა მშვიდობა, რათა გადაერთოს ჩინეთზე. ანუ არ სურს, როდესაც­ ჩინეთთან ბრძოლაში იქნება, პარალე­ლურად ბრძოლაში იყოს რუსეთთან უკრაინის ხელით. ამერიკისთვის უპირველესი გამოწვევა ჩინეთია და არა რუსეთი. მას არ სჭირდება რუსეთთან ომი. ეს მორალურია თუ ამორალური, საერთაშორისო ურთიერთობებში მეორეხარისხოვანია. ამერიკის ეროვნული ინტერესია ჩინეთის შეჩერება. თუ არადა, ალბათ, სადღაც ოც წელიწადში ჩინეთი მსოფლიოში ნომერ პირველ ძალად იქცევა.

- რა შანსი აქვს უკრაინას, რომ ტრამპის­ გეგმას არ დათანხმდეს და, თუ არა აქვს, მაშინ სიტუაციას რატომღა აჭიანურებს?

- როდესაც ამხელა ფსონს დადებ გამარჯვებაზე და მერე გეუბნებიან, არ გამოდის გამარჯვება და შეურიგდი ცუდი პირობებითო, რა თქმა უნდა, არ გინდა ამის მიღება და იბრძვი. ზელენსკიმ ერთი-ორჯერ პირდაპირ თქვა, თუ რისი იმედი აქვს. მაგალითად, შეიძლება პუტინი მოკვდეს, მაგრამ ეს როდის იქნება, ვინ იცის. შესაძლოა იმის იმედზეა, რომ რუსეთში იქნებ გადატრიალება მოხდეს. რუბიომაც თქვა, როდესაც ევროპელ ლიდერებს ველაპარაკები, რის იმედზე ვაგრძელებთ ომს, როდესაც რუსეთი ნელ-ნელა მიიწევს წინ-მეთქი, გვითხრეს, ამასობაში იქნებ რუსეთში რამე შეიცვალოსო. ეს არის ზელენსკისა და ევროპელების სტრატეგია.

- ევროპა ისევ უჭერს მხარს უკრაინას. ეს არაფერს ცვლის?

- ევროპამ უკრაინის გამარჯვებაში ბევრი რამ ჩადო. რაც შეეხება ტრამპს, ის ამბობს, ყველაფერი ბაიდენის დროს დაიწყო და ბაიდენი ჩემი მოწინააღმდეგე იყოო. მართალია, სიტყვა "მოწინააღმდეგეს" არ ამბობს, მაგრამ ფაქტია, ყველაფერში ემიჯნება. ევროპაში კი, ძირითადად, იგივე ხელისუფლებებია, რომლებიც ომამდე იყო. თუ, მაგალითად, ლეპენმა გაიმარჯვა საფრა­ნგეთში, ხოლო გერმანიაში ა-ეფ-დემ, ასე მარტივად ვერ გაემიჯნებიან წინა მთავრობების ქმედებებს. ძირითადად, სულ მეინსტრიმული პარტიები­ არიან ამ ორი ევროპული სახელმწიფოს სათავეში, ტრამპი კი არამეინსტრიმული პოლიტიკოსია და ამიტომაც ეგრევე გაემიჯნა წინა ხელისუფლებას. ამიტომაც აგრძელებს ევროკავშირი იმას, რაც 3-4 წლის წინ დაიწყო - ჩადო ძალიან დიდი პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალი და ამით მნიშვნელოვნად მოიკლო კეთილდღეობაც, რადგან ევროპის ეკონომიკას დაარტყა ომმა. როდესაც ამდენი მოიკელი, ამდენი ჩადე, მერე არაფრით არ გინდა, რომ ასე მარტივად დასრულდეს ყველაფერი, თუ ტრამპი არ იბრძოლებს. ტრამპზე ხარ დამოკიდებული, ტრამპმა თუ შეუწყვიტა უკრაინას დახმარება და უპირველესად სადაზვერვო მონაცემების მიწოდება, პრაქტიკულად დასრულებულია ყველაფერი.

- როდესაც მოლაპარაკებაზე მიდგება საქმე, ყოველთვის იხსენებენ 2022 წლის სტამბოლის მოლაპარაკებას, სადაც, ბრიტანეთის პოზიციის გამო ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. მაშინ რეალურად იყო ომის დასრულების შანსი.

- თუ არსებობს, თუნდაც 5%-იანი შანსი, რომ ომი დასრულდეს უკრაინის სასარგებლოდ, მაშინ მიდიხარ ამაზე. თუმცა 5%-იანი შანსი ძალიან ცოტაა. მაშინ იყო ამაზე გათვლა. ახლა, ვიდრე ომი არ დასრულდება და არ გვეცოდინება, ვინ რა დათმო და ვინ რა მიიღო, მანამდე ვერაფერს ვიტყვით.

- თუ უკრაინა იძულებული გახდება, დათანხმდეს ტრამპის პირობებს, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს?

- XX საუკუნეში ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა და ამას, როგორც წესი, აკეთე­ბდნენ ის სახელმწიფოები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ არსებულ სტატუს-კვოს - ვგულისხმობ იმას, რომ პირველი მსოფლიო­ ომის მერე გერმანია ვერ ეგუებოდა იმ სტატუს-კვოს, რომელიც თავს მოახვიეს და მან რევანში დაიწყო. "ცივი ომის" დასრულების შემდეგ კი რუსეთი არ შეეგუა იმ სტატუს-კვოს, რომელიც შედგა იმ დროს, და როგორც კი ძალა მოიკრიბა, რევანში დაიწყო­. ასეთი რამ პირველად არ ხდება,­ ბოლოს და ბოლოს, მთელი ისტორია ამის მაგალითია.

ვიდრე "ცივი ომი" მიდიოდა, ორი ზესახელმწიფო აკონტროლებდა ყველაფერს, ქვეყნების უმეტესობა მათი სატელიტი იყო და მათ ვერავინ ეხებოდა, ტერიტორიას ვერ ართმევდა. დასრულდა "ცივი ომი", მივიღეთ უნიპოლარული სამყარო, ამერიკაა­ მთავარი მოთამაშე და მისი ნებართვის გარეშე თითქმის არაფერი წყდება და ვერავინ ვერავის ტერიტორიას ვერ ართმევს. თუმცა, 2016 წელს ეს უნიპოლარული სამყაროც დასრულდა. როდესაც ტრამპმა სანქციები დაადო ჩინეთს და ამით აღიარა, რომ ამერიკას ჩინეთის სახით სერიოზული მეტოქე ჰყავს.

- ტრამპი არღვევს საერთაშორისო დღის წესრიგს და რა ხდება ამის მერე?

- "მეინსტრიმი" ანუ "დიფ სთეითი"... ახლა მიიღო ამან რაღაც ნეგატიური დატვირთვა, გააჩნია, რა კონტექსტში მოიხსენიებ. ფაქტია, "დიფ სთეითს" ჰყავს თავისი მხარდამჭერები ამერიკაში. როდესაც ჟონავს ინფორმაცია თუნდაც იმაზე, თუ რა შესთავაზა ტრამპმა უკრაინას, ეს იმ ხალხის დამსახურებაა, სახელმწიფო დეპარტამენტში თუ სხვა უწყებებში მომუშავე პირების, ვისაც არ მოსწონთ ტრამპის პოლიტიკა. საბოლოოდ ყველაფერი რესპუბლიკელების ხელშია და მათ ვერავინ შეუშლის ხელს, გაატარონ ის პოლიტიკა, რასაც ატარებენ, მიუხედავად იმისა, რომ, ასე ვთქვათ, "დიფ სთეითიდან"“რაღაცები ჟონავს. ტრამპი ფიქრობს, რომ თუ ამერიკის ჩართულობა არ იქნება უფრო საფუძვლიანი, ვიდრე აქამდე იყო, ომის გაგრძელებას უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის დაკარგვა მოჰყვება. 2022 წლის ბოლოს უკრაინას გარკვეული­ წარმატება ჰქონდა - ხერსონისა­ და ხარკოვის მიმართულებებზე მძლავრი შეტევა, 2023-ში კი იწყებს კონტრშეტევას, რომელიც ჩავარდა, და ამის შემდეგ რუსეთი გადადის შეტევაზე და მართალია, ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ ტერიტორიებს იკავებს. როგორც ჩანს, ვაშინგტონში ყოველივე ეს გააანალიზეს და ფიქრობენ, ბაიდენის პოლიტიკის გაგრძელებით რას მიიღებენ. რუსეთი კი დასუსტდება ცოტათი, მაგრამ უკრაინა უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს, ამასობაში კი ჩინეთი გაძლიერდება. ეს ომი თუ ვინმეს აძლიერებს, აძლიერებს ჩინეთს. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ომი ნებისმიერ ფასად უნდა დაასრულონ. რაც რუბიომ თქვა, რეალობა ხდება - თუ რუსეთი და უკრაინა არ დაუჯერებენ, ოფიციალური ვაშინგტონი გავა პროცესიდან. სწორედ ეს უნდა რუსეთს, ამერიკელები კი თავიანთ გასვლას დააბრალებენ ორივეს - რუსეთსაც და უკრაინასაც.

- როგორ ფიქრობთ, ამერიკა გავა?

- თუ რუსეთი რაიმე სასწაულს არ ჩაიდენს, დიდი შანსია, გავიდეს. ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთზეა გადართული და ამიტომ გასდის რუსეთს ყველაფერი. ამიტომაც ძალიან დიდია საფრთხე, რომ ამერიკა გავიდეს ამ მოლაპარაკებიდან და ახლა უკრაინას აწვებიან, თუ გინდა, არ გავიდეთ, დათანხმდი რაღაცას, ნუ აპროტესტებ იმას, რაც ჩვენ მოვილაპარაკეთ რუსეთთანო.­ ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ არავინ სთხოვს უკრაინას ყირიმის აღიარებას და ლოგიკურია, ვერც ვერავინ დააძალებს, მაგრამ თვითონ აპირებს, აღიაროს.

- თუ აღიარა ამერიკამ და არ აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ, რა ხდება?

- ჯერ ერთი, დასავლეთის ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ სერიოზულად ირღვევა და ეს მნიშვნელოვანი საკითხია. მეორე - ამას ლოგიკურად მოჰყვება ამერიკასა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენა. თუ ეს მოხდება და ევროპა დარჩება რუსეთთან კონფრონტაციაში, ევროპა კვლავაც ნახავს ეკონომიკურ ზარალს, რომელსაც უკვე მეოთხე წელია, ნახულობს რუსულ გაზზე უარის თქმისა და რუსი ტურისტების დაბლოკვის გამო. ამან განსაკუთრებით გერმანიას დაარტყა. თუ ასე გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, ავტომატურად შესუსტდეს საერთოდ გერმანიის როლი და გავლენა ევროკავშირის პოლიტიკაში და წინ წამოიწიონ საფრანგეთმა და იტალიამ. იტალია ამ ომში თითქმის არ ჩანდა, "კოვიდის" დროს საერთოდ ჩამორჩენილ ქვეყნად მიაჩნდათ, ახლა კი ფაქტია, გაიზარდა მისი როლი. ეს სწორედ გერმანიის ეკონომიკის გაჩერებასა და იტალიის ეკონომიკის შედარებით ზრდას უკავშირდება. გერმანიას არა აქვს ატომური იარაღი, არ არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, აქვს ეკონომიკა და ეკონომიკა თუ გაუჩერდა, მაშინ რაღა რჩება? არც რბილი ძალა აქვს, საფრანგეთისგან განსხვავებით. ეს ნიშა თუ დაკარგა, ჩვენ ვნახავთ გაცილებით განსხვავებულ ევროპას, ვიდრე აქამდე იყო.

რუსა მაჩაიძე