საქართველო და დიდი გეოპოლიტიკური „ჯახი“: ვის დარჩება კავკასია?! - კვირის პალიტრა

საქართველო და დიდი გეოპოლიტიკური „ჯახი“: ვის დარჩება კავკასია?!

"ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოსადმი ისეთი არ არის, როგორადაც "ქართული ოცნების" ლიდერები გვიხატავენ, მაგრამ ძალიან დამაინტრიგებელია", - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი ამერიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრები მოიცავდა­ საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობის ყველა ასპექტს, მათ შორის გასულ­ წლებში არსებულ პრობლემებს. მირიანაშვილის აზრით, დავითაშვილს მხოლოდ ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებთან­ ჰქონდა შეხვედრა და პოლიტიკური სტატ­უსის მქონე პირთაგან არავის შეხვედრია. რა იყო დავითაშვილის ვაშინგტონში ვიზი­ტის მიზანი, რას უკავშირდება სამთავრობო ცვლილებები და რას უნდა ველოდოთ ოპოზიციურ ველზე, ანალიტიკოსი განსხვავებულ ვერსიებს გვთავაზობს.

- ამერიკა-რუსეთს შორის უკვე არის შეთანხმება უკრაინის საქმეზე, უბრალოდ, ჯერ ხელმოწერილი არ არის. ამ შეთანხმებაში საქართველოს საკითხი არ არის, ჩვენი საკითხი ცალკე განხილვის საგნად არის გამოტანილი. დავითაშვილის ვიზიტს ამ საკითხში არაფერი შეუცვლია.

- საქართველო-ამერიკის ურთიერთობის განვითარების როგორი პერსპექტივაა?

- ამაო აღმოჩნდა რუსეთის ცდები, რომ ამერიკასთან მოლაპარაკებები წარმოჩენილიყო იმ ფორმით, თითქოს ვაშინგტონი აღიარებს ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლიტიკურ სტატუს-კვოს.

რუსებს­ მეორე ვარიანტი ჰქონდათ - კირილ დმიტრიევის სამოლაპარაკებო ჯგუფს აქვს იდეები, როგორ გადაცვალოს რუსეთმა­ საქა­რთველოზე პოლიტიკური დომინაცია სხვა ბენეფიციებზე.

მას შემდეგ, რაც­ რუსებმა სტატუს-კვოზე პროლონგირების სახელშეკრულებო შედეგი ვერ მიიღეს, გადაწყვიტეს, საქართველოს საკითხი ვაჭრობის საგნად ექციათ. ეს არის აქტიური პოზიტივი...

- რა გავლენას მოახდენს ქართულ-ამერიკულ ეკონომიკურ ურთიერთობაზე ჩვენს ქვეყანაში ჩინეთის გაძლიერებული აქტიურობა?

- მხოლოდ ტრამპი კი არა, ამერიკის ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკური საზოგადოება ამ საკითხს განიხილავს როგორც ჩინეთის ცდას, ევროპაში გაჭრას ფანჯარა.

მას შემდეგ, რაც ჩინეთმა­ ფეხი მოიკიდა შუა აზიასა და კასპიის­ ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ცხადი იყო, რომ კავკასიაშიც მოინდომებდა ნახტომის გაკეთებას, მაგრამ ამერიკელებს იმედი ჰქონდათ, ეს პროცესი გაჭიანურდებოდა.

დღეს არსებული მოცემულობა ამერიკელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათ იმაზე ბევრად მძაფრი რეაქცია აქვთ, ვიდრე ევროპას ჰქონდა, როდესაც რუსეთმა ბალტიის ზღვაზე გაჭრა ფანჯარა.­

"ქართული ოცნება", ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადააწყდება ამერიკელების პოლიტიკურ ულტიმატუმს. ტრამპის პოლიტიკური კულინარია ზუსტად ასეთი მეთოდებით მუშაობს, ის პოლიტიკური შუამავლობებისა და ფარული დიპლომატიის სტილს არ იყენებს - მაქსიმალურად დრამატულ წერტილამდე მიჰყავს ვითარება და მერე მოულოდ­ნელად აჯახებს ულტიმატუმს. ხშირად დროის ლიმიტსაც არ იძლევა. თუ გავითვალისწინებთ, ერთი მხრივ, ამერიკის პოლიტიკური ელიტის უკმაყოფილებას საქართველოში ჩინეთის აქტიურობის გამო და მეორე მხრივ, ტრამპის საქმის წარმოების წესს, მივიღებთ სწორედ პოლიტიკურ ულტიმატუმებს.

- როგორ გგონიათ, აღიარებს ტრამპის­ ადმინისტრაცია "ოცნების" ლეგიტიმაციას?

- სწორედ ლეგიტიმაციის საკითხი იყო პოლიტიკური მძევალი რუსებსა და ამერი­კელებს შორის ჩვენი საკითხის განხილვისას. თუ საქართველოს სტატუსზე შეთანხმდე­ბოდნენ და ამერიკელები რუსების დომინაციას დათანხმდებოდნენ, "ქართული ოცნების" ლეგიტიმაციის საკითხიც ავტომატურად გადაწყდებოდა. რაკი ამერიკელებმა უარი თქვეს უკრაინის კონტე­ქსტში პოსტსაბჭოთა სივრცის თემების­ დალაგებაზე, ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ლეგი­ტიმაცია არ იქნება. ამერიკის ადმინისტრაციის იმ ნაწილს, რომელიც­ პოსტსაბჭოთა სივრცეს კურირებს,­ საქართ­ველოსა და კავკასიის საკითხზე რუსეთისგან განსხვავებული ხედვა აქვს. ეს ნიშნავს,­ რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, მათ შორის ხელისუფლებას, ბევრი სიურპრიზი ელის.

- უკავშირდება ეს სიურპრიზი ინტერვიუს დასაწყისში თქვენს აზრს, რომ რუსებმა საქართველოს საკითხი ვაჭრობის საგნად აქციეს?

- ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული,­ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უკრა­ინის­ საკითხზე, რომელიც უკვე დრამატიზმის პიკზეა. ვიდრე ეს პრობლემა არ გადაწყდება, საქართველოს მთავრობას პოლიტიკური პაუზის კომფორტი აქვს.

ამერიკელები ევროპელებისგან განსხვავებულ პოზიციას ამუშავებენ და რამდენიმე ვერსიას განიხი­ლავენ: პირველი - როგორც მე გავიგე და რაც ძალიან გამიკვირდა, ხელისუფლებას კატეგორიულად მოსთხოვენ ჩინური ლობის დეაქტივაციას პოლიტიკურ ელიტაში. მე არ ვიცი, ვინ არის ჩინური ლობი, მაგრამ რადგან ამერიკელები ამაზე პედალირებენ, როგორც ჩანს, მათ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ. ტრამპის ადმინისტრაცია ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან ფარულ დისკუსიას გამართავს. ეს არის ახლა ამერიკელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ხომ ნახეთ, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ლამის მთელი ოპოზიცია დააპატიმრა, 3000 კაცი გაისტუმრა ციხეში, მაგრამ ტრამპს ეს არც აინტერესებს. თუმცა ერდოღანს ამერიკა საგარეო პოლიტიკის გამო არ ედავება­ და ამიტომაც აქვს ასეთი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. ჩვენს ხელისუფლებას ასეთი ფუფუნება არა აქვს, იმიტომ, რომ მას დასავლეთი პრორუსულობის გამო ედავება. ამერიკელების ნომერი მეორე ულტიმატუმი "ქართული ოცნებისთვის" პრორუსული კურსის დეაქტივაცია იქნება... როგორც ამერიკელები ამბობენ, "ქართულ ოცნებას" ჩინეთთანაც და რუსებთანაც ფარული კომუნიკაცია აქვთ. არ გამოვრიცხავ, ამერიკელების უფრო ძლიერი ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით "ქართულმა ოცნებამ" რუსულ-ჩინური ალიანსისგან შეღავათებიც მიიღოს.

- რას ელით შიდაპოლიტიკურ ველზე?

- მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველი. არც ქუჩაში გამოსული საპროტესტო მუხტია მასშტაბური და არც ოპოზიციას არა აქვს დასავლეთის მხარდაჭერა. ევროპას შეზღუდული აქვს იმის რესურსი, რომ ივანიშვილს შიდა პრობლემები შეუქმნას, ამერიკას კი ჯერ ეს არ სჭირდება.

ერთი საგულისხმო რამ მინდა გითხრათ - საქართველოში დასავლეთის აქტიურობას ყოველთვის ისე წარმოაჩენენ, თითქოს რევოლუციის მოწყობა სურს. იმისთვის, რომ ამერიკელებმა საქართველოს ხელისუფლებას რამე გააკეთებინოს, ან პირიქით, რაიმე გადააფიქრებინოს, რევოლუცია სულაც არ არის საჭირო. საქართველოში რევოლუციებს ყოველთვის რუსეთის უშიშროება აწყობდა არსებული პოლიტიკური ცვლილებების გადაფარვის მიზნით. რუსეთის ორგანიზებული იყო 1992 წლის სახელმწიფო­ გადატრიალება და 2003 წლის "ვარდების­ რევოლუციაც". შევარდნაძის გადაგდება ჩვეულებრივი სპექტაკლი იყო. ამიტომ ქართველებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვიყალიბოთ ამ სპექტაკლებზე ალერგია, თორემ კიდევ იქნება შემდეგი სერიები. დღეს არც ამ სპექტაკლის დადგმის საშიშროებას ვხედავ, იმიტომ, რომ რუსებს ეშინიათ, ვინმე ივანიშვილზე უარესი არ მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასა და რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა გეგმა აქვთ, ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა არც ერთს არ აწყობს. ამერიკელებს ახლა აქ ქაოსი არ სჭირდებათ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილისა და პაატა ბურჭულაძის აქტივობებს, მათ არა აქვთ ამერიკის ადმინისტრაციის მხარდაჭერა. შესაბამისად, მათი რესურსები ბიძინა ივანიშვილის საპირწონედ ნულის ტოლია.

- საბოლოოდ როდის ჩამოყალიბდება ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს შესახებ?

- ეს მაინც უკრაინის საკითხის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული. თუ უკრაინის საკითხის გადაწყვეტა გაჭიანურდა, შეიძლება საქართველოს საკითხის გადაწყვეტა დროზე ადრე დაიწყონ...

- მოდი, დავაზუსტოთ, რა დევს ახლა სავაჭრო დახლზე საქართველოსთან ერთად?

- რუსეთმა უნდა დატოვოს არსებული ეკონომიკური პრეფერენციები. დღეს საქართველოს ეკონომიკის 90% ოფშორებშია და მის უკან რუსები დგანან. ამის სანაცვლოდ რუსებმა უნდა მიიღონ გარანტია, რომ საქართველო არასდროს გაწევრდება ევროამერიკულ სტრუქტურებში. არის კიდევ ერთი, პირობა - დასავლეთმა საქართველოში არ უნდა შემოუშვას თურქეთი. ეს მხოლოდ კონტურებია, მნიშვნელოვან დეტალებზე მოლაპარაკება ჯერ არ გამართულა. ადრეულ ეტაპზე იყო ფარული მოლაპარაკება, რომ დასავლეთს საქართველოში ჩინეთი არ უნდა შემოეშვა, იმიტომ, რომ ჩინეთის ცდას, ამიერკავკასია წაართვას რუსეთს, მოსკოვი ვერ უძალიანდება. ამიტომ ცდილობდა და დღესაც ცდილობს (მხოლოდ ფარულად) რუსეთი, რომ საკუთარი მოკავშირის პრეტენზიები ამერიკის ხელით მოიგერიოს. აი, ამაზეა ახლა მოლაპარაკებები და კიდევ უამრავი ნიუანსია... მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა, ეს უკრაინის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ გამოიკვეთება. არ არის სწორი, საქართველოში ზოგიერთს რომ ჰგონია, პუტინი და სი ძინპინი ძმაკაცები არიანო, ან ამერიკამ იმიტომ იომა წლების განმავლობაში, იმიტომ დახარჯა მილიონები და დაანგრია საფრანგეთისა და გერმანიის იმპერიები, რომ მერე ამერიკის კონტინენტზე გამოიკეტოს, მსოფლიო კი რუსეთს და ჩინეთს გაუყოს. გაცილებით რთულადაა საქმე და ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი.

ხათუნა ბახტურიძე