მართლა წასვლა თუ წასვლა დაბრუნებისთვის?!
ბოლო თვეების მთავარი პოლიტიკური სენსაციაც მოხდა - ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნებიდანაც" წავიდა და პოლიტიკიდანაც. თუმცა ეს საბოლოო წასვლაა თუ წასვლა დაბრუნებისთვის, საკითხავი აი, ეს არის. თავად ირაკლი ღარიბაშვილმა დაბრუნება არ გამორიცხა.
მთავარი ვერსია ასეთია, რომელსაც "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირებიც ავითარებდნენ: ირაკლი ღარიბაშვილი წავა "ოცნებიდან" და შექმნის ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. შესაბამისად, ის გარკვეულწილად ოპოზიციურ ფლანგზე ჩაანაცვლებს იმ ძალებს, "ოცნება" რომ რადიკალებს უწოდებს. თავად ღარიბაშვილმა ამ კითხვაზე უპასუხა, რომ ეს არის სპეკულაცია, მიზანმიმართული დეზინფორმაცია. თუმცა საკვირველი ის იქნებოდა, ყოფილ პრემიერს მაშინვე რომ დაედასტურებინა - დიახ, ვაპირებ ოპოზიციური პარტიის შექმნასო. რა თქმა უნდა, არც "ქართული ოცნების" თავმჯდომარეობიდან პირდაპირ ოპოზიციაში გადასვლა იქნებოდა პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი, რადგან ეს აღიქმებოდა დემარშად პირადად ბიძინა ივანიშვილისგან.
რა თქმა უნდა, ყველაზე უმტკივნეულო ნაბიჯია პოლიტიკური პაუზის აღება და შემდეგ პარტიის შექმნა. თუ ირაკლი ღარიბაშვილი ამას გეგმავს, ეს მოხდება საპარლამენტო არჩევნების წინ. საკითხავი მხოლოდ ის არის, ჩაატარებს თუ არა ახალ საპარლამენტო არჩევნებს "ოცნება" 2025 წლის შემოდგომაზე ან 2026 წლის გაზაფხულზე თუ შეეცდება როგორმე თავი მიიტანოს 2028 წლამდე?!
თუმცა, რა თქმა უნდა, ის ვერსიაც რეალურია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან და რაღაც ახალ ოპოზიციურ პარტიაზე საუბარი წყლის უაზრო ნაყვაა.
ჩაატარებს თუ არა "ქართული ოცნება" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს?!
სხვათა შორის, ზოგიერთ ოპოზიციონერს უცნაური იდეები აწუხებს. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა თავად უნდა ჩაატარონ სექტემბერში საპარლამენტო არჩევნები (რუსთაველზე შეკრებილებმა ასე დამაბარესო, თქვა). ბურჭულაძეს იმედი აქვს, რომ ამაზე დაითანხმებს ოპოზიციურ პარტიებსა და სალომე ზურაბიშვილს.
თქვენი მონა-მორჩილის აზრით, ეს განუხორციელებელი იდეაა, რომელიც საბოლოოდ იმას გამოიწვევს, რომ პროტესტიც და ოპოზიციური პარტიებიც დაადგებიან მარგინალიზაციის გზას - ანუ ბურჭულაძის აზრით, უნდა შეიქმნას პარალელური ცესკო, პარალელური საარჩევნო კომისიები (ცალკე თემაა, ეს პროცესი რამდენი მილიონი ჯდება და ვინმე არის თუ არა მზად, რომ ეს ფული ჰაერში გაისროლოს) და აირჩიონ პარალელური პარლამენტი.
და შემდეგ რა იქნება - პარალელური მთავრობა პარალელურ შს და თავდაცვის მინისტრებიანად?! ვთქვათ, გამოსცა პარალელურმა პრემიერ-მინისტრმა ბრძანება - და მერე? ეს ხომ დიდი პოლიტიკური პაროდია იქნება და არა გვგონია, ოპოზიციის ლიდერებიდან ვინმემ ეს აზრი გაიზიაროს. აღარ ჩავუღრმავდებით მეორე თემას - პარალელური მთავრობა-პარლამენტის იდეები პირდაპირი გზაა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და ეს გასული საუკუნის 90-იანების დამდეგს ნანახი გვაქვს.
რაც შეეხება სერიოზულ თემას: ოპოზიციის ლიდერთა დიდი ნაწილი ამტკიცებს, "ოცნება" ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად ემზადება და ის ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდებაო. საიდან აქვთ ეს ინფორმაცია, უცნობია, მაგრამ ახალი არჩევნების თემა რომ ჰაერშია გამოკიდებული, ფაქტია. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - საშინაოსა და საგარეოზე. ამ ეტაპზე საგარეო ფაქტორი მძლავრობს, რადგან ქვეყანაში აღარ არის ისეთი პროტესტი, როგორიც იყო რამდენიმე თვის წინ, ოპოზიცია კი დაქსაქსულია. თუმცა დაძაბულობა მაინც გრძელდება და ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ იფეთქოს. საგარეო კუთხით კი ამ ეტაპზე უფრო სერიოზული პრობლემებია - ბოლო პერიოდამდე, ფაქტობრივად, არანაირი საუბრები არ მიმდინარეობდა თბილისი-ბრიუსელსა და თბილისი-ვაშინგტონს შორის. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო სახელისუფლებო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით. ფაქტია, თბილისსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის სივრცე გაიხსნა. შეხვედრებისას, დიდი ალბათობით, ქართულ მხარეს ეტყოდნენ, თუ რას ელოდებიან ამერიკელები. რა თქმა უნდა, ქართული მხარეც ეტყოდა - რის დათმობას შეძლებდნენ და რა გაუჭირდებოდათ. შესაძლოა ამერიკელების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ახალი არჩევნების ჩატარება იყოს.
სხვათა შორის, ახალი არჩევნები "ოცნებას" ბევრ პრობლემას მოუგვარებდა (თუ გაიმარჯვა, რა თქმა უნდა) - უპირველესად, ლეგიტიმაციის პრობლემას. თუ ოპოზიციის ნაწილი ახალ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს (არ ენდობიან ცესკოს ამჟამინდელ შემადგენლობას), ეს უკვე მათი პრობლემა იქნება, რადგან სხვა ოპოზიციური პარტიები მაინც მიიღებენ მონაწილეობას. ოპოზიციის ნაწილის მეორე წრეზე წასვლა და ყვირილი, არჩევნები გაყალბდაო, აბსოლუტური პოლიტიკური უაზრობა იქნება... ახალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლება ორ მთავარ პრობლემას მოაგვარებს. ჯერ ერთი, ლეგიტიმაციას მიიღებს დასავლეთიდან და მეორეც - ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება, თანაც, დღევანდელ ვითარებაში, "ოცნებას" შეუძლია ეს ინიციატივა თავის კეთილ ნებად გაასაღოს და არა იმად, რომ პროტესტი ისეთი ძლიერია, ხელისუფლებას შეეშინდა და უკან დაიხია. და თანაც... თუ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პარტიამ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით...
თუ ხელისუფლებამ ზემოხსენებული გადაწყვეტილება მიიღო (თუ უკვე მიღებული არა აქვთ), მაშინ, ალბათ, მხოლოდ პოლიტიკური ტაქტიკის საკითხი და მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობის თემა იქნება - საპარლამენტო არჩევნებს 2025 წლის ოქტომბერში გასამართ ადგილობრივ არჩევნებს დაამთხვევენ თუ 2026 წლის გაზაფხულზე ჩაატარებენ. თქვენი მონა-მორჩილი რომ მმართველი გუნდის "ლიდერშიპში" იყოს, საპარლამენტო არჩევნებს დაამთხვევდა ადგილობრივ არჩევნებს, რადგან თბილისში კახა კალაძის გარშემო შეიძლებოდა ორივე თემის გაერთიანება. რეგიონებში უფრო ნაკლები პრობლემა აქვს "ოცნებას", ვიდრე თბილისში.
ოპოზიციონერი ლიდერები ბევრს კი საუბრობენ, არიქა, "ოცნებას" უკვე გადაწყვეტილი აქვს ახალი არჩევნების ჩატარებაო, თუმცა საკითხავია - თავად ოპოზიცია მზად არის მოვლენების განვითარების ასეთი სცენარისთვის?
26 მაისის კომიტეტი
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იწყებენ მუშაობას 26 მაისის კომიტეტის შექმნაზე, "რათა დავგეგმოთ ჩვენი, საზოგადოებისა და არა მხოლოდ ჩვენი პლატფორმის 26 მაისი. ეს არის ჩვენი, ყველასი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი. იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა საფრთხეშია არალეგიტიმური ხელისუფლების, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, რუსთაველზე. ამას დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები", - თქვა ზურაბიშვილმა.
ანუ ბოლომდე გასაგები არ არის, ეს 26 მაისის კომიტეტი საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს (ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა რუსთაველის გამზირს გაარიდა), თუ რაიმე პოლიტიკურ სიახლეს შესთავაზებს თავის მხარდამჭერებს?! ხომ არ მოხდება ისე, როგორც 31 მარტს, როდესაც აქციის წინ დიდი მოლოდინი შექმნეს და საბოლოოდ მომიტინგები იმედგაცრუებული დარჩნენ? ან თუნდაც 26 მაისის კომიტეტის მიერ დაგეგმვა და აღნიშვნა, რას მოუტანს ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას პოლიტიკურად?!
დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე რეიტინგული ფიგურაა სალომე ზურაბიშვილი (თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, თორემ ნორმალური კვლევები დიდი ხანია არ ქვეყნდება), მის გარშემო კი ასეთი სიტუაციაა - ზურაბიშვილის შექმნილ "წინააღმდეგობის პლატფორმას" არ ეკარებიან "ნაცმოძრაობა" და გვარამია-მელიას გაერთიანება. "ნაცმოძრაობას" ძველი წყენა გაახსენდა, რატომ არ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილიო, გვარამია-მელია კი მემორანდუმების გაფორმებას ითხოვს (რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, არ ითანამშრომლებენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან და ა.შ). რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პლატფორმაში გახარიაც ფორმალურადაა. რჩებიან "ლელო" და წვრილ-წვრილი პარტიები.
სალომე ზურაბიშვილი ამ სიტუაციას არ იმჩნევს, დანარჩენები ხან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ძირითადად კი - ხელისუფლების მისამართით "საზეპირო" ტექსტებს იმეორებენ, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, ანუ ახალი არაფერი ხდება. პოლიტიკოსები კომენტატორებად იქცნენ და შემოდგომაზე მართლაც რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რას იზამენ ოპოზიციონერები? ვეჭვობთ, ამ კითხვაზე პასუხი თავად მათაც კი არა აქვთ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ხომ არ ჯობს, პოლიტიკურად დაეყრდნოს ერთ კონკრეტულ პარტიას და დაიწყოს მზადება საარჩევნო პროცესისთვის? ან თავად შექმნას პარტია? რა თქმა უნდა, ყველაფერი მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია - პოლიტიკაში თუ რაციონალური, ზოგჯერ სიჯიუტეზე უარის მთქმელი და ყველა სცენარისთვის მზად არ ხარ, არაფერი გამოვა.
პ.ს. ბოლო დროს ხელისუფლების წარმომადგენლები იმდენს საუბრობენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, როგორც დასავლეთის შანტაჟის იარაღზე, რომ რჩება განცდა - თბილისში ელოდებიან, რომ ბრიუსელი ამაზე წამსვლელია. სხვათა შორის, ივნისში დამტკიცდება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირს გამარტივებული წესით შეეძლება 69 ქვეყანასთან (მათ შორის საქართველოსთანაც) უვიზო რეჟიმის გაუქმება. მაგრამ თავად ევროკავშირის ოფიციალური პირებისგან (ევროპარლამენტარებს არ ვგულისხმობთ) არ მოგვისმენია, რომ ეს კონკრეტულად საქართველოსთან იგეგმება. თუმცა არ ვიცით, შესაძლოა თბილისში ჰქონდეთ არაოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ...
თუ ბრიუსელში ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ეს იქნება უსამართლობა ქართველი ხალხის მიმართ. ბოლო 34 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი ურყევად მიდიოდა დასავლეთისკენ - ამის გამო გადავიტანეთ ჰიბრიდული ომები რუსეთთთან (აფხაზეთისა და ცხინვალის პირველი ომი) და შემდეგ პირდაპირი რუსული აგრესია 2008 წელს. ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან სხვანაირად რომ გვნდომოდა, ვიქნებოდით ლუკაშენკოს ბელარუსივით...
ხელისუფლებები იცვლებოდნენ, ქართველი ხალხის ეს კურსი, მიუხედავად გაჭირვებისა, ომებისა და სხვა ათასგვარი უბედურებისა, არ იცვლებოდა. იმედია, ამაზე კარგად დაფიქრდებიან ბრიუსელში, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
გიორგი კვიტაშვილი