„მიშას დროს ყველანი რუსეთის „აგენტები“ ვიყავით, ახლა კი „დიფ სთეიტის“ „აგენტები“ ვართ“ - კვირის პალიტრა

„მიშას დროს ყველანი რუსეთის „აგენტები“ ვიყავით, ახლა კი „დიფ სთეიტის“ „აგენტები“ ვართ“

ანალიტიკოს დავით­ ზურაბიშვილთან საუბარი გასული კვირის მთავარი შიდა პოლიტიკური თემით, ირაკლი ღარიბაშ\ვილის ხელისუფლებიდან წასვლით დავიწყეთ:

- ჩემი აზრით, ღარიბაშვილის გადადგომის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან ერთად იქნა მიღებული. შესაძლოა მას უნდოდა კიდეც ამ პროცესებისგან ჩამოცილება, რადგან არავის სიამოვნებს სანქცირება, თუმცა მე მაინც მგონია, ბიძინა­ ივანიშვილმა ის რეზერვში გადაიყვანა. ივანიშვილს კობახიძისა და მისი გუნდის გაწირვა­ რომ დასჭირდეს, უნდა ჰყავდეს არა ერთი, არამედ რამდენიმე ფიგურა რეზერვში, რომლებსაც ის წამოსწევს. შეიძლება ეს იყოს ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და კიდევ ვიღაცები, რომლებსაც დააბრუნებს­, და ეს იქნება წარმოჩენილი ევროპელებსა და ამერიკელებთანაც ასე, აი, თქვენთვის უფრო მისაღები პერსონები დავაბრუნეო...

- კობახიძისთვის სრული კარტ-ბლანშის მიცემა, ყველგან მისი კადრების დანიშვნა რას ნიშნავს, რისი მიღწევა უნდა ივანიშვილს?

- სხვათა შორის, ივანიშვილს ასე სჩვევია, იცის ხოლმე ჭარბი უფლებების გადაცემა და ბოლოში აღმოჩნდება, რომ ეგ ჭარბი უფლება არაფრის უფლება არ ყოფილა. კობახიძე თავისი ავტორიტარიზმისა­ თუ დიქტატურის კონსოლიდაციის გზით ყველა ვარიანტში გახდება ის ფიგურა, რომლის გაწირვაც მოუწევს ივანიშვილს. იმ შემთხვევაშიც, თუ შეასრულებს თავის­ ამოცანებს, ანუ გააკეთებს ყველაფერს, რაც ივანიშვილს სურს, და იმ შემთხვევაშიც, თუ ვერ შეასრულებს. ორივე შემთხვევაში მას დასჭირდება არაპოპულარული ფიგურის მოცილება და შედარებით­ უფრო პოპულარულის მოყვანა. კობახიძე არაპოპულარულია თვით "ოცნების" ამომრჩევლებშიც, მას მხოლოდ იმიტომ იტანენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დასმულია. ივანიშვილის გარეშე მას და მის გუნდს ხმას არავინ მისცემს. ახლა ყველაზე კარგი შემსრულებელი კობახიძეა. თუ ივანიშვილმა დაინახა, რომ აღარ სჭირდება, მაშინ გამოსაცვლელად ჰყავს ხალხი და ჩემი აზრით, ეს არის მთელი ამ კომბინაციების ალია-ბალია.

- რას შეიძლება ელოდებოდეს ივანიშვილი კობახიძისგან, რა დავალება აქვს კობახიძეს?

- ერთ-ერთი პირველი, ალბათ, ის, რომ თვითმმართველობის არჩევნების­ შემ­დეგ­ პარტიები აკრძალოს, ჯერ "ნაცმოძ­რაობა" და მერე მიაყოლოს დანარჩენებიც. ეს "სიამოვნება" წინ გვაქვს. საშინელი კანონები მიიღეს, ახლა ეს კანონები ძალაშია შესასვლელი, ასამოქმედებელია და კობახიძის გარდა, ამას ვინ იკისრებს?..

- მაგრამ ივანიშვილს აწყობს რადიკალიზაცია? მის ინტერესში ხომ ის არის, რომ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც მისაღები იყოს?

- მთავარია შედეგი. თუ ამ ყველაფერს მოჰყვება ოპოზიციის მარგინალიზება,­ წინააღმდეგობის ჩახშობა, ქვეყანაში ხალხს ეყვარება­ თუ არა, საამისოდ მანიპულაციის სივრცე ყოველთვის აქვს. მისთვის ყველაზე მთავარი პრობლემა საგარეო ლეგიტიმაციაა. ქართველ ხალხზე დიდი წარმოდგენა არა აქვს, მიაჩნია, რომ მთავარი კარგი­ პროპაგანდაა... არა მგონია, ასეთი რადიკალიზაცია მთლად სწორი იყოს მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ მას ჰგონია, რომ სწორია და ამაშია საქმე. ამაში ჩანს მისი საერთაშორისო ურთიერთობების უცოდინარობა, ჰგონია, რომ თამაშის წესებში მაინც ზის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვათ, გადაწყვიტეს ევროპაში ან ამერიკაში, რომ ამ ოპოზიციისგან არაფერი­ გამოდის და მოდი, ისევ ბიძინა ივანიშვილს­ დაველაპარაკოთო, მაშინაც სერიოზული პრობლემები შეექმნება და ძალიან სერიოზულ დათმობებზე მოუწევს წასვლა, რადგან მისი სანდოობა ნულია, რადგან სიტყვას არ ასრულებს და ნებისმიერ დროს შეუძლია შეატრიალოს...

- დავითაშვილის ვიზიტით შტატებში­ ივანიშვილი ტრამპის ადმინისტრაციასთან დალაგებას ცდილობს? ოპოზიციამ რაც არ უნდა იძახოს, ახალი ვალის სათხოვნელად არის ჩასულიო,­ დავითაშვილს მაღალი დონის­ შეხვედრები ჰქონდა... ამასთან, ის არც დასანქცირ­ებულთა სიაშია.

- რატომ ჰგონია ჩვენს ოპოზიციას ხელისუფლების არალეგიტიმურობა იმას ნიშნავს, რომ არავინ არავის არასოდეს შეხვდება. ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა, რა თქმა უნდა, აქვს, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ყველა პროგრამა შეწყვეტილია, დასავლეთთან თანამშრომლობის ყველა ფორმატი გაწყვეტილია, მაგრამ რაღაც საკითხებზე მოლაპარაკებები და შეთანხმებები, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკურ თემებზე, ვიდრე საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი სანქციების ამბავი, ბუნებრივია, იქნება. თუმცა ჩვენ ვნახეთ ამერიკის ორპარტიული მკაფიო პოზიცია, რომ მიუხედავად იმისა, როგორ იქცევა ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის საკითხში, საქართველოსთან გრძელდება იგივე ხაზი და სთხოვენ დემოკრატიისა და აშშ-ში ინტეგრაციის ხაზზე დაბრუნებას, თუკი ამერიკასთან ნორმალური ურთიერთობების აწყობა სურს. ევროკავშირი რასაც ითხოვს, ესეც ვიცით, ასეთი სიტუაცია კი ბიძინა ივანიშვილისთვის ჩიხია, რადგან თითქმის წარმოუდგენელია, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა გააკეთა, კვლავ დაუბრუნდეს ნორმალურ, ცივილიზებულ ყოფას. ამიტომ მათი საქმე მარტივად არ არის. ამ ვიზიტისთვის გაზვიადებული მნიშვნელობის მინიჭება არა მგონია სწორი, მით უმეტეს, ძნელი წარმოსადგენია, რომ დავითაშვილი რამეს წყვეტდეს, მით უმეტეს, ის არც არის კობახიძის კადრი.

- სწორედ იმიტომ, რომ კობახიძის კადრი არ არის, ივანიშვილის მიერ იყოს რაღაც კონკრეტული მესიჯებით გაგზავნილი?

- ბიძინასგან შეიძლება. ის ხან ვის გზავნის და ხან ვის - ჯერ ლილუაშვილი­ გაგზავნა, ახლა შეიძლება დავითაშვილის მეშვეობითაც სცადოს, მაგრამ ბიძინას რა წარმოდგენებიც აქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე, რა არაკვალიფიციურიც არ უნდა იყოს ტრამპის ადმინისტრაცია, არის რაღაცები, რაც მას რომ ჰგონია, ისე არ ხდება. იქ ბიძინას საქართველოთი დაინტერესების ლობისტი რეალურად არ ჰყავს.­ ჯერ ორბანის მეშვეობით ცდილობდა რაღაცების მოგვარებას, არ გამოუვიდა და ახლაც არ ჰყავს სერიოზული ლობი. რა თქმა უნდა, დალაგებას შეეცდება, რადგან ამერიკასთან დაძაბული ურთიერთობა არ აწყობს, ეს ცხადია, მაგრამ არა მგონია, რამე ხეირიანი გამოუვიდეს.

- რისი მოლოდინი შეიძლება იყოს?

- მე მგონია, თვითმმართველობის არჩევნებს დაელოდებიან, შეხედავენ, რა სიტუაცია იქნება და მერე გაირკვევა ბევრი რამ ამერიკასთანაც და ევროპასთანაც. ვფიქრობ, ყველა ვარიანტში კობახიძის თავი დაგორდება, ფიგურალურად რომ ვთქვათ. სხვანაირად შეუძლებელი იქნება იქ რამის მოგვარება.

- ცოტა ხნის წინ კახი კახიშვილმა მომავალ წელს ვადამდელი­ არჩევნების გამართვაზე ილაპარაკა, ეს რეალურია? მით უმეტეს, ღარიბაშვილმა უკვე გადადგა ნაბიჯები... "ქართული ოცნების" თავმჯდომარეობის დროს ხომ ვერ გახდებოდა ოპოზიციის ლიდერი?

- ჩემი აზრით, "ოცნების" ბაზაზე არანაირი ფსევდოოპოზიცია არ შეიქმნება. უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილი გაუშვებს მათ, ვინც ახლა სათავეშია, და მოიყვანს მათ, ვინც დღეს არ ჩანს ან რეზერვში გადაიყვანა. საერთოდ, ავტორიტარული რეჟიმები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და ყველა ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნების ერთი და იმავე ტიპის ლოგიკით მოქმედებენ. ნებისმიერ ავტორიტარულ რეჟიმს ოპოზიცია არ სჭირდება, მაქსიმუმ სჭირდებოდეს ფასადისთვის და ისიც დისკომფორტია. მას სჭირდება, რომ ყველა მისი მონა-მორჩილი იყოს. ეს არის ავტორიტარიზმის არსი და ბიძინა ივანიშვილსაც არ სჭირდება ოპოზიცია, თუნდაც ფასადური. რატომ უნდა აიტკივოს თავი, შექმნას სხვა პარტია და ითამაშოს, თითქოს ისიც ამისია, ესეც ამისია, ადგება და რომელიც მისია, იქ დანიშნავს, ვინც უნდა. როდესაც ამბობდა, რომ მე შევქმნი ოპოზიციურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოებასო, მაშინ მაინცდამაინც კარგად ვერ ერკვეოდა პოლიტიკურ ურთიერთობებში. ახლა კი, როდესაც აბსოლუტური ძალაუფლება აქვს და მისი კონსოლიდაცია სურს, მეორე სერიოზული პარტიის შექმნა არავის გამოსვლია არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ.

- ბოლო ინტერვიუში, რამდენიმე თვის წინ რომ ჰქონდა, მაშინაც თავისი პარტიიდან ოპოზიციის გაჩენაზე ილაპარაკა...

- ეს ყველა ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ფარისევლობაა, რა ვქნათ, ცუდი ოპოზიცია გვყავს და გვინდა კარგი გვყავდესო. სინამდვილეში, საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას ნორმალური ოპოზიცია არ სურდა, იმიტომ, რომ ისეთი ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას მოსწონს, ბუნებაში არ არსებობს. არ შეიძლება ძალაუფლებაში მყოფს მოსწონდეს თავისი­ კონკურენტი. შეიძლება პატივს სცემდეს როგორც სერიოზულ ძალას, მაგრამ შენ როგორც გინდა, ისე თუ იქცევა, მაშინ რაღა ოპოზიციაა? ოპოზიცია ისაა, სხვანაირად რომ იქცევა და სხვა ხედვები აქვს მთელ რიგ საკითხებზე და ხალხი გადაწყვეტს, შენ მოხვიდე თუ ის ხელისუფლებაში. ეს ხდება დემოკრატიის დროს, მაგრამ ავტორიტარიზმის დროს გამორიცხულია და კარგ ოპოზიციაზე ლაპარაკი ჩვეულებრივი ფარისევლობაა. კი, სააკაშვილიც ასე ლაპარაკობდა და სხვებიც, დაწყებული გამსახურდიადან, კარგი იქნება, ოპოზიცია გვყავდესო, მაგრამ სად არის კარგი ოპოზიცია, ოპოზიციაში არიან კრიმინალები, აგენტები და სხვა უვარგისი ხალხიო. მე არ მახსოვს, ვინმეს ოპოზიცია სხვანაირად დაეხასიათებინოს. ამ თვალსაზრისით ყველაზე რბილი იყო შევარდნაძე, თუმცა მისი რეალური ოპოზიცია საკმაოდ გვიან ჩამოყალიბდა ანუ 1995 წლიდან, მანამდე, ვიდრე "ნაცმოძრაობა" არ შეიქმნა და ჟვანიას გუნდი არ გამოეყო, სერიოზული კონკურენტი არ ჰყავდა. არ ვიცი, ასლან აბაშიძე და "აღორძინება" ოპოზიციად თუ ითვლება, ის მართლაც უარესი იყო, ვიდრე "მოქალაქეთა კავშირი". ამიტომ მაშინ შევარდნაძეს ბუას გამოგონება მაინცდამაინც არ სჭირდებოდა, ბუა რეალური იყო. სააკაშვილის დროს ოპოზიციაში ყველა რუსეთის აგენტები ვიყავით, ახლა კი ყველა "დიფ სთეითის" აგენტები ვართ - არაფერი არ იცვლება!

რუსა მაჩაიძე