შუა საუკუნეების განუკითხაობა ბრუნდება, ოღონდ "ბოლო ჟამის" იარაღით?! - მსოფლიოს ინდოეთ-პაკისტანის ომიღა აკლდა
როდესაც შეთანხმებები ირღვევა და კანონი აღარ კანონობს, განუკითხაობა ისადგურებს, ყველა ყველას უპირისპირდება და მსოფლიოში ქაოსია... ასე ხდებოდა შუა საუკუნეებში, როდესაც ევროპასა თუ აზიაში ომი ომზე მიმდინარეობდა და მშვიდობა სანატრელი იყო. პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდგომ კი დროებით მშვიდობა ისადგურებდა, რადგან მეტ-ნაკლებად გარკვეული იყო დამარცხებული და გამარჯვებული მხარეები.
პირველი "ცივი ომის" დამთავრებამ თითქოს კი გამოავლინა დამარცხებული დაშლილი ვარშავის პაქტისა და ჩამოშლილი საბჭოთა კავშირის სახით, მაგრამ მას შემდეგ ვერა და ვერ დამყარდა მშვიდობა, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში სავსებით გასაგები მიზეზის გამო...
ისევე როგორც პირველ მსოფლიში ომში დამარცხებულ გერმანიას სურდა მესამე რაიხის აღორძინება და ჰიტლერის აგრესიას მოჰყვა უფრო საშინელი მეორე მსოფლიო ომი, საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც მოინდომა რუსეთის იმპერიის აღდგენა და ჯერ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ჩეჩნეთს გადაუარა, შემდეგ სუვერენულ საქართველოზე გამოილაშქრა ტანკებით, ახლა კი უკრაინას იპყრობს, თუმცა კრემლს ეს "მსუყე ლუკმა" ყელში გაეჩხირა და იქნებ გადაიყოლოს კიდეც.
და ასეთ დროს, როდესაც ერთი ბირთვული სახელმწიფო, რუსეთი, მეზობელ უკრაინას იპყრობს (არადა, თავად უკრაინაც შეიძლება დარჩენილიყო ბირთვულ ქვეყნად და მას ვერავინ ვერაფერს გაუბედავდა, რომ არა "დიდი მეგობრების" - აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ზეწოლა კიევზე, რომ საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი ბირთვული იარაღი, ბალისტიკური რაკეტები და ბომბდამშენები რუსეთისთვის დაეთმო), მეორე და მესამე ბირთვული სახელმწიფოები აშშ და ისრაელი ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას აპირებენ, "ბირთვული კლუბის" მეოთხე წევრი, ჩრდილოეთი კორეა, ყოველთვიურად ახალ ბალისტიკურ თუ ფრთოსან რაკეტას ცდის. ამავე კლუბის მეხუთე წევრიც, უზარმაზარი ჩინეთი, აძლიერებს ბირთვულ არსენალს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ პეკინის წინააღმდეგ წამოწყებული სავაჭრო ომი ბირთვულში არ გადაიზარდოს; მეექვსე სახელმწიფო, საფრანგეთი, ევროპას თავისი ბირთვული იარაღით დაცვას სთავაზობს, ხოლო პოლონეთი მზადაა თავისი ტერიტორია დაუთმოს ბირთვულბომბებიან ფრანგულ "რაფალებს"; მეშვიდე - დიდი ბრიტანეთი აძლიერებს ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტებით შეიარაღებული ატომური წყალქვეშა ნავების პატრულირებას; "ბირთვული კლუბის" მერვე და მეცხრე წევრები, ინდოეთი და პაკისტანი, დიდი ომისთვის, შეიძლება ბირთვულისთვისაც კი ემზადებიან.

მსოფლიოს ცხრა ბირთვული სახელმწიფოდან საერთო სახმელეთო საზღვარი მხოლოდ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეას და ინდოეთ-პაკისტანს აქვთ და თუკი პეკინი იქით ეხმარება ფხენიანს, დელისა და ისლამაბადს შორის ისტორიული შუღლია...
1947 წლიდან, რაც ბრიტანეთის ინდოეთის კოლონიის გაყოფის შემდეგ ინდოეთმა და პაკისტანმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, მათ შორის არ შემწყდარა დაპირისპირება ქაშმირის რეგიონის გამო, რაც პერიოდულად ომებში გადაიზრდებოდა. პირველი (1947-49) და მეორე (1965) ომები ინდოეთსა და პაკისტანს შორის სწორედ ქაშმირის სადავო საკითხის გამო დაიწყო, მესამე ომი კი ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან იყო დაკავშირებული.
ამ ფართომასშტაბიანი ომების პერიოდში არც ინდოეთსა და არც პაკისტანს არ გააჩნდათ ბირთვული იარაღი, თუმცა 1999 წლის კარგილის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთვის პაკისტანს უკვე ერთი წლით ადრე ორი მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება ჰქონდა ჩატარებული და, ფაქტობრივად, შესული იყო ბირთვული სახელმწიფოების კოჰორტაში, ხოლო ინდოეთს კი ბირთვული გამოცდა ჯერ კიდევ 1974 წელს ჰქონდა ჩატარებული, თუმცა 1998 წლამდე ოფიციალურად არ აღიარებდა ბირთვული იარაღის ქონას.
2019 წელს ინდოეთის ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში ინდოელ პოლიციელებს ტერორისტული აქტი მოუწყვეს, რასაც 45 პოლიციელი შეეწირა და ინდოეთმაც საპასუხო საჰაერო დარტყმები მიაყენა "ჯაიშე-მუჰამადის" ტერორისტული დაჯგუფების ბანაკს, პაკისტანის კონტროლირებად ქაშმირის ნაწილში.

საპასუხოდ პაკისტანის ავიაციამ ქაშმირში ინდოეთის არმიის სამხედრო ობიექტები დაბომბა, რასაც მოჰყვა საჰაერო ორთაბრძოლები ინდოეთისა და პაკისტანის რეაქტიული გამანადგურებლებით. მაშინ მსოფლიო ძალიან მიუახლოვდა ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს, რადგან ინდოეთსაც და პაკისტანსაც უკვე ჰქონდათ დაგროვებული იმ რაოდენობის ბირთვული იარაღი, რომელიც სრულიად საკმარისი იყო ამ ორივე სახელმწიფოს გასანადგურებლად და მეზობელ ქვეყნებსაც თან "წაიყოლიებდნენ"...
ის, რაც მოხდა 2025 წლის 22 აპრილს, ძალიან წააგავს 1999 წლის კონფლიქტის დაწყებას - ქაშმირში მყოფ ტურისტებს ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს და 26 კაცი მოკლეს, რაშიც ინდოეთმა ტერორისტული დაჯგუფება "ლაშქარ-ე-თაიბა" დაადანაშაულა, რომელსაც, ინდოეთის სპეცსამსახურების მტკიცებით, პაკისტანი მფარველობს.
ინდოეთმა საპასუხოდ ჩაკეტა საზღვარი პაკისტანთან და განაცხადა "ინდის ხელშეკრულებიდან" გასვლის შესახებ, რაც შეიძლება ინდოეთ-პაკისტანის დიდი ომის დაწყების საბაბი გახდეს...
"ინდის ხელშეკრულება" 1960 წელს დაიდო და ინდოეთ-პაკისტანის არც ერთი ომის დროს არ დარღვეულა, თუმცა ამჯერად შეიძლება ყველაფერი უფრო რთულად წარიმართოს. ინდი მთავარი მდინარეა, რომელიც ტიბეტის მთებში იღებს სათავეს და შემდეგ ექვს ტოტად იყოფა, რომელთაგან სამს პაკისტანი იყენებს, სამსაც - ინდოეთი. თუკი დელი მართლაც გადაკეტავს მდინარე ინდს სათავეშივე და პაკისტანისკენ მიმავალ სამ განშტოებაში წყლის დონე მინიმუმამდე დაეცემა, ეს გაანადგურებს პაკისტანის სოფლის მეურნეობას და მილიონობით პაკისტანელს შიმშილის ზღვარზე დააყენებს. შესაბამისად, ისლამაბადი ყველაფერზეა წამსვლელი, რომ მის ტერიტორიაზე გამავალ სამ განშტოებას წყალი არ მოაკლდეს, მათ შორის შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენებითაც დაიმუქროს.
თავის მხრივ, ინდოეთის მთავარი მოთხოვნაა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ტერორისტული თავდასხმები ქაშმირის პროვინციაში და პაკისტანის სპეცსამსახურები აღარ ეხმარებოდნენ ქაშმირელ ტერორისტებს.
ინდოეთისა და პაკისტანის ბირთვული არსენალი ძალზე შთამბეჭდავია და თუკი ინდოეთს, სავარაუდოდ, 172-180 ბირთვული მუხტი აქვს, პაკისტანიც დიდად არ ჩამორჩება 170-ზე მეტი ბირთვული ქობინითა და საავიაციო ბომბით.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამ ორივე მეზობელი ქვეყნის შეიარაღებაშია საშუალო სიშორის მოქმედების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებიც, რომლებსაც არანაკლებ 2 ათას კმ-ზე შეუძლიათ ბირთვული ქობინების გადატანა, რაც სავსებით საკმარისია ინდოეთისა და, მით უმეტეს, პაკისტანის ტერიტორიის ყველა ნაწილამდე მისაღწევად.
სათვალავშია ჩასაგდები ის გარემოებაც, რომ თუკი ინდოეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 1,45 მლნ-მდეა, პაკისტანის არმიაში მხოლოდ 645 ათასამდე კაცი თუ მსახურობს, რაც კიდევ ერთ არგუმენტს აძლევს ისლამაბადს, რომ მასზე ბევრად ძლიერი ინდოთის შეკავება სწორედ ბირთვული იარაღით სცადოს.
თავის მხრივ, ინდოეთს აკავებს არა მარტო ის, რომ პაკისტანსაც აქვს არსენალში ბირთვული იარაღი, არამედ ისიც, რომ მათ შესაძლო ომში, ალბათ, აუცილებლად ჩაერევა კიდევ ერთი ძალზე ანგარიშგსაწევი მეზობელი - ჩინეთი, რომელსაც პაკისტანთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვს, ხოლო ინოდეთთან ასევე ტრადიციულად ცუდი, ძალიან ცუდი...
XXI საუკუნის მესამე ათეული წელი მიდის და ჩვენს პლანეტაზე უფრო და უფრო იძაბება ვითარება, რაც სწორედ გლობალურ ქაოსთან ასოცირდება და ეტყობა, ასე გაგრძელდება მანამ, სანამ სტრატეგიული გავლენის სფეროები კიდევ ერთხელ არ გადანაწილდება, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა... მაგრამ ამისთვის მართლაც მესამე მსოფლიო ომის გამართვა ხომ არ არის საჭირო?"
ჩვენი დოსიე:
ინდოეთის სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად აღემატება პაკისტანისას - თუკი ინდოეთის თავდაცვის ბიუჯეტი 90 მლრდ დოლარს აღწევს, პაკისტანი სამხედრო მიზნებისთვის მხოლოდ 11 მლრდ დოლარს ხარჯავს. ინდოეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 1,45 მლნ სამხედრო და შეუძლია 1,115 მლნ რეზერვისტის მობილიზებაც, პაკისტანს კი ბრძოლის ველზე მხოლოდ 645 ათასი სამხედროსი და 550 ათასი რეზერვისტის გაყვანა შეუძლია.
ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალების განკარგულებაშია 294 ხომალდი, მათ შორის ორი ავიამზიდი და 18 წყალქვეშა ნავი (ატომურის ჩათვლით, რომელიც რუსეთს აქვს მიქირავებული), მაშინ როდესაც პაკისტანელი მეზღვაურების არსენალში მხოლოდ 114 ხომალდია, მათგან 8 წყალქვეშა ნავი და არც ერთი ავიამზიდი.
ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალები მოითვლის 2 296 სამხედრო დანიშნულების საფრენ აპარატს, მათ შორის 606 გამანადგურებელ თვითმფრინავს და 869 შვეულმფრენს, პაკისტანელ მფრინავებს კი შეუძლიათ გამოიყენონ 1 434 საფრენი აპარტი, მათ შორის 387 გამანადგურებელი და 352 შვეულმფრენი.
ინდოეთის სახმელეთო ჯარების არსენალშია 4 114 ტანკი და 3 243 საარტილერიო დანადგარი, პაკისტანის არმიის შეიარაღებაში კი 3 742 ტანკი და 3 228 საარტილერიო დანადგარია.
ნათლად ჩანს, რომ არმიის პირადი შემადგენლობის რაოდენობითა და ჩვეულებრივი შეიარაღების რაოდენობით ინდოეთი მნიშვნელოვნად ჯაბნის მეზობელ პაკისტანს, თუმცა მათი ბირთვული არსენალები თითქმის უტოლდება ერთმანეთს - ინდოეთს 180-მდე, ხოლო პაკისტანს 170-ზე მეტი ბირთვული მუხტი აქვს, რაც მათ სტრატეგიულ საბრძოლო შესაძლებლობებს ათანაბრებს, თუკი საქმე სწორედ ბირთვულ დაპირისპირებებამდე მივიდა ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის.