„როდესაც ძმა ძმას უპირისპირდება, სწორედ მაშინ იმარჯვებს ნამდვილი მტერი“ - რას იხსენებს გია ყარყარაშვილი დიდ ქართულ ტრაგედიაზე, რომელიც დღესაც აქტუალურ - კვირის პალიტრა

„როდესაც ძმა ძმას უპირისპირდება, სწორედ მაშინ იმარჯვებს ნამდვილი მტერი“ - რას იხსენებს გია ყარყარაშვილი დიდ ქართულ ტრაგედიაზე, რომელიც დღესაც აქტუალურია

გთავაზობთ ამონარიდს გია ყარყარაშვილის წიგნიდან: "სამშობლოს ამარა". ამ ეპიზოდში თადარიგის გენერალ-მაიორი იმ ვითრებას იხსენებს, რაც 1991 წელს დიდი ქართული ტრაგედიის - "თბილისის ომის" წინ იყო შექმნილი. ვფიქრობთ, გია ყარყარაშვილის ეს მონათხრობი დღესაც აქტუალურია.

2025021413175910110-1745764512.jpg

"ჩემ თვალწინ მართლდებოდა ძველისძველი გამონათქვამი, რომ ციხე მუდამ შიგნიდან ტყდება და როდესაც ძმა ძმას უპირისპირდება, სწორედ მაშინ იმარჯვებს ნამდვილი მტერი.

დრო არ ითმენდა, სასწრაფოდ რამე უნდა ეღონათ საბედისწერო გასროლის თავიდან ასაცილებლად. ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა, მით უმეტეს, რომ ორივე დაპირისპირებულ ბანაკში ბევრი იქნებოდა შეგზავნილი...

aivazovi-2533-1745764512.jpg

უდავოა: საფრთხის განეიტრალება,­ სამოქალაქო ომის თავიდან არიდება, უპირველესად, ხელისუფლების მოვალე­ობას წარმოადგენს. მას განუზომლად მეტი მოეთხოვება, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს თუ გაერთიანებას, ხელისუფლების მომხრეს თუ მოწინააღმდეგეს, რადგან გადაწყვეტილების ბერკეტი მის ხელშია. ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც. ასე იყო 1991 წლის 21 დეკემბერსაც...

"პუტჩი" ხელისუფლების წინააღმდეგ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ვიწრო წრის შეთქმულებას ნიშნავს და მხოლოდ იმავე წრის სტიქიური და არც ისე კარგად ორგანიზებული ამბოხია.

tbilisisomi-1991-1992-5-1745764512.jpg

შესაძლოა, მიტინგების ორგანიზატორ პოლიტიკოსთა შორის შეთქმულთა ვიწრო წრე მართლაც არსებობდა, მაგრამ იმაზე თვალის დახუჭვა, რომ დაპირისპირებაში საზოგადოების გაცილებით ფართო სპექტრი გულწრფელად მონაწილეობდა, ნამდვილად არ შეიძლებოდა.

...არადა, როგორი მნიშვნელოვანია ასეთ დროს ხელისუფლების მხრიდან გონივრული კომპრომისი! დემოკრატიულ სახელმწიფოებში კონფლიქტის გასანეიტრალებლად და კრიზისიდან გამოსასვლელად მრავალი მექანიზმი არსებობს: ოპოზიციასთან მოლაპარაკება, ძალაუფლების ნაწილობრივი დათმობა და სხვადასხვა შტოზე გადანაწილება, მთავრობის გადადგომა და სხვა, თუნდაც ხელახალი არჩევნების ჩატარება... მაგრამ ვის ჰქონდა მაშინ ან ერთ, ან მეორე მხარეს ამხელა პოლიტიკური ცოდნა და გამოცდილება?!

სამწუხაროდ, ამის მიღწევა საქართველოში შეუძლებელი აღმოჩნდა. უკვე ნათელი იყო, რომ უკომპრომისო სიხისტე დაპირისპირებულ მხარეებს ომისკენ მიაქანებდა. პოლიტიკურ რადიკალიზმს, დაუსრულებელ მიტინგებსა და გაუაზრებელ განცხადებებს, სახიფათო მოწოდებებსა და გაუმართლებელ მუქარას შედეგად მხოლოდ ვითარების უკიდურესი გამწვავება მოსდევს.

cigni-1745764512.jpg

ამგვარად დაედო დასაბამი მოვლენებს, რომლებიც შემდგომში შეფასდა, როგორც პოლიტიკური თუ სამხედრო დანაშაული, ისევ და ისევ პოლიტიკოსთა დაუთმობლობის მიზეზით - როცა არც ხელისუფლებაში მყოფებს ჰყოფნით გამბედაობა და შორსმჭვრეტელობა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და არც ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს გონივრულ კომპრომისზე წასასვლელად.

საუბედუროდ, დაპირისპირებულ მხარეთა ლიდერები ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე განსაცვიფრებელი მსგავსებით იმეორებენ ერთსა და იმავე შეცდომას. ის ადამიანები, რომელთაც გადამწყვეტ დროს ყველაზე მეტი მოეთხოვებათ, საბედისწერო გაუბედაობასა და უმოქმედობას ავლენენ, ყოყმანობენ სწორედ მაშინ, როდესაც რამდენიმე წუთი ან საათი­ წყვეტს ქვეყნის ბედს.

(ამონარიდი გია ყარყარაშვილის წიგნიდან: "სამშობლოს ამარა")