ანტისომხური ისტერიკა აფხაზეთში და საზღვარზე დაკავებული არძინბა - "აფხაზებს კრასნოდარელი სომხები დაგვასხეს თავზე!"
აფხაზურ ოპოზიციაში დიდი განხილვის საგანია ორი თემა - ახალდამტკიცებული დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტი და გავლენიანი ოპოზიციონერი ლიდერის, ადგურ არძინბას რუსეთის საზღვარზე რამდენიმესაათიანი დაკავება. ახალი ე.წ. მთავრობა აღაშფოთა "ვიცე-პრემიერად" ეთნიკური სომხის დანიშვნამ და ოპოზიციის მხარდამჭერებში ანტისომხური ისტერიკის მორიგი სერიაც დაიწყო: "აფხაზებს კრასნოდარელი სომხები დაგვასხეს თავზე". ადგურ არძინბას მცირე ხნით დაკავების გამოც ატყდა უკმაყოფილება, რომ რუსეთიდან ოპოზიციის დევნა და დაშინება გრძელდება, დე ფაქტო ხელისუფლება კი საკუთარი მოქალაქეების ინტერესს არ იცავს...
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტი 18 აპრილს დაამტკიცა. ახალ "მთავრობაში" არ მოხვდა გავლენიანი ფიგურა ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც ასლან ბჟანიას დროს პრემიერ-მინისტრი იყო. სწორედ ანქვაბი ითვლება იმ კლანის მეთაურად, საიდანაც არიან ბადრა გუნბა და შარშან გადაყენებული ასლან ბჟანია, ამიტომაც ელოდნენ, რომ ანქვაბი ე.წ. პრემიერობას ისევ დაიბრუნებდა, თუმცა მისი ადგილი ვლადიმირ დელბამ დაიკავა. თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა სერგეი შამბაც, რომელიც ბოლო დროს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელს იკავებდა. მის ადგილზე დაინიშნა ოლეგ ბარციცი, რომელიც ამ ე.წ. არჩევნებზე ბადრა გუნბას კონკურენტი იყო, თუმცა მხოლოდ 4% მიიღო. თანამდებობა შეინარჩუნეს ძალოვანმა "მინისტრებმა". ახალ "მთავრობაში" მოადგილეების პოსტებზე ახალგაზრდები მიიღეს.
გუნბამ გაზარდა ე.წ. ვიცე-პრემიერების რიცხვი და 3-ის ნაცვლად ახლა მას 5 "ვიცე-პრემიერი" ჰყავს, ერთი სავარძელი ერგო ეთნიკურად სომეხ ვარაზდატ მინოსიანს, რომელიც მანამდე "დეპუტატი" იყო და გუნბას კამპანიაში სომეხთა ხმების მოსაზიდად აქტიურობდა.
სწორედ მინოსიანის დანიშვნას მოჰყვა ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის სოცქსელებში მორიგი ანტისომხური ისტერიკაც: "სომეხი აფხაზებს მართავს!"... "საკმარისი არ არის ის, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი კრასნოდარელმა სომხებმა აირჩიეს, ახლა კი მინისტრთა კაბინეტშიც სომეხი დასვეს. ხელისუფლებაში ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ დაინიშნა, მაგრამ კრასნოდარელი სომეხი დაგვასვეს თავზე"... "ასე იყვნენ ქართველებიც, ყველა თანამდებობაზე ქართველი ინიშნებოდა და ამიტომაც არის, რომ დღემდე ვერ წყნარდებიან და ამბობენ, აფხაზეთი საქართველოაო"... "სომხები იბრძოდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის 1992-93 წლებში, მაგრამ სირცხვილია, როცა ოპოზიციის წარმომადგენელი არ არის ხელისუფლებაში"... "აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის ჩერქეზებიც იბრძოდნენ და ჩერქეზები რატომ არ ინიშნებიან მინისტრებად? სად არიან ჩვენი ძმები აბაზინები, რეპატრიანტები თურქეთიდან, წლების განმავლობაში ერთი ადამიანი მაინც ყოფილა ხელისუფლებაში? არძინბას გზაა, რომ სამშობლოში დავაბრუნოთ ჩვენი ძმები და რა გავაკეთეთ? პასპორტები დავურიგეთ კრასნოდარელ სომხებს, თურქეთიდან ჩვენს ძმებ აფხაზებს კი ადლერიდან აფხაზეთში შესვლა აუკრძალეს და დაადეპორტეს. მხოლოდ სომხებზე რატომ ვრცელდება ეს მიდგომა, სხვაც ხომ ბევრგან გვყავს გულშემატკივრები?!" - წერენ აფხაზები.
18-ში დაწყებული ანტისომხური ისტერიკა გადაფარა აღდგომის ღამეს, ფსოუს საზღვარზე ოპოზიციის ლიდერის, ადგურ არძინბას რამდენიმე საათით დაკავებამ. ოპოზიციისა და ადგილობრივი მედიის განცხადებებით, გავლენიანი და პოპულარული ოპოზიციონერი ლიდერის ახსნა-განმარტებების გარეშე დაკავება არის დაშინების აქტი, რუსეთის აშკარა სიგნალი და ეს ანტირუსულ განწყობებს აღვივებს.
ოპოზიციურმა ვეტერანთა გაერთიანება "არუაამ" გაავრცელა განცხადება, რომ "ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა ოპოზიციონერზე, რაც აფხაზეთში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზანმიმართულ ცდაზე მიუთითებს". "არუაა" დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრი გუნბასგან რეაგირებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იტოვებს უფლებას გამართოს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები...
ვეტერანების შემდეგ განცხადება გაავრცელა "აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმმაც". მათი განცხადებით, დისიდენტების დევნისა და ზეწოლის ცნობილი პრაქტიკა გრძელდება და ასეთი პროვოკაციული მოვლენები, რომელთაც "აფხაზეთის ხელისუფლება" მოკავშირე რუსეთის ხელით აკეთებს, არა მხოლოდ ძირს უთხრის ნდობას აფხაზეთში, არამედ ქმნის მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობის გართულების საფრთხეს... ოპოზიციური მედია წერს, რომ ზღვარზე არაერთხელ დაუკავებიათ ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც აკრიტიკებენ აფხაზეთის ხელმძღვანელობას. მაგალითად, "ჩეგემსკაია პრავდის" მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი ორჯერ დააკავეს და მოგვიანებით ის "უცხოური აგენტების" რუსულ სიაში მოხვდა. ბოლო თვეებში იყო რუსეთიდან დეპორტაციის რამდენიმე შემთხვევაც, 10-წლიანი აკრძალვით. საზღვარზე არაერთხელ დააკავეს "დეპუტატი" ლევან მიქააც, რომელსაც ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მიქაამ მაშინ განაცხადა, რომ მას პირდაპირ უთხრეს: აჩერებენ ადამიანებს, ვინც ანტირუსულ განწყობებს აღვივებს, რუსულ მხარეს კი ეს ინფორმაცია აფხაზეთის მაშინდელი "პრეზიდენტისგან" ასლან ბჟანიასგან ჰქონდათ მიღებული. დამოუკიდებელი ტელეგრამარხი "აბხაზია-ცენტრის" ცნობით, რუსეთი ეფექტურად მართავს აფხაზეთის შიდა ვითარებას მინიმალური ხარჯებით: "ორ გავლენიან პოლიტიკოსს ჩამოართვეს მოქალაქეობა, რამდენიმე ჟურნალისტი უცხოური აგენტის რეესტრში ჩაწერეს, რამდენიმე ოპოზიციონერი აქტივისტი დაადეპორტეს და რამდენიმე სს საქმე აღძრეს ოპოზიციის წინააღმდეგ და ამის შემდეგ რუსულ-აფხაზური ურთიერთობები აბრეშუმივით გახდა, სრული იდილიაა".
ოპოზიციის ისტერიკას დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა, რომ ავტომობილს მართავდა ადგურ არძინბა, რომელსაც იანვარში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა. ამიტომაც გააჩერეს. გარდა ამისა, ამავე ავტომობილით საზღვარი გადაკვეთა მოქალაქემ, რომელიც ეჭვმიტანილია იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვასა და ტარებაში და აქვს წერილობითი ვალდებულება არ დატოვის აფხაზეთის ტერიტორია, მისი რუსეთში გამგზავრება კი აღკვეთის ღონისძიების დარღვევად ითვლება.
საპასუხო განცხადება გაავრცელა "აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ", რომ დაკავებისას არც ერთ რუს მესაზღვრეს არ უხსენებია მართვის მოწმობის ჩამორთმევა და "უსაფრთხოების სამსახურის" მოყვანილი მიზეზი სხვა არაფერია, თუ არა "მეორე მხარის ქმედებების გამართლების ნაჩქარევი და მოუხერხებელი ცდა".
ირაკლი ცქიტიშვილი, კონფლიქტოლოგი: - გუნბას ახალ ე.წ. მთავრობაში არ არის არც ერთი ოდიოზური ფიგურა, ანქვაბი და შამბა, არ არიან ის პირები, ვინც, ასე თუ ისე, მოიაზრებოდნენ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის ხელშემწყობებად. ვფიქრობ, ეს პოლიტიკა წამოსულია კრემლიდან - მოიშორეს ისინი, ვისაც პოლიტიკაზე ჰქონდათ გავლენა და პროცესებს მართავდნენ. შემოიყვანეს უფრო ტექნიკური პერსონალი, რომლებიც მხოლოდ დავალებების შემსრულებლები იქნებიან. მარიონეტული მთავრობა ისე დაკომპლექტდა, რა ბრძანებაც მოვა მოსკოვიდან, ტექნიკურად შესრულდეს. რამდენიმე ძველი მინისტრი დატოვეს, მაგალითად, ე.წ. შინაგან საქმეთა და ე.წ. თავდაცვის მინისტრები. ისინი პოლიტიკას მანამდეც არ განსაზღვრავდნენ, მაშინაც შემსრულებლები იყვნენ და ამიტომ მათთვის ადგილი მოიძებნა.
დიდი სკანდალი ატყდა ვიცე-პრემიერად მინოსიანის დანიშვნის გამო. რაც არ უნდა თქვან, გასათვალისწინებელია სომეხი მოსახლეობის რაოდენობა, ისინი აფხაზეთის მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ და ე.წ. მინისტრთა კაბინეტში ერთი წარმომადგენელიც რომ არ ჰყავთ, პირიქით, ძალიან ცუდად ჩანს.
აფხაზებს რატომღაც მიაჩნიათ, რომ აფხაზებმა, რომლებიც მოსახლეობის ნახევარსაც არ შეადგენენ, უნდა მართონ მთელი მოსახლეობა. ასეთი აპარტეიდული ფორმით აქვთ შედგენილი ე.წ. აფხაზეთის კონსტიტუციაც.
მინოსიანის ე.წ. ვიცე-პრემიერად დანიშვნა სომეხი მოსახლეობის რაოდენობის გამო გამართლებული ნაბიჯია, და მეორე - არჩევნებში გუნბას გამარჯვებაში სომხებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს და ამიტომაც დაუფასდათ ერთი "ვიცე-პრემიერის" სავარძლით.
აფხაზეთში ანტისომხური განწყობები ყოველთვის იყო და იქნება. ისინი აფხაზებზე მეტნი არიან და აფხაზებს აქვთ შიში, რომ დაკარგავენ მართვის სადავეებს. ისევე როგორც აფხაზებს ადრე ჰქონდათ ქართველების მიმართ შიში...
წარმოიდგინეთ, სომხებმა თავიანთი მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად რომ დაიკავონ ადგილები ე.წ. მთავრობასა და ე.წ. პარლამენტში, აფხაზების როლი იმდენად დაკნინდება, რომ მათი შემოსავლები, მთელი კლანური სისტემა მოიშლება, ეს კი აფხაზებისთვის წარმოუდგენელი დისტოპიური მომავალია.
აფხაზებს ყოველთვის ერთი რამ სურდათ, მსხდარიყვნენ კაბინეტებში და ზევიდან ემართათ ყველა დანარჩენი, ასე იყო საბჭოთა დროს და ასეა ახლაც. მიუხედავად იმისა, რომ სომხები ბევრნი არიან, ისინი არ აქტიურობენ, თავიანთი საქმით არიან დაკავებული, ძირითადად, ბიზნესით. გასულ წლებშიც ე.წ. არჩევნებში სომხური ხმები ორ ძირითად კანდიდატზე იყოფოდა, მხოლოდ წელს იყო პირველად, რომ 90%-მა მხარი დაუჭირა რუსეთის ფავორიტ კანდიდატს. ამდენად, აფხაზეთში სომხური თემი შეიძლება განიხილებოდეს როგორც რუსეთის მეხუთე კოლონა და ამ არჩევნებმა სწორედ ეს აჩვენა. რუსეთს არ უნდოდა არძინბას გამარჯვება და გადამწყვეტ ბრძოლაში სომხები გამოიყენა.
რუსეთს აფხაზეთში უნდა აპარტ-ოტელები, გამარტივებული საინვესტიციო კანონი რუსი ბიზნესმენებისთვის. სურთ აფხაზეთი იყოს მათი შიდა ეზო და ახლა ამ პოლიტიკის აღსრულების გადამწყვეტი ეტაპია.
- ადგურ არძინბა რამდენიმე საათით დააკავეს ფსოუს გამშვებ პუნქტზე. რუსეთი ისევ აგრძელებს აფხაზი ოპოზიციის დევნას?
- აფხაზი ოპოზიცია ქრება. რუსეთმა რუსეთის მოქალაქეობა წაართვა რამდენიმე აქტიურ ოპოზიციონერს და ამით მათთან ურთიერთობა გაწყვიტა. ის, რომ აღდგომას რუსეთის საზღვარზე დააკავეს ადგურ არძინბა, იმის ნიშანია, რომ თუ კარგად არ მოიქცევა, მას დააპატიმრებენ და საამისო მიზეზს ყოველთვის მონახავენ. ამდენად, რუსეთმა გადაწყვიტა აღარ ითამაშოს ოპოზიციასთან, ოპოზიციური ფლანგი დაასამარა და გადაერთო თავისი პოლიტიკური ამოცანების შესრულებაზე იმ რეჟიმთან, რომელიც "ხელისუფლებაში" მოიყვანა. აფხაზების მოთაფვლა გრძელდება. ძალიან საინტერესო პროექტები შეიტანეს სოხუმის აეროპორტის ამოქმედებასთან ერთად, ახალგაზრდული პროექტები იქნება, ჯანდაცვაში კვლევები თუ გზებისა და სკვერების გაკეთება. ბევრი პროექტი მიაყარეს, რომ გუნბას ე.წ. მთავრობას თავის მოსაწონებელი ჰქონდეს, სანამ რუსულ კანონებს შემოაგდებენ. აეროპორტის ამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია, თანდათანობით წამოვა რუსული ინვესტიციები, აშენდება აპარტ-ოტელები და სასტუმროები, აფხაზები უკვე შეეჩვევიან ამ აზრს და შემდეგ რუსული აპარტ-ოტელების კანონიც, დიდი ალბათობით, აღარ იქნება ისეთი სიმწვავით აღქმული. შემოდგომისთვის მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ძალის მოკრებას, ამის თქმა მიჭირს, ახლა მათი გავლენა ნულზეა.
ეკატერინე ბასილაია