აქვს თუ არა ანდერძს ხანდაზმულობის ვადა - კვირის პალიტრა

აქვს თუ არა ანდერძს ხანდაზმულობის ვადა

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი პასუხობს შეკითხვებს.

თითქმის 15 წელი, სახლი და მის წინ ეზო კაპიტალურად მაქვს შემოღობილი. არ გვიფორმებენ, არაერთხელ შევიტანეთ განცხადება და მაინც უარი მოდის. რა უნდა გავაკეთო, რომ ეზო გავიფორმო ან შევისყიდო?

- თქვენი კითხვა განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელზეც კონსულტაციის გასაცემად აუცილებელია სრული დოკუმენტაციის გაცნობა, ასევე მნიშვნელოვანია გარემოებების ცოდნა, როგორიცაა მიწის ადგილმდებარეობა, ზუსტად რომელი წლიდან გაქვთ შემოღობილი, რა არის უარის თქმის საფუძველი. რაც შეეხება შესყიდვას, დასადგენია, ვის ბალანსზე ირიცხება აღნიშნული ქონება, ან საერთოდ ირიცხება თუ არა ქონება ვინმე.

ავტომობილი მოხვდა საზღვარგარეთ ავარიაში, სადაზღვევო კომპანია ზარალის ანაზღაურებაზე უარს ამბობს იმ საბაბით, რომ ამ ზარალზე ფიქსირდება ანაზღაურება იმ პირის მიერ, ვისი ბრალეულობაც იყო შემთხვევა, არადა, კომპანიას არ მიუღია ზარალის სანაცვლო თანხა, არც მის ხელძღვანელს. თუ აქვს დავას აზრი სასამართლოში სადაზღვევო კომპანიასთან?

- მოცემულ საკითხზე პასუხი რომ გაეცეს, აუცილებელია სადაზღვევო ხელშეკრულების დეტალური შესწავლა, თუ რა დათქმებს შეიცავს საზღვარგარეთ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ხელშეკრულება, მაგალითად, შემთხვევის შესახებ რის ან ვის მიერ უნდა იქნეს დადგენილი გარკვეული ფაქტობრივი გარემოება. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, თუ რის საფუძველზე ამბობს სადაზღვევო კომპანია, რომ ზიანი ანაზღაურებულია, რა მტკიცებულება აქვს საამისოდ.

ბანკის ვალი დამადო მეუღლემ, მე ვარ თავდები, ის არ იხდის თანხას და მე მიწევდა გადახდა. ახლა მეც ვეღარ ვიხდი, რა შეიძლება გავაკეთო? სახლის ნახევარი წილი ჩემზეა გაფორმებული.

- სესხზე თავდები ისევეა პასუხისმგებელი, როგორც ძირითადი მსესხებელი. საქართველოში საბანკო-საფინანსო დაწესებულებები ძირითადად იყენებენ უზრუნველყოფის სოლიდარულ თავდებობას. რაც შეეხება სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზომას, თითოეული სოლიდარული მოვალე პასუხისმგებელია მხოლოდ თავისი ქონების ფარგლებში.

წლების წინ ჩემს ბაბუას სამსახურმა გადასცა თემქაზე მიწის ნაკვეთი, რომელიც არ იყო ოფიციალურად გაფორმებული. რამდენჯერმე შევიტანეთ ქონების დაკანონებაზე განცხადება, მაგრამ მივიღეთ უარი დამტკიცებაზე, ვინაიდან არქივი დამწვარი, ძველ დედანს კი არა აქვს ბეჭედი. ვერ ვამტკიცებთ საკუთრებას, შესაბამისად, ვერ ვიკანონებთ. რა შეიძლება გავაკეთოთ?

- მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს უფლებადამდგენი დოკუმენტის ავთენტურობა, რისთვისაც საჭიროა გარკვეული გარემოებისა და მტკიცებულებების შეფასება. გარდა აღნიშნულისა, უნდა ითქვას, რომ დოკუმენტის ავთენტურობის დადგენისთვის თუ რა გზა იქნება შერჩეული, ეს მსჯელობის საგანია და ამისათვის საჭიროა საქმის გარემოებების მეტი დეტალი და მისი არსებითი შესწავლა.

როცა ბინა დავიქირავე, გადავიხადე პირველი და ბოლო თვე, მას შემდეგ ყოველი თვის დასაწყისში ვიხდიდი ბინის ქირას. ახლა გავდივარ ამ ბინიდან და ვითხოვ ბოლო თვე ვიცხოვრო უფასოდ, რაზეც მეპატრონე ამბობს უარს და მოითხოვს ბინის დაცლას ან ფულის გადახდას. მეკუთვნის თუ არა იქ უფასოდ ცხოვრება, რადგან თავში გადავიხადე თანხა. ის ამბობს, რომ ბოლო თვის თანხა წაიღო მაკლერმა.

- თქვენ უფლება გაქვთ ბოლო თვე იცხოვროთ ნაქირავებ ბინაში ქირის გადახდის გარეშე, ვინაიდან წინასწარ გადახდილი გაქვთ ბოლო თვის საფასური. ის, რომ მაკლერმა აიღო ბოლო თვის ქირის თანხა, თქვენ არანაირად არ გავალდებულებთ, ვინაიდან აღნიშნულზე შეთანხმება მაკლერსა და მეპატრონეს შორის იყო, და თუკი ეს პირობა მეპატრონისთვის მისაღები არ იყო, ეს საკითხი მაკლერთან უნდა მოეგვარებინა.

წლების წინ ბანკში ავიღე სესხი და ჩადებულია ჩვენი საცხოვრებელი ერთადერთი ბინა. 5 წელზე მეტია ვიხდი პროცენტებს, არა მაქვს დარღვევა, მაგრამ ბოლო სამი თვეა შევწყვიტე გადახდა, რადგან უმუშევარი დავრჩი. ვთხოვე ბანკს შეემცირებინა შესატანი თანხა, მაგრამ უარი მივიღე. რა შეიძლება გავაკეთო, ხომ არ გამიყიდიან ბინას?

- ბანკისგან საშეღავათო პირობების მიღება დამოკიდებულია ბანკის ნებაზე ანუ არ არსებობს სამართლებრივად რაიმე მავალდებულებელი ნორმა იმისათვის, რომ შეღავათებზე დათანხმდეს ბანკი. ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებასა და ბანკის ნებაზე. რაც შეეხება უძრავი ქონების რეალიზაციის საკითხს, ესეც დამოკიდებულია კრედიტორზე, თუ დააყენა რეალიზაციის საკითხი. აქვე უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა, ეს სესხი იყო უზრუნველყოფილი იპოთეკით თუ არა.

ვაგირავებ ბინას და უნდა გავაფორმო "სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, ბინით სარგებლობის უფლებით". ნოტარიუსი ამბობს, რომ გირავნობის ხელშეკრულებებს აღარ არეგისტრირებენ უკვე დიდი ხანია და შემომთავაზა "ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით" ტიპის ხელშეკრულების გაფორმება. მაინტერესებს, ჩემი, როგორც მხარის უფლება, რატომ იზღუდება თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, რომ მოვახდინო ან ბინის გადაგირავება, ან რეალიზება და თანხის ისე დაბრუნება? მგონი, ნოტარიუსი გარიგებულია მეორე მხარესთან და რაღაცას მატყუებენ..

- ბინის დაგირავება წარსულში გავრცელებული ტერმინია. რეალურად აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა არის სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფა ხდება უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვით. თანხის გამსესხებელს შეუძლია გააფორმოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების მიზნით.

მყავდა მეუღლე, გვყავს ორი შვილი და ერთად ვიცხოვრეთ 5 წელი. მეუღლე გარდაიცვალა, როცა გავყევი ცოლად, მოვაწერეთ ხელი ოფიციალურად, გადავედი მის გვარზე, ასევე ვარ ჩაწერილი მის სახლში. მაქვს ქორწინების მოწმობა, მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები, მაგრამ ჩემმა მაზლმა გამომაგდო სახლიდან. არის ორდერი, სადაც ქონების მესაკუთრედ წერია ჩემი ქმარი და მაზლი. როგორ შეიძლება მივიღო ჩემი წილი სახლიდან?

- პირველ რიგში უნდა გახსნათ თქვენი ქმრის სამკვიდრო, ამისათვის უნდა მიმართოთ ნოტარიუსს. თუ მეუღლის გარდაცვალებიდან 6 თვე არ არის გასული, ნოტარიუსი გასცემს სამკვიდროს, სხვა შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ სასამართლო ფაქტობრივი ფლობის გზით სამკვიდროს მისაღებად. რაც შეეხება სახლს, თუ ის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო თქვენი მეუღლის სახელზე.

ჩემი მეუღლე ომში დაიღუპა და ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. მისმა დებმა გადაიფორმეს მშობლების სახლი ისე, რომ არ უხსენებიათ, ძმა რომ ჰყავდათ, მიისაკუთრეს ძმის წილიც, რომელიც, წესით, ჩემს შვილებს ეკუთვნის. ნოტარიუსი იყო თუ არა ვალდებული, რომ მოეძიებინა სხვა მემკვიდრეები? რა შეიძლება გავაკეთოთ?

- მოითხოვეთ თქვენი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადება, რის შემდგომაც გაიხსნება მისი სამკვიდრო და მისი მემკვიდრეები შეძლებენ მოითხოვონ სამკვიდროს მიღება.

ვართ სამი დედმამიშვილი, მშობლები გარდაიცვალნენ. არ ვიცით, მამამ დატოვა თუ არა ანდერძი, მაგრამ ფაქტია, ჩემმა ძმამ გაიფორმა მემკვიდრეობა თავის სახელზე ჩვენი, დების ხელმოწერის გარეშე. ახლა იმ სახლში შესვლის უფლება არა გვაქვს, რადგან რძალმა დაგვიკეტა სახლის კარი და გვეუბნება, რომ იქ არ უნდა მივიდეთ. ჩვენ, დები, ვითვლებით თუ არა მემკვიდრეებად და როცა უკვე ქონება გადაფორმებულია კარგა ხანია ძმის სახელზე, შეგვიძლია თუ არა მაინც წილის მოთხოვნა?

- პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან მეუღლე, მშობლები და შვილები. კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს სამკვიდროს მიღების უფლება ჰქონდა როგორც თქვენს ძმას, ასევე დებსაც. თუ მამის გარდაცვალებიდან გავიდა 6 თვეზე მეტი, მაშინ სამკვიდროს მისაღებად სასამართლო გზით უნდა დადგინდეს თქვენი (დების) მიერ ფაქტობრივი ფლობა.

ანდერძი არ არის დაწერილი, ჩემი მშობლების სახლი და მიწის ნაკვეთები გაასხვისა ჩემმა ძმამ. რომ გავიგე, გაყიდულია ყველაფერი, უკვე დაგვიანებული იყო და ხანდაზმულობის ვადაც გასული. მაქვს თუ არა სამკვიდროს მოთხოვნის უფლება?

- პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან მეუღლე, მშობლები და შვილები. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრეები მიმართავენ სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსს, თუ თქვენ არ გქონდათ მიმართული ნოტარიუსისთვის და არც 6 თვის მერე ფაქტობრივი ფლობის დადგენის გზით არ მიგიღიათ სამკვიდრო, მაშინ ერთადერთ მემკვიდრედ ჩაითვლებოდა თქვენი ძმა. შესაბამისად, უკვე ვეღარ მიიღებთ სამკვიდროს.

მამამ ანდერძით მიიღო ქონება მამისგან, მას ჰყავს ორი და და ერთი ძმა. მამა გარდაიცვალა, ანდერძი გვაქვს სახლში. ახლა დავაპირეთ ამ სახლის გაყიდვა და მისმა დებმა და ძმამ მოითხოვეს წილი. აქვთ თუ არა ჩემი მამის სახელზე დარეგისტრირებული ქონებიდან წილის მოთხოვნის უფლება?

- როდესაც მამათქვენმა მიიღო ანდერძისმიერი მემკვიდრეობით სამკვიდრო, მაშინ მის დედმამიშვილებს შეეძლოთ მოეთხოვათ სამკვიდროდან სავალდებულო წილი. თუ არ მოუთხოვიათ და ქონებაც მხოლოდ მამათქვენის სახელზე იყო რეგისტრირებული, არა აქვთ წილის მოთხოვნის უფლება.

გარდამეცვალა დედა, მე ვიყავი მისი მეურვე, ვუვლიდი სიცოცხლის ბოლომდე. მყავს დები. მაინტერესებს, მემკვიდრედ ვითვლები მარტო მე თუ ჩემი დებიც.

- პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან მშობლები, მეუღლე, შვილები. ამ შემთხვევაში თქვენც და თქვენი დებიც ხართ პირველი რიგის მემკვიდრეები და მემკვიდრეებად ითვლება ყველა და.

რომელი კანონებით რეგულირდება საქართველოში სამშენებლო უსაფრთხოება? როცა ზედამხედველობას მიმართავ და ხედავ არ რეაგირებს, ვის შეიძლება მიმართო? არადა, აშკარად ირღვევა სამშენებლო უსაფრთხოების წესები და არ არის დაცული ტერიტორია. ან ვინ არის პასუხისმგებელი, როცა იქ უსაფრთხოების ნორმები დაირღვევა?

- საქართველოში სამშენებლო უსაფრთხოების საკითხი რამდენიმე კანონით რეგულირდება, შრომის უსაფრთხოებისა და შრომის კოდექსის გათვალისწინებით. ამასთანავე, სამშენებლო უსაფრთხოება, სამშენებლო ტერიტორიებისა და მიწის მოწყობა რეგულირებულია მშენებლობის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტით.

- ანდერძის დაწერიდან გასულია 20 წელი. აქვს თუ არა ასეთ ანდერძს ძალა?

- როგორც წესი, ანდერძს ძალა არ ეკარგება, მაგრამ მისი აღსრულება დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, მათ შორის არსებობს თუ არა ანდერძით გათვალისწინებული ქონება ისევ მამკვიდრებელზე, გქონდათ თუ არა საპატიო მიზეზი, რის გამოც ვერ აღსრულდა ამ დრომდე, ფაქტობრივად, დაუფლებული ხართ თუ არა ამ ქონებას.

- რა პრობლემა შეიძლება წარმოიშვას, თუ მემკვიდრემ დიდხანს არ მოითხოვა ანდერძის საფუძელზე მისთვის ქონების გადაფორმება?

- მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრემ უნდა მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდროს გახსნის მოთხოვნით. თუ გასულია სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა, მაინც უნდა მიმართოთ განცხადებით ნოტარიუსს, წარუდგინეთ ანდერძიც, შესაძლოა ნოტარიუსმა უარი გითხრათ და დაგჭირდეთ სასამართლოს გზით სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის დადგენა.