100 წლის ვერცხლის მონეტა, რომელიც 25 წლის წინ ბაბუამ შვილიშვილს გაუგზავნა - რას ჰყვებიან "პალიტრის" უნიკალური პროექტის "გზავნილი მომავალში მონაწილეები
"კვირის პალიტრის" რედაქციაში უკვე მრავალი ადამიანი მოვიდა კუთვნილი წერილის წასაღებად. ჩვენც თანაზიარები ვართ მათი დიდი ემოციების - სიხარულის და ცრემლების... რედაქცია კვლავაც აგრძელებს საინტერესო წერილების ადრესატებისა თუ ავტორების თქვენთვის გაცნობას. ამჯერად "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველებს წარმოგიდგენთ...
100 წლის ვერცხლის მონეტა
კახა ცაბაძემ 25 წლის წინ დაწერილ წერილთან ერთად, პროექტით "გზავნილი მომავალში" ვერცხლის მონეტა მიიღო.
- ასე გაგეცნობით - საჩხერის რაიონში 1971 წლის 16 ივლისს დავიბადე. 1988 წელს თბილისში ჩამოვედი, ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და მეტალურგიული ფაკულტეტი დავამთავრე. იქიდან მოყოლებული თბილისში ვარ... 1995 წლიდან "კვირის პალიტრის" მკითხველი ვიყავი. ნომერს არ ვტოვებდი... ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ პროექტი "გზავნილი მომავალში" იწყებოდა და საშუალება მქონდა, წერილი გამეგზავნა. მერე ჩემს შვილს, ლაშას, რომელიც 10 წლის ხდებოდა, ვუთხარი, მოდი, წერილი დავწეროთ-მეთქი, თან ვერცხლის მონეტა მქონდა და ტექსტი რომ დავწერეთ, მონეტაც კონვერტში ჩავდეთ...
სიმართლე გითხრათ, აღარ მახსოვდა, რა დავწერე. ახლა ბარათი რომ გავხსენი, გამახსენდა, თურმე პირველი შვილიშვილისთვის დამიწერია და მისთვის გამიგზავნია... ისე მოხდა, რომ დღეს იმ 10 წლის ლაშას შვილია ჩემი პირველი შვილიშვილი...
2001 წლის ახალი წელი იყო და მივულოცე ახალი წელი მომავალში, ჯანმრთელი და კარგი კაცი გაიზარდე-მეთქი (არადა პირველი შვილიშვილი გოგოა).
- ვერცხლის მონეტა, როგორც ვიცი, 1925 წელსაა გამოცემული. გამოდის, 100 წლისაა...
- კი, ასეა. 1925 წელს რომ იყო გამოცემული, ამიტომ ავირჩიე 2025 წელი... იმ დროისთვის 100 წლის იქნება და უკან მაშინ დაგვიბრუნდება-მეთქი. მისი გამოცემის თარიღი დავამრგვალე.
- ე.ი. დარწმუნებული იყავით, რომ მონეტა დაგიბრუნდებოდათ, ხომ შეიძლებოდა დაკარგულიყო, ან პროექტი არ შემდგარიყო, რადგან 2000 წელი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ რთული პერიოდი იყო?
- არა, ასეთი არაფერი მიფიქრია. როგორც აღვნიშნე, "კვირის პალიტრის" გამოსვლიდან მოყოლებული, ყველა ნომერი მქონდა შეძენილი. მერე ის ნომრები სოფელში მამას ჩავუტანე. არ არსებობდა, ნომერი გამომეტოვებინა, გაზეთს სრულად ვენდობოდი...
ახლა მითხრეს, ეგ ვერცხლის მონეტა 350 დოლარი ღირსო, თან სუფთა ვერცხლია, თუმცა მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ რაიმე ძვირფასს ვდებდი კონვერტში, რომ მისი ფასი ასე გაიზრდებოდა... უბრალოდ, 25 წლის შემდეგ მიღებულ წერილთან ერთად, ჩემი მომავალი შვილიშვილისთვის, ერთგვარი სიურპრიზი რომ იქნებოდა, ამას ვგრძნობდი... ახლა ამ საჩუქარს რაღაც უნდა მოვუფიქრო, რომ შვილიშვილს ჩემგან დარჩეს და სულ თან ჰქონდეს... მამამისი ამ წერილის დაწერისას რა ასაკშიც იყო, ჩემი შვილიშვილი ახლა სწორედ იმ ასაკშია, გვანცა10 წლისაა.
- წლების განმავლობაში ეს წერილი თუ გახსოვდათ?
- მას შემდეგ ახალი წელი არ არსებობდა, რომ არ მეთქვა, 2025 წელს წერილს ველოდები-მეთქი. მუდმივად ვფიქრობდი, როდის მოვა 2025 წელი-მეთქი. ჩემი შვილიშვილისთვის ამის შესახებ არ მომიყოლია, ჯერ ერთი, პატარა იყო და მერე როგორც ვთქვი, აღარ მახსოვდა, რომ წერილი კონკრეტულად მას გავუგზავნე. რატომღაც მახსოვდა, რომ წერილი ჩემს თავს მივწერე.
- სიაში ნახეთ თქვენი თავი?
- არა. ხომ მახსოვდა, რომ 2025 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო და იანვარში მოვედი რედაქციაში, მაგრამ მითხრეს, მარტის დასაწყისში გაიხსნებაო. როგორც მითხრეს, ისე მოვიქეცი, მარტში მოვედი... წერილი მოძებნეს და გადმომცეს. მკითხეს, კონვერტში რა დევსო? 2025 წელს გამოშვებული ვერცხლის მონეტა-მეთქი... გაუკვირდათ...
- შვილიშვილმა რა გითხრათ?
- გაუხარდა, რომ ბაბუისა და მამისგან 25 წლის წინ დაწერილი წერილი მიიღო. მაშინ დაუწერეს, როცა თვითონ დაბადებულიც არ იყო და როცა მამამისი ჯერ კიდევ მის ასაკში იყო...
ეს ყველაფერი ჩემთვის, პირველ რიგში, წარსულის გახსენებაა - მოგონებებში წავედი, გამახსენდა 2000 წელი, ის, თუ სად დავწერეთ ეს წერილი და ბევრი რამ... წარსულის გახსენების გარდა, თავისთავად სიხარულია, რომ ეს წერილი, რომელსაც ამდენი წელი ველოდი, მივიღეთ.
"ცუდ პერიოდშიც ბევრი კარგი რამ არის გასახსენებელი..."
ლევან მადათოვი 41 წლის იურისტია, საჯარო დაწესებულებაში მუშაობს. 16 წლის ასაკში, როცა წერილი დაწერა, "კვირის პალიტრის" მკითხველი იყო...
- იმხანად დაინტერესებული ვიყავი თქვენი გაზეთით და აქტიურად ვკითხულობდი. როდესაც ეს პროექტი გამოჩნდა, გადავწყვიტე, წერილი დამეწერა. ნამდვილად არ ვფიქრობდი იმ დროს, ოჯახი როდის მეყოლებოდა, მაგრამ წერილის წერისას ვიცოდი, რომ ჩემი შვილისთვის უნდა მიმემართა... როდესაც გავიგე, რომ 2025 წელს ამ დროს გასახსნელი წერილების სკივრი იხსნებოდა, გამიხარდა. სიმართლე გითხრათ, არც ამ პროექტის შესახებ მახსოვდა და არც წერილის შინაარსი. წერილი უკვე ავიღე, გავხსენი და ყველაფერი გამახსენდა. თითქოს პატარა ტექსტი მქონდა დაწერილი, თურმე ბევრი დამიწერია. მაშინდელ ყოფით საკითხებზე ვწერ, რომ უშუქობის პერიოდი იყო, აღვწერე ოჯახის წევრები (ჩემი უმცროსი და, მშობლები, ბებია, რომელიც ახლა გარდაცვლილია) რას აკეთებდნენ. ამ გადასახედიდან რომ ვთქვა, წერილი საკმაოდ სენტიმენტალური გამოვიდა...
თაობათა ბრძოლის თემა მაქვს ასევე წამოწეული და ის საკითხები, რომლებიც ახლაც აქტუალურია. შვილო, უნდა იყო ქართველი, ნუ დაემსგავსები ნურც აზიელ მძიმე ხასიათის ადამიანს და ნურც თავისუფალ ევროპელს - დაახლოებით ასეთი ჩანართია გაკეთებული. როგორც ჩანს, მაშინ ასე ვფიქრობდი, ასეთი იყო ჩემი შეხედულება. იმასაც ვხედავდი, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ ქვეყანა თავისუფალი იყო, თუმცა 2000 წლის სტაგნაციის პერიოდსაც ვეხები და იმ პრობლემებს, რაც მაშინ არსებობდა. ირკვევა, რომ ის ყველაფერი ბავშვებზეც აისახებოდა. ჩემი ხედვა იყო, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ძლიერი, რომ ამის მთავარი გარანტორები მომავალში ჩვენი შვილები იქნებოდნენ, შეინარჩუნებდნენ ქვეყნის თვითმყოფადობასა და ქართულ სულს... ამაზე მაშინაც მიფიქრია... ასე რომ, ამ წერილში ახლა ბევრს არაფერს შევცვლიდი. შეიძლება უფრო მეტად შვილზე მელაპარაკა და არა ქვეყანაზე, მაგრამ მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, შვილი როდის მეყოლებოდა.
- ე.ი. რეალურად ასახავდით არსებულ ყოფას, მაგრამ ოპტიმისტიც ყოფილხართ და მიმართავდით შვილს, ხომ?
- მიწერია, ოჯახის უფროს ვაჟიშვილს-მეთქი. რეალურად ოჯახში ახლა უფროსი ვაჟიშვილი ჩემი შვილია. შეიძლება დისშვილიც ყოფილიყო, იმ დროს დაოჯახებაზე არც ვფიქრობდი... რაც შეეხება ჩემს ვაჟიშვილს, წელს 9 წლის ხდება, სკოლის მოსწავლეა, აქვს თავის ინტერესები და ჰყავს 6 წლის ძმა. ოჯახი ვცდილობთ შვილებს განათლება მივცეთ, ვიცხოვროთ ბედნიერად და მომავლის იმედით. თუმცა ახლაც მაქვს რაღაც წუხილები, რომელიც მაშინაც მქონდა. მეგობრები მეუბნებიან, მაშინაც ნერვიულობდი და წუხდი პოლიტიკურ საკითხებზეო. როცა ადამიანი ფიქრობს ქვეყანასა და მომავალზე, შეუძლებელია რაღაც ემოცია არ ჰქონდეს. მაწუხებდა ქვეყნის, ახალგაზრდობის მომავალი.
ჩემი წერილიდან გამომდინარე, ოჯახის წევრებმაც გაიხსენეს ის რთული პერიოდი, ბებია, რომელიც აღარ არის ცოცხალი და ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულება. მოგეხსენებათ, ახლა სულ სხვა ვითარებაა - ადამიანებს ნაკლებად აქვთ ერთმანეთისთვის დრო. ასე რომ, იმ ცუდ პერიოდშიც ბევრი კარგი რამ არის გასახსენებელი... წარმოიდგინეთ, რომ მუსიკალურ გემოვნებასაც ვეხები და მეუღლემ მითხრა, ეგეც რომ არ გამოგრჩაო... მეგობრებმა, ვისაც წერილი წავაკითხე, ყველამ ამომიცნო. არ გაუკვირდათ ჩემი აზრები, მაშინაც აქტიური იყავიო... ვკითხულობდით გაზეთს, საინტერესო თემებით ვიყავით დაკავებული და თქვენი გაზეთი ჩვენთვის ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო იყო. ამისთვის "კვირის პალიტრის" რედაქციის მადლობელი ვარ...
ლალი ფაცია